ცხენი, ცხენი, ჩემს სამეფოს ერთ ცხენში ვაძლევ!

გიორგი ყაჯრიშვილი

 

„ცხენი, ცხენი, ჩემს სამეფოს ერთ ცხენში ვაძლევ!“

                                                                              (მე-5 მოქმედება, მეხუთე სურათი)

უ. შექსპირის „რიჩარდ მესამე“ მისი ადრეული  პიესებიდან  ყველაზე სრულყოფილ ნაწარმოებად  ითვლება ქრონიკებს : „ჰენრიხ … IV, V, VI“, „რიჩარდ II“  შორის, რომელიც   ავტორმა ტრაგედიის დონეზე აამაღლდა. ამის მიზეზი სავარაუდოა  ისიცაა, რომ რიჩარდ გლოსტერის ასეთი სისხლსავსე (პირდაპირი და გადატანითი  მნიშვნელობით)  ცხოვრება ისტორიულად სრული სიმართლე მაინცდამიანც არაა და უ. შექპირმა ეს პერსონაჟი ისეთი შექმნა როგორიც მას სურდა. ამ პიესაზე  გაიარა  „მაკვიაველიტებისა“  და „ანტიმაკიაველისტების“  იმდროინდელმა ომმაც. ამიტომაც ამ პიესის სცენაზე განსახიერება ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. ა. ვარსიმაშვილის სპექტაკლი სწორედ იმითაა  მნიშვნელოვანი, (განსხვავებული სხვებისგან, რომლებიც ცდილობდნენ პოლიტიკური თეატრის ფორმა მისცათ ამ პიესისთვის) რომ რეჟისორი ცდილობს გაერკვეს რიჩარდ გლოსტერის ბედსა და  ტრაგედიაში,  ჩაუღრმავდეს მისი ქმედებების საფუძველს, სრულად დახატოს ამ გმირის პორტრეტი ზეასვლისას და რაც მთავარია  დაცემის დროსაც.   რასაკვირველია, და ორი აზრი არაა, რომ იგი  მკვლელია, მოძალადე, პატივმოყვარე, დიქტატორი, ფლიდი, თვალთმაქცი და ფარისეველი თუმცა გონიერი, ჭკვიანი და  კარგი სტრატეგი.  დროთა განმავლობაში  მისგან ტირანი ჩამოყალიბდება  და სისხლში ჩაახრჩობს ინგლისის სამეფოს. მაგრამ საქმე იმაშის, რომ  პირველი მკვლელობათა შემდეგ  მას აღარ ძალუძს  წინ აღუდგეს  სხვა დანარჩენის ჩადენას და დანაშაულებანი ერთმანეთს მისდევენ. ოიდიპოსოს მსგავსად იგი ბედისწერის მსხვერპლია, რომელმაც მას სწორედ ეს როლი არგუნა. სპექტაკლის ფინალურ სცენები ცხადყოფს რომ რიჩaრდ III  უდრტვინველად მიჰყვება საკუთარი დაღუპისკენ მიმავალ  გზას, შეგნებული აქვს რომ გამწირულია, ამიტომაც ა. ვარსიმაშვილის მიერ შემოთავაზებული ფინალი, რომ სცენაზე რიჩaრდ III  რიჩმონდის ხელით კი არა,  უფრო მეტიც მის გარეშე კვდება,  რომელიც როგორც  პერსონაჟი საერთოდ არაა „თავისუფალი თეატრის“ სპექტაკლში - შესანიშნავ გადაწყვეტად  და სრულიად შექსპირისეულად მიმაჩნია, ვინაიდან  პრინციპში რიჩaრდ III -ს რიჩმონდი   კი არა კლავს (იგი მხოლოდ შემსრულებელია), არამედ  დრო, და ბედისწერა, იმ უბედურებათ მთელი ჯაჭვი, რაც მან დაატრიალა.

სცენაზე  უცნაური რკინის კონსტრუქციები დგას  (მხატვარი მ. შველიძე), რომელსაც  თავზე იორკის მზე აცხუნებს. ეს ერთდროულად  ტოუერის კარიბჭეცაა, ასაწევი ხიდიც და მეფის სასახლს შესასვლელიც. უშველებელი  რკინის სკივრი ხან ციხის დილეგებად იქცევა, ხან მეფის სატრაპეზოდ, ხანაც ეშაფოტად, ხანაც სათათბირო დარბაზად,  ხანაც ბრძოლის ველად  და ხანაც სარეცელად. ყველაფერი ორ, შავ-თეთრ ფერებშია  გადაწყველი, სასცენო კოსტუმებიც (მხატვარი ნ. კობახიძე)  კი. და ბორკილები:  ბევრი, იატაკზე, კარიბჭეზე, კედლებზე.

