top of page

ჯაყოიზმთა სამსხვერპლო… შავი ქვა რეჟიმს!..

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

806DF365-4CB3-4762-887C-6141DD4BE11F.png

თამარ ქუთათელაძე

ჯაყოიზმთა სამსხვერპლო… შავი ქვა რეჟიმს!..

 

ახალი ქართული თეატრალური რეჟისურა ცდილობს მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნებით“, გაიაზროს ინტელიგენციის საუკუნოვანი ტრაგედია, მასთან ერთად კი ის მოარული სინდრომი, რომელმაც ჯაყოიზმის სახელით დაიმკვიდრა თავი. როგორც დასტურდება, რომანისტიკის ამ შედევრით, ავტორმა როგორც თავავე შენიშნავდა, ისეთი შავი ქვა დაადო რეჟიმს გულზე, რომელსაც ნაჯახითაც ვერავინ ამოშლის.  თემურ ჩხეიძის მიერ რუსეთსა და საქართველოში სამგზის წარმოდგენილი დადგმის შემდეგ, XXI საუკუნიდან უჩვეულო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ჯაყოსა და მისი მსხვერპლის ისტორია, რომელმაც მითის სტატუსი შეიძინა. მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“, ცხინვალის თეატრში დადგა რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ (2014), ფოთის თეატრის მინიატურულ სცენაზე რეჟისორმა ნიკა ჩიკვაიძემ (2024), საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო  თეატრის სცენაზე რეჟისორმა მაკო კახეთელიძემ (2023), მიმდინარე სეზონის მიწურულს კი კიდევ ერთი ორიგინალური დადგმა შეემატა ქართული თეატრის ისტორიას.

       

საქართველოს თოჯინების თეატრების გაერთიანების ხელმძღვანელმა რეჟისორმა ნიკა საბაშვილმა, გაერთიანების რჩეულ მსახიობებთან ერთად, „თოჯინების სახლში“ მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების“ ახალი სპექტაკლი შესთავაზა მაყურებელს. დადგმაში მონაწილეობენ ახალციხის, ბორჯომის, ქუთაისისა და თბილისის თოჯინების თეატრების მსახიობები. სპექტაკლი ვახტანგ ქორიძის მიერ შექმნილი თოჯინებისა და სამსახიობო სახეების მონაცვლეობით გათამაშდა. რეჟისორმა რომანის ფაბულაზე გაამახვილა ყურადღება და სცენაზეც მხოლოდ მთავარი გმირების, -  მარგოს (მარიამ ლომიძე), ჯაყოსა (დავით ბერიძე), თეიმურაზისა (აბელ სოსელია) და ქოროს შემსრულებლებზე გადაიტანა აქცენტი. თოჯინებითა და მსახიობებით გათამაშებული „ჯაყოს ხიზნები“ პირველი მცდელობაა ამ ნაწარმოების სცენური ინტერპრეტაციის ისტორიაში. „თოჯინები ახალ შესაძლებლობას იძლევა აჩვენო ის, რაც დრამატულ თეატრში ტექნიკურად შეუძლებელია. სწორედ ამ შესაძლებლობებს იყენებს ნიკა საბაშვილი და უჩვეულოდ კამერულ სივრცეში, მსახიობებითა და თოჯინებით წარმოგვიდგენენ რომანს ადამიანებზე, ცხოვრების უსამართლობასა და კანონზომიერებაზე, კრიტიკულ გარემოში მოქცეულ ადამიანთა გაცნობიერებულ თუ გაუცნობიერებელ შეცდომებზე, ვნებებსა და გრძნობებზე, გათელილ ღირსებასა და მუდმივ უსამართლობაზე“ (1)... სანახაობა ავლენს რეჟისორის ფანტაზიისა და გამომგონებლობის უჩვეულო უნარს, ერთმანეთს ენაცვლება თოჯინებით გათამაშებული მთავარ გმირთა სევდიანი სულების თეთრი ტრიადა და შავ კოსტიუმებში გამოწყობილ მსახიობთა ჯგუფი.

