top of page

„ჯოჯოხეთი გაუქმდა  და ადამიანთა სამყაროში გადმოინაცვლა“

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

სადაა სამოთხე და სადაა ჯოჯოხეთი

მაკა (მარინე) ვასაძე

„ჯოჯოხეთი გაუქმდა  და ადამიანთა სამყაროში გადმოინაცვლა“

წარმოშობით უკრაინელი ნიკოლაი გოგოლის შემოქმედება რუსულ მწერლობასა თუ ზოგადად კულტურაში განსაკუთრებულია. განსაკუთრებულია, იმიტომ რომ მისი პროზაული თუ დრამატურგიული ნაწარმოებები არავისას ჰგავს, ორიგინალურია, მისეულია; ერთდროულად ფანტასმაგორიული, ფეერიული, რეალისტური, იუმორისტული, ზოგჯერ სარკასტული, ხანდახან აბსურდული, ყოველ დროსა და ეპოქაში თანამედროვე. გოგოლი რუსული ყოფისა თუ რუსული მენტალიტეტის სკრუპულოზური სიზუსტით ამსახველ-აღმწერია, მაგრამ იმავდროულად მის ნაწარმოებებში არსებული მოვლენები, ამბები, ადამიანთა ტიპები - მათი ხასიათი, შინაგანი ბუნება, ქმედებები, ნებისმიერი ქვეყანასა თუ საზოგადოებას შეიძლება მივუსადაგოთ,  ამიტომაცაა იგი გენიალურ კლასიკოსად აღიარებული და მე- 19 საუკუნიდან მოყოლებული დღემდე, ასე ხშირად იდგმება მსოფლიო თეატრებში, სხვადასხვა მიმართულების სათეატრო ფიცარნაგებზე, განსხვავებული მხატვრული ხერხებითა თუ ფორმებით.

თანამედროვე ქართული თეატრის ისტორიის განმავლობაში (დაწყებული მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან დღემდე), არაერთი საინტერესო დადგმა განხორციელდა გოგოლის დრამატურგიული თუ პროზაული ნაწარმოებების მიხედვით. ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს, ამიტომ მხოლოდ ბოლო წლების რამდენიმე მათგანს დავასახელებ: ლევან წულაძის „შეშლილის წერილები“ მარჯანიშვილის თეატრისა და მილია რომანო თეატრო ფონდაზიონე (იტალია) კოპროდუქცია 2014 წელს, ავთო ვარსიმაშვილის „რევიზორი“ (მირიან შველიძის მაღალმხატვრული, კონცეპტუალური სცენოგრაფიით) 2015 წელს თბილისის გრიბოედოვის თეატრში, კოკო როინიშვილის „შინელი“ მარჯანიშვილის თეატრში 2019 წელს. ეს ის სპექტაკლებია, რომლებმაც დადგმის მხატვრული გადაწყვეტით, ფორმით, ნაწარმოების სარეჟისორო ინტერპრეტაციებითა თუ კონცეფციებით იყო გამორჩეული და პირადად ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეს.

1836 წელს გამოქვეყნებული „ცხვირი“, იმთავითვე იქცა კრიტიკის საგნად, რა თქმა უნდა, არც სახელმწიფო მოხელეებს მოსწონდათ საკუთარი თავების ამოცნობა პერსონაჟებში და, ალბათ, არც იმ პერიოდის მკითხველ-საზოგადოებას. ასეა თუ ისე, ალექსანდრ პუშკინის ჟურნალ „სოვრემენნიკში“ დაბეჭდილ მოთხრობას ავტორი რამდენჯერმე მიუბრუნდა და გადააკეთა, როგორც ცალკეული სცენები, მოვლენები, ეპიზოდები, ასევე, ფინალი.   

 საქართველოში 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ განვითარებულ პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენებს, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლების მწვავე რეაქცია მოჰყვა. მას შემდეგ, რაც  საპროტესტო აქციებზე სამთავრობო პოლიციური ძალები სასტიკად გაუსწორდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს და 50 ახალგაზრდა აბსურდული ბრალდებებით დააპატიმრეს, მათ შორის მსახიობები -ანდრო ჭიჭინაძე და ვეფხია კასრაძე, სათეატრო მოღვაწეთა უმრავლესობა გაიფიცა. 100 დღიანი გაფიცვის შემდეგ თეატრებმა გადაწყვიტეს პროტესტის ფორმა შეეცვალათ. შემოქმედები დაბრუნდნენ სათეატრო ფიცარნაგებს (შენობებსა თუ ქუჩებში) და საშემსრულებლო ხელოვნების მრავალფეროვანი, მრავალმხრივი ფორმებით გამოხატავენ თავიანთ სათქმელს ქვეყანაში (მსოფლიოში) არსებულ პოლიტიკურ-სოციალურ პრობლემებზე, მაყურებელთან (საზოგადოებასთან, მოქალაქეებთან) აქტიურ, ქმედით კომუნიკაციას ამყარებენ.