ლონდონის ქუჩებში იდილია სუფეს, მშვიდად მუსაიფობენ კარდინალო  ბორჩერი (ს. ნათენაძე) და მისი მრევლი  ტირელი აღსარებას აბარებს, გამვლელებსაც არაფერი აწუხებთ, მხოლოდ ცაზე დროდადრო გარდაცვლილ მეფეთა სულები დაფარფატებენ იალქნებივით, რომელთაც სულ მალე დღევანდელი ტრაგედიის გმირთა  სულებიც შეუერთდებიან. სკივრის უკან განთავსებულ უშველებელ თეთრ კედელზე  შექსპირის ქრონიკისეულ და უკვე ისტორიადქცეულ მეფეთა გვარებია და პიესის სხვა პერსონაჟთა სახელებია შავად ამოტვიფრული, რომელთა გვერდით ასევე თანამიმდევრულად იმ დიდგვაროვანთა გრძელი სია დაიწერება, რომელნიც ეგზომ უშლიან ხელს როჩარდ გლოსტერს რიჩარდ მესამობისკენ მიმავალ გზაზე და რომელთა ჩამოცილების მოწმენიც შევიქმნებით. ეს დაფა იმ მენიუს გვაგონებს, ტავერნების წინ რომ გამოჰქონდათ ახლადმომზადებული კერძების სახელებით და რომელიც იმისდამიხედვით იცვლებოდა,  რჩებოდა თუ არა სამზარეულოს ქვაბებში დასახელებული კერძები. ამ დაფაზე ერთმანეთის მიყოლებით ჩნდება სახელები ჯორჯ   კლარენსი,  საბედისწერო ასე  „ჯ“-ზე, ედვარდ IV, ლორდი ჰასტინგსი, ლედი ანა, ელისაბედი ... რომლებიც ასევე ერთმანეთის მიყოლებით და რიჩარდ გლოსტერის ხელშეწყობით სტოვებენ ამ ქვეყანას და მათი სახელებიც  ქრება ამ კედლიდან. სცენას  კუთხეში მიდგმული ის სამეფო ტახტი ავსებს, რომელიც ასე სანუკვარია რიჩარდ გლოსტერისთვის და რომელიც ავხორცულ ვნებებს აღუძრავს ლედი ანასაც კი, ენაგადმოგდებული რომ ეალერსება მის ტყავის სახელურებს. დიახ, სწორედ ეს სამეფო ტახტი ხდება იმ უსასრულო მკვლელობების, სისხლისღვრის და ტერორის საბაბი, რისი დაკავებასაც  მიუძღვნა ბრძოლა და   თავის ხანმოკლე ცხოვრება რიჩარდ გლოსტერმა.

ქუჩის ამ იდილიას თითქოსდა ქვესკნელიდან ამომძვრალი მართლაც რომ „ჯოჯოხეთის მაშხალა“ რიჩარდი (გ. ბარბაქაძე, ა. კუბლაშვილი) არღვევს, რომელმაც „ხელის ერთი მოსმით“  შეცვალა არა მარტო თავისი, საკუთრი ძმების, ძმისშვილების, რძლების და დედის ცხოვრება, არამედ მთელი ინგლისის ისტორიაც. გამოჩენისთანავე მისი გოდება საკუთარი სიმახინჯის შესახებ მასში საბედისწერო სურვილებს  ბადებს:

„სიბოროტით მაინც უნდა ვიჩინო თავი,

და ჩავუმწარო სხვებს ამაო სიამოვნება“.

