რა სამოსიც არ უნდა მეცვას ცხოვრებაში, მაინც შიშველი ვარ
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
გვანცა ნოზაძე
ის, რასაც კულისები არ სჭირდება
ენჯე გიზატოვა
„მიმძიმს ამაზე საუბარი“
რეჟისორი სოსო ნემსაძე
კოსტიუმების მხატვარი - ბარბარა ასლამაზი
ტექნიკური რეჟისორი - ინა ხომასურიძე
მონაწილეობენ:
არჩილ მაკალათია, ბექა კულიჯანაშვილი, ლაშა კანკავა, ნათია მელაძე, გვანცა კანდელაკი, მარიამ კვიტაიშვილი, თეონა ხვედელიძე, ანა შარვაძე, სოფიკო ჩხიტუნიძე, ნათია არბოლიშვილი.
გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურ დრამატულ თეატრში - „მიმძიმს ამაზე საუბარი“ - პირველად ნახვის შემდეგ, რეჟისორს, ბატონ სოსო ნემსაძეს გავესაუბრე და საუბრის ბოლოს ვუთხარი: „ნამდვილი საშინელება იყო.“ ყოველ ჯერზე, ამ სპექტაკლის ნახვისას, მხოლოდ ერთი რამ მიტრიალებს თავში – საშინელებაა! საშინელებაა!..
სანამ უშუალოდ სპექტაკლზე ვისაუბრებ, ორიოდ სიტყვა მინდა თავად პიესაზე ვთქვა, რაც მაყურებელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. პირველყოვლისა, ენჯე გიზატოვას - „მიმძიმს ამაზე საუბარი“ - თანამედროვე პიესაა. მასში წამოჭრილ თემატიკაზე საზოგადოებას, ჯერ კიდევ არ აქვს, საერთო აზრი ჩამოყალიბებული. პიესა სოციუმში არსებულ სერიოზულ პრობლემებზეა. ამასთანავე, დრამატურგის მიერ დაწერილი ეს პიესა, წარმოადგენს დოკუმენტური მასალის მხატვრულ გაერთიანებას. ესე იგი, მაყურებელმა უნდა გაიაზროს, რომ რასაც უყურებს რეალურად მომხდარი ფაქტებია და არა დრამატურგის, ან, რეჟისორის ფანტაზია. თითოეულ მნახველს ეს გამუდმებით უნდა ახსოვდეს და, ვფიქრობ, სოსო ნემსაძის გადაწყვეტილება, დადგმისას ალტერნატიული სივრცის გამოყენება, ამას აშკარად ხელს უწყობს. სარდაფი, დაყოფილი ღია ოთახებად და ზონებად, ქმნის დამთრგუნველ და არაკომფორტულ ატმოსფეროს, რომელსაც რამდენიმე ათეული წლის წინანდელ საბჭოეთის ქალთა ციხეში გადავყავართ.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ დავფიქრდი, რა სტილისტიკა იყო გამოყენებული და მომაგონდა BBC-ის დოკუმეტურ-მხატვრული ფილმები (თუმცა ეს მხოლოდ ჩემი ასოციაციაა). ალბათ, იმიტომ რომ ბატონი სოსოს მიერ გაცოცხლებული ეს პიესა არაა მთლად სპექტაკლი (სპექტაკლის სტრუქტურა მეტნაკლებად დარღვეული, გამიზნულად). „პირადად მე გამიჭირდება, ამ წარმოდგენას სპექტაკლი ვუწოდო. ეს უფრო მოგზაურობას ჰგავს, დროში მოგზაურობას“ – გიდი (არჩილ მაკალათია). ამ მოგზაურობის საბოლოო გაჩერება კი, როგორც უკვე აღვნიშნე, ქალთა ციხეა. თუმცა, სანამ ამ ციხეში შევალთ, ჯერ „მომავლიდან წარსულში გადასასვლელი დერეფანი“ უნდა გავიაროთ - საბჭოური ნაშთებითა და მოგონებებით სავსე.
