top of page

იმედი ბოლოს...

პრემიერა გორის თეატრში

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

att.xcHTFFdQCn1ihX68kqQ2oqekYkplfVduCnNSV3IJueo.JPG

15.07.2026

მანანა თევზაძე

იმედი ბოლოს...

პრემიერა გორის თეატრში

 

მორიგი პრემიერა გაიმართა გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში, სადაც ფრიდრიხ დიურენმატის ფსიქოლოგიური დრამა „გვიანი შემოდგომის სტუმარი“ წარმოადგინეს. სპექტაკლის რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი გახლავთ მამუკა ტყემალაძე, მხატვარი - ნუცა ტყემალაძეა. მონაწილეობენ: გიორგი გოგუაძე და ზაზა ცარულაშვილი.

„გვიანი შემოდგომის სტუმარი“ დიურენმატის ერთ-ერთი რადიოპიესაა. მართალია 1956 წელს დაწერილი, მაგრამ თემის სიმწვავე არასოდეს კარგავს აქტუალობას და ამჯერადაც გორის თეატრის სცენაზე ავტორისეული სიუჟეტის რეჟისორულმა ხედვამ საინტერესოდ იჩინა თავი.

სცენა შავებშია ჩაცმული. კედლებსა მოლბერტზე ნახატებია გამოფენილი. სცენის ორივე მხარეს დგას ერთმანეთზე აყირავებული მოწნული სავარძლები, წიგნების კარადა, მრგვალი საკიდი, პატარა მაგიდა... იქვე ჩემოდნები აწყვია, ბევრი, ძალიან ბევრი ლამაზი ჩემოდანი. მთელ სცენაზე დაჭმუჭნილი ქაღალდებია მიმობნეული. საოცარი აპარტამენტია... აქ ჩემოდანზე თუ ჩამოჯდება კაცი, თორემ სკამი ნამდვილად არ მოიძებნება. გაურკვეველია, ამ არეულ-დარეულ გარემოში მუდმივად ცხოვრობს ვინმე თუ დროებით?

პიესის მიხედვით ეს სასტუმროს ოთახია, სადაც ცნობილი მწერალი ცხოვრობს, მტვრიანი ჰაერით სუნთქავს და არეულობა მისი სამყაროს გაურკვევლობაზე მიგვანიშნებს.

დარბაზში სინათლის ჩაქრობასთან ერთად, სცენაზე შემომავალ კარზე  აბრახუნებენ. ხალათმოსხმული მამაკაცი ბუზღუნით აღებს კარს, - არავინაა. ბრახუნი მეორდება. ხალათმოსხმული მამაკაცი ახლა უკვე მეორე სართულის აივანზე სირბილით დაეძებს იმ ვიღაცას, რომელიც მოულოდნელად, სწორედ ჩემოდნების გროვიდან ამოძვრება და იწყება უცნაური ამბავი მწერლისა და მისი სტუმრის შეხვედრისა.

სცენაზე პირისპირ დგანან - ბატონი მწერალი და ბატონი სტუმარი. მათ სახელებიც აქვთ, თუმცა სპექტაკლის მსვლელობისას, ისინი ისე უპირისპირდებიან ერთმანეთს, კრეშჩენდო-დეკრეშჩენდოს ტონალობაში არც სიტყვიერ კორიანტელს აკლებენ ერთმანეთს და არც ფიზიკურ შეხლა-შემოხლას, რომ მათი სახელები სრულიად გავიწყდება, მერე და მერე აღარც გაინტერესებს, რადგან ორ არანორმალურ პირს ვაკვირდებით.

არადა, თითქოს არაფერი აქვთ დასაპირისპირებელი, ერთი ცნობილი მწერალია, მეორე - მისი დეტექტივების აქტიური მკითხველი, მისი მწერლობის შემსწავლელი, მისი ცხოვრების აღნუმსხველი, მისი ფანატიკოსი თაყვანისმცემელი.

აქ ჩნდება ლოგიკური კითხვა, ვინ არის ეს ტიპი? თითქოს არც გამომძიებელია, არც კრიტიკოსი, არც კერძო დეტექტივი, არც ფულის გამომძალველი და მაინც ყველაფერი  შეიძლება ერთად ეწოდოს.

ვინ არის და პროფესიით უბრალო ბუღალტერი! 

პენსიაზე გასულს, კარგად შეკერილი და ტანზე მორგებული შარვალ-კოსტუმი აცვია. სახელოებაწეულ, თეთრ პერანგზე შავი, დამჭერი რგოლები უკეთია, როგორც ბუღალტრებს სჩვევიათ და მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, მწერლის წინაშე ისე გრძნობს თავს, როგორც წმინდა გიორგი გველეშაპთან შეხვედრისას.

