იაკობ გოგებაშვილი და თბილისის თოჯინების თეატრი დღეს

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

249262342_413497873513879_1433032306887357753_n.jpg

ნერონ აბულაძე

იაკობ გოგებაშვილი და თბილისის თოჯინების თეატრი დღეს

2021 წლის 27 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 181 წელი გავიდა. აგვისტოს დასაწყისში სწორედ  სოფელ ვარიანში, ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სახლ-მუზეუმის ეზოში დაასრულა თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა შიდა გასტროლის განხორციელება. საგასტროლო ტურნე შიდა ქართლსა და დასავლეთ საქართველოში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში სპექტაკლის – (,,დედა ენა“, რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი)  – ჩვენებას ითვალისწინებდა და სიმბოლურად, დასკვნითი წარმოდგენაც სოფელ ვარიანში მცხოვრები მაყურებლისთვის გაიმართა. სპექტაკლისადმი, როგორც უმცროსი, ისე უფროსი თაობის მაყურებლის განსაკუთრებულმა ინტერესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თეატრში სარეპერტუარო პოლიტიკის განსაზღვრისას, ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული  ნაწარმოებების განხორციელების აუცილებლობა.

იაკობ გოგებაშვილის მდიდარი შემოქმედება, რომელიც კლასიკურ მემკვიდრეობად ჩაიწერა ქართული ლიტერატურის ისტორიაში, დღემდე იწვევს მკითხველის განსაკუთრებულ ინტერესს. რასაკვირველია, ქართული თეატრიც გვერდს არ უვლიდა კლასიკური მწერლობის ამ მკვეთრად ინდივიდუალურ ფენომენს და იქმნებოდა ცნობილ ნაწარმოებთა თეატრალური ინტერპრეტაციები, მათ შორის, განსაკუთრებით თოჯინების თეატრების ინტერესი ქართული საყმაწვილო ლიტერატურის  გამორჩეული წარმომადგენლის მიმართ სავსებით ბუნებრივი და ლოგიკურია. ,,იავნანამ რა ჰქმნა“ და  ,,დედა ენა“  – ავტორის ეს საკულტო ნაწარმოებები ღრმადაა ფესვგადგმული თითოეული ჩვენგანის ცნობიერებაში... აღნიშნული ნაწარმოებების თეატრალური ინტერპრეტაციებიც თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის ერთგვარ სავიზიტო ბარათს წარმოადგენს.  თეატრმა ამ სპექტაკლებით გამოხატა თავისი დამოკიდებულება დიდი მოღვაწის მიმართ.

თბილისის გიორგი მიქელაძის სახეობის თოჯინების სახელმწიფო პროფესიული თეატრი ერთ-ერთი უძველესი კულტურულ-საგანმანათლებლო კერაა ჩვენს ქვეყანაში. თავისი არსებობისა და განვითარების მანძილზე თეატრი თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე ახორციელებდა საბავშვო სპექტაკლებს, რომელიც უპირველეს ყოვლისა, მომავალი თაობების ესთეტიკურად აღზრდაზე იყო ორიენტირებული. ათწლეულების განმავლობაში იქმნებოდა მრავალფეროვანი რეპერტუარი და მოიცავდა როგორც კლასიკურ, ასევე თანამედროვე საბავშვო ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებს. წლების განმავლობაში იხვეწებოდა წარმოდგენების მხატვრული ფორმა და ხარისხი. კლასიკური ფორმების პარალელურად ხორციელდებოდა არაერთი ექსპერიმენტი, რაც საბოლოოდ ქმნიდა უკეთესი შემოქმედებითი შედეგის ყველა  წინაპირობას.