ერთი შეხედვით, ეს მონაკვეთი მარტივი და რიგითი დეტალია, თუმცა, რეალურად, მისი საშუალებით რეჟისორი ჩვენი განწყობებით თამაშობს. მაგალითად: მოღიმარი მებუფეტე გოგონა (მერი ფხოველიშვილი) „კორჟიკებს" (თაფლაკვერებს) გვირიგებს; გიდი (არჩილ მაკალათია) აუღელვებლად, შიგადაშიგ მსუბუქი იუმორით გვაცნობს საბჭოთა ექსპონატებს – „ეს საბჭოთა სათამაშო მანქანაა („მოსკვიჩი“), რუსები ამაზე შორს დღესაც არ წასულან“; „როგორც ჩანს იმ წელს ტექნიკური განვითარების ბუმი იყო, ელექტრო საპარსი", „ეს კი სასიხარულო ინფორმაცია – სტალინის ნეკროლოგი“ (ექსპონატები ბუტაფორიული არაა. ნაწილი ორიგინალი ნივთებია) – ამ ყოველივეს შემდეგ მაყურებელიც ლაღ განწყობაზე დგება, გიდის მიმართ სიმპათიით ივსება და წარმოდგენა არ აქვს ორ წუთში სიტუაცია, როგორ შეიცვლება. გიდი ასრულებს საუბარს და პირველი სცენაც თამაშდება. მანამდე შექმნილი განწყობა არ ესადაგება მიმდინარე მოვლენებს, მაყურებელსაც დაძაბულობა იპყრობს და სპექტაკლის დასასრულამდე ვერ თავისუფლდება მისგან.
სარეჟისორო გადაწყვეტებს რაც შეეხება, ორ რამეს მსურს გავუსვა ხაზი. ერთი, რომ წარმოდგენის დროს მაყურებელი მისი უშუალო მონაწილეა, ისიც როლს განასახიერებს (დამკვირვებლის, განმსჯელის, მოსამართლის...). მართალია, თეატრში წარმოდგენის დროს მაყურებლის სიარული, ქმედების შესაბამისი მიდევნება, პერსონაჟებთან ერთად მოძრაობა-გადაადგილება - ნაცადი პრაქტიკაა, თუმცა რუსთაველი მაყურებელი ამგვარ მეთოდებს მიჩვეული არაა. ასე რომ, რეჟისორის მიერ გამოყენებული ეს ხერხი, საინტერესო და წარმოდგენისთვის საკმაოდ ორგანულია. რაც შეეხება მეორე გადაწყვეტას, ბატონი სოსოს მხრიდან, ეს არის „ფარდის დაშვების“ ამოგდება. როცა პიესა წავიკითხე, გამიჩნდა კითხვა – როგორ უნდა მოახერხოს მსახიობმა ასეთი დამზაფვრელი და სასტიკი ემოციებით სავსე შესრულების შემდგომ, მაყურებლის წინაშე ლაღად გამოსვლა და თავის დაკვრა. სპექტაკლის დაწყებამდე ფოიეში დალოდება მოგვთხოვეს და კიბეზე მსახიობები გამოჩნდნენ, ცხადი გახდა, როგორ გადაჭრა ზემოთ აღნიშნული პრობლემა რეჟისორმა. მიუხედავად იმისა რომ მაყურებელი ითხოვს რაიმე გზით მიეცეთ საშუალება, რომ შემოქმედებითი ჯგუფი აპლოდისმენტებით დააჯილდოოს, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, რეჟისორის გადაწყვეტილება საუკეთესოა - სპექტაკლის ეფექტის არ განეიტრალება გამამხნევებელი ტაშით.
რეჟისორის ამგვარი სარეჟისორო სვლები, ჩემი აზრით, მსახიობებისთვის საინტერესო სამუშაო უნდა ყოფილიყო. პირველ რიგში, იმის გათავისება, რომ შენი პერსონაჟი პერსონაჟი არაა, ის რეალური ადამიანის პორტრეტი-პროტოტიპია, რომლისგანაც მხოლოდ ციფრები დარჩა (პიესის არცერთ პერსონაჟს სახელი არ აქვს. აქვთ მხოლოდ ნომრები). ეს გარკვეულ წილად პროფესიული გამოწვევაა. მითუმეტეს, რომ თითოეული მსახიობი რადიკალურად განსხვავებულ ტიპაჟებს ქმნიან.
პირველ რიგში, მინდა არჩილ მაკალათიას გარდასახვაზე ვისაუბრო. იგი ერთდროულად არის სასიამოვნო პიროვნება, გიდი, და საშინელი, არაადამიანი გამომძიებელი. ამ სახეების ცვლილებისთვის მსახიობს არ აქვს „დასამალი“ სივრცე (ამაზე მოგვიანებით), მაგრამ გარდასახვას მაინც ბუნებრივად ახერხებს.
