იქ, სადაც ღმერთი მკვდარია!..

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

260833521_1529420267412619_6373069991636848312_n.jpeg

თამარ ქუთათელაძე

 

იქ, სადაც ღმერთი მკვდარია!..

 

საქართველოში იბსენის დადგმებისადმი ინტერესი ისეთივე მძაფრია, როგორც შექსპირისა და ჩეხოვისადმი. თუ შექსპირისეულმა სპექტაკლებმა ამხილა გადაგვარებული ხელისუფლის უნიღბო სახეები, ხოლო ჩეხოვის ინტერპრეტაციებმა უჩვენა ინტელიგენტის დამსახურებული ტრაგედია, იბსენისათვის მთავარი გახდა საოჯახო ინსტიტუტის ნგრევისა და ფარისეველი, ძალაუფლებისმოყვარე ეკლესიის მსახურთა კორუფციული საქმიანობის კრიტიკა. სწორედ ამ ბრალდების გამო, ინცესტისა თუ გარყვნილების დეკლარირებით, გარკვეული დროის მანძილზე აიკრძალა კიდეც მისი „მოჩვენებები“. მიუხედავად ამისა, პიესა რეჟისორული თეატრის მანიფესტად, თავად დრამატურგ-რეჟისორის ერთგვარ ანდერძადაც იქცა. მასში მკაფიოდ იკვეთება თაობათა ომი, ძველი, ფასეულობებგანძარცვული სამყაროსაგან დისტანცირების წადილი, რომელიც ულმობლად იწირავს მსხვერპლად უდანაშაულო ახალგაზრდებს. პიესის მთავარი გმირის, სიმართლის, სინათლის, წრფელი ადამიანური სითბოს, მზის ტრფიალი ოსვალდის სახის მიღმა, მანკიერებათა დაუღალავად მხილების პათოსით მრავალგზის განკიცხული შემოქმედის, იბსენის აჩრდილიც კრთის.

      

„ახალი დრამის“ ფუძემდებლის, „მოდერნიზმის მამის“, ამ ერთ-ერთი ყველაზე უშიშარი, სკანდალური ნორვეგიელი დრამატურგის  პიესებისადმი   ინტერესით განსაკუთრებით გამოირჩეოდა ახალი თაობის მეამბოხე რეჟისურა. უფროსი თაობის თეატრალები მას თითქმის გმობდნენ. იბსენის დრამატურგიას კრიტიკულად აფასებდა ილია ჭავჭავაძეც და მიაჩნდა, რომ „იბსენ-მიბსენთა“ პიესებს ადგილი არ უნდა ჰქონოდა ქართულ სცენაზე. ანალოგიურ მოსაზრებას ავითარებდა ინგლისური თეატრის მშვენება ჰენრი ირვინგიც, მისი თვალსაზრისით, იბსენის პიესებში ჭარბობდა ცხოვრებისეული ჭუჭყი და არ იმსახურებდა ხელოვანთა ყურადღებას, სავარაუდოდ ისიც იზიარებდა ამ ,,ჭუჭყის“ საგულდაგულოდ დამალვა-მიჩქმალვის,  სიმშვიდისა და კომფორტის ურყევი ზონის გუშაგთა განწყობას. მიუხედავად მეამბოხე დრამატურგის წინააღმდეგ გაჩაღებული „ჯვაროსნული ლაშქრობებისა“, მისმა პიესებმა უსწრაფესად გაიკაფა გზა დიდი სცენისკენ.

      

1974 წელს „მოჩვენებანი“ პირველად დადგა თემურ ჩხეიძემ. მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე ორი დიდი მსახიობი, მხატვრული სიტყვის ორი დიდოსტატი - ვერიკო ანჯაფარიძე და აკაკი ვასაძე, სამკვდრო სასიცოცხლოდ იცავდა საკუთარ ინტერესებს, ოჯახის ღირსებასა და ეკლესიის შერყეულ ავტორიტეტს. 80-იანი წლების საქართველოში იბსენისადმი უცნაური დუმილი გამეფდა. გასული საუკუნის მიწურულს და XXI საუკუნის დასაწყისში ახალი ძალით იფეთქა „ახალი დრამის“ ფუძემდებლის პიესებისადმი ინტერესმა, თუმცა ზოგიერთი მათგანი თითქმის უკვალოდ გაქრა, ვერ მოიპოვა საზოგადოების გამორჩეული ყურადღება. ვანო ხუციშვილის სადიპლომო სპექტაკლმა ისევ გააცოცხლა იბსენი. სრულიად ახალგაზრდა რეჟისორის ,,თოჯინების სახლი“  გამოკვეთდა ორი დროის პროტესტს, აფართოვებდა  ავტორის მიერ უთქმელ, მაგრამ ნაგულისხმევ მოსაზრებებს, უჩვენებდა უღირსი კაცის წრფელი სიყვარულის გამო, ილუზიებიდან  გაღვიძებული ქალის დაგვიანებულ ამბოხს, მის ტრაგიკულ ხვედრს.

