თეატრალური იმერეთი 2016
თეატრალური იმერეთი 2016
ლაშა ჩხარტიშვილი
საქართველოში, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით რეგიონებში მომრავლებულ თეატრალურ ფესტივალებს შორის ყველაზე ტრადიციული და სფეციფიკური ფესტივალი „თეატრალური იმერეთია“, რომელიც საქართველოს თეატრალური საზოგადოების იმერეთის განყოფილების მიერაა ორგანიზებული. ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან როხვაძე, ფესტივალის მენეჯერ მაია პაქსაშვილთან, კოორდინატორ გელა ძაგნიძესთან და საორგანიზაციო ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად უკვე წლებია ახორციელებენ ფესტივალს, რომელსაც განსხვავებული ნიშა უჭირავს სათეატრო ფესტივალების რუკაზე საქართველოში, ეს განსხვავებულობა განპირობებულია იმით, რომ ფესტივალი ერთ სივრცეში აერთიანებს პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ, მუნიციპალურ, სახალხო და კერძო ტიპის თეატრებს.
„თეატრალური იმერეთი“ აერთიანებს იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში არსებულ თეატრებს. წელს ფესტივალი საერთაშორისო სტატუსს ატარებდა, ვინაიდან მასში მონაწილეობა მიიღო დასმა პოლონეთიდან და ასევე ფესტივალზე, სტუმრის სტატუსით მოწვეული იყო ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი (როგორც დევნილი თეატრი) გოჩა კაპანაძის სპექტაკლით „ჯაყო“. არც ერთი მოწვეული თეატრი კონკურსში არ მონაწილეობდა. საკონკურსო პირობა და მუდმივად როტაციის პროცესში მყოფი ჟიური იმერეთის თეატრალური ფესტივალის ერთ–ერთი განმანსხვავებელი ნიშანია სხვა ფესტივალებს შორის, რადგან კონკურსის პირობა მხოლოდ ამ ფესტივალმა შეინარჩუნა. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა და იმედგაცრუებისა, კონკურსი ზრდის მოტივაციას, ქმნის კონკურენტუნარიან გარემოს და ხატავს სურათს, რომელიც სხვადასხვა ნომინაციებში ვლინდება, რომ ზოგიერთი პროფესიული თეატრის ნამუშევარს სჯობს არაპროფესიულ თეატრში შექმნილი მხატვრული სახე, თუ რეჟისორული ნამუშევარი.
ბუნებრივია, საკამათო საკითხია, რამდენად გამართლებულია პროფესიული სახელმწიფო და მოყვარული თეატრების ერთ საკონკურსო მარათონში ჩართვა, მაგრამ ამ გადაწყვეტილებასაც აქვს თავისი დადებითი მხარეები. მოყვარული თეატრებისთვის ეს არის ერთგვარი მოტივაცია პროფესიული სრულყოფისაკენ, პროფესიული თეატრებისთვის კი ეს არის საკუთარი შესაძლებლობების მონიტორინგი და მუდმივი სიფხიზლე პროფესიული დონის შესანარჩუნებლად და განსავითარებლად. ფესტივალი უწყვეტად ბოლო სამი წელია ტარდება და ამ ხნის განმავლობაში ჟიურის შემადგენლობაში მუდმივად იცვლებოდნენ წევრები თეატრმცოდნეთა რიგებიდან. დასების მოთხოვნის საფუძველზე ჟიურის შემადგენლობა დაკომპლექტდა არა პრაქტიკოსებით, სადაც კოლეგებს კოლეგების ნამუშევრების შეფასება უწევდათ, არამედ კრიტიკოსებით და თეორეტიკოსებით. წელს ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ: საქართველოს თეატრის კრიკოსთა კავშირის პრეზიდენტი, თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე, მწერალი და ზაოგადო მოღვაწე, იმერეთის მწერალლთა კავშირის თავმჯდომარე თემურ ლანჩავა და თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის დირექტორი, თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი. მომავალ წელს ფესტივალის ორგანიზატორები გეგმავენ სრულიად ახალი წევრების მოწვევას ჟიურიში სამუშაოდ.