აუცილებლად უნდა ვახსენო „პირველი ეფექტის“ მსახიობები: 21:43 (სოფიკო ჩხიტუნიძე/ ანა შარვაძე) და 19:83 (თეონა ხვედელიძე). ერთია როცა მძიმე ეპიზოდს სცენაზე ასრულებ და მაყურებლისგან ე. წ. მეოთხე კედელი გაშორებს. ხოლო მეორეა, როცა გიწევს გაუპატიურების ტკივილის გადმოცემა მაყურებლისგან რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით და შემდეგ, ამ მდგომარეობაში მათ შორის გავლა. ეს ფსიქოლოგიურ და პროფესიონალურ მომზადებას მოითხოვს, რასაც მათგან ნამდვილად ვხედავთ.
მინდა გამოვყო აგრეთვე ნათია მელაძის შესრულება. ეს მსახიობი ყველაზე მეტს მუშაობს მაყურებელზე, მათ წარმოდგენაში ითრევს, რისკავს და არათუ უბრალოდ უყურებს თვალებში, არამედ ჩაეძიება და დაჟინებით უცქერს.
რაც შეეხება სხვა მსახიობებს: 18:95 (მარიამ კვიტაიშვილი), 17:56 (ნათია არბოლიშვილი), 10:03 (გვანცა კანდელაკი) – მათ ისეთი რთული დავალების შესრულება უწევთ:, როგორიცაა საზოგადოებაში მიუღებელი საუბარი, შეიძლება ითქვას, ამორალური ქმედებების შესრულება ისე, რომ ამგვარი ქცევა მაყურებელს მეტი თანაგრძნობისკენ უბიძგებდეს. მაგალითად, ალბათ, ყველას შეგვძულდებოდა, ან მინიმუმ, გაგვაღიზიანებდა დედა, რომელიც ჩვილის მოკვლას ნატრობს, თუმცა მარიამ კვიტაიშვილი ახერხებს, რომ მის პერსონაჟს თანავუგრძნოთ.
და ბოლოს, მინდა დავამატო ბექა კულიჯანაშვილის პერსონაჟზე – ბადრაგი. ვფიქრობ ეს პერსონაჟი საუკეთესოდ ასახავს მაშინდელი საზოგადოების განზოგადებულ სახეს. ბადრაგი ხელქვეითია, ესე იგი, ის მორჩილია. ხალხიც მორჩილი იყო. იმ ხალხში იყო სიკეთე და ამ ბადრაგშიც არის, მაგრამ ის მაინც მორჩილია. ერთ-ერთ ეპიზოდში, როცა გამომძიებელი (არჩილ მაკალათია) კანფეტს შესთავაზებს, ბადრაგი (ბექა კულიჯანაშვილი) გაბადრული სახით იღებს და ბედნიერი შესცქერის ზემდგომს, მსახიობი ადგილიდან არ იძვრის და თავისთვის, უხმაუროდ ცქმუტავს. ჩემდაუნებურად გახსენდება სიტყვა – გოშია. შესაძლოა, ამიტომაც აღვიქვი ეს პერსონაჟი მაშინდელი საზოგადოების სახედ. არ ვიცი, მაყურებელი ამას პირველივე ნახვაზე რამდენად ჩაეძიება, მაგრამ ჩემთვის კულიჯანაშვილის შექმნილი სახე ძალზედ საინტერესოა.
საერთო სირთულე კი, რისი დაძლევაც ყველა მსახიობს დაეკისრა, გახლავთ ის, რომ თითოეული ტიპაჟი, რომელსაც დასაწყისიდანვე ქმნიან, უნდა შეინარჩუნონ. მათ არ აქვთ ამოსუნთქვის საშუალება, ვინაიდან არ არსებობს კულისები. არც შეიძლება, რომ ამ სპექტაკლს ჰქონდეს ე. წ. „უკანა სცენა“. ის, რაც მაყურებლის თვალწინ თამაშდება, დიდხანს იმალებოდა სიბნელეში. ამ სპექტაკლით კი, „საბჭოური“ ამბები სახეზე მოგვაბჯინეს და მოგვახალეს, ამიტომ დასამალიც აღარაფერია. მას კულისები აღარ სჭირდება.