თეატრი სახელოსნო 42-ში პრემიერა 2025 წლის მარტის ბოლოს შედგა. გოგოლის „ცხვირი“ ლევან წულაძემ მეორედ გაასცენურა. პირველად თავის თანამოაზრეებთან ერთად დაარსებულ - თეატრალურ სარდაფში რუსთაველზე დადგა, მეორედ კი, ისევ თავისსავე შექმნილ - თეატრი სახელოსნო 42-ში. საინტერესოა, რატომ მიუბრუნდა რეჟისორი გოგოლის ამ მართლაც გენიალურ მოთხრობას მეორეჯერ. ვფიქრობ, უპირველეს ყოვლისა, ეს განაპირობა  მე-20 - 21-ე საუკუნეების მიჯნაზე და 21-ე საუკუნის 20-იან წლებში, ანუ დღეს, ჩვენს  ქვეყანაში განვითარებულ მოვლენათა მსგავსებამ. მაშინაც და დღესაც, საქართველო ისტორიულ-პოლიტიკურ-სოციალური თვალსაზრისით ე. წ. „გარდამავალი ეპოქის“ რყევებს განიცდიდა და განიცდის. საუკუნის დასაწყისში, კორუფციის ჭაობში ჩაძირული, სოციალურად აბსოლუტურად დაუცველი ქვეყანა ან უფსკრულისკენ უნდა წასულიყო, ან ძირეული ცვლილებებით ცივილურ, განვითარებულ ქვეყანათა რიგს შეერთებოდა. „ვარდების რევოლუციამ“ ცოტა ხნით ქვეყანა პროგრესული განვითარებისკენ შემოატრიალა. სამწუხაროდ, მმართველმა ძალამ ვერ შეძლო დემოკრატიული კურსის შენარჩუნება და საკუთარ ქვეყანაში ტერორი დაამყარა. ხალხის ნებით, არჩევნების გზით ქვეყნის სათავეში „ქართული ოცნება“ მოვიდა და ხალხს „ნათელ მომავალს“ დაჰპირდა. ამ ძალამაც ვერ გაუძლო მმართველებისთვის დამახასიათებელ ცდუნებას, მთავრობა ისევ ძალისმიერი გზით, ტერორით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას  და ავტოკრატიის დამყარებას ლამობს.  დღეს, ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, გარდამტეხი მოვლენები ვითარდება. დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხი, ისევ ისე მწვავედ დგას, როგორადაც ეს მეოცე საუკუნის 20-იან წლებში იყო, როდესაც 4 წლიანი დამოუკიდებლობა (1918-1921) დავკარგეთ. გარე მტერი, მაშინაც და ახლაც, იმპერიალისტი, ოკუპანტი რუსეთია, ხოლო შიდა მტრებს - გამყიდველებს და მოღალატეებს, კონფორმისტებს და ფარისევლებს - რა გამოულევს საქართველოს?!

მეორე მიზეზი, ვფიქრობ, გოგოლის მოთხრობის მაღალმახატვრულად, ფეერიულად და სარკასტულად გადმოცემული ამბავი და იდეაა. ავტოკრატიული მმართველობის  პირობებში ადამიანის გაუპიროვნება, სულიერი გამოშიგვნა, „ცარიელ ადგილად“ ქცევა, ზღვარგადასული კორუფციონიზმი, ყეყეჩ მოხელეთა, ე. წ. „ჩინოვნიკთა“ გაპარპაშება, საზოგადოების გარდაქმნა „ღორების კოლტად“ ქცეულ მასად,  ყველაფრის გაღება კარიერულ საფეხურზე დასაწინაურებლად, ცხოვრება დაცლილი სიყვარულისგან, თანალმობისგან, მეგობრობისგან... ორი საუკუნის წინ შექმნილი „ცხვირის“ პრობლემატიკა, რა თქმა უნდა, დღესაც, ამ, შეიძლება ითქვას, შეშლილ სამყაროში, ძალიან აქტუალურია.

