
კაცი ვარ, ადამიანი
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

01.07.2026
თამთა ქაჯაია
კაცი ვარ, ადამიანი
„რიტორიკაში სწერია: ყველაფერი შესავალით უნდა დაიწყოს კაცმაო. ჭეშმარიტია. ჩვენც ისე დავიწყოთ“ - ამას წერდა ილია ჭავჭავაძე ორი საუკუნის წინ, ახლა კი ზუსტად ამ ჭეშმარიტებითა და ეპითეტით იწყებს სპექტაკლს „კაცია, ადამიანი“ რეჟისორი საბა ასლამაზიშვილი, რომლის პრემიერა თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში გაიმართა. წარმოდგენას ლუარსაბის პერსონაჟი (შაკო მირიანაშვილი) ხსნის, რომელიც ორმოცამდე ითვლის და დარბაზში ისე გვევლინება. რეჟისორმა ერთ-ერთი საკვანძო ადგილი (ლუარსაბის ბუზების თვლა) დასაწყისად აქცია, რითაც ირონიულად და სარკასტულად ჩვენ მოგვმართა. ასლმაზიშვილი ამ მიზანსცენით ტრანსფორმირებულ, მოდერნიზებულ და გაადამიანებულ ბუზებზე მიგვანიშნებს, რაც სპექტაკლის შესავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი „ჭეშმარიტებაა“.
თეატრში მისულს თუ გგონიათ, წარმოდგენაზე ჩასუქებული ლუარსაბი ან დარეჯანი დაგხვდებათ, ძალიან ცდებით. პირიქით, თქვენ ნახავთ ოცდამეერთე საუკუნის წყვილს, რომლის ინტერესები ორი საუკუნის შემდეგაც არ შეცვლილა და მთავარ თემას, უშვილობასთან ერთად, კვლავ გასტრონომიული კონფლიქტი წარმოადგენს. ამის მიხვედრა დეკორაციის საშუალებითაც არის შესაძლებელი (მხატვარი - გიორგი უსტიაშვილი) - სცენაზე ვხედავთ ხუთ დიდ მეტალისფერ მაცივარს, მოქმედება კი მხოლოდ სამზარეულოში მიმდინარეობს. იქვე, წინ საწოლია გაშლილი - ჭამისა და სექსუალური აქტის დაკმაყოფილება მათ ცხოვრებაში, ერთდროულად ხდება. ამით რეჟისორი ადამიანის პირველყოფილ ინსტიქტებს უსვამს ხაზს და ვხვდებით, რომ განვითარებასთან ერთად ადამიანი პირველ საწყისებს უბრუნდება.
ბინის კუთხეში განცალკევებით, კონტექსტიდან ამოვარდნილი ბროწეულის ხე მოჩანს, რომელიც ნაყოფიერებასთან და სიცოცხლესთან ასოცირდება ან, შესაძლოა უბრალოდ დაკარგულ და დეფორმირებულ სიცოცხლეზე მიგვანიშნებდეს.
სპექტაკლში გათანამედროვებულია და ამოღებულია პერსონაჟები, სიუჟეტი და კოსტიუმები. ლუარსაბი ქართული ეროვნული სამოსით - ჩოხა ახალუხით - არის შემოსილი, რითაც ტრადიციებს ესმევა ხაზი. რეჟისორმა კონცეფციასთან ერთად, ასევე, ნაწარმოების სათაური შეცვალა - ილია ჭავჭავაძის მოთხრობაში „კაცია ადამიანი?!“ - კითხვით ძახილის ნიშანი - სემანტიკურად მნიშვნელოვანი დატვირთვის მატარებელი იყო, რადგან ავტორი ჩვენ, საზოგადოებას, მოგვმართავდა და გვისვამდა რიტორიკულ კითხვას. ახლა კი, საბა ასლამაზიშვილმა და მანანა ანთაძემ ტექსტზე მუშაობისას პუნქტუაციური დატვირთვა ამოიღეს და დასმულ კითხვას დღეს ასე უპასუხეს: „კაცია, ადამიანი“. სპექტაკლის მსვლელობისას ვხედავდი ლუარსაბს (შაკო მირიანაშვილი) და დარეჯანს (თამრი ბზიავა), ორი საუკუნის წინ შექმნილ პერსონაჟებს, რომლებმაც იმდენი იარეს, იმდენი ეპოქა, დრო, ცხოვრება გამოიარეს, რომ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში სახეცვლილნი და გათანამედროვებულნი მოგვევლინნენ. ან, პირიქით, შეიძლება ითქვას აღზევდნენ და მოდერნიზებულ პერსონაჟებად გამოგვეცხადნენ - სათქმელის ახლიდან გასაჟღერებლად.
