
იოსები და მისი ჯალათები
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

ლელა ოჩიაური
იოსები და მისი ჯალათები
ტოტალიტარული და პოლიციური სახელმწიფოს, უსამართლობის, დევნის, ჩაგვრის, დაუცველობის, ძალადობის მსხვერპლის, უდანაშაულობისა და სასჯელის და ასეთ პირობებში - ადამიანის ფსიქოლოგიის, ქცევის, ყოფისა და არა ერთ სხვა თანადროულ საკითხს მოიცავს გეგა გაგნიძის სპექტაკლი „იოსები“, ფრანც კაფკას „პროცესის“ მოტივებზე, თეატრში ათონელზე. რისთვისაც რეჟისორმა, შეიძლება ითქვას, ახალი, ორიგინალური პიესა დაწერა (იშვიათია ტექსტის ასეთი ხარისხის ადაპტაცია და ინსცენირება), რომელიც რომანის მთავარ ხაზზე ააგო (რასაც ბევრი ეპიზოდი, პერსონაჟი, მოქმედების ადგილი, პრობლემა ჩამოაცილა), დღევანდელობას მიუსადაგა და ჟანრიც შეცვალა.
გეგა გაგნიძის „იოსები“ (როგორც კაფკას რომანი) ერთ დილას, იოსებ კ.ს გაღვიძებით იწყება. (ერთ-ერთი გამორჩეული დასაწყისი და ეპიზოდი მსოფლიო ლიტერატურიდან). თუმცა სპექტაკლი მანამდეც უკვე დაწყებულია. პროლოგსა თუ პრეამბულაში, სცენაზე მდგომ საწოლზე ჯერ ვიღაც „უცხოს“ სძინავს. დარბაზში კი, მსახიობ ნატალია გაბისონიას ხმოვანი მისალმება, საგანგებო გაფრთხილება და თხოვნა ისმის - ტელეფონების გამორთვასთან დაკავშირებით, და, რომ: თეატრი ათონელზე და ორგანიზაცია „472“ წარმოადგენენ გეგა გაგნიძის საავტორო სპექტაკლს, რომ „ფოტო-ვიდეო გადაღება სასტიკად აკრძალულია. ფოტო-ვიდეო გადაღება სასტიკად აკრძალულია“, რასაც შემოქმედებით ჯგუფის წევრებისა და არა მხოლოდ, ოფიციალური - ნამდვილი და არასერიოზულად გამოცხადება მოსდევს.
ხმა ასევე აცხადებს, რომ სპექტაკლში მონაწილეობენ: „გიორგი შარვაშიძე, გიორგი, გაგიკვირდებათ და, გიორგანაშვილი, ნიკო ფიფია და თქვენი უდიდებულესობა - ნატალია გაბისონია“; რომ მხატვარია - მარიამ ძმანაშვილი, კომპოზიტორი - ნოე კვირკველია, იმპრესარიო - თინათინ სალუქვაძე, ტექნიკური რეჟისორი - მარიამ ქართველიშვილი, განათება - დიმიტრი ჯიქია, ხმის ოპერატორი - „ნინი, ნინი, ნინი, გვარი შემახსენე, ძვირფასო, როდონაია; სცენის მემანქანე - უბრალოდ იოსები, თეატრის დამლაგებელი - ნანა წვერიაშვილი, თეატრის მეორე სართულზე მცხოვრები მეზობელი - ქალბატონი მარინა, თეატრის საწყობი დაანგრია და ახლა დეკორაციას გარეთ ვინახავთ, სასტუმრო „სვისოტელი“.
ხუმრობანარევი და ნაწილობრივ, არალოგიკური „ეპიგრაფი“ სპექტაკლის ფორმისა და ჟანრის, არსის, გადაწყვეტის ხერხების პირველი გამომხატველი, კოდირებული პირველი გზავნილია. სწორედ ასეთია „იოსები“ -„შავი იუმორით“, სახასიათო, ექსპრესიული, ნაცნობ თვისებებიანი და აბსურდული ტიპაჟებითა და სიტუაციებით; მოვლენების, თემებისა და პერსონაჟების, კონკრეტული და კრებითი პირების, რეალობაში „შესრულებული როლების“ პაროდირებით; მეტყველი, სხარტი, სპეციფიკური და ბევრისმომცველი დიალოგებითა და ფრაზებით, პირდაპირი ნიშნებით, მეტაფორებითა და განზოგადებებით, მთავარი გმირის ისტორიით მოვლენების ეპიცენტრში, მის გარშემო და ჭერქვეშ.