კუზიანი, მახინჯი, კოჭლი საგვარეულო წესის მიხედვით ლოგიკურად ვერასდროს დაიკავებდა სამეფო ტახტს თუ არა ის ძალისხმევა და ვერაგობა, რასაც რიჩარდმა მიმართა. ამ გზაზე შემდგარს მას ბევრი მსხვერპლი გადაეღობება  წინ. რიჩარდ გლოსტერის სასცენო ცხოვრება პირობითად სამ ეტაპად შეგვიძლია დავყოთ და ამ სამივე ეტაპს სხვადასხვანაირად წარმოგვიჩენს დამდგმელი რეჟისორი ა. ვარსიმაშვილი და რიჩარდის როლის შემსრულებელი მსახიობები. არა მარტო ერთმანეთისგან განსხვავებული ინტერპრეტაციით,  რაც ბუნებრივია, არამედ თვით როლის განვითარების  ამ სამი   საფეხურის სხვადასხვაობით. პირველი ესაა მისი „ქვევიდან ამოსვლიდან“ კლარენსის მკვლელობამდე და ლედი ანაზე ჯვარისწერამდე. მეორე -  მეფედ კუთხევამდე და კარიბჭის თავზე „მოქცევამდე“  და მესამე - რიჩaრდ III-დ  ყოფნა სიკვდილამდე, რომელმაც მხოლოდ არასრული ორი წელი გასტანა.  

რიჩარდ გლოსტერი ტყავის სამოსში გამოწყობილი, ჯოხით ხელში, კოჭლობით მისდევს თავის პირველ მსხვერპლს  ლედი ანას (ქ. ლორთქიფანიძე, მ. ნადირაძე), რომელიც ჰენრი VI კუბოს მიათრევს,  რიჩარდ გლოსტერს (გ. ბარბაქაძე, ა. კუბლაშვილი)  (დანარჩენი ყველაფერი მახინჯი აქვს, სულიც  კი) ლურჯი თვალები (ცივი, გამგმირავი მზერით) აენთება და მსხვერპლს მიაშურებს. აქ იწყება მის თვალთმაქცობის  ეტაპი, ასე ვთქვათ გენერალური რეპეტიცია დიდი სპექტაკლების წინ,  რასაც თვითონ  ყველაზე წარმატებული „არშიყობას“  დაარქმევს. ანასთან სცენაში რიჩარდი მართლაც რომ უმაღლესი ოსტატობის მსახიობად გვევლინება, რომელიც მისთვის ხელმისაწვდომი ყველა ხერხებით  გინდაც  ჟესტით, გინდათ სიტყვით, გინდაც ქცევით და გინდათ  საჩუქრით აღწევს ქალის დაყოლიებას გაჰყვეს ცოლად, მიუხედავად იმისა რომ ანას უზომოდ სძულს იგი.  ამ სცენაში ვლინდება რიჩარდის შინაგანი სიძლიერე, დასახული მიზნისაკენ სწრაფვა და მონუსხულ ანას, რომელსაც რიჩარდი უკვე საკუთარი სავარცხლით უვარცხნის თმას, რაც უკვე მასთან სექსად აღიქვება, სხვა არა დარჩნია, რომ დათანხმდეს. ამიტომაც დავარქვით ამ ქმედებას რიჩარდის თვალთმაქცობის პირველი ეტაპი  გამოყენებული ხერხების მსგავსების გამო, რომელიც გრძელდება  მაშინაც  როდესაც კლარენსთან გამომშვიდობებისას ცდილობს „ითამაშოს“,  გული აუჩუყოს მას და დაარწმუნოს, რომ იგი მის მიმართ უცოდველია და ყველაფერს იზამს, რომ დილეგიდან დაიხსნას. ძმების გამომშვიდობებისას ორივე მსახიობი გულისამაჩუყებელ სცენას ქმნიან, თუმცა ამავდროულად სახეზეა ის, რომ ერთი ფარისეველი და მატყუარაა (გ. ბარბაქაძე, ა. კუბლაშვილი), ხოლო მეორე (ჯ. კილაძე) გულუბრყვილო და მიმნდომი.

