
ჯაყო და მისი ხიზნები
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

მაია კიკნაძე
ჯაყო და მისი ხიზნები
„თოჯინების სახლის“ სცენაზე, რეჟისორმა ნიკოლოზ საბაშვილმა მიხეილ ჯავახიშვილის რომანის „ჯაყოს ხიზნების“ თავისუფალი ინტერპრეტაცია შესთავაზა მაყურებელს. სპექტაკლზე იმუშავა სსიპ საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების საამქროს მხატვარ-შემსრულებლებმა. სპექტაკლში მონაწილეობდნენ ქუთაისის, ახალციხის, ბორჯომისა და თბილისის თეატრის მსახიობები (მონაწილეობენ: ჯაყო-დავით ბერიძე; თეიმურაზი-აბელ სოსელია; მარგო-მარიამ ლომიძე; თეა კიწმარიშვილი; რამონა მიქელაძე; თათია ბაქრაძე; მიხეილ ბერიძე; ოთარ ფადარაშვილი; სცენოგრაფია ნიკოლოზ საბაშვილი;მუსიკის ავტორი ნიკოლოზ საბაშვილი; ტექნიკური რეჟისორი ანა ბეჟაშვილი; ხმის ოპერატორი დავით ურიგაშვილი, ზვიად გაგლოშვილი; განათების მხატვარი-კახა წიკლაური, თენგიზ წიქარიშვილი; რეკვიზიტორი: თამარ ყუფუნია).
სპექტაკლის მოქმედება ერთ პატარა სივრცეში ვითარდება. თეატრის ისედაც მცირე ფართობს კიდევ უფრო აპატარავებს სცენაზე განლაგებული დეკორაცია. მოოქროვილი კარები, რომლებიც ერთ დროს ხევისთავის სახლ-კარს ამშვენებდა სპექტაკლში სხვადასხვა დატვირთვას იძენს. დახურულ კარებს დროდადრო „სარკეები“ ენაცვლება. ეს „სარკეები“ ასახავენ სცენაზე მომხდარ ამბავს, რომელიც განზოგადოებულია და მთლიანობაში საზოგადოების ანარეკლს წარმოადგენს. სწორედ ამ სარკეში იყურება საკუთარი თავით შეურაცხყოფილი მარგო, როდესაც სახეში იცემს ხელებს.
სცენის შუაში მაგიდა და სკამებია განლაგებული, (სცენოგრაფი ნიკოლოზ საბაშვილი), ძირითადი მოქმედებაც მაგიდაზე ვითარდება. სპექტაკლი თეიმურაზ ხევისთავის მამის გარდაცვალებით იწყება. ჩანს, რომ მამამ, თავის ვაჟს კარგი ქონება დაუტოვა, რომელიც საბოლოოდ ისე გაანადგურა როგორც საკუთარი ღირსება.
ქართულ მწერლობაში, „ჯაყოს ხიზნები“იმ ნაწარმოებთა რიცხვს განეკუთვნება, რომელიც საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესით სარგებლობს. რომანის ირგვლივ მსჯელობა კიდევ უფრო აქტუალური მაშინ ხდება, როდესაც ერში დაპირისპირება, ან დეგრადაციის ნიშნები შეიმჩნევა, რასაც ხშირად მწვავე პოლიტიკური თუ სოციალური მოვლენები იწვევენ.
ქართულ თეტარში „ჯაყოს’’ არცთუ ისე ბევრი ინტერპრეტაციაა ცნობილი (აქვე არ შემიძლი არ გავიხსენო ჩემი თაობისთვის კარგად ნაცნობი თემურ ჩხეიძის მიერ, განხორციელებული „ჯაყო.“ აღარაფერს ვამბობ სატელევიზო დადგმაზე, რომელმაც საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, რასაც შემდეგ სპეციალური გადაცემა მიეძღვნა). საინტერესო მუშაობის მიუხედავად, რთულია რომანის დამუშავება, მისი თავიდან გაააზრება, ვინაიდან ნაწარმოებში არსებული ცენტრალური ხაზის გარდა, ბევრი მნიშვნელოვანი აქცენტებია გასათვალისწინებელი. სამუშაოს ართულებს ისიც, რომ რეჟისორს უწევს ჟანრის განსაზღვრა და ინსცენირების გაკეთება. აქედან, გამომდინარე ყოველთვის სასიამოვნოა ქართული კლასიკური ნაწარმოების სასცენო ვერსიის ნახვა. ამ ინტერესს კიდევ უფრო ამძაფრებს ის ფაქტი, რომ სპექტაკლი „თოჯინების სახლში“ დაიდგა და მისი ავტორი, რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილია, რომელიც თეატრალურ წრეებში, ნიჭიერი, თვითმყოფადი ხელოვანის სახელითაა ცნობილი.
