top of page

„დაისაჯოს სისტემა და არა ადამიანი“

5c0072bcb35c767bdd1a88050d406d88.jpg

ელენე შალუტაშვილი

,,დაისაჯოს სისტემა და არა ადამიანი“
მიშა ჩარკვიანის ,,ჰეკაბე“


მიშა ჩარკვიანის მიერ ქუთაისის მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლის დადგმა ძალიან საინტერესო და სარისკო გამოდგა. როგორც რეჟისორისთვის, აგრეთვე მთელი შემოქმედებითი ჯგუფისთვის ეს ერთგვარი ექსპმერინეტი იყო. ამ ყველაფერს მეტად ართულებდა ის, რომ საქმე ანტიკურ ტრაგედიას, კერძოდ ევრიპიდეს ,,ჰეკაბეს“ ეხებოდა, რომელიც ქართულ სცენაზე პირველად დაიდგა.


სპექტაკლი ,,თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის“, ,,Georgian showcase-ს“ ფარგლებში რუსთაველის თეატრის სცენაზე ითამაშეს. ცხადია, რომ თეატრალური სივრცის ცვლილება უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს სპექტაკლის შესრულების ხარისხზე. საკმაოდ ხშირად ანტიკური ტექსტები თანამედროვე თეატრში ადაპტირებული სახით თამაშდება. ამ შემთხვევაში რეჟისორმა (მისივე თქმით) მხოლოდ ჰეკაბეს მონოლოგი ამოიღო, ხოლო დარჩენილი ტექსტი უცვლელი დატოვა.


დარბაზში შესვლისას სპექტაკლი უკვე დაწყებულია და პოლიდოროსის აჩრდილი (გაგი შენგელია) მომხდარ ტრაგედიაზე თხრობისას მუსიკის ფონზე (კომპოზიტორი - ერეკლე გეწაძე) ასანთს ასანთზე ანთებს, თითქოს ცდილობს უსამართლობის წყვდიადში სიმართლის ნაპერწკალი გააღვივოს. თუ არ ვცდები, დაახლოებით ასი წლის წინ, სწორედ მესხიშვილის თეატრის სცენაზე გამოიყენა კოტე მარჯანიშვილმა პირველად ქართულ სპექტაკლში კინოგამოსახულება. დღეს კი ხშირად რეჟისორები უკვე სხვა პრინციპს-Live რეჟიმში სცენაზე მიმდინარე მოვლენების ეკრანულ გამოსახულებას იყენებენ.  მიშა ჩარკვიანმაც ამ ხერხს მიმართა და პოლიდოროსის აჩრდილის ვიდეოგამოსახულება ფარდაზე გამოსახა. ფარდა იხსნება და შექმნილი გარემო, მამაკაცების საპირფარეშო, რომელიც ჩაბნელებულ დარბაზში ანათებს, მაყურებელზე ,,თვალისმომჭრელ“ ეფექტს ახდენს. სპექტაკლის სცენოგრაფიც თავად რეჟისორია. ქორო სამ პერსონაჟამდეა (ნინი ქარჩავა, ნანა ცხვირაშვილი, ანი ჩოგოვაძე) შემცირებული, ისინი გამალებით წმენდენ სცენას. მალევე ჩნდებიან ჰეკაბე (ინგა კაკიაშვილი), პოლიქსენე (ნანუკა კუპატაძე) და ქურუმი ქალი (ენდი ძიძავა). ქალები საზეიმოდ არიან გამოწყობილნი და მამაკაცთა საპირფარეშოს თეთრი კედლის ფონზე მათი ტანისამოსი კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიყურება. მიუხედავად იმისა, რომ თეთრსა (თუ შავ) ფონზე ნებისმიერი ფერის გამოყენება საკმაოდ ორდინალური ესთეტიკური ხერხია, მიშა ჩარკვიანმა თეატრის მხატვრის ფუნქცია, ვფიქრობ მაინც გემოვნებით შეასრულა. მისი გადაწყვეტილებით სპექტაკლში ოდისევსს (გიორგი ჩაჩანიძე) ომიდან გამოყოლილი ფიზიკური ნაკლი აქვს, რეჟისორი ამით ცდილობს ომის მახინჯი სახე გვიჩვენოს. პოლიმესტორის (სულხან გოგოლაშვილი) ეფექტური კოსტიუმი ნაგვის ცელოფნის ტომრის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამით ავტორი ხაზს უსვამს თავის სიძულვილს იერარქიის მიმართ.


  პიესის წაკითხვამდე სპექტაკლის მოვლენათა რიგი ჩემთვის ბოლომდე გასაგები არ აღმოჩნდა. ზოგ შემთხვევაში გაუგებარი დარჩა, თუ რა დავალება ჰქონდათ მსახიობებს მიცემული, ვინაიდან მათი ხმა სამწუხაროდ დარბაზში ფაქტიურად არ ისმოდა. მსგავსი შენიშვნა იმ თეატრმცოდნეებისგანაც გაჟღერდა, ვინც სპექტაკლი მესხიშვილის თეატრის სცენაზე იხილეს.

