ქარი ქრის ვერხვებში

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

263506229_4938460822855415_6272695078622696832_n.jpg

გიორგი ყაჯრიშვილი

ქარი ქრის ვერხვებში

 

სპექტაკლი, რომელზეც ჩემი შთაბეჭდილება მინდა გაგიზიაროთ, გვიან ვნახე. იგი უკვე მესამე წელია ქუთაისის ლადო მესხიშვილის პროფესიულ დრამატული თეატრის რეპერტუარშია და 2020 წელს თეატრალური საზოგადოების „გრან პრი“ დაიმსახურა. ასე მოხდა იმიტომ, რომ სპექტაკლის ნახვა ქუთაისის თეატრის სცენაზე მინდოდა, სადაც დაიდგა იმ განსაკუთრებული სცენოგრაფიული და აზრობრივი გადაწყვეტილების გამო, რაც ახალგაზრდა რეჟისორმა ნინი მაღლაკელიძემ მიიღო. პიესის განხორციელება დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა, თუმცა რიმას ტუმინასის დადგმას, რომელიც ვახტანგოვის თეატრში განხორციელდა იქაური კრიტიკა არ სწყალობდა. ასე მაგალითად, მარინა დავიდოვამ ეს სპექტაკლი 10-დან 5 ქულით შეაფასა. სამი მოქმედი გმირის საუბრების სცენაზე გადატანა არ იყო რთული, მაგრამ ფინალი, როცა სამივე მათგანი უნდა „აფრინდეს“, რაც ორიგინალშია, თავისთავად განხორციელების უხერხულობას უქმნის რეჟისორს. თუმცა, როგორც ჩანს ტუმინასის სპექტაკლში (ნაჩვენები იქნა ფესტივალზე „საჩუქარი“), სავარაუდოდ მხოლოდ ეს არ იყო მიუღებელი კრიტიკისთვის. წარმოდგენის პერსონაჟები თითქმის დავრდომილ მოხუცებს თამაშობდნენ, როგორც ფიზიკურად ისევე მორალურად, თითქოს „გამოფიტულნი“ იყვნენ. ამან განაპირობა ის, რომ სპექტაკლის სტატიკურობა და მოსაწყენი რიტმი უინტერესოს ხდიდა წარმოდგენას. ქუთაისელთა სპექტაკლში კი რეჟისორი პეროსნაჟების ხასიათებს, მათ სულიერ სამყაროს გამოკვეთს, დამატებითი ნიუანსებით ავსებს მათ პიროვნულ თვისებებს, რეალურ მოტივაციას უქმნის მათ გარეთ გასვლას    და სწრაფვას თავისუფლებისკენ. ფერნანიც კი, რომელიც გრძნობს, რომ შეტევები გაუხშირდა და აღსასრული სულ ახლოსაა, სიამოვნებით, ენთუზიაზმით თანხმდება მათთან ერთად დატოვოს თავშესაფარი - მონდომებით ჩაერთვება თავის დაღწევის „ფერხულში“ და ენერგიულად მიაგორებს სხვებთან ერთად ძაღლის ქვის უმძიმეს ქანდაკებას.

პიესიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, მთავარი ინტერესი ის იყო თუ როგორ დაუსვამდა წერტილს დამდგმელი რეჟისორი წარმოდგენას, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მაგრამ მივყვეთ თავიდან.