სპექტაკლში მსახიობებთან ერთად თოჯინებიც იღებენ მონაწილეობას, თუმცა ძირითადი დატვირთვა მაინც მსახიობებს აკისრიათ. პირველი სცენა ხევისთავის თოჯინის შესრულებით იწყება. რეჟისორი, ნიკოლოზ საბაშვილი ამბის მოსაყოლად, რამდენიმე ეპიზოდში იშველიებს მთხრობელსაც, რომელსაც სპექტაკლის შინაარსში გარკვეული სიცხადე შეაქვს. მეთოჯინის ჩართვა მოქმედებაში, რაც თეატრალურ პრქტიკაში სიახლეს არ წარმოადგენს, სპექტაკლის ფორმას უხდება და მის ვიზუალურ მხარეს საინტერესოს ხდის. სპექტაკლში შავ ტანსაცმელში გამოწყობილი მეთოჯინეები მთხრობელებიც არიან, ქოროც, სტატისტებიც და საზოგადოებაც, რომლებიც თვალყურს ადევნებენ სცენაზე მიმდინარე პროცესებს და ხშირად ამ პროცესების მონაწილენი არიან. სწორედ მათი გამოსვლით იწყება სპექტაკლი რომლებიც კარებზე დაბრახუნებით აფხიზლებენ „ მიძინებულ საზოგადოებას“.
რეჟისორმა ნიკოლოზ საბაშვილმა, ნაწარმოები გადაამუშავა და მასში გარკვეული ცვლილებები შეიტანა. პერსონაჟები შეამცირა (მაგ. ივანე), არ არის გამოკვეთილი კონკრეტული პოლიტიკური მოვლენები ( გასაბჭოება თუ ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის მარცხი), თუმცა კარგად ჩანს თეიმურაზ ხევისთავის ოჯახის გადაშენებისა და და ჯაყოს მარადიული არსებობის ალეგორიული გააზრების იდეა.
სპექტაკლში, ჯაყოს უკვდავება, ჯაყოს ბავშვების „საყვარელი თოჯინების“, როგორც ჯაყოს გვარის გამგრძელებელების სახით არის გადმოცემული. ამ ეპიზოდში ჯაყო, გარკვეულ „ცოდნას“ ამჟღავნებს, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების მიმართ, ვინ იცის როგორ დასჭირდეს მონათლული ან მოუნათლავი შვილები? თუმცა ძირითადი თემის ირგვლივ მრავალ საკითხზეა ყურადღება გამახვილებული, რაც პირველ რიგში გმირთა ხასიათების თავისებურებაში ვლინდება.
სპექტაკლში მთავარი გმირებთან - მარგოს, ჯაყოსა და თეიმურაზთან ერთად, მათი თოჯინებიცაა (ორეულები) წარმოდგენილნი. თეთრ სამოსში გამოწყობილი თოჯინები სიმპათიურად გამოიყურებიან. მათი სიმაღლე სრულიად შეესაბამება თეატრის მცირე დარბაზის სივრცეს (თოჯინები შექმნილია ვახტანგ ქორიძის მიერ) მათი გადაადგილება ტროსის საშუალებით ხდება, ამ დროს კი მეთოჯინეები თავიანთ ოსტატობას /ტექნიკურ შესაძლებლობებს/ ავლენენ, ვინაიდან თოჯინებიც და საგნებიც ძირითადად ჰაერში მოძრაობენ.
სცენაზე მოთხრობილი ამბავი, თოჯინებისა და მსახიობთა შესრულებით, პარალელურად ვითარდება (მაგ. მარგოსა და თეიმურაზის გაცნობის სცენა და სხვა). მეთოჯინეების ოსტატობას /ან პირიქით/, ღირსეულ პარატნიორობას უწევენ მსახიობები, რომლებიც როგორც ჩანს, დიდხანს მუშაობდნენ გმირთა ხასიათების გახსნაზე, ამაზე მეტყველებს მათი შესრულებული როლების ხარისხი.
აბელ სოსელიას თეიმურაზ ხევისთავი სუსტი დაუცველი, უძლური და უსიცოცხლო კაცია, რომელმაც ვერც საკუთარი განათლება გამოიყენა, ვერც ქონება და ცოლი შეინარჩუნა. აბელ სოსელია, სამსახიობო ოსტატობას კარგად ფლობს და ზუსტად ხედავს გმირის შინაგაგ ბუნებას. მსახიობის მოქმედება განსაკუთრებით სიბრალულის გრძნობას (ამავე დროს ზიზღსაც) მაშინ იწვევს, როდესაც მარგოს „დასაცავად“ ჯაყოსკენ გაიწევს, თუმცა მათი ორთაბრძოლა საბოლოოდ იმით მთავრდება რომ, შეშინებული თეიმურაზი მას ხელებს უკოცნის.