       

წარმოდგენის სცენოგრაფია უკიდურესად მინიმალისტური და დახვეწილია. სცენის სიღრმეში მწკრივად განლაგებული სპილოს ძვლისფერი ორნამენტებიანი კარებების წყება, მოგვიანებით შემობრუნდება და სარკეებად გარდაიქმნება. აქ სპექტაკლის მიწურულს, საკუთარი მარცხით განადგურებული, უკვე ჯაყოსგანაც ხელნაკრავი, მრავალგზის დამცირებულ-დაკნინებული მარგო, უმოწყალოდ შოლტავს თავის ანარეკლს, მასთან ერთად კი საკუთარ არჩევანსა თუ ბედისწერას (სპექტკლის მხატვრული და მუსიკალური გაფორმების ავტორი  ნიკა საბაშვილი).

      

სამოქმედო სივრცე ერთი გრძელი მაგიდაა, რომლის გარშემოც ვითარდება მოქმედება. იგი ხან სცენაა სცენაზე, ხან ნაშინდარის მინიატურული სამოსახლო, ხან სატრაპეზო მაგიდა, ხან საწოლი, ხან ურემი, ხოლო სპექტაკლის ფინალში - სამარე. ნიკა საბაშვილის რეჟისორული კონცეფცია „ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული ნარატივისგან რადიკალურად განსხვავებულია. ამ სპექტაკლში არ არსებობს დადებითი და უარყოფითი პერსონაჟი, აქ ყველა დამნაშავეა, ცოდვილია, შეცდენილია, ნაღალატევი…   მიუხედავად იმისა, რომ ნიკა საბაშვილის სპექტაკლში მთავარ, ცენტრალურ პერსონაჟებს - მარგოს, თეიმურაზს, ჯაყოს თავიანთ ქმედებებზე ახსნაც აქვთ და მოტივიც, არ აქვს გამართლება“. (2)

           

სპექტაკლი იწყება კარებებზე უჩვეულოდ ღონიერი ბრახუნით. ცნობილი ხდება რომ გარდაიცვალნენ თეიმურაზის მშობლები და ქალაქში დამკვიდრებულ, სახელოვან ავთანდილის მემკვიდრეს, ამჯერად სცენური დროის საკმაოდ დიდი დროის მანძილზე გათამაშებული ქოროს მიერ გამეტებული მუშტების რახა-რუხით, არა მხოლოდ მშობლების გარდაცვალების ცნობით ესტუმრება ველური ჯაყო, არამედ ეს „კაკუნი“, სრულიად ახალი, ინტელიგენციისადმი შეუწყნარებელი, მტრული ეპოქის ხმად აღიქმება. ისევე როგორც სცენოგრაფიის ყოველ დეტალს, აქ ხმაური, მუსიკალურ გაფორმება თუ რეკვიზიტიც მეტაფორის ფუნქციას იძენს. მთელი სპექტაკლის მანძილზე ავად ქანაობს და ჭრიალებს სცენაზე განთავსებული გრძელი მაგიდა-სცენის თავზე დაკიდული ბედის ბორბალი. დანა-ჩანგალი, რომლითაც უხვად ესევიან ხევისთავთა ქონებასა თუ სურსათ-სანოვაგეს დახარბებული, სიავისაგან ყბამოღრეცილი, შავოსანი ქოროს წევრები, აშკარად წარმოსახავს მათ განწყობას. ისინი არა მხოლოდ ნთქავენ და აჩანაგებენ ნათავადართა მრავალსაუკუნოვან მონაგარს, არამედ ამ დანა-ჩანგალ მომარჯვებულთა სახეები თუ ქმედება, აშკარად წარმოსახავს ლამის ბრძოლის ველზე გაჭრილთა ვნებას საძულველი არისტოკრატიის მიწის პირისაგან აღსაგველად. რეჟისორი უხვად მიმართავს მხატვრულ პირობითობებს, რაც მასშტაბური შინაარსით ივსება. დანა-ჩანგლის ნერვულ ჩახა-ჩუხში,  სატრაპეზოდ მიმსხდარ ქოროსა თუ თეიმურაზისა და მარგოს ქორწილში, როცა გადაჯვარედინებულ დანა-ჩანგლის ქვეშ გაატარებენ ნეფე-პატარძალს, აშკარად გაისმის არცთუ კეთილმოსურნედ მომართული ხანჯლების გაშმაგებული ხმაური.

