top of page

კაცობრიობის მომავალი - გრძნობადაცლილი საზოგადოება

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

269717855_4811196125637470_7535282382084544720_n.jpeg

მაკა ვასაძე

კაცობრიობის მომავალი - გრძნობადაცლილი საზოგადოება

 

„ახალი დრამის“ ერთ-ერთი ფუძემდებლის ავგუსტ სტრინდბერგის „ფრეკენ ჟული“ („მამასთან“ ერად) დრამატურგის საეტაპო მნიშვნელობის პიესად ითვლება.  პიესის ფსიქოლოგიურმა და სიუჟეტურმა კოლიზიებმა, დაძაბულობამ და ენერგეტიკული მუხტის სიმძაფრემ განაპირობა  სხვადასხვა ქვეყანაში მისი პოპულარობა. „ფრეკენ ჟული“ სტრინდბერგის პიესებს შორის ყველაზე ხშირად იდგმება. საქართველოშიც, ბოლო პერიოდში,  ამ პიესის რამდენიმე საინტერესო ინტერპრეტაცია შეიქმნა. რა თქმა უნდა, შვედის დრამატურგიისადმი ინტერესი მის პიესებში ოსტატურად ასახული ზოგადსაკაცობრიო პრობლემებია, რომლებიც დღესაც ძალზედ აქტუალური და მტკივნეულია. დრამატურგმა საზოგადოებაში არსებული კრიზისი და ამ კრიზისის მომავალი იწინასწარმეტყველა. ტექნიკურ პროგრესს ადამიანის მარტოსულობა, გაუცხოება, არაკომუნიკაბელურობა მოჰყვება. კაცობრიობას მომავალს იგი ხედავდა, როგორც გრძნობადაცლილ საზოგადოებას. „ფრეკენ ჟულის“ შესავალში დრამატურგი წერადა: „შეიძლება დადგეს დრო, როცა ჩვენ ისე განვვითარდებით, წინ წავალთ, იმდენად განათლებულები გავხდებით, რომ გულგრილად მივადევნებთ თვალს უხეშ, ცინიკურ, უგულო პიესას, თავად ცხოვრების მიერ შემოთავაზებულს, როცა ჩვენ გამოვრთავთ ამ მდაბიო, არასაიმედო აზრობრივ აპარატს, გრძნობებად წოდებულს, რამეთუ ისინი ზედმეტნი გახდებიან და ამის შემდეგ მალე, მის მაგივრად მოვლენ გონების ორგანოები.“

სტრინდბერგთან, იბსენისგან განსხვავებით, დაპირისპირება ხდება არა ინდივიდსა და საზოგადოებას შორის, არამედ ყველაზე ახლობელ ადამიანებს - ქალსა და მამაკაცს - შორის, რომლებიც ერთმანეთში ხედავენ კონკურენტს და ერთმანეთთან ბრძოლით ცდილობენ საკუთარი თავის დამკვიდრებას.

2021 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში „თეატრში ათონელზე“ პრემიერა შედგა. ახალგაზრდა რეჟისორმა სოფიო ქელბაქიანმა სტრინდბერგის „ფრეკენ ჟულის“ კიდევ ერთი ინტერპრეტაცია შესთავაზა მაყურებელს. რეჟისორი დადგმაში თითქმის უცვლელად მიჰყვება დრამატურგის ტექსტს.  პიესაშიც და სპექტაკლშიც  ორი სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლის ინტერესები ეჯახება.  განებივრებულ, გაუწონასწორებელ, ჭირვეულ არისტოკრატ, „კაც-ქალა“ ჟულის ეშმაკი, მიზანდასახული მსახური ჟანი ცდილობს თავი შეაყვაროს. ჟანის ზრახვები მერკანტილურია - ჟულის მეშვეობით, მასთან სასიყვარულო კავშირის დამყარებით ისწრაფვის გზა გაიკვალოს მაღალი საზოგადოებისა და სიმდიდრისკენ.  ჟული დანებდება ჟანს და  მისი გავლენის ქვეშ აღმოჩნდება, მაგრამ მალევე დაინახავს ჟანის ნამდვილ სახეს და ნათელი გახდება მსახურის მზაკვრული ჩანაფიქრი. ჟული თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს. „მამისგან“ განსხვავებით აქ მამაკაცი უფრო ძლიერი და დაუნდობელია, ხოლო ქალი  გარემოებათა მსხვერპლია.