მისი მეუღლე მარგო მარიამ ლაბაძის შესრულებით, სპექტაკლის მანძილზე ორგვარ ბუნებას ავლენს. დასაწყისში მარგო თავის ქმარში შეყვარებული ქალია, ის ქმრის მიმართ პატიცისცემასაც გამოხატავს და ვნებასაც, რომელიც მოქმედების განვითარებასთან ერთად იცვლება. ხოლო ჯაყოსთან ურთიერთობის შემდეგ /შესაძლოა თავის გადასარჩენად/ პრაგმატული ხასიათის ქალად ყალიბდება. თუმცა მსახიობის თამაშში ჩანს, რომ მისი ასეთი „გარდასახვა“ პიროვნული ტრაგედიიის ხარჯზე ხდება, რაც ფინალურ სცენაში უკვე აშკარაა. უბედური მარგო კვლავ თეიმურაზ ხევისთავს უბრუნდება. მსახიობი ცდილობს დაგვანახოს მისი ხასიათის ევოლუცია, რასაც წარმატებით ახერხებს კიდეც. მისი ურთიერთობა თეიმურაზთან და ჯაყოსთან განსხვავებულ ემოციას მოითხოვს. დავით ბერიძის ჯაყოს მოქმედება შინაგანი ძალისხმევისა და მსახიობის საშემსრულებლო ოსტატობის წყალობით, კარგად წარმოაჩენს მოძალადე, ხარბი ჯაყოს ბუნებას. წერა-კითხვის უცოდინარი, ასოების სწავლის მიმართ გარკვეულ „ინტერესს“ იჩენს. თეიმურაზის ადგილის დასაკავებლად გაუნათლებელი ჯაყო, მის სათვაალესაც ირგებს, რაც სპექტაკლში ირონიულად ჟღერს.
აბელ სოსელიას, მარიამ ლაბაძისა და დავით ბერაძის შესრულებით იკვრება მსახიობთა ანსამბლი. მსახიობები ზუსტად გრძნობენ საკუთარი გმირების ხასიათებს, მათ ბუნებასა და მოთხოვნილებებს. მათ შეუძლიათ საკუთარი სურვილების ჩვენება, მაშინაც კი როდესაც ზუსტად არც კი იციან საით მიექანებიან...
სპექტაკლი პირობითობაზე აგებული, თოჯინების გარდა, საგნებს /მაგ. ხევისთავის მამული, ლოგინი, ყვავი, ნატვრვრის ხე და სხვა/ თავთავიანთი ფუნქცია აკისრიათ. თუ სპექტაკლის დასაწყისში თეიმურაზ ხევისთავი მამის დანატოვარს /მამულს/სიამაყით ზემოდან დასცქერის, მალე ვხედავთ, თუ როგორ ნაწილ ნაწილ ნიავდება მისი ქონება და მასთან ერთად ღარიბდება მისი სულიერი მდგომარებაც. ნივთები სპექტაკლში სხვადასხვა დატვირთვას იძენენ. მაგ. ჩანგლები, რომელებიც ქართულ ტრადიციულ ქორწილში გადაჯვარედინებულ ხანჯლებად გადაიქცევა, რომლშიც თეიმურაზი და მარგო, მარგო და ჯაყო გაივლიან, ჩემი აზრით, ირონიული დატვირთვა გააჩნია. რეჟისორმა, სპექტაკლში არაერთი საინტერესო მიზანსცენა შემოგვთავაზა, რასაც მეტაფორული გააზრება სჭირდება.
სპექტაკლში, მნიშვნელოვანი საგანი, ჭერზე ჩამოკიდებული ბორბალია, რომელიც ვფიქრობ, მთავრი სათქმელის გამომხატველია. ბედის ბორბალი თუ წისქვილის ბორბალი, საქართველოს თავზე არაერთხელ დატრიალებულა. ალბათ, შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ეს ბორბალი ამოძრავებს ურემს, რომელიც უფსკრულისაკენ მიაქანებს ყველას მარგოსაც და ჯაყოსაც, რომელიც ცდილობს ამ ცხოვრებაც რაღაც მაინც წაგლიჯოს.
სპექტაკლში განსაკუთრებით შთამბეჭდავია რამდენიმე სცენა მაგ. ურმის სცენა. მარგოს გაუპატიურებაში ჯაყოს გარდა, მისი ნიღაბიც იღებს მონაწილეობას, ე.წ ჯაყოები, მართავენ მარგოს, როგორც მარიონეტის თოჯინას. საინტერესოდ არის დადგმული ფინალური ეპიზოდი. თუ სპექტაკლი კარების კაკუნით იწყება, სპექტაკლის ბოლოს კარები იღება და ბურანში გახვეულ ოთახში, მარგოსა და თეიმურაზის გვარის საბოლოო განადგურების ნიშნად, მათი გარდაცვლილი სხეულები ჩნდება.
ეს ეპიზოდი, ორაზროვნად აღიქმება. გვამებზე მოცეკვავე მარგოსა და თეიმურაზის თოჯინები, შესაძლოა მათი უსარგებლო ცხოვრების დასასრულად აღვიქვათ, ან მათი სულების საბოლოო შეერთებად და ა შ. სპექტაკლში, ჩემი აზრით ირონიული პასაჟებია, რასაც რეჟისორი არაერთხელ მიმართავს. ფინალური სცენაც ამ ირონიით არის გაჯერებული.
სპექტაკლის ბოლო ეპიზოდი ლოგიკური ფინალია სპექტაკლის პირველ სცენაში დაწყებული უფროსი ხევისთავის ქელეხისა, რომელიც ჩემთვის თეიმურაზის ქელეხთანაც ასოცირდებოდა და გვაუწყებდა ხევისთავების ოჯახის აღსასრულს..