პიესისა და სპექტაკლის სხვა მომენტებში რიჩარდს უკვე აღარ მიმართავს ჩვეულ ხერხებს. მოგვიანებით  იგი უკვე დიქტატორი, ტირანია და მხოლოდ ძალისმიერი, მზაკვრული მეთოდებით, მაცდურობითა და ინტრიგებით აღწევს ყველაფერს, რასაც კი მოინდომებს - ეს მისი „შემოქმედების“  მეორე ეტაპია. თეთრ დაფაზე ახალი სახელები ჩნდება: - ამჯერად ედვარდ IV-ს (კ. გოგიძე), ელისაბედ დედოფალის (ა. ალადაშვილი, მ. ჯოლოგუა) და მისი შვილების ჯერი დგება. რიჩარდი განსაკუთრებულ სიძულვის ავლენს დედოფალი ელისაბედისა და მისი ძმის რივერსის (შ. მირიანაშვილი), რომელიც უფრო მასხარას ჩამოაგავს, ვიდრე გრაფს, მიმართ და ყოველნაირად ამცირებთ მათ, შეურაცყოფთ, როგორც დაბალი საგვარეულოს წარმომდგენლებს. ასევე უხეშია დედოფალი მარგარიტას მიმართ, რომლის წყევლა და ჯადოსნობა თითქმის ყველას აუხდება.  მსახიობი (ს. ჭულუხაძე)  შესანიშნავი გრიმით, ჟესტებით, მიმიკით, ხელებისა და თავის კანკალითაც კი  ზუსტად გადმოსცემს დედოფალი მარგარიტას ტრაგედია, მაგრამ კი არ მოსთვამს და თავს აცოდება  დიდებულებს, არამედ იბრძვის, ეწინააღმდეგება და რაც მთავარია ამავდროულად ამაყი და თავისუფალია, იმის და მიუხედავად, რომ განდევნილია  და შინაპატიმრობაშიც კი იმყოფება. 

უ. შექსპრის პიესებში ქალი არასდროს  უდებდნენ ტოლს მამაკაცებს, ზოგჯერ სჯობნიდნენ კიდევაც - ლედი მაკბეტი, ალქაჯები, კატარინა და სხვ. „რიჩარდ III“-ში  ამ პერონაჟების  მთელი პლეადა და თაობებია წარმოდგენილი: ლედი ანა, მარგარიტა, დედოფალი ელისაბედი, იორკის მთავარის მეუღლე  (თ. კორძაძე).

ლედი ანა (ქ. ლორთქიფანიძე, მ. ნადირაძე) არანაკლებ ამბიციური და პატივმოყვარეა რიჩარდის მსგავსად. წინააღმდეგ შემთხვევაში  როგორ შეეძლო ადამიანს, რომელსაც ასე დაუნგრიეს ცხოვრება რიჩარდის მეუღლე გამხდარიყო, მაგრამ დედოფლობის სურვილი, სათაყვანებელი  გვირგვინი თავზე, ხდება ის მაცდუნებელი, რასაც მისი სული ვერ უძლებს ან არ უძლებს. ორივე მსახიობს ესმის ლედია ანას ეს მისწრაფება, განსაკუთრებით ტრაგიკულია მათ მიერ განსახიერებული ბოლო  სცენა რიჩარდთან - ისევ სავარცხელი, ისევ ვნება,  მაგრამ ახალ უკვე საბედისწერო გაბრძოლება, აგონია და  ... სიკვდილი. ელისაბედ დედოფლის ორივე შემსრულებლისთვის (ა. ალადაშვილი, მ. ჯოლოგუა) ყველაზე ადვილია პერსონაჟის ხასიათის გამოძერწვა. ცხადზე ცხადია, რომ ელისაბედი დიდი ხანია ხვდება, რომ დედოფლობა დიდხანს არ უწერია, ავადმყოფი და უსუსური მეფე ედვარდ IV  მოახლოებული აღსარული საშინელ მომავალს უქადის. „მდაბიოდან“ არამეფური წარმოშობის (ვუდვილების გვარის)  დედოფლობამდე განვლილი გზა მძიმე იყო, მაგრამ ტკბილი, თუმცა   ამ დედოფლობას დიდად არ აფასებს, ყველანაირად იტანს  რიჩარდ გლოსტერის დამცირებასაც იმ იმედით რომ მისი შვილი ედუარდ V გამეფების შემდეგ   მშვიდად  იცხოვრებს. ტრაგიკული და შეურაცმყოფელია რიჩარდთან მისი ბოლო შეხვედრის სცენა - დამცირებული, პატივაყრილი, რომელსაც ვაჟიშვილები დაუხოცეს, იძულებულია რიჩარდს იმაშიც კი დათანხმდეს, რომ ქალიშვილს მიათხოვებს - უზომოა მისი ტრაგედია და  ამ სცენას ორივე მსახიობი დიდი ემოციით და ვნებათაღელვით ასრულებს. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია თ. კორძაძე მიერ შესრულებული რიჩარდის  დედა - ლედი სესილი ნევილი.  სცენაზე გამოჩენისთანავე  სახეზეა რომ  მსახიობს ზუსტად აქვს გააზრებული რეჟისორის მიერ დასახული ამოცანა - გვიჩვენოს ყველაზე უბედური დედა და ბებია, რომელიც ამ ყველაფრის მოწმეც და თანამონაწილეა. კარგად მონახული ჟესტები, გამომსახველი საშუალებები, გრიმი და ვუალი ხელს უწყობს მსახიობს ზუსტად გადმოგვცეს პერსონაჟის გრძნობათ ბუნება. იგი  ყველაზე ადრე ხდება რაც ელის ქვეყანას და მის შვილებსა და შვილიშვილებს. „მახინჯი სხეულში მახინჯი სულია“ - გრძნობს და რიჩარდის მიერ წინსვლა და მისი ჩადენილი საქციელი გულს უსერავს.  თანაუგრძნობს ელისაბედს და მარგარეტს, მწარედ განიცდის  კლარენსისა და ედუარდის სიკვდილს, ხოლო მისი ბოლო სცენა - გამომშვიდობება, როდესაც  ლედი სესილი ნევილი ყველაფერს ეტყვის რიჩარდთან და საბოლოოდ  დასწყევლის შესრულებულია უდიდესი მსახიობური ოსტატობით, შესანიშნავი პლასტიკით და ექსპრესიით.

განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას სტოვებს კლარენსის მოკვლის და ანასთან ქორწინების პარალელური მონტაჟის ხერხით  დადგმული  სცენები. ტირელი (დ. მერაბიშვილი) და მეორე  კაცისმკვლელი ციხეში ეწვევა კლარენს, რომელიც  ვერც ხვდება რა ელის წინ და არც სჯერა, რომ რიჩარდმა გასწირა. კლარენსი (ჯ. კილაძე) მძიმედ  განიცდის იმ მოვლენებს, რომელიც ეპიცენტრშიც უეცრად აღმოჩნდება - უდანაშაულოდ დასჯილი საკუთარ ზმანებაში - ზღვაში შესულ დასაღუპავად განწირულ გემზე  ისევ რიჩარდის გადარჩენაზე  ფიქრობს, არ სჯერა მისი მაცდურობის, გულწრფელია და ამით ყველაზე ტრაგიკული. მსახიობის მიერ შესრულებული  სიკვდილით დასჯის სცენა ემოციურობითა და მაღალი მსახიობური ოსტატობით გამოირჩევა.

და აქ უ. შექსპირი ეს უდიდესი ჰუმანისტი, პირველად   იწყებს  საუბარს სინდისზე (რაზეც მრავალჯერ აღნიშნა შექსპიროლოგების მიერ), იმ გრძნობაზე, რომლისგანაც რიჩარდი ძალზე შორსაა და რითაც დაწყევლა დედოფალმა  მარგარიტამ: „სინიდისის მატლმა გიღრღნას მუდამ ეს სული“.  რიჩარდისთვის კი  „სინიდისიო! ეგ ლაჩართაგან მოგონილი სიტყვაა მხოლოდ ძლიერებისა შემფერხებლად“. მისგან განსხვავებით კლარენსის ერთ-ერთ მკვლელს (ლ. გურგენიძე), რომელსაც „სინიდისის ნალექიღა დარჩა“  თავიდან ეს ძალზე აწუხებს, მაგრამ გასამრჯელოს ცდუნებით დიდი ყოყმანით  ასრულებს დავალებას. „[სინიდისი] ადამიანს სწორედ აგულჩვილებს, ალაჩრებს ... ფიცს რომ აპირებდეს ის ყანყრატოში მისწვდება.. ვისაც კეთილცხოვრება სურს, თავის თავს უნდა მიენდოს და სინიდისზედ კი ხელი აიღოს“- მოძღვრავს მას ტირელი. მკვლელობის  სცენა სასტიკი და ნატურალისტურ-ძალადობრივი, უდიდესი ექსპრესიითა და გამომსახველობითაა შესრულებულია მსახიობების (ჯ. კილაძე, დ. მერაბიშვილი, ლ. გურგენიძე) მიერ.  მკვლელობის  შემდეგ კი  მეორე  მკვლელის (ლ. გურგენიძე) სისხლით შეღებილი ხელების დაბანვას  თან ახლავს  მისი სიტყვები: „ოჰ, ნეტა ხელი დავიბანო პილატესავით და არ მომეცხოს ამ კაცისკვლის სამძიმო ბრალი“ -   ასევე  საბედისწერო ხდება  მისთვის. სულ მალე ორივეს,  კლარენსისა და მკვლელის სული  ცაში აფარფატდება „თეთრი იალქნების“  სახით.

