კარნავალური „დონ ჟუანი“ ცირკში

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

281553045_317855103863852_3363950595023026898_n.jpeg

გიორგი ყაჯრიშვილი

კარნავალური „დონ ჟუანი“ ცირკში

 

თბილისის ცირკის არენას არ ახსოვს, როცა ცხოველთა მომთვინიერებელს, „შავ პუმას“ ან კომანდორის ქანდაკებას მსახიობები ასახიერებდნენ. საცირკო სანახაობაში განხორციელებული ჟან ბატისტ მოლიერის და ალექსანდრე პუშკინის „დონ ჟუანის ანუ ქვის სტუმარი“ პირველად აჟღერდა და გათამაშდა ცირკის თაღების ქვეშ. რეჟისორის იდეა თავის წარმოდგენა ცირკში განეხორციელებინა იმ აზრს ატარებდა,  რომ ჩვენს წინაშე უნდა შემდგარიყო საცირკო-საკარნავალო შოუ, ცირკისთვის დამახასიათებელია ჟანრობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, რაც ასეთი ტიპის სანახაობას ახასიათებს: სახალისო ქმედება, საცირკო ნომრების, კლოუნების, ეკვილიბრისტების და  რაც მთავარია საცირკო არენის აქტიური ათვისებით. საბა ასლამაზიშვილმა შემოქმედებით ჯგუფთან ერთად (სცენოგრაფი ბარბარე ასლამაზი, კომპოზიტორები კონსტანტინე ეჯიბაშვილი, ვახტანგ გვახარია) ამ დასახულ ამოცანას თავი გაართვა, მაგრამ მაინც, ჩემი აზროთ, მაყურებელს დააკლდა სწორედ ცირკისთვის დამახასიათებელი საზეიმო განწყობა და სანახაობა. ზოგიერთ მომენტში სჭარბობდა თეატრალური მიზანსცენები. მაგალითად, მამის (ანდრია ვაჭრიძე) და ოპერის მომღერლის შესრულებული „ავე მარიას“ ზედა იარუსზე. სამაგიეროდ, მაცნე (კონსტანტინე ეჯიბაშვილი) თავისი ცეცხლოვანი საბედისწერო-სასიკვდილო ნამგლით დიდ მხიარულებას, გამოცოცხლებასა და აღტაცებას იწვევდა მაყურებელში. ჩემი საქმე არაა და არც პროფესია მაძლევს უფლებას შევიტანო შესწორება იმ რეჟისურაში, რაც დამდგმელმა საბა ასლამაზიშვილმა ჩაიფიქრა და განახორციელა. ჩემი მოვალეობაა მხოლოდ აღვწერო ან ავხსნა რა იყო დღევანდელ წარმოდგენაში, ამიტომ გულახდილი ვიქნები და ვიტყვი, რომ საცირკო სანახაობის (კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ - სანახაობის), შუა ნაწილი დონ ჟუან-მომთვინიერებლის ქმედებებში იყო გამეორებები, საერთო მიმდინარეობის ტემპის დაწევა და რაც მთავარია, რეჟისორს ერთგვარად გაექცა თხრობა, ამბავი და მხოლოდ სქემატური შოლტის ტყლაშუნი და დონ ჟუანის ხმამაღალი სიცილი და კივილი მივიღეთ. (ამ დროს კანტიკუნტად, მაგრამ მაინც რამდენიმე მაყურებელმა დატოვა დარბაზი).

