ჰამლეტი... ვართ?!

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

173769510_4071796202871509_359439709314032302_n.jpeg

ლელა ოჩიაური

ჰამლეტი... ვართ?!

 

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში თეატრის დირექტორმა, მსახიობმა და რეჟისორმა ზურაბ გეწაძემ, საკუთარი ინსცენირებით, მსახიობების - პაატა ინაური, ვანო თარხნიშვილი, ლია კაპანაძე, ნინი იაშვილი, ქეთა შათირიშვილი, ნიკა წერედიანი, ნანუკა ლითანიშვილი, ქეთი ასათიანი, გაგი შენგელია, თორნიკე ქასრაშვილი - მონაწილეობით, პირველად, საქართველოში, ჰაინერ მიულერის „ჰამლეტი/მანქანა“ დადგა და თავსატეხი გაუჩინა საზოგადოებას.

 

რებუსი უკვე სახელწოდებასა და მის მცირედ, მაგრამ მნიშვნელოვან ინტერპრეტაციაშია - „ჰამლეტის მანქანა“, „ჰამლეტი /მანქანა“, „ჰამლეტი - მანქანა“, „ჰამლეტი მანქანა“ (იმის მიხედვით, ვინ, რომელ ვერსიას აირჩევს) და შემდეგ უკვე რთულ და აჩეხილ, „უსისტემო“, „გაუმართავ“ ტექსტში, რომელშიც „ცნობიერების ნაკადის“ ნამდვილი „საბადოა“, თავბრუს რომ გახვევს და გამოუვალ ლაბირინთში შეჰყავხარ, სადაც სასიკეთო არაფერი გელოდება. სადაც ნაღმებია და ჯერ ისევ გაუვალი და უფრო დაბურული ტევრი, რადგან კაცობრიობამ უილიამ შექსპირის (რომლის არსებობასაც თუ რომელთან კავშირს სცენიდან ჟურნალისა თუ წიგნის ფურცლებიდან შეგვახსენებენ), „ჰამლეტის“ შემდეგ, ამდენი საუკუნეა, ვერაფერი/არაფერი ისწავლა.

 

ტექსტი დრამატურგთან და რეჟისორთან, ბუნებრივია, განსხვავებულად ჟღერს, თავისებურ „ხილვებს“ იწვევს, თუნდაც იმიტომ, რომ „ჰამლეტი/მანქანის“ დაწერიდან, 50-ზე მეტი წელი გავიდა, მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა და სამყარო კიდევ უფრო მოიშალა, მოირყა. დაძველდა. რაც ფასეული იყო, ფასი დაკარგა. რაც არა - უფრო გაუფასურდა. სამყარო კიდევ უფრო დაშორდა საწყისს, ადამიანები - ნიადაგს.

 

ჰაინერ მიულერის ტექსტი ორგანულად გაისმის, ჯერ ერთი, ნათია მიქელაძის თარგმანის წყალობით. მერე, იმ აუცილებელი „კანონების“ დაცვით რეჟისორისა და მსახიობების მხრიდან, რომლებიც არაფერს აკეთებენ გაუცნობიერებლად და მექანიკურად, ამ მექანიკურ სისტემად ქცეულ სამყაროში. სადაც ყველა დიდი ხანია განწირულია და „არავინ იცის“ (?!), რატომ გახდა საჭირო მათი საუკუნეების სიღრმიდან დღეს კვლავ გამოძახება. საჭირო გახდა, თუნდაც იმიტომ, რომ ადამიანებს უიმედობა გაუძლიერდათ, სასოწარკვეთა მოემატათ, ახალი საფიქრალი და წინააღმდეგობები გაუჩნდათ, ახალმა შფოთვებმა და იმედგაცრუებებმა მოიცვა ისინი და „აუცილებელი“ გახდა ამ ყველაფერზე რეაგირება, „საჭირო გახდა“ ისევ გაეხსნათ უკვე მეორედ დაკეტილი კარიბჭე და ჯოჯოხეთის ახალ რკალში მოქცევით, კათარზისის პირობა შეექმნათ.