პიესაშიც და სპექტაკლშიც მოქმედება იოანე ნათლისმცემლის (იოანე კუპალას) ზაფხულის სახალხო დღესასწაულის ღამეს, გრაფის სასახლის სამზარეულოში ვითარდება. სპექტაკლისათვის სცენოგრაფია რეჟისორმა სოფიო ქელბაქიანმა თავად შექმნა. დეკორაციაც თითქმის ავტორისეულია. გრძელი სამზარეულოს მაგიდა, მაგიდაზე სამზარეულოს ნივთები, რამდენიმე სკამი, ფარდებით შემორაგული უკანა კედელი და გასასვლელი, რომელშიც ბაღის მცენარეები მოჩანს, ჭურჭლის სარეცხი ონკანი, ზევით დამაგრებული შხაპით, მარცხენა მხარეს შუშის კოლბის მსგავსი კონსტრუქცია, რომელშიც დგას მიკროფონი, ყვავილები ლარნაკში. შხაპი და შუშის კონსტრუქცია სტრინდბერგის რემარკაში არ არის.

სოფო ქელბაქიანმა სპექტაკლში „ფრეკენ ჟულის“ შესავლიდან, რომელშიც სტრინდბერგი თანამედროვე თეატრის და დრამატურგიის შესახებ თავის თეორიულ მოსაზრებებს ასახავს, 2-3 ნაწყვეტი ჩართო. ამ ჩართვებს კაბარეს ტიპის ფორმა აქვს მიცემული.  მზარეული კრისტინას როლის შემსრულებელი თაკი მუმლაძე, ექსტრავაგანტური თეთრი ფერის პარიკით და კოსტიუმით შუშის კოლბიდან მაყურებელს თანამედროვე თეატრის სტრინდბერგისეულ ხერხებზე ესაუბრება. რეჟისორის მიერ საინტერესოდ მოფიქრებული ფორმაა, მაგრამ ჩემი აზრით, სცენაზე მიმდინარე ამბავთან ბმა არ ხდება და სპექტაკლის მთლიანი სტრუქტურიდან ამოვარდნილია. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ მსახიობები:  ანასტასია ჭანტურაია, ირაკლი გოგოლაძე, თაკი მუმლაძე შინაგანი მუხტით, ემოციით, ამავდროულად ზუსტი, ლაკონიური, დახვეწილი პლასტიკით, ჟესტიკულაციით, მიმიკით აცოცხლებენ სცენაზე თავიანთ პერსონაჟებს. შეიძლება ითქვას, რომ მსახიობებს გათავისებული აქვთ სტრინდბერგისეული მითითებები. „თანამედროვე ფსიქოლოგიურ დრამაში, ფაქიზი სულიერი ძვრები უნდა აღიბეჭდოს (მსახიობი-პერსონაჟის) სახეზე,  ჟესტებისა და ხმამაღალი ყვირილის გამოხატვის გარეშე. ამიტომ, ალბათ, აზრი აქვს ვცადოთ დავდგათ პატარა სცენაზე ძლიერი გვერდითი განათებები, სადაც მსახიობები ითამაშებენ უგრიმოდ ან უკიდურეს შემთხვევაში, მინიმალურად გამოიყენებენ მას“.