ლევან წულაძის ინსცენირებით, გოგოლის სატირულ-აბსურდული მოთხრობა ტრაგი-სატირულ ფიაბად იქცა. რეჟისორმა ფიცარნაგზე გასათამაშებელი ამბისთვის სამოედნო-სახალხო თეატრის ბუფონადური ხერხები გამოიყენა და შემოქმედებით ჯგუფთან ერთად თანამედროვეობის კომიკურ-დრამატული ყოფა ასახა. მოთხრობაში ზოგიერთ პერსონაჟს კუთვნილებითი სახელი აქვს, ფანტასმაგორიული ამბავი სახელმწიფო მოხელის კოლეგიის ასესორის (მაიორის ჩინს გათანაბრებული) კოვალიოვის დაკარგული ცხვირის გარშემო ვითარდება, მწერალი სხვადასხვა ფენის წარმომადგენელთა ტიპებს ხატოვნად ძერწავს, იქნება ეს ლოთი დალაქი ივან იაკოვლევიჩი, მისი მეუღლე რუსის უხეში დედაკაცი (Баба) პრასკოვია ოსიპოვნა, ობერპოლიცმეისტერი, ჟურნალისტები, ექიმი, მეეტლე, მათხოვრები და სხვ.

ლევან წულაძემ სასცენო ტექსტის შექმნისას მოთხრობის მხოლოდ ფაბულა გამოიყენა, მაგრამ რაც მთავარია, გოგოლის ნაწარმოების მხატვრული სტილი შეინარჩუნა: ფეერიულობა, კარნავალურობა, გროტესკულობა, დრამატული ამბის კომიკურად გადმოცემა. დადგმაში პერსონაჟები უსახელოები არიან, რეჟისორმა თითოეული მათგანის კრებსითი სახე შექმნა. ინსცენირებისას ტექსტი დაამონტაჟა, ზოგიერთი ეპიზოდი ამოაგდო (მაგალითად პირველი, დალაქის და მისი ცოლის დილა, როდესაც დალაქი გამომცხვარ პურში კოვალიოვის ცხვირს აღმოაჩენს), ზოგი ჩაამატა ან გადააკეთა, კოვალიოვის თაყვანისმცემელ ქალთა კოჰორტა შექმნა, მათხოვრები შექსპირის „მაკბეთის“ კუდიანების მსგავს სამეულად აქცია, ზოგი პერსონაჟი ამოაგდო, ზოგი გადაასხვაფერა, მსახიობთა სამეტყველო ტექსტი, დიალოგები გაათანამედროვა, ზოგი რამ ამოაგდო, ზოგიც ჩაამატა.

