top of page

ყაჩაღთა არმია ტირანიის წინააღმდეგ

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

589544804_1281020314054996_9110400397369560094_n.jpg

19.12.2025

ლაშა ჩხარტიშვილი

ყაჩაღთა არმია ტირანიის წინააღმდეგ

 

ფრიდრიხ შილერის „ყაჩაღები“ ქართული თეატრის ისტორიაში საკულტო ნაწარმოებად ითვლება. სანდრო ახმეტელის მიერ რუსთაველის თეატრში (1933) დადგმული სპექტაკლის შემდეგ, არავის გაუბედავს მისი ხელმეორედ დადგმა, ახალგაზრდა რეჟისორმა საბა ასლამაზიშვილმა კი გაბედა და „ყაჩაღების“ მისეული ვერსია შემოგვთავაზა. ამ დადგმაში ყველაზე კარგად გამოვლინდა ყველა ის ტენდენცია, რასაც უახლეს ქართულ თეატრში სისტემატურად ვაწყდებით ახალი თაობის რეჟისორთა ნამუშევრებში.

 

საბა ასლამაზიშვილს არ აკლია სითამამე (ეს თვისება მომწონს კიდეც მასში), სირთულეების არ ეშინია, არც წინააღმდეგობებს უფრთხის, მასშტაბურ სცენებსაც არ ერიდება და რაც მთავარია, არ ჩერდება, მუდმივად მოძრაობაშია. მას უკვე ჰყავს თავისი გუნდი, ვისთანაც აქტიურად თანამშრომლობს: მთარგმნელი მანანა ანთაძე, მხატვარი გიორგი უსტიაშვილი, კომპოზიტორი კონსტანტინე ეჯიბაშვილი და ქორეოგრაფი კოტე ფურცელაძე. მარჯანიშვილის თეატრში „ყაჩაღებზე“ სწორედ ამ გუნდმა იმუშავა. 

 

რომ გითხრათ, საბა ასლამაზიშვილმა რაიმე განსაკუთრებული „ჩაიდინა“, რაც აქამდე არ „ჩაუდენია“-თქო, მოგატყუებთ. მაგალითად, ხუთ მოქმედებიანი დრამა ერთ მოქმედებიან შოუდ აქცია, რაშიც გამოცდილი და აღიარებული მთარგმნელი მანანა ანთაძე „მიეხმარა“ და შედეგად მივიღეთ მოკლე, ადაპტირებული სიუჟეტი შილერის „ყაჩაღების“ მოტივებზე. სცენიდან არ ისმის არქაული და მოჩუქურთმებული ფრაზები. მონოლოგები და დიალოგები ისეთ ლექსიკაზეა აწყობილი, რომ ოქროს შუალედს იჭერს დახვეწილ სალიტერატურო ენასა და ქმედით სიტყვას შორის, მაგრამ შილერისეული ამბებს და მოვლენებს გზადაგზა ერთი ფრაზით ვიგებთ. ამიტომ სულ დაძაბული უნდა იყო, რომ რამე არ გამოგრჩეს, თორემ თუ ჩამორჩი, სცენაზე გათამაშებულ-ჩავლილზე „დადევნება“ წარმოუდგენელია.  ტექსტის პირველწყაროსადმი (სიუჟეტისადმი) ასეთმა დამოკიდებულებამ გააჩინა გარკვეული სქემატურობა, როგორც სიუჟეტში, ისე პერსონაჟთა ხასიათებში. ვერ ვიტყვი, რომ საბა ასლამაზიშვილმა დაკარგა ამბავი (მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ეპიზოდები თუ პიესა წაკითხული არ გაქვს, რებუსებს გავს, უნდა გამოიცნო რა და რატომ ხდება), უბრალოდ მან სხარტად და ზედაპირულად მოგვიყვა ისტორია, რომელიც ძირითადად გასაგებია და ამ მოკლე დროში მოახერხა ისიც, რომ ეთქვა სათქმელი, გამოეხატა პოზიცია. თანამედროვე მაყურებელს არ მოეთხოვება და ვერ მოსთხოვ პიესის ცოდნას. ამიტომაც, მარჯანიშვილის თეატრში მისულ მაყურებელს იმის იმედი ნუ ექნება, რომ შილერის „ყაჩაღებს“ ნახავს. სამაგიეროდ, ნახავს შავ სანახაობას, რომელიც სარკესავით ირეკლავს დღევანდელობას.

