top of page

„ჰელადოსი“ კახეთის სოფლებში

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

384742019_691851052978430_2212325665044276051_n.jpeg

ვალერი ოთხოზორია

„ჰელადოსი“ კახეთის სოფლებში

 

დროა თეატრებმა სოფლებში იარონ. სოფლებმა აღარ იციან თეატრი და თეატრმა არ იცის სოფელი. თეატრების „სწრაფვამ“ „ევროპისკენ“ გარკვეული გაუცხოება გამოიწვია. „მაღალი სტილი“ ძალიან დაშორდა სოფელს. „რთული“ დრამატურგია აღარ არის სოფლისთვის. მსახიობს არ წყურია სოფელში თამაში, ეჩოთირება, არ გრძნობს გამოწვევად, არც ვალდებულებად არ მიაჩნია. ხელოვნების ცნობიერება კრიზისშია. რას ემსახურება ხელოვნება, როგორც ასეთი, ხელოვნება ქართული სახელმწიფოს ფარგლებში? საკმარისია მხოლოდ „სტილი“? საკმარისია თეატრი პედესტალზე? - ერთმნიშვნელოვნად არა! თეატრი უნდა ჩამოვიდეს ამაღლებული სცენიდან (ცხადია, დროდადრო, მაგრამ პერმანენტულ რეჟიმში), ფეხშიშველა მსახიობებმა ბალახზე უნდა გაიარონ... თეატრმა უნდა იგრძნოს მამული. ამის დრო დადგა...

თეატრებს უკვე აქვთ სატრანსპორტო საშუალებები. თეატრებს აქვთ დაფინანსება: სახელმწიფო თეატრებს. მაშ, რას ელოდებიან ისინი? რატომ არ ვხედავთ სოფლებში გაფანტულ დასებს? რატომ არ ვხედავთ სოფელში თამაშს მოწყურებულ რეჟისორებს? რატომ არ ვხედავთ სოფლელ ბავშვებს და ახალგაზრდებს, ზრდასრულებთან ერთად, სპექტაკლების გარშემო - მინდვრებზე, სტადიონებზე, შენობების წინ, სპორტულ დარბაზებში, ფაცხებში, ბუნებაში? - იმიტომ, რომ გაყუჩებულია ეროვნული სული. იმიტომ, რომ მოჭარბდა სნობიზმი, სინამდვილეში ფსევდო-სნობიზმი (სნობიზმი, როგორც ფარსი). იმიტომ, რომ სოფლის ფონი დაფარა დიდმა ფარდებმა თეატრებში.  

ქართულმა თეატრმა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავში უნდა დაიწყოს ნაციონალური რენესანსი - ეროვნული აღორძინება. მან უნდა იპოვოს ახალი, უბრალო ენა, რომლითაც დაელაპარაკება სოფლებს, და სოფელი აგრძნობინებს მას წუთისოფელს, მოაშორებს ხელოვნურობას და ეგზისტენციალურ განცდაში ჩააგდებს, ადამიანურ განცდაში, ადამიანის განცდაში... ადამიანები დღეს მხოლოდ სოფლებში არიან. იქღა აოგნებს სულს სიტყვა, იქღა აოგნებს სულს თამაში... თეატრები უნდა დაუბრუნდნენ (დროდადრო, მაგრამ პერმანენტულ რეჟიმში) თამაშს - ამ სიტყვის მარტივი, პრიმიტიული და გულწრფელი ფორმით. მათ უნდა დაიწყონ ის, რასაც ახმეტელის თეატრი უკვე აკეთებს...

ახმეტელის თეატრია ის, ვინც - როგორც მამარდაშვილი იტყოდა - სწორ ტოპოსში ჩავარდა, დროებით განერიდა ქართულ-ქალაქურ ალიაქოთს და მიაშურა იქაურობას, სადაც საქართველო ინახება, როგორც ასეთი: სოფლებს... ამჯერად, კახეთის სოფლებს.

არც სპეციალური სცენაა საჭირო, არც დეკორაცია, რამდენიმე ატრიბუტიც საკმარისია; მწვანე მინდორზე სპექტაკლი - რომლის ნაწილი მაყურებლებიც არიან - ვითარდება, როგორც ცოცხალი იმპრესიონისტული ტილო... სპექტაკლი იხატება... ბავშვები მშობლებთან ერთად უცქერენ, და მასწავლებლებიც იქვე არიან, და გამგეობის წევრებიც, რაღაც უჩვეულო ხდება მათ სოფელში, ყველა ხედავს ისეთს, რაც დიდი ხანია არ უნახავს, ასე ვერ ჩაივლიდა ვერცერთი სპექტაკლი ვერცერთ თეატრში, ეს მოვლენა სრულიად არაჩვეულებრივია - ყოველგვარი პათეტიკისგან დაცლილი აზრით!

ვინ როგორ ითამაშა? ყველამ - გულწრფელად! როგორი იყო რეჟისორის ჩანაფიქრი? - უბრალო და გულის შემძვრელი. რამდენი ადამიანი დარჩა კმაყოფილი? - ყველა მაყურებელი. რა მიიღო სოფელმა? - თეატრი, როგორც საჩუქარი. რა მიიღო თეატრმა? - მაყურებელი, როგორც საჩუქარი.

„ჰელადოსი“ ის ნაწარმოებია, რომელიც უხდება ყველა ადგილს, და ეხება ყველა ადამიანის გულს, დიდსა და პატარას. როცა გვყავს ისეთი მწერალი, როგორიც ნოდარ დუმბაძეა, მაშინ მსოფლიოში გვაქვს სოფელი და სოფელში გვაქვს წუთისოფელი. თეატრიც ხომ ამას ემსახურება - წუთისოფლის გაცოცხლებას, აღორძინებას?

ახმეტელის თეატრი და მისი სამხატვრო ხელმძღვანელი - ირაკლი გოგია რასაც აკეთებს სოფლებში გასვლით, ესაა, პრაქტიკულად, თეატრის ეროვნული პროგრამის ნაწილის დღეს. ესაა ის, რაც უნდა გახდეს მისაბაძი მაგალითი სხვა თეატრებისთვისაც, და შესაძლოა, ხელოვნების სხვა დარგებისთვისაც. დღეს, პრაქტიკულად, ერთ მხარეს არის ახმეტელის თეატრი და მეორე მხარეს სხვა თეატრები არიან. ე.წ. ელიტური პოზიციით თეატრი ღალატობს საკუთარ ეროვნულობას, როცა სოფელში არ მიდის. თეატრმა ეროვნული მიზნისთვის უნდა იმუშაოს. მისი სცენა, უპირველეს ყოვლისა, ეროვნული სცენაა: ერის სცენა, ხალხის სცენა, თემ(ებ)ის სცენა, სოფლის სცენა... და შესაძლოა, სოფლის მინდორი, ბალახით ან ბალახის გარეშე...  

bottom of page