top of page

ჰა - უნდა აღსრულდეს!

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

თეატრი სინდიდის მამხილებელი

თამთა ქაჯაია

ჰა - უნდა აღსრულდეს!

 

უილიამ შექსპირის „ჰამლეტი“ კლასიკური ტრაგედიის ერთ -ერთი უმნიშვნელოვანესი ნიმუშია, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და დღემდე აქტუალობა არ დაუკარგავს (ამაზე დიდი ხანია აღარავინ დაობს და თავისთავად ცხადია). პიესის ღრმა ფილოსოფიური და ემოციური შრეები საშულებას აძლევს თითოეულ თაობას ტექსტში საკუთარი თავი, ცხოვრება და სამყარო დაინახოს. ამიტომაცაა, რომ „ჰამლეტი“ („უნდა აღსრულდეს!“) დღემდე შთააგონებს არა მხოლოდ მკითხველს, არამედ რეჟისორებისაც, რომლებიც თანამედროვე დადგმებში ტექსტს ახალ სიცოცხლეს სძენენ. კერძო, დამოუკიდებელ კომპანია ჰარაკში, (რეჟისორი - სანდრო კალანდაძე), რომელმაც ზაფხულში პერფომანსი „ჰა“,  წარმოგვიდგინა ახლა, 15 ოქტომბერს „ჰამლეტის“ პრემიერა გამართა. ეს ორი სპექტაკლ/პერფომანსი ერთმანეთთან კავშირში რომ იყო, თავიდანვე გაჟღერდა, მაგრამ, სანამ სპექტაკლის განხილვაზე გადავალ, საინტერესოა, რაზე მიგვანიშნებს და  რისი თქმა სურს რეჟისორს ამდენი „ჰა“ შეძახილის ხაზგასმით.

 

„ჰა“ - ქართულ კულტურაში განსაკუთრებულად სიმობლური  მნიშვნელობით გამოირჩევა. ეს არის დადასტურებისა და თანხმობის ერთ-ერთი უძველესი ფორმა, რომელიც დაფუძნებულია ეროვნულ ღირებულებებსა და აზროვნებაზე. ეს სიტყვა ხშირად გამოხატავს მტკიცე და პირდაპირ პასუხს. მისი ხმოვანი ფორმა მარტივი და მკაფიოა - კომუნიკაციის ძირითადი ინსტრუმენტი (ლაიტმოტივად სპექტაკლში მუდმივად გვესმის). ასევე, „ჰა“ ქართულ კულტურაში დაკავშირებული იყოს სიმარტივესთან  და სიმართლესთან, ბავშვებთან კომუნიკაციაში „ჰა“ ხშირად გამოიყენება ყურადღების მისაქცევად ან მარტივი თანხმობის მისაღებად. რეჟისორმა ყურადღება და მარტივი თანხმობა რომ მიიღო მაყურებლისგან ამას კრიტიკოსებისა და მაყურებლის, გამოხმაურებაც ცხადყოფს.

 

„ჰამლეტი“ - არის ისტორია, რომელიც („უნდა აღსრულდეს!“) ეხება ადამიანის ეგზისტენციალურ პრობლმებს, შურისძიების სურვილს, ძალაუფლების თამაშებსა და მორალურ დილემებს. ეს თემები უნივერსალურია და ზუსტად ამიტომ, შექსპირის ტექსტი ყოველთვის იძლევა ინტერპრეტაციის ფართო შესაძლებლობას. სანდრო კალანდაძემ ინოვაციებსა და თანამედროვე კონტექსტს მოარგო სპექტაკლი, რითაც მასში წამოწეული მთავარი თემები უფრო ახლოს მიიტანა მაყურებლამდე. მაგალითად, პოლიტიკური დაძაბულობა (რომელიც დღეს ზენიტშია), ტექნოლოგიების ზემოქმედება, (LIVE STREAM) ინდივიდუალიზმი და ადამიანის იზოლაცია - ეს ყველაფერი გააერთიანა რეჟისორმა.

 

სპექტაკლის დასაწყისში („უნდა აღსრულდეს!“)  ისეთი შეგრძნება დამრჩა, რომ მე-17 საუკუნეში შექმნილმა ჰამლეტმა (ბექა ხაჩიძე) ბევრი იარა იმისთვის რომ,  სახე ეცვალა, ტრანსოფრმირებულიყო და ბოლოს ჰარაკის კედლებში მოგვვლინებოდა დაღლილი, ძალა გამოცლილი, მაგრამ ამავე დროს კვლავ უსამართლობას შეუგუებელი და ანარქისტი. შეცვლილია და ტრანსფირმიერებულია თითოეული პერსონაჟი. ჰამლეტის შინაგანი კონფლიქტები და ფსიქოლოგიური მღელვარება თანამედროვე  ფსიქოლოგიური ანალიზის პრიზმით არის გადმოცემული და სწორედ, ასეთ პერსონაჟს ქმნის და გვიხატავს ბექა ხაჩიძე, ყველანაირი პათეტიკურობის გარეშე.

 

ჩვენ ვხედავთ მძინარე ჰამლეტს, რომელსაც  არაფერი აღარ აინტერესებს და მხოლოდ ძილში უპოვნია შვება („უნდა აღსრულდეს!“). ჰარაკის სივრცემ დროის აღქმა შეცვალა,  ტრადიციული კოსტიუმები (სცენოგრაფი - თამრი ოხიკიანი) უჩვეულო ჩაცმულობამ ჩაანაცვლა,  რამაც ტექსტის  (მარიამ მეგვინიტე) უნივერსალურობას გაუსვა ხაზი.

