I am, What I am

მაკა ვასაძე

I am, What I am

 

გუშინ, 5 ოქტომბერს, თეატრ „შოუბუნეს“ (Schaubühne) სპექტაკლით „ხალხის მტერი“ დასრულდა თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ძირითადი, საერთაშორისო პროგრამა. თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორის, „შოუბუნეს“ სამხატვრო ხელმძღვანელის ტომას ოსტერმეიერის მიერ იბსენის პიესის მიხედვით განხორციელებული დადგმა, წლევანდელი ფესტივალის გვირგვინი, საუკეთესოდ მოფიქრებული ფინალი იყო. სწორედ გუშინ, მე და ჩემი მეგობრები, კოლეგები ვსაუბრობდით იმის შესახებ, რომ წლევანდელ ფესტივალზე, მართალია იყო ნაჩვენები საინტერესო, სხვადასხვა სტილისტიკის, ფორმის, ჟანრის ნაწარმოებები, მაგრამ არც ერთი შედევრი. და, სწორედ იმ საღამოს, ფესტივალმა, თუ შეიძლება ასე ითქვას - „გაისროლა“, „ფეიერვერკი“ მოგვიწყო. ჩვენ ვნახეთ სპექტაკლი, რომელიც 7 წლის განმავლობაში ფესტივალზე წარმოდგენილი - სტრელერის „არლეკინი, ორი ბატონის მსახურის“, ნეკროშიუსის „ოტელოს“, „ჰამლეტის“, „ფაუსტის“, კორშუნოვასის „რომეო და ჯულიეტას“, ამით ლაჰავის „შინელის“, მაია კლეჩევსკას „ღმერთების დაცემის“, ლინ ჰვაი-მინის „მოხეტიალეთა სიმღერების“, გჟერგორჟ ბრალის „ლირის სიმღერების“, სლავა პოლუნინის „თოვლის შოუს“ - მსგავსად არასდროს დაგვავიწყდება. წარმოდგენიდან გამოსული მაყურებელი, პროფესიონალები თუ უბრალოდ თეატრის მოყვარულები, თითქმის ყველა ერთხმად აღიარებდა, რომ მთელი ფესტივალი ამ ერთ სპექტაკლად ღირდა.

1970-იანი წლების დასაწყისში (1962) ბერლინში შექმნილ Schaubühne-ს, პიტერ შტაინის დადგმებმა გაუთქვეს სახელი და მას შემდეგ, მხატვრული, შემოქმედებითი თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თეატრია. თეატრი, რომელიც მუდმივად აქტუალურია, მუდმივად ახლის ძიებაშია. 1999 წლიდან, ტომას ოსტერმეიერის სამხატვრო ხელმძღვანელობიდან მოყოლებული, შემოქმედებითი ჯგუფი კლასიკოს ავტორებთან ერთად, აქტიურად მუშაობს თანამედროვე დრამატურგიაზე. თეატრში დგამენ სპექტაკლებს, როგორც გერმანელი, ასევე უცხოელი ახალგაზრდა რეჟისორები. თეატრისათვის „შოუბუნე“, პიესების შერჩევისას, სოციალურ-პოლიტიკური ასპექტი ყოველთვის ერთ-ერთი მთავარი მოტივია. მათი მთავარი მიზანია რეალობის კრიტიკული გააზრება.