წელს ფესტივალში ორ მოწვეულ დასთან ერთად, საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობდა 13 თეატრი, მათ შორის, 2 პროფესიული, 2 კერძო, 2 მუნიციპალური და 7 სახალხო თეატრი. საკონკურსო პროგრამაში არ მონაწილეობდა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი გიორგი სიხარულიძის სპექტაკლით „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“, რომლითაც გაიხსნა ფესტივალი და ეს დადგმა ყველაზე პოზიტიური წარმოდგენა აღმოჩნდა საფესტივალო პროგრამაში. პროფესიულად აწყობილი მიზანსცენებით და მხატვრული სახეებით მდიდარ სპექტაკლში განსაკუთრებულ ტიპაჟებს ქმნიან დათო როინიშვილი, ზვიად სხირტლაძე, ინგა კაკიაშვილი და მაგდა გერაძე. მუსიკალურად და ქორეოგრაფიული ნომრებით გაჯერებულ სპექტაკლში მესხიშვილის თეატრის მსახიობები საინტერესო ტიპაჟებს ქმნიან, რომლებიც ცნობილი ფილმის საყვარელ გმირებს აცოცხლებენ.
ჭიათურის თეატრმა ფესტივალზე სამხატვრო ხელმძღვანელის მამუკა ცერცვაძის სპექტაკლი „გეტო“ წარმოადგინა, რომელიც თანამედროვე ებრაელი დრამატურგის იეჰოშუა სობოლოს ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დაიდგა. გარდა აქტუალური პრობლემებისა (ძალადობა, ქსენოფობია) სპექტაკლში გაშლილია ადამიანებს შორის გაუცხოებისა და ურთიერთობის რეპროდუქციის რთული პროცესი, ამ პრობლემებთან დაკავშირებული ისეთი ნიუანსები, რომელიც არა მხოლოდ ისტორიულ რეალობაში, არამედ ჩვენს თანამედროვეობაში ფართოდ გვხდება. სპექტაკლის მხატვრამა ბარბარე ასლამაზიშვილმა კონცეფტუალური გარემო შექმნა, ჩაკეტილი სივრცე, რომელშიც პიესის გმირები არიან ოზილირებულნი, ნაცრისფერია და ამ ატმოსფეროს მხოლოდ ის ადამიანები აფერადებენ, რომლებიც აქ იმედით და ძალადობისგან ტავი დარწევის მიზნით ცხოვრობენ. ჭიათურის თეატრი რეგიონის თეატრებს შორის ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული თეატრია დღეს, რომელიც პროფესიული თეატრის სტანდარტებს აკმაყოფილებს, რაც არა მხოლოდ რეპერტუარის მრავალფეროვნებაში, არამედ დასის პროფესიულ ზრდაში გამოიხატება.
ალექსანდრე ვამპილოვის „იხვებზე ნადირობა“ წარმოადგინა ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა, რომლის რეჟისორიც მამუკა ცერცვაძეა. პიესა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა საბჭოთა პერიოდში წარმატებით დაიდგა ქართულ სცენაზეც (რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი, თავისუფალი თეატრი). არც ისე წარმატებული აღმოჩნდა სპექტაკლი ზესტაფონის თეატრში, რადგან სპექტაკლს აკლდა დინამიკურობა, გაწელილი პაუზებით (ვამპილოვისთვის დამახასიათებელი ფსიქოლოგიური თეატრისთვის დამახასიათებელი პაუზებისთვის) სიუჟეტის თანმიმდევრულობა დაიკარგა და სცენაზე განვიტარებულმა მოვლენებმა ინტერესიც დაკარგა. თუმცა ამ სპექტაკლში ზილოვის საინტერესო და ღრმა ფსიქოლოგიური
მხატვრული სახე შექმნა გიორგი გლოველმა, რომელმაც ამ როლის შესრულებისთვის საუკეთესო მამაკაცის როლის შემსრულებლის ტიტული მოიპოვა ამ ფესტივალზე და დასახელდა თეატრალური პრემია „დურუჯის“ საუკეთესო მამაკაც მსახიობთა ხუთეულში. სპექტაკლში საინტერესო, კოლორიტული და სახასიათო მხატვრული სახე შექმნა ნინო აბესაძემაც (უფროსმა).
ხარაგაულის სახალხო თეატრმა ფესტივალზე ვაჟა–ფშაველას „სათაგური“ ირინე ჩხეიძის რეჟისურით წარმოადგინა. სპექტაკლში თეატრის მსახიობებთან ერთად პატარა მსახიობებიც მონაწილეობდნენ. საბავშო სპექტაკლი საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა ფესტივალის პროგრამაში, რადგან პატარა მსახიობებმა გამოამჟრავნეს მომზადების დონე და არტისტული ნიჭიერება. გასაოცარია და პროფესიონალ მსახიობებზე უკეთ ისმოდა ბავშვების ხმა მესხიშვილის თეატრის მასშტაბური სცენიდან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა რეგიონში ახალგაზრდები ჩართულები არიან რაიონის კულტურულ ცხოვრებაში, ხდება მათი ინფორმირება, ესთეტიკური აღზრდა და ცხოვრების ჯანსაღის წესთან ადაპტირება. თეატრის სიყვარულის ჩანერგვა მათ მეხსიერებაში ადრეული ასაკიდან იწყება და ეს დიდ გავლენას ახდენს მათ ჩამოყალიბებაზე.