    

იბსენის თანამოაზრეობა დიდი თანამედროვეების მიერ (შოპენჰაუერი, ნიცშე, შპენგლერი) უკვე გაცხადებული  თუ ჯერ კიდევ „ჰაერში მოფარფატე“ ფილოსოფიური იდეებისადმი  შესამჩნევია. მეტაფორა „ღმერთი მოკვდა!“, რაც მწვავედ შეიგრძნო კაცობრიობამ XIX საუკუნის მიწურულს და სათავე გახდა არსებული ზნეობრივი კრიზისის,  რწმენისა და მორალური პრინციპების ნგრევის, უხვად გაცხადდა იბსენის ტრგიკულ დრამებში. აქ მახინჯი რეალობის, ფარისევლური მორალის, დოგმების ტყვეობაში მოქცეული უუფლებო ადამიანი, უშედეგოდ იბრძვის გახდეს საკუთარი ცხოვრების ავტორი, დაიმორჩილოს ბედისწერა, რომელიც კრონოსივით სანსლავს უდანაშაულო თაობას, პასუხისმგელობას აკისრებს მამა-პაპათა ორმაგი სტანდარტებით არსებობის, მათი პასიური ყოფის გამო.

       

დრამატურგის ტექსტში, მიზეზთა გამო უხვადაა მიმოფანტული მინიშნებები, იდუმალი აქცენტები, ე.წ. მრავალწერტილით გამორჩეული ხასიათები. ახალგაზრდა რეჟისორი საბა ასლამაზიშვილი ცდილობს გამოკვეთილი გახადოს ორი ავტორის დროის ტანდემი (დრამატურგი და რეჟისორი), უჩვენოს მძაფრი პრობლემები.  თავისუფალი თეატრის სცენაზე განხორციელებული სპექტაკლი დინამიკურია, ლაკონური, ტემპო-რიტმზე აგებული. კომპოზიტორ ვახტანგ გვახარიას მუსიკალური გაფორმება თანამედროვე ახალგზარდების სევდით, ტკივილითა და რიტმითაა გაჟღენთილი.

       

დარბაზში შესულ მაყურებელს სცენიდან  ეგებება ავანსცენის სიახლოვეს სოლივით დარჭობილი, გვერდზე გადახრილი უზარმაზარი ხის კოჭლი ჯვარი. ანდრია ვაჭრიძის მხატვრული გაფორმება ექსპოზიციურ ნაწილშივე გვაწვდის ინფორმაციას რომ ჯვრის გაღმა-გამოღმა დასახლებულ კარჩაკეტილ, უმეცარ საზოგადოებას, მძიმე სენივით მოსდებია ლოთობა და გარყვნილება, ხოლო ქრისტეს მცნებანი ნიღბად, მავანთა ზრახვების თავშესაფრად გადაქცეულა. პიესაში და წარმოდგენაშიც მუდმივად  პირქუში, წვიმიანი გარემოა. ის თითქოს ამზადებს  სიცოცხლის აზრდაკარგულ, უღმერთო სამყაროში უორიენტიროდ დარჩენილ ადამიანს მის არჩევანზე, კარს მომდგარ გარდაუვალ საფრთხეზე პასუხისმგებელის ტვირთი დააკისროს,  პიროვნული ზრდისკენ უბიძგოს.

       