არ ვიცი რამდენად სწორია, მაგრამ უახლეს ქართულ თეატრში, რეჟისორები თავად არიან სპექტაკლის გარემოს, სცენოგრაფიის შემქმნელები. რამ განაპირობა ეს მოვლენა ამაზე პასუხი არაერთგვაროვანია. ლევან წულაძეც ხშირად, უფრო სწორად,  ბოლო წლებია თითქმის ყოველთვის, საკუთარი (და, არა მარტო საკუთარი, სხვებისაც) სპექტაკლების სცენოგრაფიას თავადვე ქმნის ხოლმე. ამჯერადაც „ცხვირის“ სათამაშო გარემოც რეჟისორმა შექმნა - უპრეტენზიო, მარტივი, მაგრამ კონცეპტუალური. სცენაზე ერთი დიდი ნაგვის ურნა დგას და შავი კონსტრუქცია ორი კარით. სწორედ ეს ორი კარი ე. წ. ზღვარია სახელმწიფო მოხელეთა („ჩინოვნიკთა“) და უბრალო მოკვდავთა შორის, კარებში შესვლა-გამოსვლას „დამსახურება“ სჭირდება, უბრალო მოკვდავთათვის დახშულია. რეჟისორმა სანაგვე ურნას  და კარებებს ფუნქციური და ასევე რიტმულ-პლასტიკური დატვირთვა მიანიჭა. სწორედ სანაგვე ურნიდან ამოძვრება ნიკა კუჭავას სახელმწიფო მოხელის ძილში დაკარგული ცხვირი - ნიკა ხრიკული. მსახიობი პლასტიკური მოძრაობებით (ქორეოგრაფი თინათინ წულაძე), სხეულის ენით გადმოსცემს სანაგვიდან  ადამიანის   „დაბადებას“, თანდათანობით აღზევებას, სხვისი საკუთრების მითვისებას - ჯერ ტანსაცმლის, მერე ფეხსაცმლის და ბოლოს თანამდებობის. მანამდე კი ნიკა კუჭავას პერსონაჟის - სახელმწიფო მოხელის - ე. წ. „დეფილე“ გათამაშდება. აქვე აღვნიშნავ, რომ ლევან წულაძემ სპექტაკლში განვითარებული მოვლენები რამდენიმე ეტიუდად-ეპიზოდად წარმოაჩინა და ერთ მთლიან სტრუქტურად შეკრა. მაშ ასე, ალე ჰოპ, და მხიარულ-მაჟორული მუსიკალური თანხლებით სცენაზე ნიკა კუჭავას „ჩინოვნიკი“, რესპექტაბელურ კოსტიუმში გამოწყობილი (კოსტიუმების მხატვარი ნინო სურგულაძე), ანკა ვასაძის, ანუკა გრიგოლიას და თეონა ქოქრაშვილის - მოლაქლაქე, მოყიჟინე, აჟიტირებული ლამაზმანების ტრიოთი გარემოცული, შემოქროლდება სცენაზე. ნიკა კუჭავას სახეზე თვითკმაყოფილი ყეყეჩის გამომეტყველებაა ასახული. ცხოვრებით ბედნიერ „სახელმწიფო მოხელეს“ სხვები - მათხოვრები, უქონელნი არ ადარდებს, მთავარია თავად იყოს კარგად. მაგრამ, ქალებით განებივრებულ „ჩინოვნიკს“ ბედისწერა უკუღმა დაუტრიალდება. აი აქ, ლევან წულაძეს კუდიანთა ტრიო შემოჰყავს, რომლებსაც სამსახიობო ოსტატობით განასახიერებენ - ბაია დვალიშვილი, დუტა სხირტლაძე და მანანა კოზაკოვა. სწორედ მსახიობ-პერსონაჟთა სამეული ქმნის სპექტაკლის კარნავალურ-ფეერიულ ფორმა-განწყობას. კუდიანთა ტრიო თითქმის სულ სცენაზეა და ნიკა კუჭავას სახელმწიფო მოხელის ბედ-იღბლის განკარგავენ. სწორედ ეს კუდიანები გარდაიქმნებიან, ხან ექიმად (მანანა კოზაკოვა), როდესაც ცხვირდაკარგული ჩინოვნიკი ცხვირის უკან მიკერებას ცდილობს, ხან ჟურნალისტად (ბაია დვალიშვილი), რომელსაც შემოსავლის გულისთვის ჟურნალისტთა ეთიკის ნორმები არად ადარდებს, ან, კიდევ მოლაპარაკე, ბრძენი ძაღლი (დუტა სხირტლაძე) რომელიც ახალგაზრდობაში პატრონებს გამოექცა, ვინაიდან უაზრო ბრძანებების

ასრულებას აიძულებდნენ, მან კი თავისუფლება ამჯობინა, მაგრამ ახლა დაბერდა და ისევ ოცნებობს „მონობაზე“ - თბილ საჭმელსა და სახლზე, აკი როგორც თავად ეუბნება კუჭავას პერსონაჟს: ციცერონი ამბობს, რომ მონა არ ოცნებობს თავისუფლებაზე, ის საკუთარ მონებზე ოცნებობსო.

ლევან წულაძემ სპექტაკლში მოთხრობაში არ არსებული ეპიზოდი-მოვლენაც დაამატა - ნიკა კუჭავას პერსონაჟის და ანკა ვასაძის - რომანტიკული ურთიერთობა. ვფიქრობ, ეს რეჟისორს სახელმწიფო მოხელის არარაობაზე ხაზგასასმელად დასჭირდა. ანკა ვასაძის ლამაზი, სათნო არსება ნიკა კუჭავას ჩინოვნიკს ნამდვილ სიყვარულს და ოჯახურ კერას სთავაზობს და მის კითხვაზე - ახლა, როდესაც უქონელი ვარ? უპასუხებს, რომ ცხოვრებაში მატერიალურ კეთილდღეობაზე მთავარი სიყვარულია. კუჭავს პერსონაჟს ეს არ ესმის, მისთვის გაუგებარია როგორ შეიძლება საფასურის გადახდის გარეშე ვინმე შეგიყვარდეს. ამიტომაც, როდესაც დარწმუნდება თუ რამდენად მაღლა დგას მასზე ანკა ვასაძის ახალგაზრდა გოგონა, დასამცირებლად მასზე იძალადებს.