ვერბატიმის ტიპის სპექტაკლი „საკანი #5“ წარმოადგინა ბაღდადის სახალხო თეატრმა. სპექტაკლის რეჟისორია პავლე აბულაძე, მასვე ეკუთვნის ნამდვილი ამბავის სცენური დამუშავება. სპექტაკლში ერთ–ერთ როლს თავად პავლე აბულაძე ასრულებს. ბაღდათის სახალხო თეატრის ამ სპექტაკლში რამდენიმე დებიუტანტი ახალგაზრდა მონაწილეობდა, რაც თავისთავად დადებითი მოვლენაა, ვინაიდან მოხდა დასის განახლება ახალი თაობით, რომლებისთვისაც იმედია თეატრი ცხოვრების წესად გადაიქცევა და მომავალში მათი ჩართულობა მსგავს პროექტებში გაიზრდება.
ფესტივალი „თეატრალური იმერეთი –2016“ ყოველთვის უთმობს ასპარეზს კერძო ტიპის თეატრებს. წლევანდელ ფესტივალშიც ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალურმა დასმა წარმოადგინა ალექსანდრე ქოქრაშვილის „მეზუნია ჩიტები“ (რეჟსიორი ლევან კვატაშიძე), რომელშიც პროფესიონალ მსახიობთან მანუჩარ ბეგალიშვილთან ერთად სტუდენტი გოგონა თაკო სალდაძე მონაწილეობდა. უნდა აღინიშნოს, რომ პროფესიული ზღვარი ამ ორ შემსრულებელს შორის მოშლილი იყო, ვინაიდან ისინი ერთ დონეზე (საშემსრულებლო ხარისხის თვალსაზრისით) წარსდგნენ ფესტივალის მაყურებლის წინაშე.
მეორე კერძო დასი, რომელიც იმერეთის თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობდა ეს ქუთაისის ახალგაზრდული თეატრია, რომელიც ერთ–ერთი ყველაზე ტრადიციული კერძო თეატრია დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში, რომელიც დღემე ფუქნციონირებს და ბევრს მოგზაურობს უცხოეთშიც. კახა ბაკურაძის მიერ ამ თეატრში „სევდიანი საგზალი“ (ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“ მიხედვით) რამდენიმე წლის წინ დაიდგა. წელს ფესტივალზე თეატრი განახლებული დადგმით სრულიად ახალი შემადგენლობით წასრდგა. თეატრის ახალი თაობა ნედლ ნედლეულს წააგავს, რომელიც ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს ხელოვნებაში. ახალგაზრდა არტისტებს ეტყობოდათ ტექნიკური მოუმზადებლობა და გამოცუდელობა, რომელიც სამომავლოდ შრომისა და მონდომების შედეგად დაიძლევა, თუ კი ამის სურვილი ახალგაზრდა შემსრულებლებს გაუჩნდებათ.
ლაშა თაბუკაშვილის პიესის „მაგრამ უფლება არ მოუცია“ ახლებური და ორიგინალური ვერსია შემოგვთავაზა ვანის კარლო საკანდელიძის სახელობის სახალხო თეატრმა გიორგი სიხარულიძის რეჟისურით. რეჟისორმა სიუჟეტის დესტრუქციის ხერხს მიამრთა და დრამატურგიული თანმიმდევრობა სრულიად დაარღვია, ის ეპიზოდებად დაშალა და მოქმედებაც პირობით სივრცეში გადაიტანა, რითაც ამბავი განაზოგადა და უფრო დაამუშავა ცალკეული ეპიზოდები. სპექტაკლს თან სდევდა ცოცხალი მუსიკა, რომელსაც ჯგუფი „არგო ასრულებდა“, შესაბამისად სპექტაკლის მონაწილე მსახიობებიც მუსიკოსები იყვნენ, რომლებმაც კუსტარულად და ხელოვნურად გააცოცხლეს თაბუკაშვილის პიესის გმირები.