უკანა პლანზე კი რიჩარდ გლოსტერი ანაზე  საზეიმოდ იწერს ჯვარს, რომელიც მაინცდამაინც ბედნიერად არ გამოიყურება, მაგრამ სამაგიეროდ რიჩარდი გრძნობს  თავს გამარჯვებულად და მთელი სპექტაკლის მიმდინარეობის დროს რიჩარდის (გ. ბარბაქაძე)  ზევით აწეული თითი სწორედ რომ მიღწეული გამარჯვების სიმბოლოა, რასაც პირველსა და მეორე ეტაპზე ხშირად იყენებს.  გ. ბარბაქაძე - რიჩარდის ეს ჩვეული ჟესტი კვლავ მხოლოდ სიკვდილის წინ გაახსენდება, როცა ასევე თითაწეული კვდება, თითქოსდა მიგვანიშნებს, რომ მასზე ბედისწერამ იმარჯვა!

სცენას სცენა ცვლი:  ნადიმი ედვარდ IV-თან (კ. გოგიძე) თითქოსდა მტრადგადაკიდებულ დიდებულთა შერიგება, მაგრამ ისევ მკვლელობა, ანგარიშსწორება და ტახტისკენ მიმავალი გზის გათავისუფლება.

უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად უმნიშვნელო დატვირთვისა მსახიობი კ. გოგიძე მონოლოგი სტენლის წინააღმდეგ ამ სცენის  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია და უზადო ტექნიკით შესრულებული.   თანდათან აქტიური ხდება  ლორდი ბაკინგემი (კ. მიქიაშვილი),  ყველასგან განსხვავებული ჩაცმულობით სათვალით და თავზე ბერეტით, რომელიც თავის მაამებლური ქცევებით სულ უფრო და უფრო უახლოვდება რიჩარდ გლოსტერს და მისი მარჯვენა ხელიც კი ხდება.   ბაკინგემი - კ. მიქიაშვილი ხვდება, რომ ახლა მხოლოდ  გლოსტერთან კარგი დამოკიდებულება ხდება აქტუალური და აუცილებელი, ამიტომაც ყველა ღონეს ხმარობს რომ მისი საქმიანობა შემჩნეული იქნას და დაფასებული.  მასზეა დამოკიდებული როდის დანიშნავენ მეფის კურთხევას ან ვის გამეფებენ. კ. მიქიაშვილის ბაკინგემი თავდაჯერებული და თამამია.  იგი ამჯერად სამეფოში ყველაზე გავლენიანი ფიგურა  ხდება და  იმდენს ბედავს, რომ ედვარდ IV სიკვდილის მერე ხელიდან „ასცინცლის“ რიჩარდს მის სასურველ გვირგვინს. სულ მალე მას დამსახურებად მთელს საგრაფოსაც შეპირდებიან, მაგრამ ერთი მისი წაბორძიკება გახდება საკმარისი იმისთვის, რომ მისი სისხლიც თეთრ კედელზე აიღვაროს. 

რიჩარდ გლოსტერი ყველაფერთან ერთად საკმაოდ ეჭვიანია, არავის ენდობა განსაკუთრებით მაშინ, როცა სახელმწიფოს ეხება საქმე, ამიტომაც სრულიად მოულოდნელად იმ სხდომაზე გამოჩნდება, რომელსაც ესწრებიან ბაკინგამი, სტენლი (გ. ჯიქია), ჰასტინგსი (მ. მუმლაძე), ელის ეპისკოპოსი (ს. ნათენაძე) და სხვანი, სადაც გვირგვინის კურთხევის თარიღი დგინდება ( თავისთავად კანდიდატიც) და აქ იწყება რიჩარდის  კიდევ ერთი ზეასვლა ეშმაკობით, მზაკვრობითა და  მათი შესატყვისი მჭერმეტყველებით, რათა ყველა დაარწმუნოს იმაში, რომ ერთადერთი ვისი მეფედ კურთხევაა შესაძლებელი, თვითონ  რიჩარდია, მაგრამ სწორედ მეფედ კურთხევით თავდება რიჩარდ III  კარიერა და მისი წინსვლის მეორე და იწყება დასასრულის დასაწყისი - მესამე, ბოლო -  დაცემის  ეტაპი.