 

საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლში, განსხვავებით შილერის „ყაჩაღებისგან“, ერთმანეთს კეთილი და ბნელი ძალები კი არ უპირისპირდებიან, არამედ კონფლიქტი ყალიბდება ბნელ ძალებს შორის, რომლებიც თანაბრად იბრძვიან ძალაუფლების და გავლენების ხელში ჩასაგდებად. თუ ერთ მხარეს მოხერხებული და ძალაუფლებაზე მეოცნებე ფრანცი (შაკო მირიანაშვილი) დგას, მეორე მხარეს მისი ძმა, ფრანცის ინტრიგების მსხვერპლი და „წაგებით“ გაბოროტებული კარლია (პაატა ინაური), რომელიც არანაკლები მოძალადე და თვითმპყრობელია, რომელიც ტირანიის წინააღმდეგ იბრძვის. ეს იდეა, რომელსაც საბა ასლამაზიშვილი თავის სპექტაკლში ავითარებს, ზედმიწევნით ახლოს დგას თანამედროვე გლობალურ და ლოკალურ ვითარებასთან. საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლში ერთი მხრივ, ასახულია მარადიული და მუდამ აქტუალური პრობლემები, მაგრამ მეორე მხრივ, სპექტაკლის კონცეფცია, სიუჟეტური ხაზი ლოკალურ პრობლემებსაც ეხმიანება და ასახვას მას, როგორც თანამედროვეობის ანარეკლს. დაპირისპირებული ძმები ბნელი ძალები არიან, ერთი ძალაუფლების ხელში ჩაგდების ჟინითაა შეპყრობილი, მეორე შურისძიებით, არადა სპექტაკლში გაკვრით, მაგრამ მაინც ჩანს, რომ მათი გონება, ერთ დროს, სიყვარულითა და სიკეთით იყო მოცული, მათი ბავშვობა იყო ნათელი და ლაღი.

 

სპექტაკლი ფრანცის - შაკო მირიანაშვილის ხანგრძლივი და ექსცენტრული მონოლოგით იწყება, სადაც ცხადდება პერსონაჟის მიზნები, რომელსაც ის მაყურებელს უზიარებს. ფრანცი საორკესტრო ორმოდან „იბადება“, რომელიც გარკვეულწილად მიწისქვეშეთად აღიქმება. სცენა სრულიად ცარიელია და შავ ყუთს მოგაგონებთ. ამ სიბნელეში მორიდებით ჩნდება თეთრ პერანგში გამოწყობილი შაკო მირიანაშვილის ფრანცი, რომელიც ვერ ვიტყვი რომ განსაკუთრებულია, ისეთია, როგორიც გვინახავს და ვიცით, მაგრამ მას „ხელში უჭირავს“ მარჯანიშვილის თეატრის მაყურებლით სავსე დარბაზი და ამავდროულად, მსახიობი ავსებს მარჯანიშვილის თეატრის ცარიელ და ჩაბნელებულ სივრცეს. სცენა-ეპიზოდი მოხუც მოორთან (ვალერი კორშია) პირდაპირ ანალოგიას ბადებს „მეფე ლირის“ გლოსტერის, ედმუნდისა და ედგარის სიუჟეტურ ხაზთან. აქაც მამა და უფროსი ძმა მსხვერპლია უმცროსი ფრანცის ინტრიგების. დიდებისკენ მიმავალ გზას ფრანცი მარტო, თანამოაზრეების გარეშე, ეტაპობრივად წმენდს და ასუფთავებს, გზიდან იშორებს ძმას, მამას და ნაწილობრივ აღწევს კიდეც დასახულ მიზანს (გარდა სიყვარულისა, ის უძლურია ამალიასთან), მაგრამ ფინალურ სცენაში ჩვენ ვუცქერთ იდენტობადაკარგული ფრანცის თვითლიკვიდაციას. შაკო მირიანაშვილი ცალსახად უარყოფით პერსონაჟს განასახიერებს, თუმცა მის მიმართ მაყურებელს უჩნდება თანაგრძნობა, რადგან ის მარტო დარჩა. მარტო კაცი კი საცოდავია.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ ფრანცი ჩადენილ ცოდვებს კი არ ინანიებს, არამედ ეგზისტენციალური დილემის წინაშე აღმოჩენილი, ვერ უმკლავდება მიღებულ რეალობას და ამიტომაც თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს.