სპექტაკლში მხოლოდ ოთხი პერსონაჟია - იოსები - მსხვერპლი, ვის გარშემოც მოვლენები ვითარდება და რომლის წინააღმდეგ საქმეა აღძრული - გიორგი შარვაშიძე და მისი ჯალათები - სამართალდამცველები - ორი პოლიციელი - გიორგი გიორგანაშვილი და ნიკო ფიფია და პროკურორი და ბრალმდებელი - ნატალია გაბისონია, რომლებიც იოსებს რაღაც გაურკვეველ დანაშაულს აბრალებენ და ასამართლებენ. აქვე ვიტყვი, რომ მათი ნამუშევარი - ესაა - სამსახიობო ოსტატობის უმაღალი კლასი და ხარისხი, სპექტაკლის ხასიათის ზუსტი, ორგანული, მკაფიო და შემოქმედებითი გახსნა, სრულიად უხინჯოდ.
„ხელოვნური“, არაბუნებრივად მჟღერი ხმა, სხვადასხვა შინაარსისა და დანიშნულების ტექსტით, კიდევ რამდენჯერმე ისმის და ნელ-ნელა მოქმედებაშიც ერთვება. ბინაში შესასვლელი კარის თავზე დამონტაჟებულ სათვალთვალო კამერასა თუ ჭერში დაკიდებულ მონიტორებზე ხმის მფლობელის - ნატალია გაბისონიას სახის ნაწილები ჩნდება, მოვლენის, ამბის საწყის წერტილამდე, სანამ კარს შავებში ჩაცმული პოლიციელები არ მიადგებიან და იოსებს კარის გაღებას უბრძანებენ. კამერებზე ჩანს და ისმის მათი სახეები და ხმები, რომლებიც ბინის პატრონის მოჩვენებით მყუდროებასა და განტევებულობას არღვევენ. ეს სცენა რამდენჯერმე მეორდება და ბინაში „შავპერანგიანების“ შეჭრით სრულდება. ეს მექანიკური მოძრავი კარი, გარესამყაროსთან კავშირის გზა ან მისგან დამცავი ბარიერია.
გეგა გაგნიძის გადაწყვეტილებით, მოქმედება სწორედ აქ და სხვაგან არსად - იოსების ბინაში ხდება. სასამართლოც, პენიტენციური თუ სხვა დაწესებულებებიც იქაა გადატანილი“. რეჟისორის ვერსიით, სპექტაკლში განსაზღვრული არაა - არც პერსონაჟების ეროვნება, არც დრო და ეპოქა, არც - გეოგრაფიული და ტერიტორიული მდებარეობა. ყველაფერი უცნაურ განზომილებაშია მოქცეული. სხვა ადგილებისა და სხვების არსებობა მხოლოდ პოლიციელების გარედან მისვლის ფაქტებით ფიქსირდება ან დიალოგებში ჟონავს.
პოლიციელების შეჭრის შემდეგ, მთავარი ამბავი იწყება - იოსების დაპატიმრება, დამცირება, ძალადობა მასზე, ჩხრეკა, მისი ნივთების მითვისება; შემდეგ მთავარი მსაჯულისა და მოსამართლის - ნატალია გაბისონია -„მობრძანება“ და სასამართლო პროცესი, რომლის გამართვის მიზეზიც ბოლომდე გაურკვეველი და უპასუხო რჩება.
გიორგი შარვაშიძის იოსები - გაუბედავი, მფრთხალი და უსუსური ადამიანია, რომლის მორალური სისუსტე და განდგომილობა, რაც არის კიდეც მისი (და მისი მსგავსი ბევრი ადამიანის, საზოგადოების არა ერთი პრობლემის სათავე და ძალადობის ხელშემწყობი) მსახიობის ყველა ჟესტში, გამოხედვაში, მოძრაობაში, მახასიათებელ პლასტიკაში, ყოველი ფრაზის წარმოთქმის მანერაში ვლინდება.
ნატალია გაბისონიას „ტრიუმფალური“ შემოსვლა, მისი ტეხილი და არაბუნებრივი მოძრაობები, თითოეული ნაბიჯი, ჟესტი, მზერა და ყოველი წარმოთქმული სიტყვა, ზუსტად მოძებნილი და სისტემატიზებული დეტალებია, რომლების მეშვეობითაც მსახიობი ქმნის უემოციო და ადამიანობას სრულად მოკლებული სახელმწიფო მოხელის სახეს, მის ოსტატურ შარჟს, რომლის თვისებებში ბევრი ნაცნობი რეალური პერსონაჟის თვისებებია თავმოყრილი.