სასაცილოც კია!..

წარმატებული დეტექტივების მწერლისა და მისი თაყვანისმცემლის შეხვედრა ერთი შეხედვით უწყინარი ბაასით იწყება, მაგრამ როცა სტუმარი სხაპა-სხუპით ალაპარაკდება და მოულოდნელი აღშფოთებით იწყებს კარადიდან წიგნების გადმოყრას, ერთმანეთთან მწყობრად დალაგებული ჩემოდნების არევ-დარევას, უცხო ადამიანის საცხოვრებელში მისი შემოსვლა, შემოჭრა-დარბევად იქცევა. და როცა უეცრად წყნარდება და გადმოყრილ წიგნებს ისევ კარადაში ალაგებს, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, ეს კაცი ფსიქიკურად გაწინასწორებულია თუ არა?

სპექტაკლი დამაინტრიგებელ საიდუმლოებათა სამყაროში გვაქცევს.

მწერალი, ფანატიკოსი მკითხველის მიკერძოებული ყურადღების ობიექტი გამხდარა. ცნობილი დეტექტიური რომანების შექმნის საიდუმლოს ამოხსნისას, ათი წლის მანძილზე, ამ მკითხველმა სრულად შეისწავლა ბატონი მწერლის ცხოვრება, ბოლომდე გაჰყვა მის ფანტაზიას და როგორც ბოროტებასთან მებრძოლმა დონ კიხოტმა, აღმოაჩინა  რომ ყველა აღწერილი მკვლელობის ავტორი და ჩამდენიც, თავად მწერალი იყო.

შეხვედრა ბევრ რამეს ააშკარავებს!

უპირველესად, რომ სახელგანთქმული მწერლისა და მისი ექსცენტრიკული თაყვანისმცემლის საუბარი ის ფსიქოლოგიური დუელია, რომლითაც სიუჟეტი ვითარდება და ზღვარი რეალობასა და გამონაგონს შორის თანდათან იშლება.

მეორე და მთავარი ის არის, რომ მათი საუბარი წინა პლანზე წამოსწევს შემოქმედის პასუხისმგებლობის და ზოგადად, ადამიანური ბოროტების პრობლემას.

მესამე კი ის, რომ ხელოვნების მოჩვენებითობა, არარეალობა  ხშირად სინამდვილეზე უფრო დამაჯერებელია.

ისევე როგორც დიურენმატის ყველა ნაწარმოები, ეს რადიოპიესაც პირქუში გროტესკულობით, ირონიითა და ადამიანური სამყაროს ტრაგიკომიკური გააზრებით გამოირჩევა. რეჟისორის მიერ სპექტაკლისათვის შექმნილი ფაქტიური სივრცე რეალური აზრის შესაცნობად სიუჟეტის შემოთავაზებულ გამოგონილ სამყაროს  უპირისპირდება.

თვალი გავადევნოთ ბატონი მწერლის ფიზიკურ მოქმედებათა ჯაჭვს: ხანგამოშვებით ყვირის, თავს იცავს, სტუმარს უტევს... ნერვიულობისაგან ფლოსტებს ფეხიდან ხშირად იხდის და ტანზე, ხალათს იქეთ, პიჟამოს ფართხუნა შარვალსა და საყელომოგლეჯილ მაისურს აჩენს...

მათ საუბარში ერთი მეორეზე უფრო თავზარდამცემი ამბები აშკარავდება და მწერლის მიერ დასმული კითხვა, - ვინ არის მკვლელი? სასაცილოდაც კი ჟღერს.  იგი ხომ 22 რომანის ავტორია, რომლის გმირები ზოგნი თავს იკლავენ, ან სხვები კლავენ! და ყველა მკვლელობა ხდება იქ, სადაც მწერალი იმყოფება. მან ყველა სიკვდილი საოცრად აღწერა და სიკვდილს სილამაზე და დიდება მიანიჭა.

ეს არის ამბავი ადამიანისა, რომელმაც საკუთარ თავს ყველაფერის უფლება მისცა! საზოგადოებამ დიდი ხანია იცის, რომ ნამდვილი მკვლელი სწორედ მწერალია! და სწორედ ამიტომ აღიარა მისი ნიჭი, ამიტომ აქცია მისი ცხოვრება იდეალად და ყველაფრის ნება დართო! რადგან წარმატება რომ მოიპოვო, საზოგადოების გემოვნებას უნდა აკმაყოფილებდე. შემოქმედის, ამ შემთხვევაში მწერლის, ზოგადად კი  პიროვნების, ადამიანის თავისუფლება -ყოველგვარი ზნეობრივი პრინციპებისაგან გათავისუფლებაა.

აბსურდული, პარადოქსული სიტუაციაა!