 

მეორე მხარეს დგას ინტრიგების მსხვერპლი კარლ მოორი - პაატა ინაური, რომელიც შურისძიებამ აქცია „ყაჩაღად ტირანიის წინააღმდეგ“. ასეთი პარადოქსული ტიპაჟია პაატა ინაურის კარლი, თავის თანამოაზრეებთან და თანამზრახველებთან ერთად, რომლებიც უარს არ ამბობენ სისასტიკეზე, ძალადობაზე, მიუხედავად იმისა, რომ კარლს ეს არ სიამოვნებს და აპროტესტებს კიდეც, ის უარს არ (და არა ვერ) ამბობს მათთან კავშირის გაწყვეტაზე, უფრო მეტიც, ის აღიარებს, რომ მან გააბოროტა შპილბერგი (ბაჩო ჩაჩიბაია), რაცმანი (ჯაბა კილაძე), გრიმი (ირაკლი ჩხიკვაძე), როლერი (როლანდ ოქროპირიძე), შვარცი (ნოდარ ძოწენიძე). პიესის მიხედვით, აღნიშნული პერსონაჟები ხასიათებით განსხვავდებიან, თუმცა სპექტაკლში ეს არ ჩანს. ისინი კრებითად გამოხატავენ ყაჩაღებს, კარლის თანამოაზრეებს. მსახიობები ვერ ახერხებენ პერსონაჟთა ინდივიდუალიზმის, ხასიათების, თვითმყოფადობის გამოხატვას, ისინი არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, თუ არ ჩავთვლით შპილბერგს, რომელსაც ბაჩო ჩაჩიბაია ასრულებს. ეს პერსონაჟი მსახიობის შესრულების გამო კი არ არის გამოკვეთილი ყაჩაღთა ბანდისგან, არამედ სიუჟეტის დამსახურებით, ვინაიდან ის კარლის წინააღმდეგ ამბოხებულია. ესეც კიდევ ერთი ტენდენცია, როცა მსახიობი უახლესი ქართული თეატრის უმეტეს სპექტაკლებში პერსონაჟებს და ტიპაჟებს კი არ ქმნის, არამედ რეჟისორული სქემის შემსრულებელი და ერთგვარი გამტარია. იგივე ითქმის ამალიას როლის შემსრულებელზე - ანუკა გრიგოლიაზე. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი გვიჩვენებს ლამაზ, მგრძნობიარე, ტემპერამენტიან და ერთგულ ახალგაზრდა ქალს, მისი ხასიათი სპექტაკლში ბოლომდე არ არის გამოკვეთილი და ის სხვების მსგავსად, სქემატურ (ერთფეროვან) პერსონაჟად რჩება, რომელსაც არც აქვს საშუალება და მომენტი გმირის თვისებების წარმოსაჩენად.

 

ორიგინალურადაა გადაწყვეტილი სამოქმედო სივრცე - გიორგი უსტიაშვილმა შექმნა ე.წ შავი ყუთი, პირწმინდად გამოათავისუფლა სივრცე და სცენის ჯიბეები შავად შემოსა. მხატვარმა არენა სივრცის შესავსებად მსახიობებს დაუთმო. ამ შავ ფერში გადაწყვეტილ სპექტაკლში (პერსონაჟთა უმეტესობა ძირითადად შავი ფერის კოსტიუმებშია გამოწყობილი, გარკვეულ ეპიზოდებში ჩნდება თეთრი სამოსი) მოულოდნელად სცენაზე (მეორე ნაწილში, როცა ფრანცი და კარლი „წარმატებას“ აღწევენ) მონუმენტური რკინის კონსტრუქცია ჩნდება, რომელიც სასახლის ასოციაციას აღძრავს. ფრანცმაც და კარლმა დიდება მოიპოვეს, აქვთ ქონებაც, გავლენაც და კეთილდღეობაც, მაგრამ არ აქვთ მთავარი - სიყვარული და რაც მთავარია, მათ ეს იციან, რაც „გმირებში“ სასოწარკვეთას იწვევს. ისინი სიყვარულში მარცხდებიან. ეს ეპიზოდები ძალზედ ორიგინალურადაა გადაწყვეტილი და ამ მიზანსცენებში განსაკუთრებით კარგად ჩანს ქორეოგრაფ კოტე ფურცელაძის ხელწერა. შინაარსობრივად უხამსი ეპიზოდი (ბრუტალური სექსის სცენა ფრანცსა და ამალიას შორის) გადაწყვეტილია როგორც შემაძრწუნებელი ფაქტი და ფრანცის დამარცხების აქტი. მოძალადე ფრანცი შაკო მირიანაშვილი, რომელსაც კედელთან ჰყავს მიმწყვდეული ანუკა გრიგოლიას ამალია - შეშდება, შემდეგ წამიერად აცნობიერებს, რომ კატასტროფულად დამარცხდა და ნახევრად ყმუილით, უცნაური მოძრაობითა და ბუნდოვანი ფრაზებით ეცლება ამალიას და ფაქტობრივად, შერცხვენილ-დამარცხებული სცენიდან გადის.