წყალტუბოს სახალხო თეატრმა ფესტივალზე გიორგი ნახუცრიშვილის ცნობილი ზღაპარი „ჭინჭრაქა“ წარმოადგინა, რომელიც ქუთაისის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლევან გაბრიჭიძემ დადგა. სპექტაკლი ძირითადად მიყვებოდა დრამატურგის ორიგინალურ ხაზს, თუმცა არტისტული თვალსაზრისით მსახიობთა მიერ მიგნებული ტიპაჟები დამუშავებას საჭიროებდა სქემატურობის და ზედაპირულობის თავიდან ასაცილებლად. საინტერესო პარტნიორული დუეტი შექმნეს ქოსიკომ შ. ვაშაკიძემ და დევმა გ. ნიკოლაძემ.
საინტერესო და აქტუალური თემით წარსდგა მაყურებლის წინაშე ტყიბულის თეატრი ფესტივალის ფართო მაყურებლის წინაშე. ჰარალდ მიულერის „წყნარი ღამე“ რეჟისორმა ლალი კუბლაშვილმა ტყიბულის თეატრში დადგა, რომელიც არა მხოლოდ თემის აქტუალობითა და მსახიობთა თამაშის ხელოვნების ზომიერებით და დახვეწილი მანერით გამოირჩეოდა, არამედ სცენოგრაფიით. (სცენოგრაფები ლალი კუბლაშვილი და მზეჭაბუკ არსენაძე). სცენური სივრცე რეჟისორმა მხატვართან ერთად ორიგინალურად გადაწყვიტა, სცენაზე შექმნილი არა ყოფითი, არამედ პირობითი და აბსტრაქტული სივრცე, რომელიც სპექტაკლის სხვადასხვა ეპიზოდში ყოფით ფუნქციასაც იძენს.
ექსპერიმენტული სპექტაკლი შემოგვთავაზა საჩხერის ოთარ ციმაკურიძის სახელობის სახალხო თეატრმა. რეჟისორმა გიორგი მეტონიძემ პაოლო იაშვილის ერთადერთი პროზაული ნაწარმოები „ფერადი ბუშტები“ არავერბალურ სტილისტიკაში დადგა. სპექტაკლში მხოლოდ მოძრაობით, ცეკვის თეატრის ელემენტებით, განათების და გახმოვანების ხერხებით მოთხრობილია პოეტის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები. ტრადიცული და მაყურებლისთვის დღემდე საინტერესო თეატრის ხერხებით გააცოცხლა ნოდარ დუმბაძის რომანის „თეთრი ბაირარები“ პერსონაჟები სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის მუნიციპალურმა თეატრმა. სპექტაკლი როლეზ გოგოლაშვილმა დადგა, რომელიც ჭეიშვილის როლსაც ასრულებდა სპექტაკლში. დასი შეივსო ახალგაზრდებით, რაც სასიამოვნო სიახლეა თეატრის ცხოვრებაში. სპექტაკლი არ გამორიჩეოდა რეჟისურული ძიებითა და ექსპერიმენტებით, სიახლით, მხოლოდ არტისტები ქმნიდნენ საიინტერესო და ცნობილ ტიპაჟებს, რომლებიც მხატვრული ხარისხით ვერ უტოლდებოდა ჩვენთვის კარგად ცნობილ უკვე განსახიერებულ გმირებს, მაგრამ საგრძნობლად განსხავავდებოდა მათგან.
ლაშა თაბუკაშვილის „ზატაძრალზე“ წარმოადგინა ხონის სახალხო თეატრმა პეტრე ჩარგეიშვილის რეჟისურით. ეს თეატრი წლიდან წლამდე იხვეწება და პროფესიულ უნარ–ჩვევებს იძენს ამ დასის მოყვარული წევრები. პროფესიონალი რეჟისორის პეტრე ჩარგეიშვილის თაოსნობით არაპროფესიონალებთან ერთად დასთან თანამშრომლობს მესხიშვილის თეატრის მსახიობები, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ მოყვარულ მსახიობებს, რაც პირველ ყოვლისა დადებითად აისახება სპექტაკლზე. სოფო ჩირაძე ერთ–ერთი ყელაზე საინტერესო მსახიობი იყო ფესტივალში მონაწილე მსახიობებს შორის, ხოლო მის მიერ შესრულებული დედის როლი ერთ–ერთი საუკეთესოდ შესრულებული მხატვრული სახე.