ჰენრიჰ იბსენის პიესებს ტომას ოსტერმეიერი ხშირად მიმართავს, შეიძლება ითქვას მისი საყვარელი დრამატურგია, ბევრგან აქვს დადგმული, „შოუბუნეში“ კი, ნორვეგიელი დრამატურგის სამი პიესა განახორციელა: „ჰედა გაბლერი“ „ნორა“ (თოჯინების სახლი) და „ხალხის მტერი“. რეჟისორი იბსენის ტექსტს, ისევე როგორც ზოგადად კლასიკოსი ავტორებისას, ათანამედროვებინებს დღეს მოღვაწე დრამატურგებს. მგალითად, „ნორას“ ადაპტირებაზე მარიუს ფონ მაინენბურგთან, ხოლო „ხალხის მტერზე“ კი  ფლორიან ბორხმაიერთან ერთად იმუშავა. „ხალხის მტერში“ შეცვლილა მოქმედების დრო, ტექსტი გადამონტაჟებულია და შეტანილია ციტატები 2007 წ. ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ბროშურიდან - „მომავალი აჯანყება“. ცვლილებები განიცადეს თავად პერსონაჟებმა. იბსენთან, ექიმი სტოკმანი ქალაქსა და საზოგადოებაში - პატივცემული, პატიოსანი, მრავალშვილიანი ოჯახის მამაა, ოსტერმეიერის სპექტაკლში, კრისტოფ გავენდას სტოკმანი, ჩვენს რეალობაში არსებული - საქმიანი, ნიჭიერი, ნერვიული, ეგზალტირებული, გარეგნობით არაფრით გამორჩეული  ტიპაჟია. ევა მეკბახის ფრაუ სტოკმანში რეჟისორმა სტოკმანების ქალიშვილის, მასწავლებელის - პეტრას სახეც გააერთიანა. სტოკმანებს ახლადშობილი ქალიშვილი ჰყავთ.  ინგო ჰულსმანის სტოკმანის უფროსი ძმა ქალაქის მერია. პიესის ზოგიერთი პერსონაჟი საერთოდ ამოღებულია. ხოლო, ანდრეას შროდერი - გაზეთის რედაქტორი - ჰოვსტადი, მორიც გოტვალდი - გაზეთის თანამშრომელი ბილინგი და ტომას ბადინგი - ტიპოგრაფიის მფლობელი ასლაკსენი, რომელსაც უძრავი ქონების მფლობელთა გაერთიანებული საბჭოს თავმჯდომარეობაც დააკისრა რეჟისორმა, გათანამედროვებულ, ჩვენს რეალობაში არსებული ტიპაჟების პროტოტიპებს ქმნიან.

საფესტივალო გუნდის ორგანიზებით, სპექტაკლი დამთავრების შემდეგ, ოსტერმეიერი შეხვდა დაინტერესებულ მაყურებელს და სათეატრო ხელოვნების შესახებ მოსაზრებები გაგვიზიარა. იგი თავის შემოქმედებაში, თანამედროვეობაში არსებულ  - სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ პრობლემებს ასახვას. იბსენს ხშირად დგამს, ვინაიდან მისი პიესები ამ ყველაფერზე საუბრის საშუალებას იძლევა. „ხალხის მტერის“ ფაბულაში არსებული - პატარა, პროვინციულ ქალაქში განვითარებული კონკრეტული სიტუაცია, ოსტერმეიერის კონცეფციით განზოგადდა და პიროვნებისა და საზოგადოების, ე. წ. უმრავლესობის დაპირისპირების პრობლემა წამოიწია წინა პლანზე. რა არის მნიშვნელოვანი -  ქვეყნის, ქალაქის, საზოგადოების, ადამიანის - ცხოვრებაში მატერიალური, ეკონომიკური კეთილდღეობა თუ სიმართლე, პატიოსნება, თავისუფლება. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ოსტერმეიერმა წარმოდგენის ფინალში მაყურებელს დააკისრა. დარბაზისა და სცენის, პერონაჟებისა და მაყურებლის გაერთიანებით გაკეთებული  საოცარი მიტინგის მსგავსი კრების შემდეგ, სადაც სტოკმანი თავის მოსაზრებებს ამცნობს კრების წევრებს - ზოგადად რად იქცნენ ადამიანები, ვინ არის ადამიანი, როგორ და რით ცხოვრობენ (სწორედ აქ არის ჩართული ციტატები ბროშურიდან „მომავალი აჯანყება“). მას უმრავლესობის წარმომადგენლები  საღებავების სროლით „ჩაქოლავენ“. იყოს წყალი დაბინძურებული, გახდნენ ადამიანები ავად, მთავარია მათ მატერიალურ კეთილდღეობას არ შეეხონ - ასე ფიქრობს და ამ მორალით ცხოვრობს უმრავლესობა. რეჟისორის მიერ შეცვლილ ფინალში, სტოკმანს სიმამრი ჩუქნის დაბინძურებული წყლის საკურორტო ზონის აქციებს. რას იზამენ სტოკმანი და მისი მეუღლე გააგრძელებენ თავიანთი მრწამსით ცხოვრებას თუ ისინიც უმრავლესობის წევრების რიგებს შეუერთდებიან? ამ კითხვით ასრულებს ოსტერმეირი წარმოდგენას.