ანასტასია ჭანტურაიას ფრეკენ ჟული ერთდროულად ძლიერი, დაუცველი, ფაქიზი პიროვნებაა. მსახიობის სცენაზე პირველი გამოჩენისთანავე იგრძნობა, რომ მისი პერსონაჟი ექსცენტრიკული ადამიანია. მისი ქცევები, ჟანთან და კრისტინასთან ურთიერთობა უცნაურობის ელფერის მატარებელია. ჭანტურაიას ფრენკში აღიქმება ქედმაღლობა, ცინიზმი, ინტერესი მასზე დაბალი სოციალური ფენის მიმართ. მსახიობი განასახიერებს საკუთარი თავის ძიებაში მყოფ ადამიანს, რომლის ქმედებებში ისტერიკულობის მარცვალიც დევს. საკუთართან თავთან ჭიდილს, მარტოსულობის პრობლემას „ზღვარგადასული“ მხიარულების ნიღბით მოსავს. ანასტასია ჭანტურაიას ფრეკენმა არ იცის როგორ იცხოვროს, ყველასგან განსხვავებული თითქოს ყველასთვის უცხოა. იგი ბრძოლით, სხვაზე ზემოქმედებით, სხვისი დაჩაგვრით ცდილობს საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებას. მსახიობი ნელ-ნელა, ჟანთან დიალოგებსა და ურთიერთობებში ხსნის თავისი პერსონაჟის ხასიათს, ბუნებას, თვისებებს. ჟული გარემოებების, მშობლების, საზოგადოების მსხვერპლია. მისი ორბუნებოვნება გენეტიკასთანაცაა დაკავშირებული. დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელმა, ფემინისტმა დედამ, რომელსაც არ სურდა გათხოვება, შვილის გაჩენა, ქმარზე შურისძიების გრძნობით აღვსილმა გაატარა მთელი ცხოვრება. მან ფრეკენს მამაკაცებისადმი სიძულვილი ჩაუნერგა. მამა და დედა „კაც-ქალად“ ზრდიდნენ. ანასტასია ჭანტურაიას ჟულიმ არ იცის ვინაა, რა უნდა, როგორ უნდა იცხოვროს. სიზმარი, რომელსაც ჟანს უყვება, ასახავს მის შინაგან წინააღმდეგობას - მღალ ხეზე ასულს, მიწა ექაჩება, თუმცა იცის, რომ თუ გადმოხტება დაიღუპება. სიზმრისეული ჭოჭმანიც იმის დამადასტურებელია, რომ ჟულის არ ძალუძს არჩევანის გაკეთება, საკუთარი მომავლის განჭვრეტა. ფრეკენ ჟულის „კაც-ქალობაზე“ მითითება სტრინდბერგის პიესაში აშკარაა. ალბათ, აქედან გამომდინარე, სოფო ქელბაქიანმა მსახიობს პერსონაჟის განსასახიერებლად, ერთ-ერთ მთავარ ამოცანად სწორედ „კაც-ქალობა“ დაუსახა. ანასტასია ჭანტურაიას კოსტიუმი  ვარცხნილობა, პლასტიკა, ჟესტიკულაცია, მეტყველების მანერა სწორედ ამაზე მიანიშნებს. ვფიქრობ, რეჟისორმა და მსახიობმა ამ თვისების გამოსახატად, ცოტა „გადაამლაშეს“. რაღაც მომენტებში ანასტასია ჭანტურაია, თავისი პერსონაჟის ხასიათში „კაც-ქალობის“ ხაზგასასმელად, გამოსახვის ხერხების უტრირებით „ძველი გოგოს“ თვისებებს იძენს. 

ირაკლი გოგოლაძის ჟანი ჭკვიანი, პატივმოყვარე ახალგაზრდა კაცია. მსახიობი ზუსტი აქცენტებით გამოხატავს თავისი პერსონაჟის ორბუნებოვნებას, ჟანის ამბიციურობასა და მსახურის მონურ ბუნებას. სიზმარი, რომელსაც ფრეკენ ჟულის უყვება - მაღალ ხეზე აძრომა, მისი სანუკვარი ოცნების, რამენაირად თავი დააღწიოს თავის სოციალურ წრეს, გამოხატულებაა. იგი თავიდან გაოცებული და ბედნიერია ქალბატონის ყურადღებით. ჟანს შანსი გაუჩნდა ჩანაფიქრი აიხდინოს, გამდიდრდეს, არისტოკრატთა წრეში აღმოჩნდეს. ირაკლი გოგოლაძე თამაშობს კაცს, რომელსაც არ შეუძლია სიყვარული და მხოლოდ მერკანტილური ზრახვები ამოძრავებს. მისი დამოკიდებულება ჟულისადმი მომხმარებლურ-გამოყენებითია. შიგადაშიგ ბატონის ჩექმების წმენდა მისი მონური სულის გამოხატულებაა. იგი აიძულებს ჟულის გრაფს ფული მოპაროს შვეიცარიის კურორტზე სასტუმროს გასამართად, მაგრამ საბოლოოდ, ჟულისგან განსხვავებით, მას არ ჰყოფნის გამბედაობა სარისკო ნაბიჯის გადასადგმელად. ნათელ მომავალზე მეოცნებეს, სახლში დაბრუნებული გრაფის ზარი, უმალვე მონური ბუნების მსახურად აქცევს.  ირაკლი გოგოლაძე სამსახიობო ოსტატობით ძერწავს თავისი პერსონაჟის ორმაგ ხასიათს და ნელ-ნელა მაყურებელში ანტიპათიას იწვევს.