მთელი მეორე მოქმედების მეორე ნაწილი კი მისი სულიერი ნგრევის, ფსიქიური აშლილობის, ზოგჯერ, ძალიან იშვიათად სინდისის ქენჯნის, კოშმარული სიზმრების, საკუთარი ხელით მოკვდინებული ახლობლებისა თუ დიდგვაროვანთა მოჩვენებებისა და აჩრდილების  დროა, რასაც ძირითადად ძალაგამოცლილი რიჩარდი სცენაზე  ხოხვაში ატარებს, თუმცა იმის ენერგია მაინც  ჰყოფნის, რომ ლედი ანა თავიდან ჩამოიცილოს და ელისაბედი დაიყოლიოს რომ ქალიშვილი  ცოლად მიათხოვს, თუმცა ამას ვეღარ ეღირსება. დრო უკვე მის წინააღმდეგ  ტრიალებს.

იქამდე კი  ჰასტინგსის  ჯერიც მოსულა, რომელიც ისე გაოცებულია მოღალატედ შერაცხვაში,  ვერც კი იჯერებს რომ ეს მის თავზე ტრიალებს - იმ ცხვირსახოცსაც კი წაართმევენ, რომლითაც ასე გულმოდგინეთ  და გამუდმებით იწმენდს ხელებს, თუნდაც რივერსთან შერიგების შემდეგ. ისევ აღებს ციხის კარებები ბრაკენბიური (ს. მარგალიტაშვილი), მზე ისევ საშინლად აცხუნებს და კვლავ ესხმება  სისხლი თეთრ კედელს.   რიჩარდი გლოსტერი, ლედი ანა, ბაკინგენი და სტენლი კი ჰასტინგსის მოჭრილი თავით ხალისობენ და საკადრის ადგილს ურჩევენ, რომელიც ბოლოს  ისტორიის სანაგვეში აღმოჩნდება, ისევე როგორ შემდგომ  ლედი ანას და თვით რიჩარდ III  ნეშტი.

„როგორ მიყვარდა ეს კაცი!“ - მოსთქვამს რიჩარდ გლოსტერი და ახლა კი მეფედ კურთხევისთვის გზა ხსნილი აქვს. ამ ცერემონიას რეჟისორი ისე აწყობს, რომ სულ ახლახან ჩავლილი მიტინგების ხანა გახსენდება. ხალხი (ინგლისი დროშები) ხმაურობს და სკანდირებს, რომელთაც შეძახილებით დროდადრო სტენლი და ეპისკოპოსი „აღაგზნებენ“ რიჩარდისა და ბაკინგამის დირიჟორობით. ჩვენ ყოველივეს სცენის მეორე, უკანა მხრიდან ვაკვირდებით, რათა კარგად დავინახოთ ტყუილების „სამზარეულო“, როგორ მზადდება  რიჩარდის „დაყოლიება“ და  „ხალხის მიერ მეფის  კურხთევა“, რადგან  პრინცი ედვარდი ხომ „უკანონო სარეცელს მწოლმა“  ელისაბედმა შვა. და ვინ თუ არა - მხოლოდ როჩარდ გლოსტერი იმსახურებს ინგლისის მეფობას - ის ვისთვისაც  თითქოს და „შორს არის ... მეფედ ყოფნის სურვილი“.

გ. ბარბაქაძე  რიჩარდის  როლის ინტერპრეტაციისთვის  ახალ ხერხებს ირჩევს: მისი საუბრის მანერა განსხვავდება ბუნებრივისგან, იგი შეგნებულად გაწელილია, სადღაც სტილიზებულიც, ხასიათდება სიტყვების და ბგერების დამარცვლით, წამღერებით. ამას ემატება პირში ენის რაღაც უცნაური   ტრიალი, რაც ხაზს უსვავს რიჩარდის კიდევ ერთ ნაკლს. მსახიობი ცდილობს  მაყურებელს უჩვენოს, რომ არასრულყოფილ ადამიანს განასახიერებს, ფიზიკური და სულიერი ნაკლოვანებებით აღსავსეს, იგი უფრო მაცდურა, უფრი ქვეშქვეშა, ვიდრე ა. კუბლაშვილის რიჩარდი.  სპექტაკლის დასასრულისკენ გ. ბარბაქაძის რიჩარდი თითქოს და ავტომატურ რეჟიმშია  და ისე ასრულებს  მეფის მოვალეობებს. მას მისი ბედისწერა მართავს და მიჰყავს აღსასრულისკენ, ხოლო მისგან გასხვავებით ა. კუბლაშვილის რიჩარდს კი    ისევ „თავში აქვს ავარდნილი“  საკუთარი  სიძლიერე, ცდილობს ბედისწერას აუმხედრდეს, მასაც კი შეებრძოლოს, მასზეც კი იძალადოს. მისი ყოველი მოძრაობა, ჟესტი ამ ბრძოლის გამოხატველია. ა. კუბლაშვილის რიჩარდს ჯერ კიდევ ამ ყველაფრის ძალა შესწევს, მისი რიჩარდი უფრო ემოციურია, ექსპანსიური, ნერვიული ვნებით და ღელვით არსავსე, თამაშობს უდიდესი ენერგიით.    გ. ბარბაქაძის რიჩარდი კი დანებდა საკუთარ ხვედრს, გადაიღლა  და მოუთმენლად ელის დასასრულს. ორივე მსახიობმა როლის ინტერპრეტაციის გასხვავებული გზა მონახა, რაც თავისთავად მათ ინტელექტსა და ნიჭირებაზე მეტყველებს. ასევე განსხვავდენა  ის „გასაღები“,  რაც მათ საფუძვლად დაუდეს ამ ნააზრევს. ეს ეხება არა მხოლოდ შინაარსობრივ მხარეს, არამედ  გარეგნულსაც. მაგ. როგორც ვთქვით გ. ბარბაქაძე მეტყველებით, ჟესტიკულაციის, გამოხედვით, გრიმასის ფორმებით ძერწავს  სახეს, ხოლო ა. კუბლაშვილი-რიჩარდისთვის დედოფალი მარგარეტის მიერ მომზადებული საწამლავის ფიალა ხდება, ის რაც მას თავის დანაშაულებებს ახსენებს და ის ერთადერთი ნივთია, რაც მასში სინდისი ქეჯნას თუ არა იწვევს, საკუთარ სულში ჩაღრმავებას აიძულებს. 

ა. კუბლაშვილის რიჩარდი უშველებელ კვაზიმოდოს მოგვაგონეს, სხვადასხვა ჩექმით,  უზადო,  მაგრამ ნერვიული მეტყველებით, ოდნავ ხმაჩახლეჩილი და ხმამაღლი საუბრის ტონით, მის ყოველ ქმედებაში არანაირი მერყეობის ნასახიც კი არ შეიმჩნევა. ეს განსკუთრებით ვლინდება ორივე რიჩარდის უკანასკნელ მონოლოგში: „არის ვინმე აქ კაცისმკვლელი? არა ... ჰო, მე ვარ“. გ. ბარბაქაძის მიერ აქცენტი კეთდება „ჰო, მე ვარ-ზე“, ხოლო ა. კუბლაშვილის მიერ კი „არა-ზე“. ეს თავისთავად ორი მსახიობის მიერ როლის სხვადასხვა გაგებაზე მეტყველებს - როგორც ვთქვით ზემოთ - „სინიდისის“ ორ სხვადასხვა გაგებაში. ვფიქრობ ამიტომაც ორივე რიჩარდი სხვადასხვა გზით მიდიან აღსასრულისკენ - ერთი მორჩილად, მხოლოდ შინაგი წინააღმდეგობებით, სულიერი სისუსტით, შიშით და სინდისი ქეჯნით „მხდალო სინიდისო, როგორ მტანჯავ, როგორ მაწამებ“,  მეორე ფიზიკური წინააღმდეგობებით, მედგრად, უტიფრად და  თითქოს და სიმართლით „თითქოს ათასი ენა ებას ჩემს სიმართლეს“. და ორივე განსხვავებულადაც კვდება, ერთი (გ. ბარბაქაძე)  ზურგზეა დაცემული და თითი მაღლა  აღუმართავს, ხოლო მეორე პირქვეა და სახეს მალავს.

ლონდონის ქუჩებში ისეც აცხუნებს იორკის მზე, მხოლოდ ბრაკენბიური (ს. მარგალიტაშვილი) - ციხის უფროსი, ეს „უტყვი  მონა“ და ყველა საშინელებების თანამონაწილე რჩება იმ ქვეყანაზე და მუხლმოდრეკი ტირელი, რომელიც ისევ  აბარებს აღსარებას კარდინალ  ბორჩერის.