top of page

ჰედა გაბლერი ექსპერიმენტულ სცენაზ

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

258567089_4249026928560386_2492953089745042467_n.jpeg

მაია კიკნაძე              

ჰედა გაბლერი ექსპერიმენტულ სცენაზე 

„საზოგადოება ანადგურებს ინდივიდს

და სწორედ ინდივიდია იბსენის საქმე“  

(ალფ ჰანსენ ტვეტეროსი) 

   

ჰენრიხ იბსენის პიესების გამოჩენა ქართულ სცენაზე დაკავშირებული იყო ქართულ თეატრში დამკვიდრებული სათეატრო ესთეტიკის ცვლილებებთან. ეს იყო პერიოდი, როდესაც ერთმანეთს დაუპირისპირდა „ახალი დრამისა“ და „კომედიური თეატრის“ ესთეტიკა რაც  პირველ რიგში, სამსახიობო ხელოვნებაში აისახა.  ამ მხრივ განსაკუთრებული იყო ნუცა ჩხეიძის შემოქმედება, რომელმაც იბსენის პიესების  პოპულარობაში  თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანა.

ქართული თეატრის აფიშაზე იბსენის გამოჩენას იმ დროინდელი საზოგადოება დიდი ინტერესით შეხვდა. 1903 წლის  გაზეთი „ცნობის ფურცელი წერდა: „ისე არავის არ ესაჭიროება ის, რასაც თხოულობს და რისთვისაც იბრძვის იბსენი, როგორც ჩვენ. არავის არ შეუძლია ისეთი სიცოცხლე შემოიტანოს ჩვენს საზოგადოებაში, როგორც იბსენს.“ თუმცა ევროპული თეატრისგან განსხვავებით, ყველაზე პოპულარულ პიესას, „ჰედა გაბლერი“ ქართული თეატრი დიდად არ სწყალობდა (უპირატესობა ენიჭებოდა „ხალხის მტერს’’ და „მოჩვენებებს“).   

თანამედროვე თეატრალურ სივრცეში იბსენის გვარი რამდენჯერმე გამოჩნდა თეატრების რეპერტუარში.  თავისუფალი თეატრის სცენაზე საბა ასლამაზიშვილის მიერ დადგმულ პიესას „მოჩვენებები,“ მალე კიდევ ერთი ახალი საპრემიერო ჩვენება მოჰყვა.  რუსთაველის ეროვნული თეატრის სცენაზე, ახალგაზრდა რეჟისორმა თათა პოპიაშვილმა  „ჰედა გაბლერის“ ახალი ინტერპრეტაცია (თარგმანი ეკუთვნის გურამ ღონღაძეს) შესთავაზა მაყურებელს (სპექტაკლში მონაწილეობენ: იორგენ ტესმანი-ბაჩო ჩაჩიბაია, იულიანა ტესმანი-დარეჯან ხარშილაძე, ჰედა გაბლერი-ია სუხიტაშვილი, ფრუ ელვსტედი-ლელა ახალაია, აილერტ ლევბორგი- ლაშა ჯუხარაშვილი, ასესორი ბრაკი-მალხაზ ქვრივიშვილი).  

რეჟისორმა თათა პოპიაშვილმა სპექტაკლი ექსპერიმენტულ სცენაზე წარმოადგინა. სცენა მაყურებელთა დარბაზთან ძალზედ ახლოა და  მსახიობის ყოველი მოქმედება, ჟესტი, მიმიკა ხელისგულივით მოჩანს. მსახიობთა  მეტყველებაში გაჟღერებული ოდნავი პათეტიკური ინტონაცია, რაც ზოგჯერ „გაჰკრავს“ ხოლმე  სპექტაკლს, მაყურებელს ყურში ადვილად ხვდება, რისი გამოსწორებაც ვფიქრობ რომ შესაძლებელია.

სპექტაკლში, მოქმედება ტესმანების აგარაკზე ვითარდება. მთავარი გმირი იორგენ ტესმანი, რომელიც საქორწინო მოგზაურობაში იმყოფებოდა, ეს ესაა მეუღლესთან ერთად ახლად შეძენილ სახლში დაბრუნდა. გემოვნებით მოწყობილი თეთრად (მონაცფრისფრო) შეღებილი ფართო ოთახი, სადაც სინათლე და მზის სხივი შემოდის, ერთი შეხედვით, სისუფთავის, სილაღისა და თავისუფლების შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა მოგვიანებით ამ სივრცეში განვითარებული ამბები,  მაყურებლის ამ  განწყობას  ცვლის (მაგ. სიცარიელე შეიძლება აღიქვა, როგორც ჰედას სულიერი მდგომარეობის გამოხატულებად) და სულ სხვა გრძნობებს ბადებს.  