თავისთავად არენას შემოვლებული უშველებელი ბადე, გალიას რომ ქმნის, დონ ჟუანის (ლადო ვაშაკიძე) კოსტიუმი, პარიკით და წითელი ბაფთებით, წითელივე წინდებით და წითელ ქუსლიანი ფეხსაცმელი, შიგნით ჭრელი ფერადი პერანგი და მასზე ფრაკი, გრძელი შოლტი, სგანერელი (მარიამ ბალავაძე) წითელი წინდებით, კაბარეს მოცეკვავეს რომ ჰგავს და შემდგომ შავ მოსათვინიერებელ პუმას რომ ემსგავსება, საცირკო სანახაობის ატრიბუტები და ელემენტებია, რომელიც ოსტატურადაა მოფიქრებული და განხორციელებული, ისევე როგორც სგანარელი-ეკვილიბრისტი ცირკის თაღის ქვეშ ჩამოკიდებულ წითელ რგოლში და სგანარელის უპასუხო კივილი „ფულს ვინ გადამიხდის?“ ყოველივე ეს ახალი და ორიგინალურია. ასევე თუ გავითვალისწინებთ რომ პირობითი ტრაგიზმის მიუხედავად - მიტოვებული ელვირა (ანიკო შურღაია), მგლოვიარე დონა ანა (ენდი ძიძავა) ეს მაინც ჟან ბატისტ მოლიერის ერთ-ერთი საუკეთესო კომედიაა, ჟანრი რომელიც კლასიცისტური იდეებით გამსჭვალულ საფრანგეთში ამ გენიალურმა კომიკოსმა ააღორძინა. ამიტომ, დონ ჟუანი კლოუნი-მომთვინიერებელია, რომელიც თავის ისე გრძნობს ცირკის არენაზე და ამ მხეცებისთვის გათვალისწინებულ გალიაში, როგორც სადმე საკუთარ გარემოში - პარიზის ქუჩებში, დონა ანას და კომანდორის (გივიკო ბარათაშვილი) სასახლის დერეფნებსა თუ ელვირას სასახლეში ავტორისეულ კომიკურ სახეს ქმნის.  

სგანარელთან გაუთავებელ კამათში, დონ ჟუანი მაინც ახერხებს ყველას გზიდან ჩამოცილებას, მათაც ვისი ცოლი მისი სექსუალური ლტოლვის მსხვერპლი გახდა, და  ასე ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება თავის აღსასრულს. კომანდორი თავის რისხვას დაატეხს დონ ჟუანს სწორედ მაშინ, როცა მის ქვრივ დონა ანასთან ნებივრობს. ამ დროს დონ ჟუანის მიერ შექმნილი ჩაკეტილი გარემო-გალია ჩამოიქცევა და აქ ახალა დასრულდება დონ ჟუანის სიცოცხლეც და ეს ერთადერთი წარმოდგენას თბილისის ცირკის არენაზე.

ძალზე შთამბეჭდავია კომანდორის შემოსვლა რომის იმპერატორს ან კეისარს რომ ჰგავს უგრძესს თეთრ ტოგაში, მონუმენტურ ქანდაკებად რომ აღიმართება იმ მაღალ კიბეზე, რომელიც არენაზე დასაწყისიდან დგას და სწორედ ეს ფუნქციაც აკისრია, რომ ეს ქანდაკება ცამდე ამაღლდეს. თუმცა წარმოდგენის განმავლობაში ამ ფერადოვან კიბეს ასევე წარმატებით იყენებენ დონ ჟუანიც, სგანარელიც და ელვირაც. მაღლიდან მსახიობი უკეთესად ამყარებს კონტაქტს მაყურებელთან, რომელიც მთელი არენის გარშემო წრიულ მაღალი ამფითეატრის სავარძლებში ზის.

სანახაობის შემდეგ, კიდევ ერთი იკვეთება ახალგაზრდა რეჟისორ საბა ასლამაზიშვილის მნიშვნელოვანი თვისება, ეს იქნება საშემსრულებლო ხელოვნების თეატრი „ხვლიკი“ თუ სახელმწიფო თეატრები. მას უნარი შესწევს გარშემო შემოიკრიბოს თანამოაზრეთა დიდი ჯგუფი, ვისთან ერთადაც ახორციელებს თავის ჩანაფიქრს, ყოველთვის ორიგინალურს, ჩანაფიქრის თავისებურებით აღსავსეს და ოსტატობით გამორჩეულს. რასაკვირველია, ახალგაზრდა რეჟისორისთვის დიდხანს გაგრძელდება საკუთარი ხელწერისა და სტილის ძიების პროცესი, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს ძიებები ამ კონკრეტულ ეტაპზეც მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესოა.