სხვის ომში...

სხვის ომში...

 

ლაშა ჩხარტიშვილი

 

თბილისის საერთშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში თეატრ „ანისიოსის“ ორიგინალური, მეტაფორებით დატვირთული წარმოდგენა „ჯონს იარაღი მისცეს“ ვნახეთ. დელტონ ტრამბოს ნაწარმოების მიხედვით რეჟისორ თალია მატიკას მიერ დადგმულ მონოსპექტაკლში ერთადერთ როლს ტასოს იორდანიდისი ასრულებდა. მცირე და მოკრძალებული ისტორიის მანაძილზე თეატრმა (შეიქმნა 2012 წელს) არაერთი ამბიციური პროექტი განახორციელა. 7 წლიანი ისტორიის მანძილზე დასმა მსოფლიო ლიტერატურის შდევრების სცენური ინტერპრეტაციები განახორციელა. XX საუკუნის ცნობილი ამერიკელი ნოველისტის დელტონ ტრამბოს „ჯონის იარაღი მისცეს“ პირველ მსოფლიო ომის მსხვერპლის ჯო ბონემის ისტორიას მოგვითხრობს.

 

მარჯანიშვილის თეატრის სხვენში, კამერულ დარბაზში მისულ მაყურებელს სცენაზე ბერძნული ანტიკური ეპოქის სტილის რელიეფური ქანდაკება დახვდა. სინამდვილეში ეს ათლეტური აღნაგობის კაცი მსახიობი ტასოს იორდანიდისია, რომელიც სინამდვილეში საწოლს მიჯაჭვულ დაჭრილი ამერიკელი ჯარისკაცს განასახიერებდა. მსახიობმა 60 წუთის განმავლობაში სტატიკურ მდგომარეობაში მყოფმა მოახერხა მაყურებელი ბევრ რამეზე დაეფიქრებინა, მისი თანაზიარი გაეხადა და ინტერესით ესმინა მისი მონოლოგისთვის, რომელიც სიბრალულთან ერთად, ბრაზსაც იწვევს იმ აბსურდულობის გამო, რა შედეგსაც ომი, მეატრდრე როცა სხვის ომში იბრძვი, ტოვებს. 

 

სპექტაკლი ომში დასახიჩრებულ ადამიანზე მოგვითხრობს, რომელსაც ოთხივე კიდური მოკვეთილი აქვს, აღარც თვალები აქვს... მაგრამ არ დაუკარგავს აზროვნება და საწოლზე მიჯაჭვული მოგონებებით ცხოვრობს. ის საკუთარი დაუძლურებული სხეულის მონობაშია და ცდილობს მას მისი მოკვდინებით ექიმები დაეხმარონ, რაზეც ის უარს მიიღებს და კიდევ უფრო ტრაგიკული და უიმედო ხდება მისი „ცხოვრება“. ამიტომაც ის იქცა ქანდაკებად. სცენაზე ტეთრ ტილოზე გამოსახულ მსახიობის კიდურების ნაწილს ვხედავთ, ერთ ფეხს და მხოლოდ ტორსს. გმირი სიმბოლურად საქართველოსაც მოგაგონებდათ, რომლის გარკვეული პროცენტი ოკუპირებულია ომის შედეგად, მაგრამ გონება ცოცხლობს და საღია. ამ ასოციაციას არაფერი საერთო აქვს სპექტაკლთან, მაგრამ მასში დასმული პრობლემა იმდენად გლობალურია, რომ, სამწუხაროდ, არასდროს კარგავს აქტუალობას. 

 

გმირის შინაგან და ფიზიკურ მდგომარეობას პირდაპირ და მეტაფორულად გამოხატავს რეჟისორი ვიზუალურად. ჯანსაღი სულისა და ოდესღაც ჯანსაღი სხეულის პატრონი, ახლა უკვე დასახიჩრებულია და მაყურებელი გმირის მხოლოდ ტორსს ხედავს, რომელიც დაუძლურებულია ფიზიკურად და სულიერადაც კი.

 

სპექტაკლში ერთი უცვლელი და სტატიკური მიზანსცენაა, საკუთარი სხეულის მონობაში გამომწყვდეული გმირი, რომელიც იხსენებს ბედნიერ წარსულს და ებრძვის ბედისწერას, რომელმაც ის ამ დღეში ჩააგდო. გმირიც და მსახიობიც ერთ შემოსაზღვრულ სივრცეში მოექცნენ, რომელთაც არ აქვთ თავისუფლება, მაგრამ ისინი მოიპოვებენ მას. მოპოვებული თავისუფლება მეტაფორულია და ეს ორიგინალურად რეჟისორმა თალია მატიკამ, როცა პროექციის საშუალებით თავისუფალად მოფრენალი ჩიტების გუნდი გვიჩვენა, რომელსაც სიმბოლურად უერთდება ტასოს იორდანისის გმირი. ეს სცენა თავისუფლების მოპოვების, აღმაფრენის სიმბოლოდ იკითხება. თუმცა ფინალურ სცენაში, მეგონა, რომ მსახიობი შიშველი წარდგებოდა ჩვენ წინ და სიშიშვლის მეტაფორა ერთდროულად გამოხატავდა პროტესტსაც და თავისუფლებასაც, მაგრამ სპექტაკლის ავტორებმა სხვა გზა აირჩიეს და უფრო პრაგმატული ფინალი შემოგვთავაზეს, რომელიც მეტად გვაახლოებს რეალობასთან და გვიჭრის გზას ოცნებებისკენ. 

ტასოს იორდანისის ურთულესი ამოცანის გადაჭრა ხვდა წილად. სტატიკურ წარმოდგენაში, რომელშიც ფაქტობრივად მხოლოდ ერთი მიზანსცენა გვხვდება, მსახიობს შემოაქვს ფერები და გამომსახველობითი საშუალებების ფართო პალიტრა. ის გვიჩვენებს შეყვარებულ, საკუთარ თავზე გამარჯვებულ კაცს, რომელიც მსხვერპლია სხვისი ომის. ყველაზე მნიშვნელოვანი შეტყობინებაც ამ სპექტაკლში - სხვისი ომია, რომელშიც დამარცხებული და დაზარალებულია ყველა. მსახიობის ოსტატობა იმაშიც ვლინდება, რომ იგი სრულყოფილად ფლობს სხეულს და მას გარკვეულ, შემოსაზღვრულ სიტუაციაში აყენებს, რომელიც მისი მხრიდან დიდი ნებისყოფის უნარს მოითხოვს.

 

„ჯონს იარაღი ეჭირა“ ვიზუალურად ფერწერული სპექტაკლია, ერთგვარი ხელოვნების ნიმუში (დიზაინერი ილენია დოულადირი). ანტიკური რელიეფური ქანდაკება, რომელიც ჩვენს თვალწინ ცოცხლდება კავკასიონის ქედზე მიჯაჭვულ პრომეთესაც ჰგავს, რომელიც მწარედ იტანჯება.

 

ნაწარმოების შექმნიდან კაცობრიობამ მეორე მსოფლიო ომი გამოიარა. ახლაც, დედამიწაზე ერთმანეთის პარალელურად რამდენიმე ომი მიმდინარეობს, ჯო ბონემის პროტოტიპები კვლავაც მრავლად არიან მიჯაჭვული საწოლზე... სპექტაკლი კი გვახსენებს რა შედეგი მოაქვს ომს, მეტ ადრე, როცა სხვის ომში ხდები ჩართული და დაზარალებულიც.