სპექტაკლის მხატვარმა ბარბარა ასლამაზმა, პიესისგან განსხვავებით (პიესაში მეტი რეკვიზიტია: სკამები, მაგიდები და ა.შ), მინიმალისტური დეკორაცია წარმოგვიდგინა. სასტუმრო ოთახში, სადაც ძირითადად მოქმედება ვითარდება, გემოვნებითაა მოწყობილი. (ძირითადად  თვალშისაცემია  ყვავილები, წიგნები და დასაჯდომი კუბიკები), ასევე მსახიობთა ჩაცმულობაც, განსაკუთრებით კი ჰედას წითელი კაბა, რომელსაც მსახიობი მოხდენილად ატარებს.  

რეჟისორმა თათა პოპიაშვილმა სპექტაკლის თავისებური რიტმი მოუძებნა. დიალოგის შორის მცირე პაუზები, რომლებიც საბოლოოდ სპექტაკლის სტილისტიკას მოერგო, დასაწყისში ოდნავ ხელოვნური ჩანს. 

პირველი ეპიზოდი,  დარეჯან ხარშილაძის შემოსვლით იწყება. იულიანა ტესმანი ახალდაქორწინებულ ძმისშვილს, მოსანახულებლად ოჯახში ესტუმრება. მისი ძველმოდური ჩაცმულობა,  მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი, რომლითაც ძლივს დაბაკუნობს, პერსონაჟს კომიკურ ელფერს სძენს. ქალის ქუდი კი, რომელიც ძველი სკივრიდან ამოღებულს უფრო ჰგავს, ვიდრე ახალს, ჰედა დასცინის და ამავე დროს მამიდის მიმართ აშკარა უპატივცემულობას ამჟღავნებს.

დარეჯან ხარშილაძის გმირი ზუსტად გადმოსცემს მოსიყვარულე მამიდისა და მზრუნველი ქალის სახეს. ის ამავე დროს თავის ავადმყოფ დასაც უვლის, რადგან ამაში ხედავს ცხოვრების აზრს და სიმარტოვისგან გამოსავალს. მსახიობი თანაბრად ახერხებს კომიკური და დრამატული საშემსრულებლო ელემენტების გაერთიანებას და სწორედ ამ თვისებების წყალობითაა, რომ გმირის სევდიანი განწყობის მიუხედავად, ქ-ნი ტესმანი სიბრალულთან ერთად, მაყურებელში ირონიასაც აღძრავს.

მისი ძმისშვილი იორგენ ტესმანი, ბაჩო ჩაჩიბაიას შესრულებით, არცთუ ისე ნიჭიერი მეცნიერი კაცია.  მან ანგარების გამო, გენერლის ქალიშვილი შეირთო ცოლად. მათი საქორწინო მოგზაურობა ხუთ თვეს გაგრძელდა, რომელიც ცოლ-ქმრისთვის საკმაოდ მოსაწყენი აღმოჩნდა. ერთადერთი, რაც მას მოგზაურობაში ახალისებდა, ეს წიგნები და მისი სამუშაო იყო. ჰედასა და მას შორის თავიდანვე დიდი უფსკრული არსებობდა, თუმცა ჰედასაგან განსხვავებით ტესმანი  გაცილებით ბედნიერი ჩანს.

მსახიობი ბაჩო ჩაჩიბაია კარგი ტემბრითა და  მკაფიო მეტყველებით გამოირჩევა. მისი სამსახიობო ოსტატობა ცხადად ავლენს გმირის  ხასიათს, მის დამოკიდებულებას პარტნიორი პერსონაჟების მიმართ, პირველ რიგში კი ეს ეხება ჰედას, რომელიც  დიდად არც კი უყვარს, ფინალში კი აშკარად ჩანს ცოლისადმი მისი აგდებული დამოკიდებულება. ერთი შეხედვით მორჩილი კაცი, რომ გაბრაზდება ხასიათს  ავლენს და ჰედას ყელში სწვდება. ხოლო, როდესაც თეასთან ერთად ლევბორგის  ხელნაწერზე მუშაობას იწყებს, ის ჰედასგან დახმარებას არ იღებს და მას ადვილად იცილებს თავიდან.

ჩაჩიბაიას გმირს  დადებითი თვისებებიც გააჩნია. მამიდების წინაშე მოვალეობის გრძნობა, სხვისი ნიჭის დაფასება და აღიარება. ის აღფრთოვანებას ვერ მალავს ლევბორგის მეცნიერული მიღწევების გამო, რომელსაც ყოველთვის გულწრფელად აღნიშნავს (ცოტა შემშურდაო-ამბობს). სინიდისის ქენჯნასაც კი განიცდის, როდესაც ლევბორგის ხელნაწერებს იპოვის და მისთვის დაბრუნებას ვერ მოახერხებს. როდესაც  ფრუ ელვსტედი, მას გარდაცვლილი ლევბორგის შემორჩენილი ხელნაწერების აღდგენას შესთავაზებს, ის სიამოვნებით თანხმდება და უფრო მეტიც განსაკუთრებული აზარტით იწყებს მასთან ერთად მუშაობას. მუშაობის დროს კი,  თეოსთან ფლირტს  აბამს და  განსვენებული მამიდის ოთახს სთავაზობს.