ფესტივალის ჟიურიმ პრიზები შემდეგნაირად გადაანაწილა: სოფიო ჩირაძე - ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის (ხონის თეატრი); პეტრე ჩარგეიშვილი - სცენაზე შექმნილი არტისტული ანსამბლურობისათვის (ხონის თეატრი); ლამარა ვაშაკიძე - ფესტივალის მშვენება (მესხიშვილის თეატრი); ნიკა ფხაკაძე - მამაკაცის როლის საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებელი (სამტრედიის თეატრი); როლეზ გოგიშვილი - სახასიათო როლის საუკეთესო შესრულებისათვის (სამტრედიის თეატრი); გიორგი მეტონიძე - თეატრში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიის დანერგვისთვის (საჩხერის თეატრი); ზურაბ ფხაკაძეს - ქართული კლასიკური მწერლობის ორიგინალური ინტერპრეტაციისთვის (ქუთაისის ახალგაზრდული თეატრი); გიორგი სიხარულიძეს - საუკეთესო რეჟისორული გადაწყვეტა (ვანის სახალხო თეატრი); ჯგუფი „არგო“ - საუკეთესო მუსიკალური გაფორმება (ვანის თეატრი); ლალი კუბლაშვილი - საუკეთესო სცენოგრაფია (ტყიბულის თეატრი); გიორგი გლოველი - მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი (ზესტაფონის თეატრი); ნინო აბესაძე - სახასიათო როლის საუკეთესო შესრულებისათვის (ზესტაფონის თეატრი); ნანა ცხვარიაშვილი - სცენური მომხიბვლელობისათვის (ზესტაფონის თეატრი); ირინა ჩხეიძეს - საუკეთესო საბავშვო და საყმაწვილო სპექტაკლისათვის (ხარაგაულის თეატრი); გოჩა ნიკოლაძე და შალვა ვაშაკიძე - საუკეთესო პარტნიორული დუეტი (წყალტუბოს თეატრი); გიორგი ჩაჩანიძე - მამაკაცის როლის საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებელი (ჭიათურის თეატრი); პავლე აბულაძე - ფესტივალის საუკეთესო ვერბატიმი (ბაღდათის თეატრი); ქალის როლის საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებელი ნანა ამირანაშვილი (თერჯოლის თეატრი) საუკეთესო სამსახიობო ანსამბლი (თერჯოლის თეატრი) და გრან-პრი საუკეთესო სპექტაკლი – გეტო (ჭიათურის თეატრი, რეჟისორი მამუკა ცერცვაძე).
იმერეთის ფესტივალმა ბევრი პრობლემა გამოკვეთა, რომელიც აქტუალურია დღეს არა მხოლოდ იმერეთის თეატრებში, არამედ ქართულ თეატრში წარმოადგენს გლობალურ პრობლემას. მათ შორის, არის არა მხოლოდ რეჟისურის, არამედ ნაწარმოების შერჩევისა და გაანალიზების, სცენური ინტერპრეტაციის კრიზისი. დიდი პრობლემაა სასცენო მეტყველება, ტექნიკა. წარმოდგენილ სპექტაკლებში ხშირად არ ისმოდა ტექსტი, ან თუ ისმოდა დამახინჯებულად, არაზუსტი და დაშლილი ინტონაციებით. ხშირი იყო შემთხვევა, როცა მიზანსცენების უმრავლესობა პლასტიკაში იყო გადაწყვეტილი და მსახიობები სცენაზე ვერ მოძრაობდნენ, მაშინ გაუგებარია, რატომ ირჩვდნენ რეჟისორები ამ გზას, თუკი შესაბამისი რესურსი დასში არ მოიპოვებოდა, ისე როგორც ირჩევდნენ დრამატურგიულ მასალას, რომელიც არ ინტერპრეტირდებოდა სცენაზე და ირღვეოდა არა მხოლოდ დრამატურგიული სტრუქტურა და სიუჟეტის განვითარების თანმიმდევრულობა, არამედ ჟანრი, სტილისტიკა და თამაშის (შესრულების ხერხი). იმედს ვიტოვებთ, მომავალში დასები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან რეპერტუარს, პიესის შერჩევას და საფესტივალო პროგრამას.
სასურველია გახსნილი სივრცისა და ინფორმაციის ეპოქაში, სადაც პრობლემას არ წარმოადგენს ახალი ინფორმაციის მოპოვება, იყოს მზაობა ახალი გამოცდილების გაზიარების და მოყვარული თეატრებიც, ისე როგორც პროფესიული თეატრები იყვნენ ჩვენი დროის და არა გასული საუკუნის თეატრის ორგანული ნაწილი.