ნინო მაღლაკელიძე ახალი სახეა ქართულ თეატრში. მან უკვე სამი წარმოდგენა დადგა: ქუთაისის თოჯინების თეატრში - „მახინჯი იხვის ჭუკი“, სადაც რეჟისორის ჩანაფიქრი ორიგინალობით გამოირჩევა, ყველა თოჯინა სამზარეულოს მეტალის ინვენტარისგანაა შექმნილი: ჩაიდნები, სამოვარი, ჭიქები და თეფშები „მოქმედი გმირები“ არიან, რაც ბავშვებში და უფროსებშიც საკმაო ინტერესს აღვიძებს და უჩვეულოა თოჯინების თეატრისათვის. მისი მეორე სპექტაკლი ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში შედგა. ივან ვირიპაევის „ზაფხულის ბზიკები ნოემბერშიც გვკბენენ“ თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ქართულ და ფოთის საერთაშორისო რეგიონული თეატრის პროგრამებში იყო ნაჩვენები. ორივე ეს ნამუშევარი კრიტიკოსთა და თეატრალების მიერ აღიარებული თავისი რეჟისორული გადაწყვეტით. გამოიკვეთა, რომ ახალგაზრდა შემოქმედი საუცხოოდ ფლობს რეჟისორულ პროფესიულ ჩვევებსა და ხერხებს, გამოირჩევა ორიგინალური აზროვნებით და რაც მთავარია მსახიობებთან მუშაობის განსაკუთრებული, საკუთარი მანერით. ყოველივე ეს ცხადია იმ წარმოდგენებით გამოიკვეთა, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ. ამდენად ჩემი ინტერესი ქუთაისში შექმნილი მისი ნამუშევრის მიმართ ბუნებრივი მგონია. ამ სპექტაკლს სამწუხაროდ, იშვიათად თამაშობენ, არა მგონია მხოლოდ მისი თავისებური სცენოგრაფიის გამო. თუმცა ის ამ გაზაფხულზე სამჯერ დაინიშნა და სამჯერვე მოიხსნა სხვადასხვა მსახიობის ავადმყოფობის გამო. მაყურებელი დარბაზში კულისებიდან შეჰყავთ, ზუსტად დათქმულ დროს, მაშინ, როცა სპექტაკლი თითქმის დაწყებულია - სცენაზე სამი მსახიობი, სამი მოხუცი გვხვდება: რენე (სულხან გოგოლაშვილი), ფერნანი (ზვიად სვანაძე) და გუსტავი (დავით როინიშვილი), მაყურებელი კი მათ გასწვრივ სცენაზე, რამდენიმე რიგშია განლაგებული, მათი რაოდენობაც მკაცრად განსაზღვრულია. დეკორაცია მინიმალურია, მხოლოდ გარშემო შავი ფარდები, რომელიც მაყურებელთა დარბაზს ფარავს, ორი სკამი, ძველი ტრენაჟორი და ძაღლის დიდი ქვის ქანდაკება, რომელსაც ყელზე თოკი ჰკიდია. უკანა პლანზე ეკრანია, სადაც მთვარე ანათებს და ღრუბლები გადაადგილდებიან.

რენე ქსოვს, გუსტავი თითქოს წიგნის კითხვითაა გართული, ფერნანი, ყველგან თავის გასაშლელი სკამით დადის, ის მხარეზე თოკით აქვს გადაკიდებული - ფიქრშია წასული. ეს სამი მოხუცი, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებია არიან, რომლებიც ერთ თავშესაფარში აღმოჩნდნენ. სრულიად განსხვავებული ხასიათის, განსხვავებული ტემპერამენტის და წარმოშობის ადამიანები არიან, რომელთაც მხოლოდ ერთი რამ აკავშირებთ - სამივე ახლობლებისგან მოტოვებული და მარტოსულები არიან. რენეს და გუსტავი კლასიკურ სტილში არიან ჩაცმული - რენეს პიჯაკის ქვეშ მწვანე კუბოკრული ჟილეტი მოუჩანს, იგი გამუდმებით ჯოხის ატარებს, გუსტავის კოსტიუმი უფრო მკაცრია, ერთ მოლურჯო ფერში გადაწყვეტილი. ფერნანი უფრო სპორტულ ტანსაცმელში, მოყავისფრო კუბიკებიანი შარვალი, თეთრი პერანგი და ზემოდან ჟილეტი (მხატვარი თამარ გურგენიძე).