,,დედა ენა“ - იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი ანბანი და პირველი სასწავლო სახელმძღვანელო 1876 წელს გამოიცა, რომელსაც საფუძვლად უდევს მაღალი დიდაქტიკურ - მეთოდიკური პრინციპები, რაც გულისხმობს წერა-კითხვის სწავლებას ბგერითი, ანალიზურ - სინთეზური მეთოდით. რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილის თეატრალური ინტერპრეტაცია სრულად ეფუძნება ავტორის ორიგინალურ პირველწყაროს და ანბანის სწავლება - შემეცნებაზეა ორიენტირებული. სპექტაკლის – (დედა ენა) პრემიერას ქვეყანაში არსებულმა ეპიდემიოლოგიურმა სიტუაციამ შეუშალა ხელი. წინასაპრემიერო ჩვენების შემდეგ, მხოლოდ შიდა გასტროლის განხორციელების დროს გახდა შესაძლებელი წარმოდგენა მაყურებელთა ფართო წრეს ენახა. სპექტაკლი  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. რეჟისორმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა, რომელიც განსაზღვრავს თეატრის მხატვრულ მიმართულებას მიზანშეწონილად მიიჩნია რეპერტუარში სასწავლო პროცესთან ინტეგრირებული  სპექტაკლების განხორციელების აუცილებლობა. სპექტაკლის შექმნის ერთიან დრამატურგიულ პროცესში რეჟისორი არ შემოიფარგლა მხოლოდ ცალკეული სიტყვების ვიზუალური ილუსტრირებით, არამედ, თითოეულ ასო-ბგერის კონკრეტული ამბავი, სიუჟეტი შეუსაბამა... სპექტაკლში მოქმედება სასკოლო ასაკს მიღწეული  ბიჭუნას ირგვლივ ვითარდება, რომელიც პირველად მიდის სკოლაში. სცენური სივრცე - (მხატვარი ბარბარა ასლამაზი) ძირითადად თეთრ ტონებშია გადაწყვეტილი. ავანსცენაზე განთავსებულია ბავშვის საწოლი, სიღრმეში კი ოთახის კედლის ფრაგმენტი, მუქი შტრიხებით გამოკვეთილი ფანჯრის, სანათის კონტურებითა და წიგნის კარადით. იატაკი ჭადრაკისებური დაფით არის დაფარული, რაც სიმბოლურად თამაშით, კონკრეტული სვლებით სწავლებას გულისხმობს. საექსპოზიციო სცენებში დედისა და პატარა ბიჭუნას პერსონაჟებს ვეცნობით. დედა შვილს დასაძინებლად ამზადებს... აფორიაქებული ბიჭუნა ვერ იძინებს და მის შფოთვას ხვალინდელ დღეს,  სკოლაში პირველად წასვლის მოლოდინი კიდევ უფრო ამძაფრებს. მომდევნო სცენების პარალელური მონაცვლეობა ფინალურ სცენამდე წარმოდგენილია როგორც სიზმარი, სადაც ნებისმიერ სურვილსა და ოცნებას ახდენა უწერია. რეჟისორის ეს ჩანაფიქრი ორგანულ თავსებადობაშია მთლიანად წარმოდგენის სიუჟეტთან. თავდაპირველად ბიჭუნას დედა ენის სახელმძღვანელო ეცხადება და ასობგერების სამყაროში საინტერესო მოგზაურობას სთავაზობს. დეკორაცია ტრანსფორმირდება, გვერდითა კედლის ფრაგმენტები კულისების მიმართულებით ინაცვლებს და შუა ნაწილში იქმნება მართკუთხა ფორმის დამატებითი, თეთრი გამჭვირვალე ნაჭრით დაფარული ჩარჩო, რომელიც გადაშლილი წიგნის იმიტაციას ქმნის, სადაც თანმიმდევრულად ცოცხლდება კარგად ნაცნობი ილუსტრაციები. მაყურებელი თითოეულ ასო ბგერას ავტორისეული თანმიმდევრობით ეცნობა. პერსონიფიცირებული ილუსტრაციები, რომლებიც ადამიანური