top of page

ისევ გაფრინდნენ!..

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

e1ec3e48-5248-4de6-98b5-43b709dbb5fb.jpeg

09.06.2026

ლელა ოჩიაური

ისევ გაფრინდნენ!..

იოანე შავთელის ქუჩაზე და განსაკუთრებით, მის დასაწყისში, ყოველთვის ხალხმრავლობაა (ზედმეტადაც კი). ეს არაა მხოლოდ ტურისტული  ქუჩის მონაკვეთი. მიკროსამყაროა, კუნძული, რომელიც იმიტომ იქმნება, რომ იქ რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრი მდებარეობს და უბნის სახეს, სტრუქტურას, მიკროკლიმატსაც კი განსაზღვრავს და სრულ ავტონომიურობას იცავს.

ყველაფერს, რაც რეზო გაბრიაძის სახელს, შემოქმედებას უკავშირდება, აუწონავი მიზიდულობა აქვს და მიჯაჭვულობა, მისი პირადი  გაფრენის შემდგომაც, არანაკლები ძალით  გრძელდება. ფაქტიცაა, რომ მარიონეტების თეატრში ბილეთს ვერასდროს იშოვნი, თადარიგი დიდი ხნით ადრე უნდა დაიჭირო და, თუ ბედი გაგიღიმებს (ან, რომელიმე კეთილი ადამიანი) და მაყურებლებს შორის აღმოჩნდები, პირველად, თუ მორიგ ჯერზე, რწმუნდები, რომ აქ ჯადოებს ისევ აკეთებენ და „გაბრიაძის სამეფოც“ ისევ არსებობს.

დღეს აქაურობას რეზო გაბრიაძის შვილი და შემოქმედების მემკვიდრე, თეატრის დირექტორი, მსახიობი, კლიპმეიკერი, ანიმაციის, კინოსა და დრამის რეჟისორი ლეო გაბრიაძე მართავს. სწორედ მან „გაბედა“ (როგორც წერს - შერეკილების ამბის გააზრების მისი ჯერიც მოვიდა) და დადგა რეზო გაბრიაძის სახელგანთქმული (ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული ფილმისა და ქართული მწერლობის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოების) „შერეკილები“ (სხვა ვერსიით, „უცხო ჩიტი“, კიდევ სხვით - „კილე შერები“ - პოემა) - მარიონეტების მონაწილეობით - კინოსცენარის, მოთხრობის, ლიბრეტოს, ლიტერატურული ტექსტის დამუშავება/გადამუშავების ეტაპებისა და შესწორება/ჩამატება/კორექტირების, მონტაჟის, ესკიზების, ჩანახატების, ილუსტრაციების მიხედვით. მისი ხელწერის, სამყაროს შენარჩუნებითა და ახალ ფორმაში მოქცევით.

რეზო გაბრიაძისა და ელდარ შენგელაიას „შერეკილების“ პოპულარობამ და სიყვარულმა, შემოქმედებითი ჯგუფის შემადგენლობამ, საზოგადოების წინასწარი ინტერესიც გამოიწვია და სპექტაკლზე მოხვედრის სურვილი, არნახულად, თუმცა, ბუნებრივად გაზარდა.

მარიონეტული „შერეკილების“ შემოქმედებით-სადადგმო-ტექნიკურ ჯგუფს წარმოადგენენ: პროდუსერი - ვერონიკა გაბრიაძე, დასის ხელმძღვანელი - თამარ ამირაჯიბი, მხატვარ-დეკორატორი - თამარ კობახიძე, ლიტერატურული რედაქტორი - თამთა თურმანიძე, ხმის რეჟისორი - დავით ხოსიტაშვილი; მუსიკალური გაფორმება - ნინო ჯანჯღავა, დავით ხოსიტაშვილი, მხატვარ-გამნათებელი - მამუკა ბაქრაძე და ბექა ბაქრაძე, სამეურნეო ნაწილი - ავთანდილ ცერცვაძე, გენერალური მენეჯერი - ნათელა წიკლაური; ანიმატორები - თამარ ამირაჯიბი, ნათია დემეტრაშვილი, ირაკლი შარაშიძე, მარიამ იკოშვილი, მიხეილ ბარნოვი, იმედა გულიაშვილი, ბენო ჯიჯიაშვილი, ბადრი გვაზავა, გიორგი გიორგობიანი, მედეა ბლიაძე, ნინო მიგრიაული, თამარ კობახიძე; თოჯინების შემსრულებლები - გიორგი გიორგობიანი, ლევან მინდორაშვილი, ბენო ჯიჯიაშვილი, იმედა გულიაშვილი; დეკორაციის შემსრულებლები - თამარ კობახიძე, მედეა ბლიაძე, ნინო თათარაშვილი.

