
თეატრალური იმერეთი 2025
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

ანა (ალექსანდრა) სულამანიძე
თეატრალური იმერეთი 2025
„თეატრალური იმერეთი“ უკვე მეთექვსმეტედ გაიმართა.
18 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით ქუთაისმა - ქალაქმა, რომელიც ისედაც კულტურული და თეატრალური ტრადიციებით არის ცნობილი - ამ დღეების განმავლობაში კიდევ უფრო გააქტიურებული, სიცოცხლითა და შემოქმედებითი ენერგიით სავსე სახე მიიღო. ქალაქის სხვადასხვა სცენაზე მიმდნარეობდა მრავალფეროვანი თეატრალური წარმოდგენები, რაც კიდევ ერთხელ გახდა მტკიცებულება იმისა, რომ თეატრი ქუთაისისათვის მხოლოდ წარსული არ არის, არამედ ცოცხალი და თანამედროვე პროცესია.
ფესტივალმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ რეგიონული თეატრები მნიშვნელოვან და სერიოზულ შემოქმედებით პროცესებს ქმნიან - ხშირად რთულ პირობებში, თუმცა ენთუზიაზმით, დაუღალავი შრომითა და გულით. სწორედ ამიტომ არის „თეატრალური იმერეთი“ მეტად საჭირო და ღირებული არა მხოლოდ იმერეთისთვის, არამედ მთელი ქვეყნის თეატრალური სივრცისთვის.
ამ მნიშვნელოვანი საქმის სათავეში დგას - სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან როხვაძე, მაია პაქსაშვილი და გელა ძაგნიძე.
ფესტივალში მონაწილეობა დიდი მნიშვნელობის მატარებელია - ეს ნიშნავს ჩართულობას პროფესიულ, კულტურულ და შემოქმედებით დიალოგში. თუმცა, თითქმის ყველა ფესტივალს ჰყავს გამარჯვებულები და ნომინანტები, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს პროცესის ინტერესს და აძლიერებს თეატრალური შრომის შეფასებისა და დაფასების კულტურას.
ფესტივალის გამარჯვებულები შესაძლოა არ იღებდნენ დიდი ოდენობით ფულად ჯილდოს, თუმცა ისინი ყოველ წელს მონაწილეობენ ამ ფესტივალში, რაც ნამდვილად დასაფასებელია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მათთვის მთავარი მხოლოდ გამარჯვება ან ჯილდო არ არის - დიდი მნიშვნელობა აქვს შემოქმედებით სივრცეს, შეხვედრას მაყურებელთან, თეატრალური იდეების გაცვლასა და განვითარებას, რასაც ფესტივალი მოიაზრებს და ემსახურება.
გამარჯვება ამ ფესტივალზე არ არის უბრალოდ პრიზი - ვფიქრობ, ეს არის მოტივაციის ძლიერი წყარო, რომელიც თეატრებს კიდევ უფრო მეტი შემოქმედებითი ძიებისა და განვითარებისკენ უბიძგებს. თითოეული ჯილდო იმ ძალისხმევის დაფასებაა, რომელსაც ადამიანები დებენ ხელოვნებაში და რაც მაყურებლის გულამდე ყოველთვის აღწევს.
2025 წლის „თეატრალური იმერეთის“ შედეგები:
საუკეთესო სპექტაკლი-,,ომის ღმერთი’’ რეჟისორი მამუკა ცერცვაძე (თერჯოლის სახალხო თეატრი)
საუკეთესო რეჟისურა -,,კაცია ადამიანი’’ რეჟისორი ლაშა ლომჯარია ( ვანის სახალხო თეატრი)
საუკეთესო სცენოგრაფია - ,,სან ნიკოლას პიაცა’’ (სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატული თეატრი)
საუკეთესო მუსიკალური გაფორმება - ბეგი ნიკოლეიშვილი ,,მეტამორფოზა’’ (საჩხერის სახალხო თეატრი)
ქალის მთავარი როლი - ირინე ჩხეიძე ,,მშვიდობით თემურ!“ (ხარგაულის სახალხო თეატრი).
მამაკაცის მთავარი როლი ვასილ კიკნაძე ,,მშვიდობით თემურ!“ (ხარგაულის სახალხო თეატრი).