ფრუ ელვსტედი, იგივე თეო,  ლელა ახალაიას შესრულებით ერთი შეხედვით  დაჩაგრული და შეშინებული ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს, არადა სინამდვილეში არც თუ ისე მხდალი და გაუბედავია. როდესაც გადაწყვიტა ქმრის მიტოვება, არად ჩააგდო ხალხის აზრი და ოჯახი დატოვა. მან არა მხოლოდ მოახერხა მისი ქმრის შვილების მასწავლებლის- ლევბორგის გულის მოგება, არამედ შეძლო მისი მორჯულებაც და  მასთან ერთად  წიგნზე მუშაობა, რომელსაც „ჩვენ შვილს“ ეძახის. ლელა ახალაიას შესრულება საინტერესოა, მსახიობი ცდილობს პერსონაჟის მთავარი კონტურები ისე დაგვანახოს, რომ ცხადად წარმოაჩინოს როლის თვისებები, მისი ხასიათი. ის თითქოს ყველა სცენაში  ზედმეტია, მაგრამ მაინც ახერხებს თავისი მნიშვნელობის შენარჩუნებას. ეს „უფერული“ ქალი, რომელიც ჰედას ფრჩხილადაც არ ღირს ( თეო ჰედას ანტიპოდია, თავისი ტემპერამენტითაც კი),  ლევბორგის გარდაცვალების შემდეგ, უცებ ახერხებს ორიენტირებას. მისი  მიზანდასახულობისა და  სიცოცხლისუნარიანობის  წყალობით, შეძლებს ტესმანთან  ფლირტის გაბმას.

სპექტაკლის მთავარი პერსონაჟი ჰედა გაბლერი, რომლის ირგვლივაც ვითარდება მოქმედება, მსახიობ ია სუხიტაშვილისთვის საინტერესო როლია. ვიცნობ რა მის შემოქმედებას, თამამად შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ქართულ თეატრში ია სუხიტაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობია. მისი ნიჭი, გარეგნობა, ქალური მომხიბვლელობა, სასცენო მიმიკა, მეტყველება, ყველაფერი ერთ ჰარმონიულ მთლიანობაში იყრის თავს და მას დამსახურებულ არტისტად აქცევს. მისი ჰედაც სწორედ ამ ერთობლიობის  ნაყოფია. ის აქ პროტაგონისტია და პირველობას არავის უთმობს. მსახიობის თანმიმდევრული მოქმედება მაყურებელს ჰედას სულში ახედებს, თუმცა ბოლომდე არ ჩანს, სილამაზისადმი მისი მიდრეკილება, ამდენად მის სიტყვებს ლევბორგისადმი, ლამაზად მოეკლა თავი, აზრი ეკარგება. 

ჰედას ურთიერთობა სხვა   პერსონაჟებთან  მისი ხასიათის მრავალ თვისებას ავლენს. ის ამაყია,  ცინიკოსი, თავნება, ადვილად შეუძლია სხვაზე გავლენის მოხდენა, ადამიანებით გართობა. ის ანდამატივით იზიდავს კაცებს, მაგრამ არც ქმარი უყვარს, არც ლევბორგთან სურს ურთიერთობა და არც ასესორ ბრაკის საყვარლობას თანხმდება, რომელსაც საარშიყოდ საბაბს აძლევს, ამიტომ ბრაკი ეუბნება ჰედას  „შენ თავს არ დავუთმობ“ ლევბორგს.

მალხაზ ქვრივიშვილის ასესორი ბრაკი  სწორხაზოვანი, გულცივი,  შანტაჟისტი ტიპია. ის  თითქოს სადღაც სიბნელიდან მოსულ პერსონაჟს მოგვაგონებს. ამაყი და ქედმაღალი,   ბრაკი ცდილობს ჰედა გაბლერის ხელში ჩაგდებას, რასაც ჰედას საქციელიც უწყობს ხელს. ჰედას მიერ ლევბორგისთვის მიცემული იარაღის კვალის დასაფარად, ბრაკი მასთან ურთიერთობის სანაცვლოდ, ჰედას მილიციაში გაჩუმებას ჰპირდება. ამ განზრახვაში მას უნებურად ჰედას ქმარიც ეხმარება. მისი მოუცლელობის გამო, ის ბრაკს და ჰედას ხშირად ნახვას ურჩევს, რასაც ბრაკი სიამოვნებით თანხმდება, ხოლო ჰედას სასოწარკვეთილებაში აგდებს.