როგორც „მარიონეტებში“ ყოველთვის ხდებოდა, სპექტაკლს სხვადასხვა თაობისა და თეატრის ცნობილი მსახიობები ახმოვანებენ, რაც, მათი პროფესიონალური მიდგომიდან, დამოკიდებულებიდან, ვითარებისა და ხასიათების გააზრებიდან გამომდინარე, ბუნებრივად ქმნის, პერსონაჟების ცოცხალ და ძლიერ სახეებსა და ხასიათებს და მაღალი ხარისხით (მხოლოდ ტექნოლოგიურს არ ვგულისხმობ) ისმინება. დიდი სიამოვნებაა მათი მოსმენა და მათი ხმებით შექმნილ სამყაროში ყოფნა.

წამყვანი, მთხრობელი - რამაზ იოსელიანი, მარგალიტა და ქათამი - რუსუდან ბოლქვაძე, ქრისტეფორე - ამირან ამირანაშვილი, ერთაოზი - ნიკა ფაიქრიძე,  ხუტა - ზაზა პაპუაშვილი, ნოშრევანი - იმერი კავსაძე, ტრიფონი - დავით დვალიშვილი, მღვდელი - გია აბესალაშვილი, სირბილაძე - ჯანო იზორია, ტელეგრაფისტი - სანდრო სხირტლაძე, მიზანა - მერაბ შარიქაძე.

მათი ხმები, მდიდარი ინტონაციებითა და ნიუანსების სახასიათო  მრავალფეროვნება - ორგანულად ამეტყველებენ რეზო გაბრიაძის ესკიზების მიხედვით შექმნილ მარიონეტებს. შესატყვის, ცვალებად, ცოცხალ და  ქმედითი დეკორაციის (საგნობრივ და ფონურ) გარემოცვაში.  რაც გამომდინარეა და განსაზღვრავს „შერეკილების“ ძირითად სპეციფიკას, ჟანრსა და ფორმას, სპექტაკლში ასევე გამოყენებულია, ანიმაცია რეზო გაბრიაძის ჩანახატებზე (თუ სწორად მახსოვს, „მარიონეტებში“ - პირველად), პროექცია  -  სტატიკური და მოძრავი; მუსიკა - მელოდიები და სიმღერები.

შექმნილია - მრავალფეროვანი და ზღაპრული გარემო, ფერადი,  მომნუსხველი, სპეციფიკური მასშტაბებითა და ილუზორულობით, განათების სხვადასხვა ხარისხის ინტენსივობითა და ზღაპრული გამომსახველობით; მეთოჯინეებისა და მარიონეტების ზომების, ტრადიციული, კონტრასტულობითა და ამოძრავების ჰარმონიით.

„ნამდვილ“ მარიონეტებთან ერთად, „მასობრივ“ სცენებში,  მოქმედებაში ჩართულია სადგამზე დამაგრებული სილუეტური თოჯინებიც - ხუტასა და ნოშრევან კუჭუხიძის შეიარაღებული რაზმები - და ეს სტატიკური  მასა დინამიკურ მასობრივ სცენებში, სათანადო გახმოვანებითა და მყსიკის თანხლებით მოძრაობს და ცოცხლდება.

სცენაც - დეკორაციაც, მოქმედების ადგილებისა და მოვლენების ცვლილების მიხედვით, რამდენჯერმე იცვლება. იცვლება სივრცე და მისი „მასშტაბები“. რაკურსები. სიბრტყეები და მათი ურთიერთშეფარდება და განზომილებები. ჩნდება რამდენიმე და ახალ-ახალი შრე, დეკორაციის კონსტრუქციისა და ფაქტურის განსხვავებული სინთეზი  და სხვაგვარი პერსპექტივის ილუზია.