     

სპექტაკლში თეიმურაზ ხევისთავის როლს დიდი ტკივილით განასახიერებს მსახიობი აბელ სოსელია. მისი თეიმურაზი აპოკალიფსური ეპოქის მსხვერპლია, მარტოსული, იმედგაცრუებული, გარემომცველი საზოგადოებისგან გაძარცვული, დამცირებული, პატივახდილი, განწირული. აბელ სოსელია თამაშობს ტრაგიკულ, გამოუთქმელი სევდით დათრგუნულ პიროვნებას. საუკუნეების მანძილზე სამშობლოს სადარაჯოზე მყოფი წინაპრების არაპრაგმატული, მარადიული ღირებულებების ერთგული შთამომავალი, ამ მეფისტოფელური, სარგებლისმოყვარე საუკუნის ფსევდოღირებულებებში უცხო სხეულად იქნა აღქმულ-გადაქცეული. ამ პოეტური სულის ყველა ღირსება და ავტორიტეტი, ჯაყოიზმის მიერ იქნა ჩაწიხლული. საუკუნეთა მანძილზე მიძინებული, ოსტატურად მართული, ამჯერად გაღვიძებული უზარმაზარი შავბნელი ძალების შემოტევით, გამხეცებულ „მასების ამბოხით“ უძღბ, მტაცებლურ გარემოცვათა ტყვეობაში მოქცეული თავადაზნაურთა მემკვიდრეობა, დაუცველი აღმოჩნდა. შესაბრალისია მაგიდასთან მჯდარი თეიმურაზის უშედეგო ჯანყი, როცა ოჯახის გაღატაკებით შეშფოთებულ მარგოს, ცდილობს დაუმტკიცოს საკუთარი პოლიტიკური ავტორიტეტის ძალა. „მაშ რატომ ეშინიათ ჩემი?..“, - თითქმის უიმედოდ, მაგრამ ვედრებითაც კი კითხულობს იგი სასურველი პასუხის მოსმენის წადილით აღსავსე. თუმცა, შავსამოსიანთა ქოროს სატანისტური ხარხარით, ნათელი ხდება ინტელიგენციის ღირებულებათა მიმართ ახლად დამკვიდრებული ნიჰილიზმის დამანგრეველი, ზეადამიანური ძალა.

         

დავით ბერიძის ჯაყო ღიად თამაშობს თავის ზრახვებსა და ხასიათს.  ამ ჯაყოს სწამს, რომ მასთან, როგორც რეჟიმის ჭეშმარიტ სახესთან გამკლავება შეუძლებელია და ქარის წისქვისთან ომს უტოლდება. ეს ჯაყო, მსახიობის განსახიერებით, ჯანღონით სავსე, ხისტი, არცთუ უსიმპათიურო, ახალი დროების ტალღაზე მორგებული, დაუსჯელობის სინდრომით გალაღებული უტიფარი არსებაა. ადრეული დადგმებისაგან განსხვავებით, დავით ბერიძე არ ქმნის არქაული სიველურით დაღდასმული ტყის კაცის იერსახეს. ამ ჯაყოს სევდიან თვალებში, დროდადრო თანაგრძნობაც კრთის მრავალტანჯული თეიმურაზისადმი, თუმცა, აცნობიერებს იმასაც, რომ მხოლოდ ამჯერად ეძლევა უძვირფასესი მომენტი ამაღლდეს საკუთარ  წარსულზე, გამდიდრდეს,  აიხდინოს ყველა ოცნება, დაეპატრონოს ნათავადარის მემკვიდრეობას, იბატონოს, თავადაც შეიცნოს ძალაუფლების ზღვარგადასული ხიბლი.

        

სპექტაკლში არცთუ უმნიშვნელოა ქოროს როლი. მეთოჯინე-მსახიობები - თეა კიწმარიშვილი, რამონა მიქელაძე, თათია ბაქრაძე, მიხეილ ბერიძე და ოთარ ფადარაშვილი, სცენაზე ქმნიან სარდონიკული საუკუნის პრიორიტეტებს, მის ტემპო-რიტმს, განწყობას, „ღირებულებებს“. შავსამოსიანთა გუნდი, რომელიც სპექტაკლის დასაწყისიდან ფინალამდე მოყურადე, ავად მოთვალთვალე, მტაცებლურ ჯოგად წარმოგვიდგება, ფხიზლად ადევნებს თვალყურს ახალი დროის ფერიცვალებით დაბნეულ, ინტელექტუალური შრომით აღბეჭდილ, დაღლილ, იმედგაცრუებებით დათრგუნულ, უკვე ყოფილ ბატონს და ისევე როგორც ჯაყო, ისიც ყოველ წამს მზად არის  დაიკავოს ჯაყოს ადგილი, მაგრამ… ახალი ქაოტური დროების ენერგეტიკაზე მომართული, საუკუნის რჩეულად, გარემოს ერთპიროვნულ „ბატონ-პატრონად“ გადაქცეული ჯაყო, ქორივით დასტრიალებს თავს ხევისთავთა სამოსახლოს. ის ულვისებური სისწრაფით შემოენთება ხოლმე სცენაზე და მტაცებელ ფრთოსნებად გადაქცეულ პოტენციურ მეტოქეებს, შავ კაპიუშონებში შემალული სახეებიდან ქურდულად რომ აცეცებენ უძღებ თვალებს, აგრესიულად ერეკება ცხოვრებისეული ავანსცენიდან.