პიესაში სულ ხუთი მოქმედი პირია და თითოელის როლი სოლიდურია. იკვეთება გარდაცვლილი მამისა და დედის სახეებიცა და ის მერკანტილური გარემოცვაც, რომელთა წინაშეც ანგარიშვალდებული, დავალებულია სახელოვანი ღვთის მსახური. სპექტაკლის დასაწყისში სცენის სიღრმეში გადაჭიმულ თეთრ ტილოზე გივიკო ბარათაშვილის ოსვალდი წითელი ღვინით, საკუთარი თუ ქრისტეს სისხლით ხატავს თავის პირველ და უკანასკნელ შედევრს, ამბოხს. რომანტიკული გარეგნობის მსახიობი, კოსტიუმებითაც გამოკვეთს თავის მარადიულ ჯანყს. დასაწყისში მაღალყელიან თეთრ წინდებსა და თეთრ ტრუსში გამოწყობილი, მოგვიანებით ფერთა კაკაფონიით  -  ლურჯ ხალათსა და ჭრელ ჰალსტუხზე შემოცმული ვარდისფერი გრძელი კოსტიუმით, ბრჭყვიალა გრძელი საყურით და თითებზე უხვად ასხმული ბეჭდებით ევლინება სცენას (კოსტუმების მხატვარი ბარბარა ასლამაზი). მსახიობი ხაზს უსვამს ოსვალდის მიერ მოახლეზე ქორწინების ინდიფერენტიზმს, ბედისადმი მორჩილებას, კონფლიქტს უსიყვარულო გარემოსადმი, რომელმაც ადრეულ ასაკშივე წაართვა სრულფასოვანი სიცოცხლის უფლება, არაფორმირებულ, უთვისტომო, უპიროვნო არსებად გადააქცია.

        

მსახიობს დანის წვერზე დაჰყავს მისი სცენური გმირი. შინაგანი ისტერიული მდგომარეობის წარმოსაჩენად, უხვად მიმართავს ერთგვაროვან მოძრაობებს. სულ ცოტაც და... შოუმენის ელემენტებით აღბეჭდილი მისი თავბრუდამხვევი ბზრიალ-ტრიალი, მოყუდებული ბოთლიდან ნაძალადევად, სულიერი ტკივილის დასათრგუნად ღვინის ხარბი სმა, გადალახავს ზომიერების ოქროს საზღვარს, თუმცა უეცრად აჩერებს, ცვლის ხილულსა თუ უხილავ ოპონენტზე თავდასხმის ხერხს, გემოვნებით ხატავს მისი გმირის სულიერ ტრაგედიას,  ნიჰილისტური ეპოქის ამბოხებულ, ახალგაზრდა მოაზროვნეს.

         

მსახიობის სამოქმედო ნახაზი „დანაღმულია“ უცერემონიო, ცინიკური დამოკიდებულებით პასტორისადმი. გივიკო ბარათაშვილის ოსვალდი არ იშურებს „დარტყმებს“ უხვი საყვედურით „შეურაცხყოს“ ადამიანის ღირსების შემლახავი, მომაკვდინებელი ცხოვრების წესის დამამკვიდრებელი დოგმებისადმი ღვთის მსახურის ერთგულება. სპექტაკლის ფინალისაკენ მაგიდაზე მთელი კორპუსით ასვეტილი მსახიობი, სარკიდან ცდილობს საკუთარ სახეში აღმოაჩინოს მისთვის  უცნობი მშობლების ანარეკლი, მემკვიდრეობითი სენის ნარჩენები, საკუთარი ტრაგიკული დაცემის მიზეზი. სცენოგრაფიის შავ ფონზე სცენის ცენტრში დაკიდებული, მთელი სპექტაკლის მანძილზე უძრავი, მზესავით მოციმციმე მოზრდილი დისკო, უეცრად ამოძრავდება. იგი ძლიერი კრუნჩხვით დასცემს ოსვალდის სხეულს, საკუთარი სიმძიმის ქვეშ ჯვრის ფორმაში გააკრავს მაგიდაზე და სარკის ზურგზე ალმოდებული თავშესაფრისა თუ ჯოჯოხეთის ენებივით აცეკვებული ცეცხლით გასრესა-დაფერფლვით დაემუქრება.

        

ფრუ ალვინგის როლის განმასახიერებელი ანი იმნაძე გასაოცარი სიზუსტით თამაშობს მისი ვრცელი როლის ნახაზსა და ხასიათს. მსახიობი დახვეწილად, თავშეკავებით, თანაგრძნობით, თითქმის უნაკლოდ, დიდი ზომიერების გრძნობით ქმნის  მისი ამაყი, შინაგანი ტკივილით ტანჯული, უსაზღვროდ მებრძოლი ქალის პორტრეტს. მისი ქალბატონი ალვინგი თავშესაფრის მოწყობით გეგმავს აღადგინოს  ფარისეველი სამყაროს აზრდაკარგულ ყოფაში შუასაუკუნეობრივი დოგმების წინააღმდეგ თავისუფალი ცხოვრების წესით მეამბოხე, არცთუ უნიჭო, ნაადრევად გარდაცვლილი ქარიზმატული მეუღლის შელახული ღირსება. ამ გზით იბრძვის თავგანწირული დედა, აზრი შესძინოს უსახურ გარემოში დაბრუნებული შვილის მომავალს, აარიდოს მამათა ცოდვებზე მოსალოდნელი საფრთხე. თავგანწირული დედა საქაღალდით ხელში მაგიდის ირგვლივ წრეზე სდევნის, თითქოს მათრახით შოლტავს თავის ტრაგიკულ ბედში მონაწილე პასტორს, მოგვიანებით კი, მორჩილად ემზადება ბედის მორიგი შეტევების ღირსეულად დასახვედრად. ვფიქრობ, გაუმართავი და დასახვეწია დედის თავგანწირული კივილის მიზანსცენა შვილისათვის სასიკვდილო მორფინის გაკეთების მიღებული გადაწყვეტილების  დროს. 