ჩემი აზრით რეჟისორი ეცადა ფიზიკური და დრამატული თეატრს შერწყმით ეპოვა ახალი თეატრალური ფორმა, თუმცა ვფიქრობ, რომ ამან მსახიობებისთვის ამოცანა ბუნდოვანი გახადა. რეჟისორმა ჰეკაბეს მონოლოგი, სადაც ქალი პოლიმესტერს ნიშნის მოგებითა და ამპარტავნებით ესაუბრება, სპექტაკლში არ გამოიყენა. ვერ ვიტყვი, რომ პიესაში ამას ჰამლეტის ,,ყოფნა- არყოფნის“ მონოლოგის დატვირთვა აქვს, თუმც ვფიქრობ, რომ ეს ევრიპიდესთვის არ იქნებოდა უმნიშვნელო პასაჟი. რეჟისორის თქმით, მთავარი პერსონაჟის ეს მონოლოგი არ ჯდება მის მიერ დანახულ ჰეკაბეს პერსონაჟში, რომელიც მსხვერპლიდან შურისმაძიებლად იქცევა.  ევრიპიდეს ვერსიისგან განსხვავებით მის ჰეკაბეს პოლიმესტერის შვილების მკვლელობა  შვებას არ გვრის. ჩემი აზრით ძალზედ საინტერესო იქნებოდა თუ რეჟისორი ამ მონაკვეთს არ ამოიღებდა. საინტერესო იქნებოდა რეჟისორის მიერ წარმოდგენილი ჰეკაბე, რომლისთვისაც ახალი ტრაგედია დაიწყო, როგორ იტყოდა ამ მონოლოგს. თუმც მსგავსი სცენის დადგმა ძალზე რთულია, როგორც რეჟისორისთვის, აგრეთვე მსახიობისთვის. ჩემთვის პასუხგაუცემელია კითხვა-  ამდენად მნიშვნელოვანი მონოლოგის ამოღება ახალგაზრდა რეჟისორის სითამამეა, თუ სიფრთხილე.


სპექტაკლში გამოყენებული მეტაფორები გამჭვირვალე და მიზანმიმართულად გამარტივებულია. აქ მეტაფორა ინტერპრეტირების სივრცესაც არ ტოვებს. აქ მასკულინური სამყარო კაცების საპირფარეშოა, გასატანი ნაგავი ნაგვის პარკშია მოქცეული, ასანთი, რომელსაც ჯერ პოლიდოროსი ანთებს, შემდეგ პოლიმესტერის ვაჟები, ხოლო საბოლოოდ თავად პოლიმესტერი. პოლიდოროსის ეგრედწოდებული ,,დასკოჩვა“, რომელსაც მრავალ სპექტაკლში ვხვდებით (მათ შორის ამავე რეჟისორის ,,მკვდარ ქალაქებში“), საკმაოდ ფუნქციონალურადაა გამოყენებული. ჰეკაბეს ახალ ტრაგედიას ისევ ვიდეო კამერის საშუალებით ვაკვირდებით და პისუარების ფონზე სახეწაშლილ ინგა კაკიაშვილს ვხედავთ.
 

მიშა ჩარკვიანისთვის შთაგონების წყარო-დაედგა არასტანდარტული ,,ჰეკაბე“- ჩვენი დღევანდელობა იყო. მან თავის ჰეკაბეში მოიაზრა ყველა ის შვილმოკლული, სისტემის სისასტიკისგან და დაუნდობლობისგან გამწარებული ადამიანი, რომელიც საკუთარი ტრაგედიის გამო შურისმაძიებლად იქცა. როგორც რეჟისორი ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში, იგი ამ ტრაგედიის შემქმნელად თითოეულ ჩვენგანს და მათ შორის საკუთარ თავსაც მიიჩნევს. სპექტაკლის ღერძია დაისაჯოს სისტემა და არა ადამიანი. ეს მოწოდება რამდენად მივიდა მაყურებლამდე, თავად მაყურებლის გადასაწყვეტია.


ჩემი აზრით, რეჟისორის მთავარი მიზანი იყო დაედგა სპექტაკლი, რომელიც არ იქნებოდა კონკრეტულად არც დრამატული, არც გამომსახველობითი, არც სასტიკი, არც ფიზიკური და არც რაიმე სხვა კონკრეტული ხასიათის მატარებელი თეატრალური წარმოდგენა. ვფიქრობ, ახალგაზრდა რეჟისორებისგან რაიმე ახლის ძიების სურვილი ყოველთვის მისასალმებელი და დასაფიქრებელია. ჩემი აზრით საზოგადოება, ამ შემთხვევაში კი თეატრალური საზოგადოება, გამუდმებით უნდა ფიქრობდეს იმაზე, თუ რისი თქმა სურს ახალგაზრდა რეჟისორს. თეატრალთა ერთი ნაწილისთვის მიშა ჩარკვიანი საკულტო რეჟისორია, ხოლო მეორესთვის მხოლოდ ტრენდულ ევროპელ რეჟისორთა ეპიგონი. თუმც მე ვფიქრობ, რომ ეს არის ახალგაზრდა რეჟისორი, რომელიც ეძებს ახალ ფორმებსა და ხერხებს ქართულ სცენაზე   თანამედროვე ევროპული თეატრალური გამოცდილების საფუძველზე. სწორედ ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ თითოეული ახალგაზრდა რეჟისორის შემოქმედება გახდეს ღრმა ანალიზისა და პროფესიული განსჯის საფუძველი და არა გაუაზრებელი აღფრთოვანებისა თუ აღშფოთების საგანი.  

bottom of page