 

ზურაბ გეწაძე აკადემიური თეატრის სისტემისთვის ჩვეულ გამომსახველ ხერხებს „უარყოფს“ და მათ თანამედროვე სათეატრო ენით ანაცვლებს, მხატვრული სახეებისა და ნაცნობი სახეების ციტირებას მიმართავს და არღვევს ცხოვრების ჩვეულ დინებასა და რიტმს. იყენებს თანამედროვე ფორმებსა და „მექანიზმებს“, რადგან პოსტმოდერნისტული ტექსტი თავისთავად ნგრევაა. რიტუალია. თავისუფალი აზროვნებაა და დოგმებისგან თავისუფლება. რეჟისორი არსებულ ნორმებსა და დოგმებს, საზღვრებს უყოყმანოდ ლახავს, თამამად თხზავს, ახალ ფიცარნაგებს აწყობს, რადგან ჰაინერ მიულერის ტექსტი და გამონაგონი აძლევს „უფლებას“, მას შემდეგ, რაც თავად „გაბედა“ და შექსპირს „დაუპირისპირდა“.

 

მიულერის შემდეგ კი, ეს სამყარო კიდევ მეტად შეიშალა, ან შეიძლება აგრძელებს ციკლურ დინებას, როდესაც ყველაფერი მსგავსია და თან სხვანაირად ჩანს. ზურაბ გეწაძის სპექტაკლში დანაწევრებული და დასახიჩრებულია სამყარო. შეუბრალებელი და სასტიკი. ყველაფერი არეულია. ერთმანეთში ითქვიფება - დრო, ამბები. ისტორიული და ლიტერატურული პერსონაჟები ერთად არიან თავმოყრილი, ერთმანეთში გადასული, ზოგი გაორებულია, ზოგი - „ავთენტურ“ მახასიათებლები, თვისებები თუ სახედაკარგული. ბევრ სხვასთან ერთად, ვინც მსხვერპლია და დიქტატორებთან, მოძალადეებთან მოუწია „შეხვედრა“, მათთანაც, ვინც მსხვერპლი იყო და მოძალადედ იქცა. მათთანაც, ვინც უდანაშაულოა და ვიღაცის ძალადობას ემსხვერპლა.

 

აქ არ არიან შექსპირის პერსონაჟები, ნაცნობი ამოცანებით, მისიით, ბუნებითა და მოტივაციით, თუმცა, ნაცნობი სახეები და სიტუაციებია. მიულერთან და გეწაძესთან უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, ვინ ვინაა გარშემო - ჰორაციო, ოფელია (ან რომელია ის), ჰერტურდა, გილდენსტერნი, როზენკრანცი, პოლონიუსი, მამის აჩრდილი თუ საბრალო იორიკი. ვინ - ანტიკური (არაშექსპირული) ქორო და ვინ კორიფე. ან კიდევ ვიღაცც სხვა, სხვა ამბიდან თუ ეპოქიდან „ამოგლეჯილი“. ყველა აქაა და თან არაა. ამ „მანქანაში“ ყველას თავისი ადგილი. ფუნქცია, გეზი და გზა აქვს და თან ყველა დამოუკიდებელია. სისტემის ნაწილია, რომელშიც რომელიმე სხვის გარეშეც კი, ვერ ამოქმედდება.

 

აქ სულ „შეტაკებებია“, შეჯახებები, ფრაგმენტები მეხსიერებიდან, წარმოსახვებიდან, ყველაფერი რეაქციაა, გამოძახილი, რომელიც ამ რთულ მექანიზმს ამოძრავებს, ააქტიურებს. ქაოსია ყველგან - შინაგანად და გარშემო. წყალი და კედლები ვეღარ აკავებენ ნგრევის ძალას, სიბნელე და შუქის ძლიერი ჭავლები, სრულიად რეალური ადამიანები და გაზვიადებული, დეფორმირებული ჩრდილები აქტიურად მოქმედებენ და ქმნიან ენერგიას, ყველაფერს რომ ემუქრება. ვერაფერი და ვერავინ ეწინააღმდეგება ახალ „წესრიგს“, ამ სამყაროში რომ გამეფებულა, რომელიც დალპა. დანიაც საპყრობილეა და გარემოც, რომელშიც ზურაბ გეწაძისა და მისი გუნდის გამო აღმოვჩნდით, ყველაფერი დარღვეულია. რა თქმა უნდა, დროთა კავშირიც და ეს რღვევა ძალიან ნათლად ჩანს ყოველ სცენასა თუ ეპიზოდში. სპექტაკლის პლასტიკურ ნახაზში. მწყობრ და რიტმულ მოძრაობებსა და ქოროს მსვლელობაში (ქორეოგრაფი - ქეთი ასათიანი), ქოროსა და სხვათა სიმღერებში (ინტერპრეტირებულ, თანამედროვედ მჟღერ რიტმსა თუ წყობაზე აგებულ ზონგებში, ელექტრონული მუსიკის თანხლებით. ერეკლე გეწაძე ცოცხლად აფორმებს სპექტაკლს. თუმცა ეს ის სიტყვა არაა - აფორმებს, რაც ამ დროს უნდა ითქვას. მოქმედების, მოვლენების ნაწილი და ტონის მიმცემია, თითქოს სხვა სიბრტყეზე და თან იქვე, სხვებთან ერთად). და ეს საოცარი, „მაგნიტური“ მუსიკა (თითქოს დისონანსური და ამავე დროს, საოცრად ჰარმონიული და მოცულობითი) და მუსიკალური ვარიაციები (როგორც ყველაფრის ვარიაციები ზოგადად სპექტაკლში) მაშინაც კი აღწევენ მიზანს (მაყურებლის თვალსა და გულს), როდესაც ადამიანებს არც მეტყველება, არც მოქმედება და აღარც აღარაფრის შეცვლა შეუძლიათ.