სპექტაკლში მხოლოდ ჰედა არ არის მარტო. აქ პერსონაჟები (თეა, ქ-ნი ტესმანი) სიმარტოვის  დაძლევას სხვადასხვა გზებით ცდილობენ. ჰედას მსგავსად,  მარტოსულია ლევბორგიც, რომელიც ჰედას უყვარდა მასთან სულიერი სიახლოვისა და მისი „ფარული“- ფათერაკიანი ცხოვრების გამო.  

მსახიობ ლაშა  ჯუხარაშვილის ლევბორგის პირველი  გამოჩენა ტესმანების ოჯახში სტუმრობას უკავშირდება. ის ნიჭიერი და სახელმოხვეჭილი  მეცნიერია, მიუხედავად წარმატებისა, მსახიობის შესრულებაში იგრძნობა ლევბორგის სულიერი გაუწონასწორებლობა, გარკვეული სიცარიელე ჰედასთან შეუმდგარი ურთიერთობის გამო.  

ამ განწყობას კიდევ უფრო ამძაფრებს, მისი დაკარგული ხელნაწერი, რომელიც ლევბორგს წარმატებულ მომავალს უზრუნველყოფდა, მაგრამ მას ჰედა  წვავს და ამით ლევბორგს ჯერ სულიერად ანადგურებს (წიგნს სული აქვს), შემდეგ კი, როდესაც ლევბორგს ხელში დამბაჩას ჩაუდებს, ფიზიკურად.   

დამბაჩა, ჰედას მთავარი გასართობია, რომელიც მას მამისაგან ერგო. მისი მჭექარე ხმა, ერთადერთია,  რომელიც სპექტაკლში ავის მომასწავებელი გაფრთხილებასავით გაისმის და მაყურებელში უსიამოვნო წინათგრძნობას ბადებს. 

გაუცხოება, სიმარტოვე, მოწყენილობა, სამყაროში გაუსაძლისი ყოფა, ის რაზედაც იბსენი წერდა, ჰედას პერსონაჟშია თავმოყრილი და  ჰედაზე მტანჯველად მოქმედებს. მისი გაუცხოებული ურთიერთობები, გარემოსთან შეუგუებლობა, ჰედას თვითმკვლელობასთან აახლოებს. თუ ლევბორგის მკვლელობა  შემთხვევითობას უკავშირდება, ჰედას თვითმკვლელობა მისი განზრახულობის შედეგია.  

ჰედა სცენაზე არ კვდება. მისი თვითმკვლელობა ეკრანზეა გამოტანილი. რეჟისორ თათა პოპიაშვილის მიერ მოფიქრებული ეს სცენა ძალზედ ესთეტიკურად არის გათამაშებული. ბოლო დროს,  ქართულ სცენაზე რეჟისორები ხშირად მიმართავენ ეკრანს. აქ ეკრანი  დაახლოებით ხუთჯერ  არის გამოყენებული და  ყველა ეპიზოდში მას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ეკრანი ძირითადად ჰედას საძინებელ ოთახში მომხდარ  ამბებს ასახავს. ის რასაც მაყურებელი სცენაზე ვერ ხედავს, ეკრანზე აქვს მისი ნახვის  საშუალება.

ეკრანის გარდა, ორიგინალურად იყო მოფიქრებული ლევბორგის „ჩხუბის“ ეპიზოდი, რომელიც პლასტიკის საშუალებით, მოძრაობით გადმოიცემა. გეომეტრიული განლაგებაა აქვს მიზანსცენებსაც, რომელიც ერთი შეხედვით, ჰგავს კიდეც ერთმანეთს, მაგრამ ამავე დროს ერთმანეთისგან განსხვავებულია. 

სპექტაკლში წამოჭრილმა  საკითხებმა, აქტუალურმა პრობლემებმა:  გაუცხოებამ, უპერსპექტივობის განცდამ, მარტოსულობამ, სამყაროში ადგილის ძიებამ,  სულიერი კრიზისის დაძლევისა და გარემოსგან  გაქცევის სურვილმა,  სპექტაკლს  თანამედროვე ჟღერადობა შესძინა.  

....  საპრემიერო ჩვენების შემდეგ, ჩვეულებრივი მოვლენაა სპექტაკლის ირგვლივ მსჯელობა, აზრების გაზიარება, განსხვავებული მოსაზრებების გადმოცემა, მათ შორის, კრიტიკული.  შესაძლოა სპექტაკლში ზოგი რამ საკამათო იყოს, მაგრამ დამდგმელი ჯგუფის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მოახერხეს საინტერესო სპექტაკლის წარმოდგენა. 

bottom of page