ქალის ეპიზოდური როლი - ელენე ბობოხიძე ,,გაიღიმე ჩიტი გამოფრინდება’’ (ხონის სახალხო თეატრი).
საუკეთესო მამაკაცის ეპიზოდური როლი-ზურაბ ყურაშვილი ,,გაიღიმე საქართველო’’ (წყალტუბოს სახალხო თეატრი).
საუკეთესო ახალგაზრდა ქალი მსახიობი - გურანდა ბარბაქაძე ,,ზღაპარი რუსთაველის ქ.N1-ში’’ (ტყიბულის მუნიციპალური თეატრი).
საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაცი მსახიობი -გიორგი ჭაფოძე ,,ათვინიერებენ მიმინოს’’ (ბაღდათის სახალხო თეატრი).
საუკეთესო ქორეოგრაფია - (საჩხერის სახალხო თეატრი) ,,მეტამორფოზა’’ .
ნომინაცია ჟიურის სპეციალური პრიზი- (ქუთაისის ერემია სვანაძის სახელობის დამოუკიდებელი დასი) ,,ემიგრანტები’’.
კონკურსანტი სპექტაკლების პარალელურად, ფესტივალზე წარმოდგენილი იყო არაერთი სახელმწიფო თეატრის სპექტაკლიც, რომლებიც მაყურებელმა არასაკონკურსო ფორმატში იხილა. ამ სპექტაკლებმა ფესტივალს დამატებითი მხატვრული სიმდიდრე შესძინა და კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა პროგრამა.
სახელმწიფო თეატრების მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ ის ქმნის სივრცეს გამოცდილების გაზიარებისთვის და ამაღლებს ფესტივალის პროფესიულ დონეს - რაც „თეატრალური იმერეთის“ ერთ-ერთი გამორჩეული თავისებურება და ძლიერი მხარეა.
ჟიურის წევრობა ამ პროცესში განსაკუთრებული დიდი პასუხისმგებლობა იყო - დაკვირვებით, გულისყურით და ღიად დავინახე ის ძალა, რომელსაც რეგიონული თეატრი ატარებს. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ფესტივალები არა მხოლოდ თეატრის, არამედ მთლიანად კულტურის განვითარებისთვის გადამწყვეტ როლს თამაშობენ. ამიტომაც ვუსურვებ „თეატრალურ იმერეთს“ დიდხანს სიცოცხლეს, ახალ-ახალ აღმოჩენებს და წლიდან წლამდე განვითარებას.
პატარა დეტალი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ფესტივალის მიმდინარეობისას, რა თქმა უნდა, შეიძლება არსებობდეს ასპექტები, რომლებიც წლიდან წლამდე დაიხვეწება - ეს ბუნებრივია და პროცესის ნაწილია. თუმცა, ერთი კონკრეტული დეტალი, რომელიც აშკარად გამოიკვეთა და გულწრფელად საყურადღებო მიმაჩნია, არის ის, რომ თითქმის არც ერთ თეატრს არ ჰქონდა სპექტაკლის გამართული პროგრამა.
პირველ შთაბეჭდილებაზე ეს შესაძლოა უმნიშვნელო დეტალად მოგვეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში პროგრამა მაყურებლისთვის ორიენტირია, ჟიურისთვის კი აუცილებელი სამუშაო მასალა.
ტექსტის სტრუქტურა, ავტორი, მონაწილეები, შემოქმედებითი გუნდი, მოკლე სინოფსისი თუ კონტექსტი სწორედ იქ იკითხება, საიდანაც წარმოდგენის სრული აღქმა იწყება.
არ ვიცი, რატომ არ ექცევა ამ საკითხს სათანადო ყურადღება - შესაძლოა ტექნიკური ან ფინანსური მიზეზების გამო, მაგრამ რაც უდავოა, სპექტაკლის პროგრამა პროფესიული წარმოდგენის მნიშვნელოვანი ნაწილია, და ამაზე უარის თქმა ცხადად ასუსტებს თეატრის კომუნიკაციას აუდიტორიასთან.
იმედი მაქვს, რომ მომდევნო ფესტივალებზე ეს საკითხი გათვალისწინებული იქნება და წარმოდგენებს ისეთი პროგრამები ახლდებათ, რომლებიც სტრუქტურულად და შინაარსობრივად გამართული და ინფორმაციული იქნება.
ილუსტრაციის ავტორი ნუცა კობაიძე