ჟანისგან განსხვავებით თაკი მუმლაძის კრისტინა ყოველგვარი ოცნებებისგან დაცლილი, მიზანმიმართული ადამიანია, რომელიც რეალურად უყურებს ცხოვრებას. მან ზუსტად იცის რა უნდა: გათხოვება, შვილების ყოლა, ქმრისთვის სახელმწიფო სამსახური, რომ მისი გარდაცვალების შემთხვევაში გარანტირებული პენსია ჰქონდეს. მისი სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ, ის სერიოზულად ცდილობს იცხოვროს მორალური, ღირსეული ცხოვრებით. მას აქვს ერთგვარი სიამაყე და თვითშეფასება. მას მოსწონს ჟანი, მაგრამ უყვარს? ამ კითხვაზე პასუხი, აშკარად ჩანს მისი მომავალი ოჯახური ცხოვრების დაგეგმვაში ჟანთან ერთად. ქმრის გარდაცვალებამ (მაგრამ არის ის საყვარელი ადამიანი?) არ უნდა იმოქმედოს მის მატერიალურ კეთილდღეობაზე.

ფრეკენ ჟულისგან განსხვავებით, ჟანიც და კრისტინაც ღვთისმოსაობის ნიღაბს ამოფარებული ფარისევლები არიან, მათთვის გაუგებარია, უფრო მეტიც, არ არსებობს სიყვარულის გრძნობა. სოფო ქელბაქიანი სპექტაკლში უსიყვარულოდ დარჩენილ სასტიკ სამყაროს ქმნის. რეჟისორმა უსიყვარულო სამყაროზე ხაზგასასმელად, ფინალისკენ ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი შეცვალა. პიესაში ჟანი თავს წააწყვეტს ფრეკენის ჩიტს. სპექტაკლში გასამგზავრებლად გამზადებულ ჟულის აკვარიუმით თევზი მიჰყავს. ჟანი ეწინააღმდეგება, ბარგი და მითუმეტეს აკვარიუმი ზედმეტი ტვირთია. ჟულისთვის ეს თევზი ერთადერთი არსებაა, რომელიც ნამდვილად უყვარს. მაშინ ჯობია მოვკლა, ეუბნება ჟანს. ირაკლი გოგოლაძის ჟანი დაუფიქრებლად კლავს თევზს. სცენის მარჯვენა კუთხეში არსებული შხაპიდან, რომლიდანაც წყალი მოწვეთავს ხოლმე, სისხლისფერი სითხე მოედინება. ვფიქრობ რეჟისორის ეს მინიშნება ზედმეტად პლაკატურია.

თევზი ქრისტიანობის, სიყვარულის, მიმტევებლობის სიმბოლოა. თევზის მოკვდინებით რეჟისორმა ნათლად დაგვანახა უგრძნობი, უსიყვარულო საზოგადოების ნამდვილი სახე, საზოგადოების სადაც ფრეკენ ჟულისთვის ადგილი არ არის. ფრეკენი არ ეგუება რეალობას, მას არ შეუძლია ვინმეს დაემონოს, არ ძალუძს უღირსი ცხოვრება და ტრაგიკულად ასრულებს სიცოცხლეს, გამოსავალი თვითმკვლელობაა.

bottom of page