გიორგი გიორგანაშვილი და ნიკო ფიფია პათოლოგიური და ძალადობრივი სისტემის ტიპურ პათოლოგ წარმომადგენლებს ასახიერებენ, რომლებიც სისტემის ზოგად მეტაფორადაც აღიქმებიან და იმ ადამიანების სახედაც, რომლებსაც ადამიანური თვისებები არ შერჩენიათ, მექანიკურად, ზომბებივით მოძრაობენ, მოქმედებენ, მეტყველებენ, იქცევიან, ზუსტად, გულდასმით, დიდი მზაობით ასრულებენ ყველა დავალებასა და მისიას. იმ განსხვავებით, რომ ერთი - გიორგი გიორგანაშვილის შესრულებით - უკეთ გაწვრთნილ და წვრთნის შედეგებით „აღჭურვილ“ ტიპს თამაშობს, რომელსაც „როლი“ კარგად დაზეპირებული და ზუსტად გათავისებული აქვს. ნიკო ფიფიას პოლიციელი კი, ტიპური სადისტია, რომლისთვისაც ძალადობა და ადამიანის დამცირება ჩვეულებრივი ამბავია, მხოლოდ ინსტინქტებით მოქმედებს, ძალაუფლებით ტკბება და ვერ აზროვნებს.
რეალური დროის საზღვრები გამქრალია. ამბავი, თითქოს ერთ დღეში ხდება, მაგრამ სინამდვილეში, არავინ იცის, როდისაა ეს ერთი დღე, რამდენ ხანს გრძელდება ეს პროცესი.
გეგა გაგნიძე, როგორც კაფკა, პროცესის ციკლურობას სპექტაკლის ფორმითაც გამოხატავს. ერთი და იგივე ეპიზოდი რამდენჯერმე და ოდნავ სახეცვლილი ვითარდება, იცვლება სარეჟისორო გადაწყვეტის ხერხები და ახალი „ქვეჟანრებიც“ ჩნდება. ერთი და იგივე, სცენა სიუჟეტურად, ტექსტისა და ქმედების გამეორებით ტრიალებს. მთავრდება, წყდება და ისევ თავიდან იწყება, ვითარდება, მთავრდება და ასე რამდენჯერმე, როგორც უკან გადახვეული ფირი ან ხელახლა, სხვადასხვა ინტერპრეტაციით მოყოლილი ამბავი, ან სიზმარი, რომელშიც შეიძლება ყველაფერი მოხდეს.
სიზმრის რეალობას ადამიანი ვერც მართავს, როგორც სისტემას, რომელსაც ვერც იოსები და ვერც თვით მისი მსაჯულები ვერ ეწინააღმდეგებიან. ისინი ასრულებენ დავალებას არ აინტერესებთ, რა და რატომ ხდება, უბრალო შემსრულებლები არიან, უფლებამოსილებებით, რომლებსაც განაჩენი გამოაქვთ და რომელიც თვითონვე მოჰყავთ სისრულეში.
განვითარებული მოვლენები და სამყარო რეალურისა და ირეალობის, წარმოსახვის თამაშისა და სინამდვილის პირდაპირი „რეპორტაჟის“ კონტრასტის ზღვარზეა. არ არსებობს კონკრეტული განზომილებები და მოცემულობები. მოქმედების რეალური ადგილიც - მინიატიურული სცენა და მასზე გაშლილი მოქმედება, ჩაკეტილობის ეფექტს აძლიერებს.
მოქმედების ხასიათი ეპიზოდებისა და გამომსახველი და მხატვრული გადაწყვეტის ხერხების შეცვლითაც იცვლება. როგორიცაა გიორგი შარვაშიძის, სრულიად, „არალოგიკურად“, თუმცა სპექტაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ორგანულად შესრულებული და საერთო სტრუქტურაში ლოგიკურად მოქცეული არია თუ ცეკვები - მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ნომრები; ნატალია გაბისონიას „გასვლა“ მოვლენების მსვლელობიდან, მიმართვა მაყურებელს და მასთან გაბმული საუბარი; ნოე კვირკველიას მუსიკალური გადაწყვეტის თავისთავადობა, თემების, მიმდინარეობების, ჟანრების ცვალებადობა, მუსიკალური რიგის სხვადასხვაგვარობა, კონტრაპუნქტულობა, სპექტაკლის ხელოვნური სამყაროს ხასიათს განსაზღვრავს და მისი ჰარმონიული ნაწილია.
