top of page

თეატრალური იმერეთი 2017 წელს

61534125_300971250790453_310249899954693

თეატრალური იმერეთი 2017

ლაშა ჩხარტიშვილი

თხუთმეტი წლის მანძილზე, უკვე მერვედ, იმერეთის თეატრალური საზოგადოების ორგანიზებით, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ქუთაისის მერიის ხელშეწყობითა და იმერეთის მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი მნიშვნელოვან სათეატრო ფორუმ-ფესტივალს „თეატრალური იმერეთი 2017“ მასპინძლობს. ფესტივალის საზეიმო დახურვა 14 ივნისს მესხიშვილის თეატრში გაიმართა, რომელსაც თეატრის მოყვარულების გარდა ესწრებოდნენ თეატრის მოღვაწეები დედაქალაქიდან და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე. ამავე დღეს, თეატრის ფოიეში გაიმართა ჟურნალის „თეატრალური იმერეთი“ ახალი ნომრის პრეზენტაცია.

გასაკვირი არ არის, რომ სწორედ იმერეთში, ქართული თეატრალური ხელოვნების მექაში ეწყობა თეატრალური ფესტივალი. იმერეთის მხარე თორმეტ მუნიციპალიტეტს აერთიანებს, შესაბამისად იმერეთში თორმეტი დრამატული თეატრი (მათ შორის, სამი პროფესიული და ცხრა მუნიციპალური) ფუნქციონირებს. ბოლო ორი წელია „თეატრალურმა იმერეთმა“ საერთაშორისო სტატუსი შეიძინა, რის გამოც გაიზარდა არა მხოლოდ გეოგრაფიული მასშტაბი, არამედ სპექტაკლების მხატვრული არეალი. წელს ფესტივალს აზერბაიჯანიდან კახის რაიონის სადახლოს ქართული თეატრი  სტუმრობდა. ფესტივალში ასევე მონაწილეობდა მარჯანიშვილისა და სოხუმის დრამატული თეატრები.

„თეატრალური იმერეთი“ გამორჩეული სათეატრო ფორუმია ქართულ სათეატრო საფესტივალო ცხოვრებაში. მას თავისი განსხვავებული ადგილი და ნიშა უჭირავს საფესტივალო ბაზარზე, მაგრამ მას, იმთავრესად სხვა ფესტივალებისაგან ორი ფაქტორი გამოარჩევს: მაყურებლის სიმრავლე და თავისუფალი დასწრების პრინციპი.

ფესტივალს დიდი ტრადიციები აქვს. წლიდან წლამდე  წარმოდგენილი სპექტაკლების ხარისხი, მაყურებელთა დასწრების რიცხვი და ინტერესი სათეატრო სფეროში იზრდება. ამის დასტური იყო, რომ წელს ფესტივალს 16 000– მდე მაყურებელი დაესწრო.  მაყურებელთა შორის უმრავლესობა ახალგაზრდები იყვნენ. ფესტივალის მცირერიცხოვანი ორგანიზატორები: ლევან როხვაძე (სამხატვრო ხელმძღვანელი), მაია პაქსაშვილი (გენერალური დირექტორი) და გელა ძაგნიძე (მარკეტინგის მენეჯერი) ახერხებენ მაყურებლის მობილიზებას და სპექტაკლების ანშლაგებით გამართვას.

ფორუმს „თეატრალური იმერეთი “ კონკურს-ფესტივალის  სახე აქვს, რაც თავისთავში ითვალისიწნებს ერთგვარ შეჯიბრს სათეატრო დასებს შორის. საუკეთესოების გამორჩევა კი წელსაც საგანგებოდ შერჩეულ ჟიურის დაეკისრა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე, ხელოვნებათმცოდნე ლელა ოჩიაური და თეატრმცოდნე მაკა ვასაძე (ჟიურის თავმჯდომარე). წლევანდელ ჟიურის წევრებს საგრძნობლად გაუმარტივდათ მუშაობა, ვინაიდან საკონკურსო პროგრამში მონაწილეობას არ იღებდნენ პროფესიული თეატრები. შესაბამისად, მათ მხოლოდ მუნიციპალური, ე.წ. სახალხო თეატრების ნამუშევრების შეფასება მოუხდათ. სწორედ ამ სპექტაკლებზე დაყრდნობით სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლინდნენ საუკეთესოები.

