top of page

კარგად ბრძანდებოდეთ ქალბატონო

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

465239050_1097446689056552_9193370992336859253_n.jpg

ლაშა ჩხარტიშვილი

კარგად ბრძანდებოდეთ ქალბატონო

 

რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის თეატრისა და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობა უკანასკნელ წლებში საგრძნობლად გააქტიურდა. რამდენიმე წლის წინ, ამ ორ ორგანიზაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სწორედ ამ მემორანდუმის ფარგლებში შედგა პრემიერა სპექტაკლისა „კარგად ბრძანდებოდეთ ქალბატონო“, რომელშიც რუსთავის თეატრის მსახიობებთან ერთად, მონაწილეობას თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის სტუდენტები იღებენ.  

 

სპექტაკლი „კარგად ბრძანდებოდეთ ქალბატონო“ მომავალი მსახიობებისთვის დიდი გამოცდილებაა, ხოლო რუსთავის თეატრისთვის ახალი სისხლის გადასხმა, რომელსაც მუდმივად საჭიროებს ნებისმიერი თეატრი. სწორედ ასეთი სპექტაკლია „კარგად ბრძანდებოდეთ ქალბატონო“, რომელიც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა თავისსავე სტუდენტების მონაწილეობით დადგა. ტექსტზე ცნობილმა ლიტერატორმა, მთარგმნელმა და დრამატურგმა თამაზ გოდერძიშვილმა იმუშავა. ფაქტობრივად მან ტექსტი გადმოაქართულა ისე, რომ პირველწყაროსთან საერთო თითქმის არაფერი დარჩა. მისი ძირები XIX საუკუნის ფრანგულ ბულვარულ დრამატურგიაში უნდა ვეძებოთ. სპექტაკლში მოქმედება ჩვენს დროში მიმდინარეობს, თუმცა დროის კანონს და საზღვრებს ავტორები ბოლომდე არ იცავენ და ხშირად ირღვევა. სპექტაკლი ახალი ტიპის ვოდევილია, სადაც პერსონაჟები არქაული ქართულით საუბრობენ, მათი მოქმედებები უტრირებულია და ამავდროულად ისინი ჩვენი თანამედროვეები არიან. ამ ხერხით ავტორი და რეჟისორი შეეცადა გროტესკული პერსონაჟების შექმნას და ამავდროულად მიმართეს ერთგვარ სატირა-ირონიის ისეთ ხერხს, სადაც მკაცრად დასცინებდნენ ძველ, არქაულ თეატრს. მეორე მხრივ, ასეთი ტიპაჟების შექმნა სტუდენტი-მსახიობებისთვის დიდი გამოცდილებაა და სასწავლო პროცესის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი, როცა სტუდენტს გარდასახვა უხდება (რის მივიწყებასაც ცდილობს ახალი თაობის გარკვეული რეჟისორები).

 

ამბავი, რომელიც სოსო ნემსაძის სპექტაკლშია მოთხრობილი ტრივიალურია და სუმბურული - ცოლ-ქმრის ეჭვიანობა, ავი სიდედრი, გასათხოვი ქალების მცდელობანი გასაბედნიერებლად, ეს პერსონაჟები ქმნიან კომიკურ სიტუაციებს, რითაც დადგმა სიტუაციურ კომედიას უახლოვდება. სპექტაკლი დინამიკურია და სახალისო, მსახიობები სცენაზე ქმნიან კომიკურ და გროტესკულ ატმოსფეროს, მათ სცენურ მოძრაობაზე ქორეოგრაფმა დავით მეტრეველმა იმუშავა, ხოლო სცენოგრაფიაზე გელა ბედიანაშვილმა, სანდრო მარგველაშვილმა, გვანცა ჯავახიშვილმა და ნუცა კერესელიძემ. რომ გითხრათ, რომ ოთხი მხატვრის ნამუშევარი ეტყობა სპექტაკლს-თქო მოგატყუებთ, რადგან დეკორაცია არაფრით არ არის გამორჩეული, გარდა იმისა, რომ მოქმედია გარკვეულ ეპიზოდებში და იცვლება მოქმედების ადგილი. შესაძლოა, მოძველებული დეკორაცია, რომელიც ძველი, მივიწყებული ტექნიკით არის შესრულებული, ერთგვარი ირონიაა არქაულ თეატრზე და დრომოჭმულ დეკორაციაზე, მაგრამ შექმნილი გარემო ესთეტიკურად არ გამოიყურება, ეკლექტურია და არც მხატვრული ხარისხითაა გამორჩეული. იმავეს ვერ ვიტყვი კოსტიუმებზე, თუმცა აქვე დავძენ, რომ ჩნდება განცდა, რომ კოსტიუმები მსახიობებს მორგებული/მოხდენილი არ აქვთ.

 