საქმე იმაშია, რომ მწერალი გაზვიადებული ფიგურაა, რომელმაც 22 მკვლელობა ჩაიდინა, მაგრამ არ ისჯება, პირიქით, საზოგადოება მას აღიარებს, როგორც იდეალს.

სტუმარშიც არ არის  რაიმე გმირული, იგი უფრო პაროდიაა და მისი პათოსი მალევე ქარწყლდება, როგორც კი ჯერ თავის უდიდეს გამოძიებაზე და შემდეგ კი სიდუხჭირეზე იწყებს წუწუნს. ნათელია, რომ  იგი მკვლელის წინააღმდეგ კი არ იბრძვის, არამედ მისი სიმდიდრის თუნდაც მცირედი ნაგლეჯის მოსაპოვებლად.

მათთვის არც  ღმერთი არსებობს და არც კანონი!

ბატონი სტუმრის და ბატონი მწერლის პაექრობა ამ უკანასკნელის აღიარებით და მისი საშინელი ყვირილით სრულდება, როგორც დასტური მისი ყოვლისშემძლე ნებადართულობისა!

ბატონი სტუმრის სიცილი მისი გამარჯვებაა, მაგრამ ბატონი ბუღალტერი რომ სიჩუმისთვის ფულს ითხოვს...

ამიტომაც არ ეშინია მწერალს მისი, ამიტომაც არ ღალატობს თავის წესს, მოულოდნელ სტუმარს თოკით ახრჩობს, კლავს და  თავის საქმიანობას  - ახალი რომანის წერას აგრძელებს: ფინალში, როდესაც იგივე მამაკაცი კვლავ შემოდის ოთახში, მასთან ერთად სცენის კიდეზე ჩამოჯდება და საუბარს აახლებს...

აქ იკვეთება მწერლობის რაობის ახლებური გააზრება: მწერალმა საკუთარ თავზე უნდა გამოსცადოს ყველა განსაცდელი!

მაგრამ აქვე ჩნდება ალბათ ყველაზე სწორი აზრი, რომ მწერალი საკუთარ თავში ეძიებს მტყუანსა თუ მართალს და თავად გამოაქვს განაჩენი საკუთარი თავისათვის. ოფიციალურად კლავს, ახრჩობს ყველაზე მართალს, თუმცა ხელის შემშლელს - საკუთარ ზნეობას და საბოლოო ჯამში ისპობს სიცოცხლეს!

მიძნელდება სპექტაკლის ჟანრი გამოვკვეთო - დეტექტივი, ტრაგედია თუ კომედია? ცნობილია, რომ დიურენმატის შემოქმედების დიდი ნაწილი სწორედ კომედიებია და მწერალი ინტელექტუალური კომედიის თამაშის ოსტატადაა აღიარებული.

მიუხედავად იმისა, რომ მიზანსცენები აქტიურია, მოძრავი, მოქმედება სხარტი, სპექტაკლში, თამაშის სხვადასხვა დონეა წარმოდგენილი, ურთიერთობათა სხვადასხვა სახე, რაც სათამაშო მოედნის აგებასა და თამაშის ჟანრობრივ თავისებურებაზე მიუთითებს - დიურენმატის მოთხოვნის  მიხედვით დისტანციას სინამდვილისაგან.

ამ შემთხვევაში, სპექტაკლზე მუშაობისას, რეჟისორსა და მსახიობებს, ბრეხტსა და დიურენმატს შორის შუალედური ზღვარის მოძებნასთან ჰქონდათ საქმე, რაც ძალიან რთული, სპეციფიკური რამაა. მათ ძალიან რთული ამოცანების გადაჭრა მოუხდათ. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხი ხომ მათ გონებასა და სხეულშია გატარებული, გააზრებული და განცდილი. ხელის, სახის სხეულის თითოეული მოძრაობა, ერთმანეთის დანახვა-შეფასება, გამოხედვა, რაც მაყურებლისათვის ხშირად შეუმჩნეველიც  რჩება, ხანგრძლივი რეპეტიციის და ფიქრის შედეგია.

მამუკა ტყემალაძის დამსახურებაა, რომ ორი არტისტი - გიორგი გოგუაძე და ზაზა ცარულაშვილი ბუნებრივად დგანან სცენაზე, გათავისებული აქვთ თავისი გმირების სულიერი და ფიზიკური მდგომარეობა და სწავლობენ არა მხოლოდ მათ საქციელს, არამედ მათი ცხოვრების წესის განზოგადებასა და მაყურებელთან მის მიტანას.

მაყურებელი კი სუნთქვაშეკრული მისდევს სიუჟეტს და ნანახის გააზრებას ცდილობს, რას ეუბნება ეს სპექტაკლი  მას დღეს და როგორ იცხოვროს ხვალ...

bottom of page