ონისე ონიანი სახელმწიფო მოხელის ყოფილი მოსამსახურე, დამახასიათებელი ჟესტიკულაციით, პლასტიკით ქმნის სულით ბოგანოს ტიპაჟს, რომელიც არარაობიდან აღზევდება და მაღალ თანამდებობასაც იკავებს. გამოუვალ მდგომარეობაში მყოფ, გაღატაკებულ, არაფრის მქონე ყოფილ უფროსს თხოვნაზე დაეხმაროს - პატარაზე მაინც შეაყოფინოს თავი კარში (რომელიც სიმბოლურად სახელმწიფოებრივ აპარატში შესასვლელია) და მერე მე ვიციო, უარს ეუბნება. კარგად ახსოვს როგორ ექცეოდა, როცა ის იყო ღატაკი და ახლა სამაგიეროს უხდის - შენ ხომ არ დამეხმარებოდიო!

ლევან წულაძის კუდიანები გაოცებულები არიან ადამიანთა ერთმანეთისადმი არსიყვარულით, უპატივცემულობით, ზღვარგადასული სიბოროტით. დასაწყისშივე როდესაც „ჩინოვნიკი“ ცხვირდაკარგული იღვიძებს და ღმერთს საყვედურს ეუბნება, რა დაგიშავე, ასე რატომ დამსაჯეო, ბაია დვალიშვილის კუდიანი ეუბნება - აბა კარგად დაფიქრდი, იქნებ რაიმე  ჩაიდინე ან აზრები გქონდა ისეთი რისთვისაც ისჯებიო. რაზედაც კუჭავას პერსონაჟი გულწრფელად გაოცებული უპასუხებს: სახელმწიფო მოხელეს საკუთარი აზრი მქონდა? რას ამბობთ, საიდან მოხვედით ქალბატონო, რას მაბრალებთ? -  ღმერთმა დამიფაროს! მე მხოლოდ ჩემი უფროსების პრინციპებით ვცხოვრობდი. მანანა კოზაკოვას კუდიანის კითხვაზე ქრთამს ხომ არ იღებდიო? გულწრფელად ამბობს, რომ არასდროს არ აუღია იმაზე მეტი, რასაც მისი რანგის ჩინოვნიკები იღებდნენ, ხოლო უფროსებთან, რაც მიღებულია, იმაზე მეტიც კი მიჰქონდა ხოლმე, საკუთარი ჯიბიდან ამატებდა. მოკლედ კუდიანები გაოცებულები არიან, რად იქცნენ ადამიანები, აკი დუტა სხირტლაძის კუდიანი ამბობს კიდეც - ჯოჯოხეთი გაუქმდა და ადამიანთა სამყაროში გადმოინაცვლაო (ჩემდა უნებურად ქრისტოფერ მარლოს „ფაუსტი“ გამახსენდა, ფაუსტმა აღმოაჩინა, რომ ჯოჯოხეთი კონკრეტული ადგილი კი არა, სულიერი მდგომარეობაა, რომელსაც ტანჯული სული ვერსად გაექცევა. მას საზღვრები არ აქვს: სადაც ჩვენ ვართ, იქ ჯოჯოხეთია -  ეუბნება ფაუსტს მეფისტოფელი.).

ლევან წულაძე სპექტაკლში გამოსახავს სამყაროს სადაც ყოველგვარი ადამიანური გამქრალია, საერთოდ ადამიანები ცარიელ, უპიროვნო არსებებად იქცნენ. ფინალში ნიკა ხრიკულის გაქცეული ცხვირი, რომელსაც ახლა სახელმწიფო აპარატში ყველაზე მაღალი თანამდებობა უჭირავს თავის ყოფილ პატრონს სთავაზობს ყველაფრის დაბრუნებას, თუკი ის ხანდახან მისი ფეხების დასადები იქნება. სამაგიეროდ ყველაფერს დაიბრუნებს და იმ ლამაზ გოგონას ცოლად მოიყვანს. არ გამომყვებაო ამბობს მოხელე, თანამდებობას რომ დაიბრუნებ გამოგყვებაო. მცირე ჭოჭმანის შემდეგ კუჭავას ჩინოვნიკი თანხმდება ყოფილი ცხვირის ფეხის დასადებად იქცეს! გათამაშდება ეტიუდი მოხელისა და მისგან შეურაცხყოფილი გოგონას ქორწინების - ანკა ვასაძის ტიპაჟს თეთრი საქორწინო ვუალის ნაცვლად შავს ჩამოაფარებენ.