სიჩუმეს რენე არღვევს, რაც გუსტავის გაღიზიანებს იწვევს. მათი თანაარსებობა ამ თავშესაფარში გამუდმებით კამათსა და კინკლაობაში მიმდინარეობს. რენე საკმაოდ ფიცხია, ბოლომდე ვერ უძლებს კამათს და როგორც წესი ყოველთვის გაბუტული ტოვებს ოთახს. სულხან გოგოლაშვილის რენე ცდილობს ზომიერად თავდაჭერილი იყოს დანარჩენებისგან, გახსნილია მათთან ურთიერთობაში, ენაწყლიანია. ერთ ადგილზე ვერ ჩერდება, უყვარს გარეთ სეირნობა, სიამოვნებით ჰყვება ამბებს, რომელიც გასეირნების დროს ნახა ან შეემთხვა, მაგალითად გოგონათა სკოლის შესახებ, რომელიც შემდგომ ზოგადად ქალების შესახებ საუბრით გრძელდება; მაიორ მერსიეს თვითმკვლელობის შესახებ, რასაც დაკრძალვა დასწრების ინციდენტი მოჰყვება, შასენის დაბადების დღის მისალოცი ლექსის შექმნის ინიციატორია. აქ აუცილებლად აღნიშვნის ღირსია ახალგაზრდა რეჟისორის მიერ „შეთხზული“ დაბადების დღის აღნიშვნის სცენა, სადაც სამივე ჩართულია: თავზე სხვადასხვა ფერის საკარნავალო ჩაჩი ახურავთ. პიკნიკზე წასვლის იდეაც რენეს ეკუთვნის, მისი ფრაზაა „იქ სადაც ქარი უბერავს“, რომელიც ერთგვარი რეფრენი ხდება ამ სპექტაკლის. პიკნიკის დროს გაქცევის გეგმის განხილვისას რენეს ვარიანს ამჯობინებენ, თუმცა გუსტავი მაინც ხელმძღვანელობას ჩემულობს. რენე კატეგორიული წინააღმდეგია ძაღლის წაყვანა/წაღების (ესეც რეჟისორის ნინო მაღლაკელიძის მიერ მოგონილი ხერხია: სხვადასხვა სპექტაკლების ფინალში ზოგან ძაღლი ვერხვების მიმართულები ბრუნდება, სხვაგან, მაგალითად ტუმინასის სპექტაკლში პირს დააღებს და მაღალი რეგისტრის ბგერებს გამოსცემს).