 

ზურაბ გეწაძე ცდილობს დროთა დარღვეული კავშირის შეკვრასა და ნაცნობი სახეებისა და ვითარებების თავიდან გაცოცხლებას. ოღონდ, ნებისმიერი ასეთი მცდელობა მარცხით დამთავრდებოდა, რომ არა იმ დროისა და შეთავაზებული პირობების, დასახული მიზნისა და გეზის ზუსტად გაგება და განსაზღვრა, სისტემების თანხვდენა და იმ რყევების დაბალანსება, რომლებიც დღევანდელ სამყაროში კვლავ ცოცხალი და აგრესიულია და ყოველ ბიძგზე აქტიურდება.

 

და რაც უფრო ლამაზი და მშვენიერია ყველაფერი, უფრო შემზარავი და შემაშფოთებელი ხდება, როდესაც ლამაზი, მოხდენილი, მოქნილი პერსონაჟები, დეკორაციითა და სტილიზებული, არაორდინარული კოსტუმებით (საქორწილო კაბა იქნება, ჯარისკაცის ფარაჯა, პატიმრის უნიფორმა, ბალერინას პაჩკა, ექსტრავაგანტური მოკლე კაბა თუ შინდისფერი ბერეტი) ესთეტიზებული გარემო (კოსტუმების მხატვარი – სოფო მარიამ ქორიძე, სცენოგრაფია – შოთა გლურჯიძე, ზურაბ გეწაძე), სიჭრელისა და მუქი ტონების - არაერთფეროვანი სამყაროს - კონტრასტი ადამიანების შინაგანი მდგომარეობისა თუ ნამდვილი არსის გამოვლინებასთან კონტრაპუნქტულ ირონიაში, პერსონაჟების სახასიათო სახეებში და რთული კოდების სიმსუბუქესა თუ მოულოდნელ ნათელ ტონებში გადადის, რაც ყველაფერს უფრო შემზარავსა და ამაღელვებელს ხდის.

 

პაატა ინაურის გმირიც ასეთია - გაორებული, დაბნეული, თითქოს უსუსური. უადგილო. ჰამლეტი - ახალგაზრდა კაცი - (და ბევრი სხვაც) - უცბად რომ აღმოჩნდა სხვა სამყაროში, სხვა საუკენე(ებ)ში. სხვა ხალხში. და თუმცა ჰამლეტი უკვე ვეღარაფერს შეცვლის, ეს უკვე ვიცით, ისიც ვიცით, რომ ის მარტოა, ეს შავგვრემანი, გამხდარი, მოქნილსხეულიანი, თითქოს მიამიტი, დაბნეული და გზადაკარგული ჩვენი ახალგაზრდა თანამედროვე. მაინც არავის ჰგავს. მაინც მარტოა პრობლემების პირისპირ, მათი გამკლავების ძალა აღარ აქვს, არც გაჩერება და უკან დახევა შეუძლია. გაუცხოებული, მარტოსული დანაღმულ ველზე, ათასი დარდით შეპყრობილი, ტირანებითა თუ დიქტატორებით, აჩრდილებით, ხილვებით, მოჩვენებებით (გიორგი ხოსიტაშვილის ვიდეოპროექცია) გარშემორტყმული, მოურიდებლად ამბობს იმას, რაც თავში მოსდის, რაც ფიქრად გაუელვებს, რაც ახსენდება ან რითაც მთლიანადაა მოცული.