ფინალური ეპიზოდი საოცრად დრამატულია, კუდიანები დედამიწაზე ეშმაკის ბოლო ვიზიტზე გვიყვებიან. ადამიანთა ვერაგობით გაოგნებული ეშმაკი ძალიან დადარდიანებულა, ამათ სიბოროტეში ჯოჯოხეთს გაასწრესო. კუდიანებისაგან შეთავაზებულ სპირტს გადახუხავს, ერთხელ, მეორეჯერ, მესამეს შემდეგ გულში დაგუბებულ ტკივილს აღმოთქვამს: „რა დაგემართათ ადამიანებო, ასე როგორ გაირყვენით, ასე როგორ დახელოვნდით ყველაფერ იმაში რასაც წესით მე უნდა გასწავლიდეთ... ჩემი საქმეა კეთილს და ბოროტს შორის ბალანსი დავიცვა, მაგრამ ეს ბალანსი კარგა ხანია უკვე დარღვეულია. ჯოჯოხეთში ყველაფერი სინდისის ქენჯნაზეა აგებული, სინანულზე  და აბა რომელ სინდისზე და სინანულზე შეიძლება ლაპარაკი დღეს. ვიღა ნანობს რამეს, ვიღას ქენჯნის სინდისი?! ჯოჯოხეთი გაუქმდა  და ადამიანთა სამყაროში გადმოინაცვლა. ეშმას მეტი აღარაფერი უთქვამს, კიდევ ერთხელ დალია და გაჩუმდა. გამთენიისას გაქრა“.

ლევან წულაძის „ცხვირი“ თანამედროვე ადამიანთა ყოფის ტრაგი-კომიკური ასახვაა. რეჟისორმა ზუსტად მიაგნო გოგოლის ნაწარმოების სცენაზე გადმოტანის ფორმას. მან იგავურ-გროტესკულ-ბუფონადური ქმედითი თხრობის ხერხი გამოიყენა. მსახიობები სამოედნო-სახალხო, კარნავალური სანახაობების ტიპაჟებს ქმნიან. ისინი ერთდროულად გროტესკულები, დრამატულები, სასაცილოები, ამაზრზენები, საბრალოები არიან. რად იქცა ადამიანი, რად იქცა საზოგადოება, რა ფასეულობებით ვცხოვრობთ დღეს ადამიანები, საერთოდ გაგვაჩნია კი ფასეულობები?! „მომეცით მასობრივი ინფორმაციის წყაროები და ნებისმიერ ერს ღორების კოლტად ვაქცევ“ - იოზეფ გებელსის ამ გამონათქვამის პერიფრაზს აკეთებს ბაია დვალიშვილის კუდიანი-ჟურნალისტი, როდესაც ნიკა კუჭავას პერსონაჟი ეუბნება, რომ მას სურს სიმართლემ იზეიმოს.

„გაუყალბე ადამიანებს ისტორია და ერთი თაობის შემდეგ მათგან მივიღებთ ბრბოს, ხოლო კიდევ ერთი თაობის შემდეგ მათი მანიპულირება ნახირის მართვაზე მარტივი გახდება“ - ეს გამონათქვამიც იოზეფ გებელსს ეკუთვნის.

იმედია, ამას ვერ შეძლებენ „ძლიერნი ამა ქვეყნისანი“ და ჩვენ ადამიანები, ჩვენ საზოგადოება ადვილად მანიპულირებად ნახირად არ ვიქცევით.

და, ბოლოს, „ცხვირი“ ბოლო პერიოდის ქართულ სცენაზე დადგმული ერთ-ერთი საუკეთესო სპექტაკლია - შინაარსით, იდეით, გამოხატვის ფორმით, სამსახიობო ნამუშევრებით, სცენოგრაფიით, კოსტიუმებით, მუსიკალური გაფორმებით.

bottom of page