        

პიესაში ურთულესია იდუმალი აქცენტებით სავსე პასტორის, ამ არცთუ მიამიტი,    ,,რუხი კარდინალის“ მრავალსახა პორტრეტი. არჩილ ბარათაშვილი თანმიმდევრულად, საინტერესოდ ირგებს და უსწრაფესად იცვლის არაერთ ნიღაბს, მედგრად იბრძვის დასახული მიზნების აღსასრულებლად. საკუთარ სამფლობელოში ,,დამწყვდეული“ მრევლის საქმიანობებზე გასაღების ჭუჭრუტანასთან მიყურადებულივით წვრილმან დეტალებში გათვითცნობიერებული, დასაწყისში  თამაშობს პედანტი ღვთის მსახურის ნიღაბს. სულ მალე, ირჩევს მრავალგზის ნაცად, ცოდვის გზაზე დამდგარ ღვთის შვილთა გაკიცხვის მეთოდს. მოულოდნელად, როდესაც მისსავე ცხვირწინ, მაგიდაზე ურცხვად დასკუპებული მომხიბლავი რეგინა, უხეშად იგერიებს მის ზრახვებს, კიდევ უფრო მტკიცედ გადადის იერშზე. თუმცა, ახალ თავსატეხს უმზადებს დედა-შვილთან შეხვედრა. მას შემდეგ, რაც თვითგამორკვევის წყურვილით აღსავსე ქალბატონი ალვინგიც მყარად დაიცავს განათლების სიკეთეს, ხოლო სატრაპეზოდ გამზადებულ მოძღვარს, გივიკო ბარათაშვილის ოსვალდი თეფშის მაგივრად  ხმაურიანად დაუწყობს ფეხებს მაგიდაზე, ბოთლიდან დაეწაფება ღვინოს და მძაფრი ირონიით გაშოლტავს ჩიხში მომწყვდეულ მის სენტენციებს, დაბნეული მამაო რადიკალურად ცვლის პოზიციას. პასტორის ანაფორას შეფარებული ფარისეველი, საკუთარი წარსულის „აჩრდილში“ გახლართული და  მძიმე ცოდვის მომნანიე, ვნებააღძრული კაცის განცდების მანიპულირებით გაითამაშებს ყველა ხრიკს დასახულ მიზანთა აღსასრულებლად, თან ყოველ ჯერზე ჯვართან მუხლმოყრილ-განმარტოვებული, ემადლიერება უფალს შემწეობისთვის. 

        

წარმოდგენის მიწურულს, ეს ნიღაბახდილი „ღვთის მსახური“, გათამაშებული „ტრაგიკომედიის“, „ტრაგიფარსის“, რეალურად კი ფართო მასშტაბის ტრაგედიის მთავარი აქტორი და მისტიფიკატორი, დასახულ ამოცანათა აღსრულებით კმაყოფილი, აღარ ფუთავს მის ღვაწლს ცოდვებით დამძიმებული, ფეთქებადი გარემოს საგულდაგულოდ ,,შენებაში“. მსახიობი და რეჟისორი თამაშობენ რომ ვიზიტის შედეგები წარმატებულია. აღკვეთილია მოხერხებული ქალბატონის პრეტენზიული იდეა. პასტორმა კვლავაც შეძლო ეცდუნებინა ძლიერი, ამპარტავანი ქალის ნებისყოფა, რომელიც ოდესღაც თავადვე გამოამწყვდია მისთვის კარგად ნაცნობი კაცის „საროსკიპოში“,  დაცემულმა კი შეძლო წამოდგომა და ვინმე უბირი, ღვთის მოშიში, დათრგუნული ქალის ნაცვლად, საკუთარი თავისგან შექმნა წიგნიერი, საქმიანი რკინის ლედი.