თვისებების, აზროვნებისა და მეტყველების მატარებელნი არიან, გვიყვებიან თავიანთ ისტორიებს. კონკრეტული ასო ბგერის, სიტყვისა თუ წინადადების შესადგენად ბიჭუნა ინტერესით განაგრძობს დედა ენის სამყაროში მოგზაურობას, სადაც ეცნობა და უშუალო კონტაქტს ამყარებს სხვადასხვა მხატვრულ პერსონაჟებთან. რეჟისორის კონცეფცია სრულად ეფუძნება ანბანის გოგებაშვილისეული სწავლების მეთოდოლოგიას. ბიჭუნას სიზმარი დასკვნით სცენებში სრულდება... სკოლაში წასვლის დროა ამბობს დედა, თუმცა ბიჭუნა უკვე სრულყოფილად ფლობს ქართულ ანბანს, ისევე, როგორც წარმოდგენის ნახვისას პატარა მაყურებელს თამამად შეუძლია საკუთარი სახელისა და გვარის უშეცდომოდ დაწერა. რეჟისორის კონცეფციის ორგანულ ნაწილს წარმოადგენს სპექტაკლის მუსიკალური გაფორმება – (დათო თავაძე). სამსახიობო ანსამბლის – (თორნიკე ფრანგიშვილი, ლევან კაციაშვილი, ნათია შეშაბერიძე, ირინე კუკულაძე, ნინო ნატროშვილი, მაია მალხაზიშვილი, ნათია ხმიადაშვილი, ნინო პაპიაშვილი, რამონა მიქელაძე, მარიკა ძაგნიძე, თამთა ბაქრაძე, თათია ბაქრაძე) – სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თეატრის დასი მზად აღმოჩნდა მხატვრული ჩანაფიქრის განსახორციელებლად და სპეციფიკური სირთულეების დასაძლევად.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ,  თეატრის რეპერტუარი იაკობ გოგებაშვილის ,,დედა ენა“–ს გარდა ავტორის ასევე ცნობილი ნაწარმოების – იავნანამ რა ჰქმნა?!“ სცენურ ინტერპრეტაციასაც მოიცავს. სპექტაკლი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და თეატრის ერთგვარ, სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. საერთაშორისო გასტროლის ფარგლებში, რომელიც თეატრმა ლიეტუვას რესპუბლიკაში განახორციელა, სპექტაკლი ექვსი სხვადასხვა ქალაქის თეატრების სცენებზე იქნა წარმოდგენილი. სხვა ფაქტორებთან ერთად, სწორედ ამ გასტროლმა და შესაბამისად წარმოდგენის მხატვრულმა ხარისხმა განაპირობა  ნიკოლოზ საბაშვილი მიწვევა კაუნასის თოჯინების სახელმწიფო თეატრში, სადაც რეჟისორმა ვაჟა ფშაველას – ,,შვლის ნუკრის ნაამბობი“ განახორციელა.  ,,იავნანამ რა ჰქმნა“ ეს ის ნაწარმოებია, რომელიც თავისი მწვავე შინაარსითა და ჰუმანიზმის მარადიულობის იდეით სრულყოფილად წარმოგვიდგენს ავტორის მსოფლმხედველობას. მოსაზღვრე ტერიტორიები, ისტორიული ძნელბედობა და მშობლიურ სახლს მოწყვეტილი გოგონას ტრაგიკული ბედი. სიუჟეტი ნებისმიერი თაობის ქართველისათვის კარგად ნაცნობი და განცდილია. დედის იავნანა, პირველი ზიარება ქართულ სიტყვასთან და იავნანას უნივერსალური ძალა. ეს ნაწარმოები თან ახლდა  ჩვენს ბავშვობას და პიროვნებებად ქცევის რთულ პროცესში განუყოფელ, ცნობიერ ,,დოკუმენტს“ წარმოადგენდა... ამდენად, სავსებით ბუნებრივია რომ ქართული თეატრი - (განსაკუთრებით საბავშვო) ყურადღების მიღმა არ ტოვებდა ქართული კლასიკური მწერლობის ამ უნიკალურ ნიმუშს და ამ დრომდე იქმნება ინტერპრეტაციათა უწყვეტი ჯაჭვი.