წელს ფესტივალზე თორმეტივე მუნიციპალიტეტის თეატრი წარსდგა მესხიშვილის თეატრის სცენაზე მაყურებლით გადაჭედილ დარბაზში. სპექტაკლების დიდი ნაწილი თანამედროვე ქართული და კლასიკური დრამატურგიის სცენურ ინტერპრეტაციას წარმოადგენდა. ინტერესი ეროვნული დრამატურგიისადმი თეატრების მხირდან მისასალმებელია და მნიშვნელოვანიც, არა მხოლოდ ქართული კლასიკური მწერლობის მემკივდრეობისა და თანამედროვე დრამატურგიის პოპულარიზაციის მიზნით, არამედ მაყურებელში მეტი ინტერესის გამოწვევისა და დასების მიერ დრამატურგიული მასალის დაძლევის, სპექტაკლში დასმული პრობლემის მაყურებლამდე უკეთ მიტანის მიზნით. 

აღსანიშნავია, რომ ფესტივალმა გზა გაუხსნა თეატრებს თამამი ნაბიჯებისა და ექსპერიმენტებისაკენ. მაგალითად, ტყიბულის თეატრმა ფესტივალზე ალექსი ჩიღვინაძის „უხერხემლო“ (რეჟისორი ლალი კუბლაშვილი) წარმოადგინა. კონკურსის „ახალი ქართული პიესა 2017“ გამარჯვებული, რომელიც საკმაოდ დელიკატურ ტრანსგენდერი ქალის ტრაგიკულ ცხოვრებას ეხება, ხოლო საჩხერის თეატრმა რევაზ გაბრიაძის „შერეკილები“ უსიტყვოდ, პლასტიკაში გადაწყვიტა. ასე რომ, ფესტივალზე ერთმანეთს შეერწყა თანამედროვეობა და კლასიკა, ძველი და ახალი ფორმები, ტრადიციები და ექსპერიმენტები.

წლევანდელ ფესტივალზე საუკეთესო სპექტაკლის ტიტული  საჩხერის სახალხო თეატრმა სპექტაკლისათვის ,,შერეკილები“ მოიპოვა. ნომინაციაში - საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი გაიმარჯვა ვანის სახალხო თეატრის რეჟისორმა აბელ სოსელიამ სპექტაკლისთვის ,,უცნობი ქალის წერილები“.  მამაკაცის როლის (ლუარსაბ თათქარიძე) საუკეთესო შემსრულებისათვის დაჯილდოვდა წყალტუბოს სახალხო თეატრის მსახიობი გოჩა ნიკოლაძე სპექტაკლში ,,კაცია ადამიანი?!“. ხოლო ქალის როლის საუკეთესო შემსრულებისათვის  დაჯილდოვდა ბაღდათის  სახალხო თეატრის მსახიობი ეთერ დევიძე  სპექტაკლში ,,შთამომავლობა“. ნომინაცია საუკეთესო სცენოგრაფია გადაეცა ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის მხატვარს გაიოზ შუბითიძეს სპექტაკლისათვის ,,ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“. ხოლო ჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცა ლალი კუბლაშვილს ტყიბულის თეატრში განხორციელებული სპექტაკლისთვის „უხერხემლო.“

ფესტივალმა გამოავლინა არაერთი საინტერესო ახალგაზრდა მსახიობი, რომლებიც ჟიურის მიერ აღინიშნა სპეციალური პრიზებით. სასაიხარულოა, რომ რეგიონში, სადაც გართობისა და დასვენების ერთადერთი კერა თეატრია, ახალგაზრდების გარკვეული კატეგორია ინტერესდება სათეატრო ხელოვნებით და ერთვება პროცესში. სწორედ სამოყვარულო სცენიდან პროფესიულ სცენაზე აღმოჩენილა ბევრი, რომლებიც შემდეგ ვარსკვლავად მოვლენია ქართულ თეატრს. ამიტომაც, მსგავს ფესტივალებს განუზომლად დიდი მნშვნელობა აქვს თეატრის განვითარებისთვის.

ფესტივალი „თეატრალური იმერეთი “ მომავალ წლამდე დაგვემშივოდბა იმ იმედით, რომ მომავალში ფესტივალზე წარმოდგენილი სპექტაკლების ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება და ფორუმი ნამდვილ სათეატრო დღესასწაულად გადაიქცევა. ამ პროცესის ნიშნები წელსაც კარგად გამოიკვეთა, რაც პირველ ყოვლისა, მაყურებელთა და სპეციალისტთა ინტერესში გამოიხატა.

bottom of page