 

სპექტაკლში ბევრი ეპიზოდია, რომელიც ასოციაციებს აღძრავს გარემო-სიტუაციებთან, რომელშიც ვცხოვრობთ. თუნდაც ეპიზოდი, როგორ ცდილობს შპილბერგი (ბაჩო ჩაჩიბაია) „კარლის კულტის“ დაგმობას და როგორ ემიჯნებიან მას დანარჩენი ყაჩაღები. საინტერესო მიგნებაა - „სეირის მაყურებლების“ ეპიზოდი, როცა ყაჩაღების ნაწილი პარტერში ჩამოდიან, მაყურებელს შეუერთდებიან და სცენაზე დატრიალებულ ამბებს ცნობისმოყვარეობით აკვირდებიან. ძმათა კონფლიქტში ჩვენს გარშემოც ბევრია გულშემატკივართა ნიღაბს ამოფარებული ჩასაფრებული მოსეირეები.

 

ლამაზი, დახვეწილი, რომანტიკული და შინაარსობრივად დახუნძლული სცენაა ამალიასა და კარლის შეხვედრა, რომელიც მთლიანად პლასტიკაშია გადაწყვეტილი. ასოციაციურად ეს მიზანსცენა განწყობით პინა ბაუშის „კაფე მიულერიდან“ ერთ ეპიზოდს მოგაგონებთ, თუმცა კოტე ფურცელაძემ კონკრეტულ ეპიზოდს მასშტაბური დატვირთვა მიანიჭა, რომელშიც ერთდროულად ვლინდება სასოწარკვეთა, აღტაცება, ბედისწერის უკუღმართობა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ქორეოგრაფიულ პარტიტურას ანუკა გრიგოლია და პაატა ინაური უბადლოდ და მაღალი პროფესიული ოსტატობით ასრულებენ.

 

საბა ასლამაზიშვილის „ყაჩაღების“ მნიშვნელოვანი კომპონენტი კონსტანტინე ეჯიბაშვილის მუსიკალური თემებია, რომელიც პირველივე ეპიზოდიდან მნიშვნელოვან აქცენტებს სვამს და თითქმის არ ტოვებს გმირებს მარტო, დაჰყვება ფეხდაფეხ და ქმნის განწყობას, გადმოსცემს პერსონაჟთა ხასიათს და გვამზადებს მძიმე სცენაზე განვითარებული მოვლენებისთვის... 

 

განსხვავებულად, ღიად და ორაზროვნადაა გადაწყვეტილი ფინალური ეპიზოდი, როცა ამალია და კარლი ერთმანეთს თამაშ-თამაშით კლავენ. სპექტაკლში ეს სიმბოლური აქტია, პიესაში კი კარლის მძიმე, ტრაგიკული და იძულებითი გადაწყვეტილება. საფინალო ეპიზოდში ქარს ბევრი წერილი მოაქვს, რომელიც ნაგვის გროვად იქცევა და ავანსცენას ნაგავი ფარავს. ამ ჭუჭყი ქრება და იკარგება კარლიც, რომელსაც ეგონა რომ სამყაროს უსამართლობას საკუთარი სოციალური რევოლუციით ძალადობრივად გამოასწორებდა და თავად იქცა მოძალადედ.

 

საბა ასლამაზიშვილის „ყაჩაღები“ გვიჩვენებს ძალაუფლებისთვის დამანგრეველ ბრძოლას, სადაც ბნელი ძალები ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძვიან და ტირანიის დამარცხების სურვილი თავად ტირანიად იქცევა. ეს არის ამბავი იმაზე, როგორ კარგავენ ადამიანები საკუთარ იდენტობას, როცა სამართლიანობის აღდგენის სურვილი შურისძიებას ერწყმის.

 

რეჟისორი დახვეწილი ვიზუალური და პლასტიკური ენით ქმნის თანამედროვე საზოგადოების კრიზისის ამსახველ სარკეს, სადაც ისტორიული ტექსტი თანამედროვე რეალობას ერწყმის. მიუხედავად სქემატური პერსონაჟებისა, რაც შილერის ტექსტის უგულებელყოფით არის გამოწვეული, დადგმის ძირითადი გზავნილი მკაფიოდ აღწევს მაყურებლამდე. საბა ასლამაზიშვილის ვერსიაში „ყაჩაღები“ ორად გახლეჩილი საზოგადოების მეტაფორად იქცევა, სადაც ყველამ უნდა დაინახოს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა. სპექტაკლი არა მხოლოდ ასახავს, არამედ გვაიძულებს შევხედოთ იმ საერთო მორალურ კრახს, რომელშიც თავადაც ვართ მონაწილეობით ჩართულნი.

ფოტო: ბექა ცირეკიძე

bottom of page