        

დადგმის მიწურულს, ცდუნებულ-გაკოტრებული, დაუცველი ქალისადმი სრულიად გულგრილი „თაყვანისმცემელი“, ოდესღაც საყვარელი არსების თვალწინ, ლამის მუხლმოდრეკით მიაგებს პატივს გადაგვარებული მოხუცი ენგსტრადის „გმირობას“, დანაშაულებრივ გარიგებებში თანამონაწილის დუმილს და ავანსად  საროსკიპოს სარფიანი ბიზნესის   ფუნქციონირებაშიც დახმარებას  აღუთქვამს.

        

ვიკა ბოკერიას რეგინაც მსხვეპლი ხდება მისი მემკვიდრეობის. ბიოლოგიურად ბოძებული ქალბატონისა და მოახლის სისხლი, შინაგანი ამბიციით აიძულებს მაღალი საზოგადოების, არსებული ჭაობიდან თავდახსნის მცდელობას. მისი მედიდური თავდაჭერა, ოსვალდისათვის მომზადებული ხაფანგის ფიასკოსაგან აღშფოთება, არსებული გარემოდან უსწრაფესი გაჭრის დაუთრგუნავი სურვილი, პასტორისადმი ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად, უბიძგებს თავდავიწყებით გადაეშვას პასტორისა და „მამის“ მიერ დაგებულ მახეში. ახალგაზრდა მსახიობი ვიკა ბოკერია თავისუფლად ფლობს სცენას, თამამია და პლასტიკური, მაგრამ დროდადრო ერთფეროვანია მოვლენებზე მისი რეაგირების ფორმები. იგი არათანმიმდევრულად თამაშობს სცენურ სახეს. ჩემთვის ცნობილია მის მიერ განსახიერებული როლებიცა და სარეპეტიციო მუშაობის პროცესიც და ვფიქრობ, რომ უდავოდ დააკლდა რეჟისორის ყურადღება.

        

რეგინას მამობილი, სლავა ნათენაძის დურგალი ენგსტრანდი გაიძვერა ხეიბარი მოხუცის კლასიკური სახეა. თითქოსდა მორიდებული მამაკაცის ნიღბის მიღმა მიმალული ეს სარგებლისმოყვარე, ვერაგი ლოთი, არასდროს იტყვის უარს თუნდ ბიოლოგიური ქალიშვილიც სარფიანად მიჰყიდოს ნებისმიერ გამვლელს და უშფოთველად იხეიროს. მსახიობი ნახევარტონებით, შემპარავად, იქედნური ღიმილით, ოსტატურად თამაშობს ყოფითზე-ყოფით რეალიებში განსწავლულ  „ბრძენკაცს“. მსახიობის მხატვრული გმირის ქვეტექსტი, მისი ინტონაციები, გადავსებულია ამ უწმინდური პერსონის ღია თუ ფარული ავი ზრახვებით, ეშმაკური მინიშნებებით. ალვინგთა ოჯახში პასტორის რეკომენდაციით ჩასახლებული, სავარაუდოდ, ღირსეულად ამართლებს კიდეც მასზე დაკისრებულ იმედებს.  ასე თამაშდება ძალმომრეობის კარუსელი, ბოროტების ბაკხანალია იქ, სადაც ღმერთი მკვდარია, საკუთარ უკეთურ ზრახვებს კი ოსტატურად მალავენ მაცხოვრის სახელს თავშეფარებულნი.

          

სპექტაკლის ბოლოს, ანი იმნაძის მიერ განსახიერებული, შეშლილობის ზღვარზე მყოფ მარტოსულად გარდაქმნილი, სულ ცოტა ხნის წინ დამოუკიდებელი, ამბიციური, თავდაჯერებული, ძალაუფლებისმოყვარე ქალბატონი ალვინგი, რომელიც მძაფრი ირონიით იგერიებდა პასტორის ვნებიან თავდასხმებს, თავგანწირვით ეზიდება მხოლოდშობილი შვილის გაშეშებულ სხეულს, თავის ყველაზე მძიმე, აწ უკვე მარადიულ  ჯვარს.

         

თავისუფალი თეატრის სცენაზე დადგმულმა საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ამ არაჩვეულებრივი, ფილოსოფიურად მოაზროვნე  დრამატურგისა და მისი „მოჩვენებების“ ღირებულება. ვფიქრობ, პიესაში ჯერ კიდევ  არაერთი პრობლემური აზრი დარჩა გაბედულად გამოსაკვეთი, დიდი დრამატურგის მიერ მიზეზთა გამო მხოლოდ ფარული მინიშნებით, ქვეტექსტებით გაცხადებული, მაგრამ უდავოდ ნაგულისხმევი.