
ილია - ყ ოველთვის თანამედროვეა
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

გუბაზ მეგრელიძე
ილია - ყოველთვის თანამედროვეა
ოზურგეთის თეატრის ერტერთი წამყვანი მსახიობი ბელა კიკვაძე ბოლო წლებში საინტერესო ინდივიდუალურ პროექტებს გვთავაზობს. ამ მხრივ აღსანიშნავია მისი მონოსპექტაკლები: ,,პეპელას ფრთებზე დაწერილი თავისუფლება“ (პოეტ დავით შემოქმედელის ლექსების მიხედვით), ,,ნეტავი დამბადებელო“ (ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების მიხედვით. რეჟ. ვასილ ჩიგოგიძე. მაღალპროფესიული შესრულებისთვის მსახიობმა ბულგარეთის ქალაქ გაბროვოს მონოსპექტაკლების საერთაშორისო ფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა) და ბოლოს, ახალი დოკუმენტური მონოსპექტაკლი ,,ილია - თანმდევი სული“ (ინსცენირების ავტორი ნინია სადღობელაშვილი, რეჟისორი და სცენური ვერსიის ავტორი ვასილ ჩიგოგიძე.
სპექტაკლი წარმოადგენს ილიას შემოქმედებისა და მოღვაწეობის წარმოჩენის ახლებურ ვერსიას. მე დეტალურად შევჩერდები ამ სპექტაკლის არსზე. სცენაზე ვხედავთ ეკრანს, რომელზედაც ჩნდება ილიას პორტრეტი და იმ ეპოქის დამახასიათებელი სურათები, რომლებიც ილიასეულ გარემოს ქმნის. სცენის იატაკზე ვხედავთ დამსხვრეულ სარკეს, რომლის გამთლიანებასაც ბელა კიკვაძე ფინალისკენ საქართველოს ხსენებისას ცდილობს. სცენაზე აგრეთვე ვხედავთ ნერგს, როგორც სიცოცხლისა და ილიას იდეების გამგრძელებლის სიმბოლოს. ეკრანიდან ისმის ილიასეული ტექსტი, რომელსაც სახიერად კითხულობს კოტე მალანია და იმართება მსახიობისა და დიდი მწერალის უხილავი დიალოგი, ანუ მყარდება კავშირი ილიას მემკვიდრეობასა და თანამედროვეობას შორის, რაც ყოველთვის აქტუალურად აღიქმება. ასეთია სცენოგრაფ ლომგულ მურუსიძის მხატვრული ჩანაფიქრი, რაც მსახიობს ხელს უწყობს ეპოქის ჩვენებასა თუ ილიას ნააზრევის გლობალურად წარმოსაჩენაში. ბელა კიკვაძე ცდილობს დაგვანახოს, თუ რა შედეგი მოჰყვება დიდი ილიას მკველობას, რაც სულიერ დეგრადაციასთან, სამშობლოს მცნების გაფერმკრთალებასთან და ქვეყნის ეროვნული ცნობიერების ჩამოშლასთანაა დაკავშირებული. დროს შეგრძება და აქედან გამომდინარე ქმედება ძალიან მნიშვნელოვანი ხდება და ამიტომაც მსახიობი ხშირად ავლებს პარალელს დროთა კავშირის შესახებ. ამიტომაც ბ. კიკვაძე კრეფს სარკის ნატეხებს და აერთიანებს, როგორც ილიას ნაანდერძევის ანარეკლს, რომელშიც თანადროულობას ხედავს და მას აქტიურობისკენ მოუწოდებს, ყოველვის თანგვსდევს...
ასეთ გარემოში, ,,ჩემო კარგო ქვეყანას“ სიმღერის ფონზე, გამოდის მსახიობი ბელა კიკვაძე, რომელიც ანთებს სანთელს, იღებს ილიას წიგნს, რომელიც მაგიდაზე დევს და იწყებს საზოგადოებრივი ტკივილის კვლევას, თუ რა სულიერი საწყისი ამოძრავებთ ადამიანებს, როდესაც ერთმანეთს ებრძვიან... ამას მსახიობი შეშფოთებით აფასებს. ამას მოჰყვება ილიას მკვლელობის პრესაში გამოქვეყნებული ცნობა, რაც სათქმელს კიდევ უფრო ამძაფრებს და სულიერებას ეძებს ილიას სიტყვებში -,,მარად ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა’’, რითაც ხაზს უსვამს თაობებისთვის ილიას უკვდავი სულის არსებობას. შემდგომ მსახიობი რეტროსპექციულად იწყებს ილიას ბიოგრაფიის თხრობას, სადაც ჩართულია ბაზალეთის ტბაში ოქროს აკვნის ძიება, როგორც სულიერი საწყისის განსახიერება. ამას მოჰყვება გიმნაზიის მეგობრების ხსენება და პეტერბურგის პერიოდის მნიშვნელობა მისი შეხედულებების ჩამოყალიბებისთვის. ილიასთვის იმპულსად ხდება ჯუზეპე გარიბალდის ბრძოლა თავისუფლებისთვის და მისი სიტყვების - ვისია ეს ქვეყანა? განზოგადებულად გააზრება და მსახიობიც მაყურებელს მიმართავს - შენია ეს ქვეყანა!