 

ტვირთი, რომელიც ჰამლეტს ოდესღაც დაეკისრა, თუ აეკიდა, კიდევ უფრო დაამძიმა დრომ და გზაც სხვადასხვა მიზნით ან ჩაკეტილია ან გადაკეტილი. და მანაც შურისძიების სხვა გზა და სხვა იარაღი აირჩია. საერთოდ, თუ აირჩია შურისძიება და არ გადაიფიქრა. თან თითქოს უკიდურესად თანამედროვეა და თან სრულად განზოგადებული, „კრებითი სახე“, რომელმაც მთავარი აზრი დაკარგა, ადგილიც და ფუნქციაც. მექანიკურ მანქანად ქცეული, თუ მანქანად ქცევის მსურველი, რომ ფიქრისგან გათავისუფლდეს, ვალდებულებებისა და წაყენებული მოთხოვნების შესრულების აუცილებლობისგან. აღარც ასრულებს მოვალეობებს, რომლებიც აკისრია, რადგან უკვე დიდი ხანია მიხვდა, რომ ყველაფერი ამაოა და ყოფნა-არყოფნაც აღარაა აქტუალური კითხვა, საზოგადოებაში, რომელიც მყარად და ბეჯითად ირჩევს არყოფნას.

 

დღეს ჰამლეტის (ჰამლეტების) ეს ტვირთი შებინტულმა და „გაკოჭილმა“ ოფელიამ გაინაწილა. და სიმართლის გაგებას მომავლისთვის დაგვპირდა. სამყაროში კი, 60-70-იანი წლების (გნებავთ, წინამორბედი ან/და შემდგომი თაობის) მეამბოხეების მსგავსად, დღეს ახალი მეამბოხეები და შეურიგებლები ჩნდებიან. ისინი „უარს ამბობენ მორჩილების ბედნიერებაზე“. ახალი დარდები და წუხილები აქვთ. სამყაროსა თუ ამ სამყაროში მოქმედ უსამართლობასთან ბრძოლის სურვილი. თავიანთი პროტესტის სამიზნე, მიზანი და ბრძოლის ველი. დღეს ჰამლეტი ნებისმიერი მათგანი შეიძლება იყოს. ზურაბ გეწაძის „ჰამლეტი/მანქანა“ მიხეილ თუმანიშვილის დაბადების 100 წლისთავ ეძღვნება. დიდ რეჟისორსა და რეფორმატორს, ახალი ქართულ თეატრის შემქმნელს, ხელოვანს, რომლისთვისაც თეატრი, პირველ რიგში, მაგიური რიტუალი იყო და ახლის მუდმივი ძიება.

 

„ჰამლეტი/მანქანაც“ - რიტუალია, რომელიც ბევრად მეტია იმაზე, რასაც სცენაზე ვხედავთ. ეს ის რიტუალია, რასაც რეჟისორი და მსახიობები არა მხოლოდ იმ დროში გრძნობენ, ფიქრობენ, და გულისხმობენ, როდესაც სპექტაკლი მიმდინარეობს და რასაც, შეიძლება, მისი მსვლელობისას, არც კი გვეუბნებიან. ეს ისაა, რაც მხოლოდ უნდა/შეიძლება ვიგრძნოთ. რაზეც აუცილებლად მოგვიწევს ვიფიქროთ.

 

მიხეილ თუმანიშვილის დღიურიდან: „… დამდგარი წყალი მოსაწყენია, აბობოქრებული კი – მშვენიერი. ღრმა წყალი მიყუჩებულია. შიგ ქვა რომ ჩააგდო, მის ზედაპირზე წრეები სეირნობას და ერთი მეორის მიყოლებით გაფართოებას დაიწყებენ. თვალისთვის დასანახი მხოლოდ ზედაპირული მოძრაობები იქნება. წყლის მთელი სიღრმე კი ქვამ აამღვრია, ქვამ ააღელვა. ესაა ეტიუდი. ცხოვრების ჩვეულ დინებაში მეტ-ნაკლებად კრიტიკული, კრიზისული სიტუაცია უნდა შევიტანოთ და ეტიუდიც შიგნიდან დაიწყებს გაცოცხლებას. ამის გარეშე სცენაზე სიცოცხლე არ იარსებებს, მოვლენები არ იქნება. მოძრაობა სულის შიგნითაა, რაღაციდან რაღაცისკენ მიმსწრაფი. ... ჩემი თეატრი – რიტუალის, აღსარების თეატრია, სადაც მსახიობებმა და მაყურებელმა უკიდურესი თვითგახსნის, სულიერი თვითგაშიშვლების რიტუალი უნდა გამოიარონ“.