სპექტაკლის „კარგად ბრძანდებოდეთ ქალბატონო“ ერთადერთი ღირსება არტისტული ანსამბლი და მსახიობთა მიერ შექმნილი სახე-ტიპაჟები მგონია. მსახიობები ქმნიან გროტესკულ სახეებს, რომლებიც ლაღად და ორგანულად გაითამაშებენ კომიკურ ამბავს, ქმნიან კომიკურ სიტუაციებს და ახერხებენ მაყურებლის ჩართვას სცენაზე გათამაშებულ ამბავში. მოვლენების ეპიცენტრში ვატო სანიკიძე (გიორგი შანშიაშვილი) დგას, რომლის ქმედებებიც და გადაწყვეტილებებიც წარმოშობს კონფლიქტურ სიტუაციებს. ახალგაზრდა მსახიობი ქმნის ქალების გარემოცვაში პირად სივრცე წართმეული მსხვერპლი კაცის პერსონაჟს, მის მიერ შექმნილი პერსონაჟი მაყურებელში ღიმილსაც იწვევს და თანაგრძნობასაც. სოფი ხიზანიშვილის მიერ შექმნილი თამარი - ფაქტობრივად უნაკლო და უმწიკვლო ახალგაზრდა ქალია, წრფელი სულითა და გულწრფელი ზრახვებით. მაშიკო თვალაბეიშვილი (ანო) ქმნის გათხოვებაზე ორიენტირებული ახალგაზრდა ქალის მხატვრულ სახეს, რომელიც კომიკურ სიტუაციაში არაერთხელ აღმოჩნდება. მიზანდასახული ქალის მხატვრულ სახეს ქმნის ნინი ურუმაშვილი, რომელიც დაკარგული სიყვარულის დასაბრუნებლად იბრძვის მას შემდეგ, რაც ქვრივი გახდა. მსახიობი თავისი ვიზუალით ნამდვილად ეფექტურია, რომლის გარეგნობა და სცენური მომხიბვლელობა ხიბლავს როგორც პერსონაჟებს, ისე მაყურებელს. სამსახიობო ანსამბლში ორგანულად ჩაეწერა ირაკლი ჯიშკარიანი (ძუკუ), რომელიც განსხვავებულ სახე-ტიპაჟს ქმნის მეგრელი კაცისა, მსახიობს ზუსტად აქვს დაჭერილი/მიგნებული არა მხოლოდ პერსონაჟის ხასიათი, არამედ მეგრული კილო-ინტონაცია. არანაკლებ სახასიათო პერსონაჟს ქმნის ნინა შონია (მაშო) - მოახლე, რომელიც მოახლეზე მეტია, ფაქტობრივად ოჯახის წევრი ოჯახის წევრის უფლებებით. ნინა შონია ქმნის თამამი, პრეტენზიული, ოდნავ თავხედი მოახლის მხატვრულ სახეს, რომელიც იბრძვის თავისი ადგილის დასამკვიდრებლად შანშიაშვილების არცთუ ისე დალაგებულ ოჯახში.

 

გამორჩეულ არტისტულ ჯგუფში, განსაკუთრებულად გამორჩეულები, განსხვავებულები და სასაცილოები არიან კესო დვალიშვილი (ბაბალე), ანდრია ვაჭრიძე (სიმონი) და მარიამ მღებრიშვილი (ბაბული). კესო დვალიშვილი ქმნის აქამდე მისთვის უჩვეულო როლს - ავყია, ავადმყოფურად ეჭვიანი და ეგოისტი დედის/ქალის მხატვრულ სახეს, დეტალებით ავლენს ბაბალეს ხასიათს და ხატავს გროტესკულ ტიპაჟს. მსახიობი მაშინაც მუშაობს სცენაზე, როცა ის მეორე პლანზეა, მას არც ერთი მომენტი არ აქვს ცარიელი და უფუნქციო. მნიშვნელოვანი კომიკურ-გროტესკული სახე-ტიპაჟი შექმნა მარიამ მღებრიშვილმა (ბაბული განუგრავა). მსახიობი ზუსტი გამომსახველობითი ხერხების საშუალებით გვიჩვენებს ინტელიგენტ, წარმოშობით მეგრელ, თბილისში დამკვიდრებულ ამბიციური ქალს, რომელიც ასაკშიც კი საკუთარ თავზე ზრუნავს. გარდა იმისა, რომ მსახიობი ახალბედა მსახიობი გარდაისახება ხანში შესულ ქალად, ის არცერთი წამით არ ივიწყებს სცენაზე პერსონაჟისთვის დამახასიათებელ უნარებს და ჩვევებს. ის ხელჯოხით, წელში მოხრილი დადის მუდმივად და მაყურებელი იჯერებს მსახიობის შემოთავაზებული ტიპაჟის ნამდვილობას. ანდრია ვაჭრიძეს, რომელიც რუსთავის თეატრის მსახიობიცაა, კარგად იცნობს ქართველი თეატრის მოყვარული საზოგადოება, რომელიც ყოველთვის დასამახსოვრებელ ტიპაჟებს ქმნის. მას დიდი გამოცდილება აქვს სხვადასხვა ჟანრში მუშაობის, მათ შორის, კომიკური როლების შესრულების. უნდა ითქვას, რომ ანდრია ვაჭრიძე სიმონ დრაგაძის პერსონაჟის შექმნისას, სრულიად განსხვავებულ სახე-ტიპაჟს გვთავაზობს. ის პროფესიული ოსტატობით და არტისტული სილაღით აგებს სიმონის მხატვრულ სახეს, ზედმიწევნით ზუსტად გრძნობს ჟანრს და აქედან გამომდინარე იცავს ზომიერებას ემოციების, გამომსახველობითი ხერხების გამოყენებისას.

 

 

სპექტაკლი, რომელიც საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტთან ერთად განხორციელდა, წარმოადგენს სუმბურულ, გასართობ, დროის შესაქცევ სანახოაბას, რომელიც ერთგვარი ორინიაა არქაულ თეატრზე და ამავდროულად ეხმიანება ჩვენს ყოფას, ადამიანთა სამყაროს და გვიჩვენებს ტიპაჟებს, რომელთა პროტოტიპები პარტერში მრავლად სხედან. ამიტომაც სპექტაკლში ვოდევილის ჟანრში წამოჭრილი პრობლემები აქტუალურია და ისეთივე ახლობელი თანამედროვე მაყურებლისთვის, როგორც ის ორი საუკუნის წინ იყო, რადგან ადამიანი არ იცვლება.

bottom of page