აღსანიშნავია, რომ სპექტაკლს რეფრენივით გასდევს შეკითხვა - რა დროა ახლა? რაც დღევანდელობას ირეკლავს და აცოცხლებს ილიასა და თანამედროვეობის დროთა კავშირს. ამ სულიერი განმტკიცებისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვანი ხდება პეტერბურგში მისი შეხვედრა ეკატერინე ჭავჭავაძესთან და მისთვის მანამდე უცნობი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების გადაცემა. 27 წლის ილია ხვდება ბარათაშვილის პოეზიის უდიდეს სულიერ მნიშვნელობას და სათავეში უდგება ქართული საზოგადოებისთვის დიდი პოეტის დაბრუნებას. მსახიობი ემოციურად გადმოსცემს სტუდენტი ილიას ნოსტალგიის გამძაფრებას სამშობლოსადმი, ემოციურად საუბრობს ილიას სამშობლოში დაბრუნებაზე, სადაც მამათა და შვილთა ომი ელოდება; ,,ჩემო კალამოს“ მეშვეობით პოეტის მოწინავე იდეებს ახმიანებს, ხაზს უსვამს დიდი შემოქმედის მრავალმხრივ საზოგადოებრივ საქმიანობას, მოსამართლეობასა და სხვა ერისთვის სასიცოცხლო საკითხებს. ეს გახლავთ განჯა, თუ როგორ ცდილობდა ილია ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების კეთებას.
უფრო სხვა ტონით გამოყოფს ბ. კიკვაძე ილიას მიერ გიგო აფხაზისთვის მიწერილ წერილს გლეხობის შესახებ, რითაც აფართოებს დიდი შემოქმედის სოციალურ-ეკონომიკური შეხედულებების მრავალმხრივობას. მსახიობის თითოეული ჟესტის, მიმიკის, სიტყვის ტონალობის მრავალფეროვნება მხატვრულ გადმოცემას კიდევ უფრო სახიერს ქმნის.
ასეთ დაძაბული ვითარების გადმოცემისას, მსახიობის ტონში ლირიკული განცდა შემოდის - ოლღა გურამიშვილთან 1863 წელს საიდუმლოდ ჯვრისწერა და ერთგულება მთელი ცხოვრების განმავლობაში, ილიას მკვლელობის შემდეგ შიმშილობა და კოტე აფხაზის მიერ ხელისუფლებისთვის ილიას ბანკის 26 მილიონის გადაცემის ამბები. ამის შემდეგ მოვლენები კვლავ საერო მნიშვნელობის საკითხებზე გადადის. მსახიობი განსაკუთრებულად გამოყოფს ,,ივერიას“, როგორც საქართველოს მომავალზე ფიქრის პერიოდულ ორგანოს, მის საგანმანათლებლო ფუნქციას; წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შექმნას, სათავადაზნაურო ბანკისა და თეატრის დანიშნულების შესახებ. ამ ყოველივეს მსახიობი მაყურებელს დიდი გატაცებით, ენთუზიაზმითა და რწმენით უყვება. მსახიობი აქცენტირებს ილიას საოცარ შრომისუნარიანობაზე;კრწანისის ომის 100 წლისთავის აღნიშვნა და დიმიტრი ყიფიანის სახალხო დაკრძალვა, რასაც მოჰყვა სოციალ-დემოკრატთა ბრძოლა ილიას ეროვნული შეხედულებების წინააღმდეგ.
ამ მოვლენების შემდეგ ბ. კიკვაძე ხის ნერგთან მიდის, ეფერება, როგორც გადარჩენის სიმბოლოს და გადმოსცემს ილიას დაძაბულ სულიერ მდგომარეობას, ამის დასტურად აგროვებს დამსხვერეული სარკის ნამსხვრევებს და დრამატული ტონით ამბობს ,,ჩვენისთანა ბედნიერი...“ პარალელურად კი ეკრანზე ჩნდება ილიას საწინააღმდეგო ციტატები... ამ სპექტაკლში ისტორიულ მასალაზე დაყრდნობით პირველად დაჟღერდა ილიას სიკვდილის ორგანიზატორთა კომიტეტი: ფილიპე მახარაძის, ნოე რამიშვილის, ისიდორე რამიშვილის, ნოე ხომერიკის, ისიდორე ჯიბლაძისა და პეტრე გელიაშვილის შემადგენლობით... და აი, წიწამურიც... მსახიობი თავზე ეკლის გვირგვინს იდგამს, რაც ილიას მოწამეობრივ სიკვდილზე მეტყველებს. ეროვნული ტკივილის განცდით გვამცნობს 179 გვირგვინის, მათ შორის 9 ვერცხლისა და 100 ათასიანი სამგლოვიარო პროცესიის მსვლელობას. მსახიობი მძიმედ ეშვება სკამზე, რადგან უფრო ამძიმებს ბერბიჭაშვილის დაჭერა-გაშვებისა და მ. ჯავახიშვილის მოგონება ილიას მკვლელზე. ამას კი უპირისპირდება გაზეთ ,,დროებაში“ ოლღას წერილი მკვლელთა შენდობის შესახებ. აქ ტრაგიკული მოვლენას ჰუმანური დამოკიდებულება ცვლის, მსახიობიც კონტრასტულად ცდილობს გადმოსცეს კეთილისა და ბოროტის ჭიდილის მუდმივი ბრძოლის არსი. ილიას საფლავთან ზარები რეკავს..მსახიობი მოსასხამს მოიცვამს და ისმის: ,,ტყემ მოისხა ფოთოლი...“ სიმღერის ,,ჩემო კარგო ქვეყანას“ ფონზე და ხის ტოტს ავანსცენაზე მდგარ ნერგთან დებს... მსახიობი კი იმედიანად ამბობს, რომ ,,მომავალი ჩვენია...“ ასე ამაღლებულ ტონით მთავდება სპექტაკლი, რომელიც მაყურებელს დიდ საფიქრალს უტოვებს...