გუსტავი, რომელიც ამაყობს თავის წარმომავლობით, პატივმოყვარეა, ცდილობს მათზე უპირატესობა მოიპოვოს - მისი საუბარი ქედმაღლურია და ლიდერობაც სურს, რასაც როგორც თვითონ ამბობს იმსახურებს კიდევაც მაღალი სამხედრო ჩინის გამო. მსახიობმა დავით როინიშვილი პერსონაჟს სხვა ნიუანსებიც შესძინა, მისი საუბარი, მოძრაობა და პლასტიკა ორიგინალურია, ხელების მოძრაობაც კი, რაც თავისთავად გამოყოფს სხვა ორისგან. ინიციატივიანია და მეამბოხე, ვერ იტანს ერთფეროვნებას და მისი მთავარი სურვილი აქედან გაქცევაა, თუნდაც ფრანგული ინდონეზიაში. ყოველთვის უკმაყოფილოა, ჯერ რატომ დაირღვა დუმილი, შემდგომ დიდ ტერასაზე სხვა მაცხოვრებლების შემოსახლების წინააღმდეგია, არ მიდის მაიორის დაკრძალვაზე და საერთოდ არასდროს გადის თავშესაფრიდან, მაგრამ ძალზე ბრაზდება, როცა მას არც კი იხსენებენ ან არავის სჭირდება. ხშირად იხსენებს თავის საგმირო საქმეებს, მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობასა და პარიზში გატარებულ დღეებს. დავით როინიშვილის გუსტავი ქმნის განსაკუთრებულ სახეს, თითქოს კომიკურს, მაგრამ ამავე დროს ძალიან სევდიან რაინდს, მამაკაცს, რომელიც ცოლმა მიატოვა, თავზე პარიკით, რომ გამელოტებული თავი არ გამოუჩნდეს. პიკნიკის დროს, სადაც სამივეს ერთნაირი თეთრის ღამის პიჟამები აცვიათ, გუსტავი ყველაზე აქტიურია, ხელებით და ფეხებითაც (რუკაზე შეგება თითქოს მდინარე უნდა გადალახოსო) მთელი სხეულით აღწერს გაქცევის გეგმას. ზურგზე შეისვამს ჯერ რენეს, შემდგომ კი ფერნანს, რეპეტიციას გადის როგორ გაიყვანს მათ მეორე ნაპირზე. თოკით გადაბმულებს ტრენაჟორზე აიყვანს და მისი წინამძღოლობით ყველანი ერთად ვარჯიშობენ და ერთ რიტმში ირხევიან. ძაღლის წაყვანის იდეაც მას ეკუთვნის, დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად ურიკას შემოაგორებს ყველას დაარწმუნებს რომ მხოლოდ ესაა აქედან გასვლის საუკეთესო გზა. ფერნანი ზვიად სვანაძე ინფანტილური, მისი მდგომარეობა ყველაზე კრიტიკულია, თავში ჩარჩენილი ნაღმის ნატეხის გამო ხშირად კარგავს გონებას, მაგრამ მალევე გამოერკვევა ხოლმე ყოველთვის ერთი წინადადებით: „ზურგიდან შემოვალ ჩემო კაპიტანო“ - წინადადება, რომელიც დიდხანს გაოცებასა და ინტერესს იწვევს რენესა და გუსტავში, იქამდე ვიდრე ფერნანი არ აღიარებს, რომ ეს მისი სასიყვარულო მოგონებებია, იმ რომანს გამოძახილი რომელიც მოდელიორთან ჰქონდა. მის აღიარებას ძალიან მშვიდად ხვდებიან მოხუცები, რენეც უკვე ასე ხშირად არ ბრაზდება ისინი თანდათან თანაუგრძნობენ ერთმანეთს - გაერთიანებულნი ერთი იდეით, გააღწიონ აქედან და იმ ვერხვებთან მივიდნენ, რომელიც ასე ლამაზად ჩანს მათი თავშესაფრის ფანჯრიდან, იქ, სადაც ქარი არხევს ვერხვების წვეროებს. ფერნანს აკვიატებული იდეები აწუხებს, საკუთარი დაბადების დღის თარიღის შიში აქვს, მიაჩნია რომ ეს საბედისწერო თარიღია და ამ დღეს დაასრულებს სიცოცხლეს. გამოდმებით იმეორებს: „მადლენი-ბოზია“, დარწმუნებულია თავის სიმართლეში იმდენად, რომ სპექტაკლის ფინალში სწორედ ამ შეძახილით ტოვებს თავშესაფარს.

თავშესაფრის დატოვების სცენა, რომელსაც ასე გულმოდგინედ ამზადებდა სამივე მოხუცი ძალიან ორიგინალური და შთამბეჭდავია: ბევრი მცდელობის შემდეგ ძაღლის უმძიმეს ქანდაკებას როგორც იქნა ურიკაზე მოათავსებენ და სამივე ერთად სცენაზე ჩვენ წინ წრეზე უვლიან, უეცრად სცენა ბრუნდება და მაყურებელი, რომელიც პარტერისკენ ზურგი იჯდა ახალა მის პირისპირ აღმოჩნდება. რენე, გუსტავი და ფერნანი ძაღლის ქანდაკებასთან ერთად უშველებელ რკინის კარებს გააღებენ და გორაკისკენ (პარტერის გავლით) მიემართებიან იქ, სადაც „ქარი ქრის ვერხვებში“, პარტერის ზემოდან მათ ნათელი სხივები ეცემათ და გზას თავისუფლებისკენ უნათებს.