„აირია ქვეყანა... ქალს ქალობა აღარ ეტყობა, კაცს კაცობა“.
ალბათ ილია ჭავჭავაძე როდესაც ამ ნაწარმოებს ქმნიდა არ უფიქრია, რომ მოთხრობა ოცდამეერთე საუკუნეშიც ისეთი აქტუალური იქნებოდა, როგორც მაშინ, როდესაც საუკუნის „საზოგადო ჭირზე“ წერდა. სპექტაკლში ნაწარმოების სოციალური კრიტიკა ტრანსფორმირებულია თანამედროვეობის პრობლემებში - მატერიალიზმი, სოციალური სტატუსის ფეტიში, ადამიანების ფასეულობების დეგრადაცია და აზროვნება. მთავარ კონცეფციას წარმოადგენს ის, რომ „ადამინაობა“ აღარ განისაზღვრება ღირსებით, არამედ - გარეგანი წარმატებითა და გავლენით გამოიხატება. სწორედ ასეთ სოციუმში ჩამოყალიბებული, უკვე დეგრადირებული უნივერსალური გმირის სახეს ქმნის შაკო მირიანაშვილი. სპექტაკლში ერთ-ერთი კულმინაციური ეპიზოდია, როდესაც ლუარსაბი ქართული მელოდიის ფონზე ტექსტს მელოდიას აყოლებს: „კაცი ვარ, ადამიანი“ - რიტმულად შესრულბული წინადადება სპექტაკლის ლაიტმოტივად იქცევა, რომელიც გაჟღენთილია თვითირონიითა და სარკაზმით, მოქმედება კი ღვინის ბოცის მოყუდებითა და შესმით სრულდება. პარალელურად დარეჯანი ლუარსაბის სათქმელს, მობილურით იღებს, ამით ცხადია რეჟისორმა თანამედროვე სანახაობაზე მიგვანიშნა, რომელიც ოცდამეერთე საუკუნის „სენად“ იქცა. ნებისმიერი მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო მოვლენის დროს თითოეულ ადამიანს მისი აღბეჭდვა გვსურს და გვერდზე გვრჩება, გვავიწყდება მოქმედება.
მირიანაშვილმა ლუარსაბის პერსონაჟის თანამედროვე სახე შექმნა, აქვე აღვნიშნავ, რომ მისი შექმნილი როლები მანევრულობითა და ხასიათით მუდმივად გავდა ერთმანეთს, აღნიშნულ სპექტაკლში კი იგი სრულიად განსხვავებულ გმირს ქმნის. თამრი ბზიავა „ღირსეული“ და დამაჯერებელი მეორე ნახევარი, პარტნიორია ლუარსაბის - მისი ბუნებრიობითა და შეფასებებით, ხოლო, ბექა ჯუმუტია მკითხავის ეპიზოდურ როლში გვევლინება რომელიც გროტესკულ სახეს ქმნის.
„მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო - გონიერი ანდაზა“. - ახლა ეს ფრაზა საბა ასლამაზიშვილმა სცენიდან გვითხრა.