 

ტექნოლოგიურმა ელემენტებმა კიდევ უფრო საინტერესო  შრეები დაამატა სპექტაკლს, ვიდეოპროექცია, ეგრეთ წოდებულმა „LIVE STREAM“ - მა  დინამიკა და ვიზუალური ეფექტი მიანიჭა, („უნდა აღსრულდეს!“) რამაც  მაყურებელს მისტიკური ატმოსფეროს შეგრძნება უფრო ცხადად და რეალურად გაუჩინა. წარმოდგენის მოქმედებიდან გასულ მსახიობებს მაყურებელი ბოლომდე მივყვებით და ვადევნებთ თვალს, მათი სპექტაკლი სცენის მიღმაც გრძელდება - ყოველივე ეს ყოველდღიურობის თეატრალიზებულ ცხოვრებას გულისხმობს, რომელსაც ჩვენი რუტინა ქვია და რომელიც წრეზე სიარულს, დაუსრულებელ პროცესს გავს. ქუჩაში გასულ და დაკარგულ ჰამლეტს მესამე მოქმედებაში სქესშეცვლილი, ანანო მახარაძე ანაცვლებს იმდენად ბუნებრივად, რომ არანაირ გაურკვევლობას  და კითხვებს არ იწვევს მაყურებელში („უნდა აღსრულდეს!“).

 

სამი დამოუკიდებელი მოქმედება, რომელიც თავის მხრივ თითოეული ცალკე პერფომანსია, მესამე მოქმედებაში სასაფლაოზე გვიხმობს და გვეპატიჟება („უნდა აღსრულდეს!“). ჰამლეტში საფლავის ამოთხრის სცენა ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლურია და მას მრავალი მნიშნვლეობა ენიჭება. ეს ხომ პირდაპირი შეხსენებაა სიცოცხლის დროებითობისა და სიკვდილის გარდაუვალობის შესახებ („უნდა აღსრულდეს!“). ჰამლეტი (ანანო მახარაძე)  ამ სცენაში უყურებს ძვლებს, მათ შორის იორკის თავის ქალას, და აცნობიერებს რომ ყველანი, განურჩევლად სოციალური სტატუსისა, ერთნაირ დასასრულამდე მივდივართ. რაც ხაზს უსვამს ადამიანის ცხოვრებისა და დიდების ამაოებას, და რაც ჰამლეტს ფილოსოფიურ და ეგზისტენციალურ ტანჯვას კიდევ უმძაფრებს („უნდა აღსრულდეს!“).

 

ჰარაკის  „ჰამლეტში“ აქცენტი კეთდება სიმბოლოებზე, დამკვიდრებულ ფენომენებსა და კრიტიკულ თემებზე.  ჰამლეტი, როგორც სიმბოლო ასახავს თანამედროვე ადამიანის სირთულეებს სოციალურ - პოლიტიკურ სისტემასთან ბრძოლაში ჩაბმულ პერსონაჟს, რომელიც სპექტაკლის შემდეგ მიმდინარე აქციას უერთდება („უნდა აღსრულდეს!“).

 

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სანდრო კალანდაძის რეჟისურას ეტყობა ახალგაზრდა რეჟისორის, გიორგი ჯამბურიას ზეგავლენა, რომელიც ბერსერკების ციკლის ავტორი გახლავთ. უფრო კონკრეტულად, როგორც ჯამბურია ასევე, კალანდაძე ორივე მონაწილეობს საკუთარ წარმოდგენაში. ორივე სპექტაკლში აქცენტი კეთდება ბგერების შეძახილებზე (მაგალითად: „ჰა, უნდა აღსრულდეს“), წარმოდგენის დროს როლიდან გამოსვლა - ერთმანეთისთვის შეხსენება, რომ ახლა შესვნების დროა.

 

ბექა ხაჩიძე (ჰამლეტი), ლაშა ლაშხი (კლავდიუსი), გიორგი გიორგანაშვილი (პოლონიუსი), ანა ნიკოლაშვილი (გერტრუდა), ანასტასია ჭანტურაია (ოფელია), გიორგი წერეთელი (ჰორაციო), ანანო მახარაძე (მსახიობი, ჰამლეტი), გიგი რეხვიაშვილი (ლაერტი), ირაკლი ჩხიკვაძე (ჰამლეტი უფროსი), ირაკლი სირბილაშვილი და სანდრო კალანდაძე (როზეკრანცი და გილდესტენცი) ქმნიან ანსამბლურობას, რომლებმაც გადმოსცეს სპექტაკლის ძირითადი იდეა და ემოციური ტონალობა. მათ გაცნობიერებული აქვთ, რომ ისინი არიან კოლექტიური ჯაჭვის ნაწილნი, რომელიც სპექტაკლს ცოცხალს, ერთიან ორგანიმზად, ამოძახილ „ჰად“ აქცევს. იმ „ჰა-დ“ რომელსაც ანანო მახარძე, მეორე მოქმედებაში „საერთო ხმად“ მოიხსენიებს, იმ „ჰა-დ“ რომელიც კაცობრიობის ტკივილის აღსავსე ხმაა, და იმ „ჰა-დ“, რომელიც უნდა აღსრულდეს! ყოფთნა - თუ არ ყოფნა?

bottom of page