შესაბამისად, თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების თეატრისა და უშუალოდ ნიკოლოზ საბაშვილის დაინტერესებაც არ ყოფილა შემთხვევითი. ამ შემთხვევაშიც სპექტაკლი  ი. გოგებაშვილის ამავე სახელწოდების ნაწარმოების საფუძველზე განხორციელდა და თუ არ ჩავთვლით მცირე ფამილიარულ ჩარევებს, რეჟისორი თანმიმდევრულად მიყვება ავტორისეულ პირველწყაროსა და მხატვრულ სტრუქტურას. ამ შემთხვევაში ფამილარიზმი პროზაული ტექსტის სცენურ, ქმედით ნაწარმოებად გარდაქმნის დრამატურგიულ პროცესში გამოიხატა, რაც სავსებით ლოგიკურია.  მთხრობლის სახით თავად ავტორის პერსონაჟს ვეცნობით, რომელიც პირველსავე სცენიდან იწყებს ნაწარმოების ,,წერა - მოყოლას“. მომდევნო სცენებში უკვე  პერსონაჟები ცოცხლდებიან და ხშირ შემთხვევაში უშუალო კონტაქტში შედიან ავტორთან.  სპექტაკლის მხატვრული გაფორმება - (ვახტანგ ქორიძე) მხატვრული გადაწყვეტის ზუსტად მიგნებული, ორგანული ნაწილია. კამერული ხასიათის წარმოდგენა ძირითადად ერთ მაგიდაზე თამაშდება. მიზანსცენათა მონაცვლეობას ავტორისეული სიუჟეტის მიმდინარეობა განსაზღვრავს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ  3D ფორმატში დამზადებულ წიგნს ვფურცლავთ, სადაც თითოეულ გვერდზე მოთავსებული ტექსტი მინიატურულად ცოცხლდება, პერსონაჟები იწყებენ მოქმედებას, ვხვდებით მსახიობისა და მისსავე პერსონაჟი - თოჯინის ორიგინალურ ურთიერთობას. მოვლენა მოვლენას ენაცვლება და  ავტორის ბუტაფორიული წიგნი მოქმედების ადგილის შესაბამისად ტრანსფორმირდება. დახვეწილი, ორიგინალური თოჯინები, მაქსიმალური პლასტიკურობით გამოირჩევა, მხატვარი რეჟისორთან ერთად ცდილობს მკვეთრად გამიჯნოს ხასიათები და ზუსტად გამოკვეთოს კონკრეტული თოჯინას ინდივიდუალური მახასიათებლები. მთლიან წარმოდგენას ემოციურად ამძაფრებს მუსიკალური გაფორმება. ამ შემთხვევაშიც რეჟისორი შეეცადა წინა პლანზე წამოეწია სხვადასხვა ხალხთა ძველი მუსიკალური ფოლკლორი, რამაც საბოლოოდ განსაზღვრა სპექტაკლის ხასიათი. ის მხატვრული სამყარო, რომელიც თეატრმა წარმოადგინა ბოლომდე გოგებაშვილისეული იდეის ერთგული რჩება. და მაინც, რეჟისორი ,,მსუბუქად“ ემიჯნება ავტორს... უბრალოდ  მაგიდის ზედაპირზე თანმიმდევრობით ალაგებს ნივთებს, საგნებს, დეტალებს და მათ ორიგინალურ მოძრაობაში თავისებური დასკვნა გამოაქვს.

სპექტაკლის წარმატებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს თეატრის დასი. სამსახიობო ანსამბლის - (მალხაზ გაბუნია,  გიორგი ღონღაძე, მაია მალხაზიშვილი, ნათია ხმიადაშვილი, თამთა ბაქრაძე , ნათია შეშაბერიძე, თეა კიწმარიშვილი) სრული შემადგენლობა მაქსიმალურად იყო ჩართული სპექტაკლის შექმნის ერთიან, უწყვეტ პროცესში. ამათგან უმრავლესობას რამდენიმე პერსონაჟის თამაში, და სხვადასხვა ქორეოგრაფიულ ფრაგმენტში  პარალელურად ჩართვა უწევდათ. მთლიანობაში თეატრის დასი მზად არის აჩვენოს მაქსიმალური პროფესიული შესაძლებლობა.