რეჟისორმა და სცენოგრაფმა მარიამ ძმანაშვილმა სივრცე და კოსტუმები თეთრისა და შავის, ვერცხლისფრის ტონებსა და კონტრასტზე ააგეს და სინათლით სავსე, მსუბუქ, ჰაეროვან, სუფთა, ოღონდ სინთეტიკურ, ნეილონის, პირობით, ხელოვნურ გარემოში მოაქციეს, რაიმე სპეციფიკური, ინტიმური თუ პერსონალური ნივთებისა და მახასიათებლების გარეშე. გარემო პლასტიკატისა და ფოლგის ფურცლებით, მინის, ორგმინის ან მსუბუქი მეტალის, გამჭვირვალე ან ნახევრადგამჭვირვალე მასალისაა. ეს სივრცე საავადმყოფოს ინტენსიური განყოფილების პალატას ან ციხის კამერას გავს. იქმნება და ჩნდება სიცივის, არამყუდროების, დისკომფორტის ატმოსფერო და შეგრძნება.
ფრანც კაფკას „პროცესის“ დაწერიდან -1914 წელს, 111 წელი გავიდა, გამოქვეყნებიდან - 1925 წელს კი, ზუსტად - 100. თუ მაშინ ტოტალიტარიზმი, რეჟიმები, ომები, სახელმწიფო ძალადობების სხვადასხვა სახის სისტემები ჯერ წინ იყო, შემდეგ მსოფლიოშიც და საქართველოშიც, არა ერთი „პროცესი“ გაიმართა.
„კაფკიანული“ და „პოსტკაფკიანული“ ისტორიები უკვე გავლილია, თავისი უმძიმესი შედეგებით. ის, რაც რომანის დაწერის დროს აბსურდად, შეიძლება, უტოპიად, შეიძლება, ანტიუტოპიადაც, ფანტასმაგორიად, მოგვიანებით, წინასწარმეტყველებად აღიქმებოდა (რადგან, მომდევნო ათწლეულებში რეალობად იქცა), დღესაც ყოველდღიური რეალობაა, დილით (დღის ნებისმიერ მონაკვეთში), იოსებივით „გაღვიძებულ“ ადამიანებს რომ ატყდებათ თავს.
თუ კარგად დავაკვირდებით, ან უბრალოდ, დავაკვირდებით და იმას, რაც ხდება, სხვა ჭრილშიც შევხედავთ, სპექტაკლის მარადიულ და ზოგადსაკაცობრიო საკითხების, პრომლემების რაკურსთან ერთად, რეალობის ზუსტ ანაბეჭდს მივიღებთ, პერსონაჟების პროტოტიპებით, კონკრეტული თუ კრებითი, „ნაცნობი“ სახეებითა და უკვე კარგად გამოცდილი, გამოვლილი და ნაცნობი სიტუაციებით.
გეგა გაგნიძის „პროცესი“ არაა სხვადასხვა დროში არსებული ისტორიული თუ „ძველი“ მხატვრული პროცესების გახსენება, რეკონსტრუქცია და დისტანციიდან „შემფასებელი“ სპექტაკლი, არაა ამბავი უახლოესი თუ შორეული წარსულიდან. ის რეაქცია, პასუხი და პოზიციაა ახალ-ახალი პროცესებზე, რომლებსაც სამყაროშიც და ჩვენთანაც კვლავ მართავენ, რომლებიც ახალ ფორმებსა და სახეს იძენენ და კვლავ მსხვერპლად „ირჩევენ“ უდანაშაულო ადამიანებს, დევნიან, ძალადობენ, უსაფუძვლო ბრალდებებით აპატიმრებენ, თავისუფლებას ართმევენ - სჯიან.
ყველგან პოლიციაა. და აღარსადაა სამართალი. პოლიციაა იოსებთან (რომელმაც იცის, რომ არაფერი დაუშავებია, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ იგებს, რას აბრალებენ) და მათთანაც, რომლებიც არ ჩანან და ვისთანაც, იოსებ(ებ)ის მსგავსად, დილით, დღისით თუ ღამე, კარზე აბრახუნებენ ან დაჟინებით რეკენ ზარს. ვისაც ბრალს სდებენ, არარსებულ დანაშაულზე აღძრული ბრალდებით სასამართლოს განჩინებას წარუდგენენ და პასუხს აგებინებენ იმაზე, რაც არ ხდება და მომხდარა, რაც არ ჩაუდენიათ და ვერაფრით იქნება დანაშაული.
ფოტო თეატრის გვერდიდან