ფინალური ეპიზოდი - ერთ-ერთი შთამბეჭდავი, თავისუფალი მხატვრული წარმოსახვისა და ფანტაზიის თავისუფლების ანარეკლია, როგორც თავად ურმისა და რაღაც დაძონძილი ქსოვილის კონსტრუქციით აწყობილო ცათმფრინავის გადაფრენა საქართველოს თავზე; მისი ფრენის ტრაექტორია, მარშრუტი და ფაქტურა, ზედხედში დანახული სამყაროდან. და ბოლოს ორი პატარა ფიგურის სივრცეში ფარფატი, როგორც ამაღლებისა და ნამდვილი თავისუფლების თვალსაჩინო, მეტყველი და ულამაზესი მეტაფორა.

ის ადამიანები, რომლებიც იცნობენ და ახსოვთ ფილმ „შერეკილების“ უნიკალური მუსიკა, გია ყანჩელისა და ჯანსუღ კახიძის ავტორობით, სპექტაკლში, უკვე ნაცნობი მელოდიების ფრაგმენტებსაც მოისმენენ (ამოიცნობენ), „ჩიტი-გვრიტი მოფრინავდას“  ახალ ვერსიასაც და სრულიად ახალ, სპეციალურად, სპექტაკლისთვის შეთხზულ მუსიკალურ თემებს - ანსამბლ „შავნაბადას“, დავით ხოსიტაშვილის, ნინო ჯანჯღავას, დიტო საკანდელიძის, დავით გოგოლაძის, გიორგი შენგელიას, ნიკოლოზ ელბაქიძის, გიორგი პირველაშვილის, ბარბარე წითლაურის, ბარბარე ქარდავას, ლუკა თაქთაქიშვილისა და სერგეი ორეხოვის შესრულებით.

„მეც ქართველი ვარ, მეც მიხარია, ჩვენში ასე რო აეჭრა კაცს ჭკუა“, - ეუბნება ხუტა ნოშრევანს, რომელიც, მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური პაციენტებზე დაკვირვებისა და შესწავლის პროცესის წარმართვაში ხელს უშლის. ესეც „შერეკილების“ ჟანრისა და ხასიათის გამომხატველი, დროული სლოგანია, „თოჯინებით თამაშის“  ერთ-ერთი პირობა.

სპექტაკლს განსხვავებული და არატრადიციული პროგრამაც ახლავს (ბევრი თეატრისგან განსხვავებით, რომლებსაც სპექტაკლის ორგანული და აუცილებელი ნაწილის საჭიროება საერთოდ დავიწყებული აქვთ) - მინიატურული ბუკლეტი, რეზო გაბრიაძის  ჩანახატებით, ციტატებით, დეკორაციისა და სიყვარულის ფორმულის ესკიზებით, პერსონაჟების ტიპაჟებით, სახეებით; რეჟისორ ლეო გაბრიაძის მოკლე „მიმართვით“, ასევე, მოკლე ანოტაციითა და შემოქმედებით გუნდის ჩამონათვალით.

„შერეკილების“ არსსა და ამბავს, ბუკლეტში და ანონსებში, რეჟისორი ასე ახასიათებს: „ამბავი სიყვარულზე, ვალებსა და თერმოდინამიკის მეორე კანონზე“.

წარმოდგენა არა მაქვს, რა არის თერმოდინამიკის მეორე კანონი (თუმცა, განმარტება, რა თქმა უნდა, ვნახე) და არც ის ვიცი, არსებობს, ან დასაშვებია, თუ არა, ვინმემ გამოიყვანოს „ფინალური ფორმულა  ds/dt=0, რომელსაც ჩვენი გმირები მოიგონებენ“, რაც, თურმე, „ასევე ენთროპიის კანონად მოიხსენიება, რაც ბრძოლის დასრულებას, სიმშვიდის მიღწევასა და ამაღლებას ნიშნავს. ანუ ერთაოზი და ქრისტეფორე თავისუფლდებიან ყველა მიწიერი ტვირთისგან: უიღბლო სიყვარულისგან, ვალებისგან, ციხისგან და საგიჟეთის გავლით, ცაში აფრინდებიან...“,  - როგორც განმარტავს ლეო გაბრიაძე ტექსტში, „რეჟისორისგან“.