        

მარიამ ლომიძის მარგოს დამოკიდებულება ჯაყოსადმი მედიდურია. იგი ღიად გაურბის მის სიახლოვეს, ნაძალადევად ჩამორთმეულ ხელს ზიზღით იწმენდს, მისი გასვლის მერე ჰაერს ანიავებს, ირონიზირებს მასთან ურთიერთობის ყოველ წამს. თუმცა, მას შემდეგ, რაც ჯაყოს თათებში გამომწყვდეულმა, თეიმურაზის მხარს ჩაბღაუჭებითაც ვერ გააფხიზლა ცოლის ღირსების დამცველის მამაკაცური ინსტინქტი, თვითგადარჩენის მიზნით ბედს დამორჩილდა. ამიერიდან სპექტაკლის მიწურულამდე, იგი გულგრილად, ირონიითაც წარუდგება ნაქმრევს კეთილდღეობით ნაპატივებ, უბირი ჯაყოს აღზრდის, მოსალოდნელი დედობის ხიბლით ბრიყვულად მოიმედე ქალბატონად.

       

სპექტაკლი კარებზე კაკუნით იწყება და ფინალიც ასეთივე აგრესიული  კაკუნით მთავრდება. ჯოჯოხეთის ყველა წრის გავლის შემდეგ, ნაქმრევსა და ნაცოლებს ისევ ერთად შეყრის ბედისწერა ავანსცენაზე მდგარი მაგიდის საწოლსა თუ სამარეში. შელეწილ კარს მიღმა, მზაკვრული საზოგადოებისგან განრიდებულ ხევისთავთა და ყაფლანიშვილთა უკანასკნელ შთამომავლებს, კვლავ ერთად, სამარადისოდ გარინდულებს აფიქსირებს მომხვეჭელობის პარანოიდული ვნებით შეპყრობილთა ჯარი. მერკანტილური ფასეულობებისადმი ამ გულგრილი წყვილის სხეულზე კი, მათი ორეული თოჯინები, თუ სულები, გულწრფელად ზეიმობენ იმიერში ორი სახელოვანი ქართული გვარის მარადიულ შეწყვილებას.

     

შეუძლებელია არ აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ნიკა საბაშვილის მიერ შექმნილი, თითქმის თავისუფალ გააზრებად წარმოდგენილი ნამუშევარი, ოსტატურად წვდება დიდი მიხეილ ჯავახიშვილის მსოფლგანცდას, მის მეტაფორულ სახეებში მიმალულ უსაშველოდ დიდ სულიერ ტკივილს, ამ შეუდარებელი რომანის გულისგულს, რომელიც მარად არაპრაგმატული ინტელიგენციის მარად „წაუკითხავ“ ტრაგედიად დარჩება. სპექტაკლიდან არაერთი შთამბეჭდავი, ტკივილიანი მიზანსცენით, ხმაურთა რიგითა თუ მსახიობთა გამომსახველობითი ხერხებით, გამოიკვეთა ჰუმანიზმის დროშით მანიპულირებადი ის წლები და განწყობა, ქართული სამეფო სახლის დამხობის შემდეგ, სხვადასხვა ფორმითა და მოტივით სასაკლაოზე რომ გარეკა, სისხლიანი კალო მოუწყო ერის რჩეულთ.

 

 

1. ლ. ჩხარტიშვილი, ფრთხილად, კიდევ აბრახუნებენ,  https://www.theatrelife.ge/frtxiladkidev

2. იქვე.

bottom of page