ასეა თუ ასე არაა, როდესაც „შერეკილებთან“ ხარ, ამ ფორმულის არსებობასაც უპირობოდ იჯერებ, იზიარებ, მისი „გამოყვანის“, ამოხსნის მთელ პროცესსაც ადევნებ თვალს, და სიუჟეტის სხვა (კარგად ნაცნობ) პერიპეტიებშიც ინტერესითა და თავისუფლად ერთვები.

ეს ნამდვილად ხდება. თვალნათლივ და ზღაპრული გარემოს შექმნით. და არავინ ფიქრობს, თუ რამდენადაა სინამდვილეში შესაძლებელი, ადამიანმა შეძლოს, რაც ერთაოზმა და ქრისტეფორემ მოახერხეს და ყველაფერ ზემოთქმულიდან გათავისუფლდეს.

რეზო გაბრიაძის ზღაპრის ნამდვილობა ეჭვს არ ბადებს, რადგან მაყურებელი ცოტა ხნით, მისი პერსონაჟებივით, თვითონაც შერეკილად იქცევა და ამგვარ რეალობას ამიტომაც უპირობოდ იჯერებს. იმასაც კი იზიარებს, რომ სიყვარულში მხოლოდ ერთაოზის ქათამს უმართლებს და არა ყველას, „ვინც ქალაქში წავიდა და შავი დედალივით გაკეთდა“.

სპექტაკლის მთავარი სათქმელიც ესაა - მიწიერი ტვირთისგან გათავისუფლების, მიზნის მიღწევის აქტის დიდებულება, „მამაზეციერის წამიერი საჩუქრის, ლურჯი, უძირო, სულისწამღები ცის - ფონზე“, „გაღმა, მარილზე გასვლის“ მისტიკური რიტუალით.

რეზო გაბრიაძემ, როგორც პროგრამა იუწყება, „შერეკილები“ ქართული ავიაციის პიონერებს მიუძღვნა. ლეო გაბრიაძის „შერეკილები“ ელდარ შენგელაიასა და რეზო გაბრიაძის - ორი ყველაზე შერეკილი შერეკილის - მეგობრობასა და ხსოვნას მიაგებს პატივს.

ამბავი, რაც ხდებოდა და უნდა მომხდარიყო, ყველა ეპიზოდი, პერსონაჟი და მათი წარმოთქმული ყველა ფრაზა (თუ რამდენიმე უცხოელ სტუმარს გამოვაკლებთ) მთელმა დარბაზმა ზეპირად იცოდა, რაც ხელს კი არ უშლის, არამედ, მეტ მომხიბლაობასა და მიმზიდველობას სძენს სპექტაკლს - როგორც ძვირფას და მონატრებულ ადამიანთან სიხარულისმომნიჭე შეხვედრა.

მარიონეტულ „შერეკილებს“ იმ ბედნიერი დროის ნოსტალგია და სურნელი მოაქვს, როდესაც ელდარ შენგალაიამ, რეზო გაბრიაძის სცენარით, კლასიკად ქცეული ფილმი გადაიღო და როდესაც რეზო გაბრიაძემ მარიონეტების თეატრი დააარსა. ანუ, როდესაც ყველაფერი იწყებოდა და წინ იყო. 40 და 45  წლის წინათ.

ცხოვრებას მარიონეტებს, რეზო გაბრიაძის შემდეგ, ლეო გაბრიაძე უგრძელებს და უძღვება და შესაბამისად,  ისტორიაც გრძელდება.

„მარიონეტების თეატრი“ ჩვენი კულტურის რელიკვიაა, მუზეუმიცაა და ოქროს ფონდიც, რომელიც საგანძურსაც იცავს და ახალი „აფრენებისთვისაც“ მუდამ მზადაა.

შერეკილებიც, ამიტომაც, ისევ გაფრინდნენ...

რეზო გაბრიაძის ესკიზები „შერეკილებისთვის“. თეატრის საიტიდან

bottom of page