ბერტოლდ ბრეხტის პიესის „კავკასიური ცარცის წრე“ - ანალიზი
(ავტორისეული ხედვა. პიესის საფუძველი. სტურუას ინტერპრეტაცია)
გიორგი (ტატო) ჩანგელია
ბერტოლდ ბრეხტის პიესის „კავკასიური ცარცის წრე“ - ანალიზი
(ავტორისეული ხედვა. პიესის საფუძველი. სტურუას ინტერპრეტაცია)
ბერტოლდ ბრეხტის ,,კავკასიური ცარცის წრე“ ეფუძნება მეცამეტე საუკუნეში, ჩინელი დრამატურგის მიერ შექმნილ იგავური ჟანრის სტილის პიესას ,,ცარცის წრე“, რომელიც ბრეხტმა ოციან წლებში ,,ლესინგის თეატრში“ ნახა, სადაც წარმოდგენილი იყო ტექსტის ვარიაცია. მას შემდეგ, ბრეხტი დიდი ხნის განმავლობაში განიცდიდა ძველი ჩინური პიესის მიმართ ინტერეს, იკვლევდა და სწავლობდა მის შინაარსობრივ ასპექტებს, და უშუალოდ, სანამ დრამატულ ტექსტს შექმნიდა, თავისთვის, უკეთ დაკვირვებისთვის დაწერა რომანი ,,აუგსბურგის ცარცის წრე“, (Augsburger Kreidekreis) მოგვიანებით, 1945 წელს კი, პიესა. გარდა ჩინური პიესისა, ბრეხტის ინსპირაციის წყაროს წარმოადგენდა ბიბლიური იგავი მეფე სოლომონის შესახებ; ბრძნად შერაცხილ მეფესთან ორი, სიმართლის მაძიებელი ქალი მიდის, რომლებიც ვერ თანხმდებიან ბავშვის მეურვეობის თაობაზე, სოლომონი კი დიალექტიკური ექსპერიმენტის (ხრიკის) დახმარებით, წრის შეკვრით, ადგენს ,,ავთენტურ დედას“. პიესის შიდა სტრუქტურაში, ქრისტიანული რელიგიის სხვა პლასტებიც იკვეთება, განსაკუთრებით, დევნაში მყოფი ბავშვის სახით, რომელიც მაცხოვარს გამოხატავს. ავტორისთვის მნიშვნელოვანია ნამდვილი ადამიანური ურთიერთობა და ეს მისთვის ნათესაურ კავშირზე მაღლა დგას, რაც დიდ წილად, უფრო მკვეთრად გამოხატულია რომანში, რა თქმა უნდა, პიესაშიც მთავარ ხაზს იკავებს, თუმცა სიუჟეტურ მრავალფეროვნებაშია ჩაკარგული.
ბრეხტმა გზა გაიარა და მისი კვლევა ,,ცარცის წრეზე“ საბოლოოდ ამერიკაში დასრულდა, სადაც მან მოცემული პიესის სახით, შექმნა ,,ეპიკური თეატრის“ ერთ-ერთი გამორჩეული მრავალპლანიანი დრამატურგიული ნაწარმოები, სადაც, არა იმდენად მხატვრულობა იკავებს პირველ ხაზს, რამდენადაც იდეები, თეორიები და პროპაგანდა. პიესა სავსეა ვრცელი პროზაული მონოლოგებით და ზონგებით, ბრეხტი ავანგარდული პოეზიის პრაქტიკას, რიტორიკამდე მისასვლელ გზას, პროზისა და პოეზიის მონაცვლეობით ახდენს, ნარატიულ ტექსტს უეცრად პოეზია ენაცვლება, რომელიც გაჯერებულია დიდაქტიკური რიტორიკითა და პოეტიკური კოდებით.
მოქმედება კავკასიაში, კერძოდ საქართველოში მიმდინარეობს, ავტორი ალტერნატიულ ისტორიას გვთავაზობს, ან უფრო ზუსტად, მშობლიური ქვეყნისთვის ნაცნობი სათქმელი ამბავი გადააქვს უცნობ მხარეში, რათა თავად ამბავთან მოხდეს გაუცხოება და ბევრად უფრო თვალსაჩინო გახდეს მაყურებლისთვის. მოქმედება კავკასიიდან გერმანული ჯარის განდევნისთანავე იწება. ომისგან განადგურებული სოფლის თავში, ორი სოფლის მაცხოვრებლები არიან შეკრებილნი - კოლმეურნეობის კრება. დედაქალაქიდან სტუმრები არიან ჩამოსულნი, კერძოდ, სამთავრობო ხალხი, რომლებიც აღდგენით სამუშაოთა სახელმწიფო კომისიას წარმოადგენენ. ორი სოფლის მცხოვრებლებს შორის დავაა. ბრეხტისეულად, აზრი ორად არის გახლეჩილი და ტექსტის დასაწყისშივე იკვეთება სურვილი ჭეშმარიტების დადგენისა. დავა მიდის კონკრეტული მიწის ნაკვეთის შესახებ - ერთი სოფელი მეორეს ეპაექრება ტერიტორიაზე, მაცხოვრებლები კი, საკუთარი სიმართლის სათქმელად წარმოადგენენ სპექტაკლს, უძველეს ჩინურ იგავს ,,ცარცის წრეს“, რომელშიც შემდეგი ამბავი ვითარდება: გუბერნატორს გარეუბანში ღარიბთა სახლების დანგრევა და მასზე ბაღების გაშენება აქვს გადაწყვეტილი. ამავე დროს ჰერცოგი, რომელსაც ემორჩილება გუბერნატორი, ვერაფრით ხვდება გუბერნატორის სულელურ გადაწყვეტილებას - სპარსეთთან ომს. მოსულია დეპეშა. ამასობაში კი, თავადები შეთქმულებას აწყობენ გუბერნატორის ერთპიროვნული მმართველობის წინააღმდეგ. გუბერნატორი და მისი ოჯახი გარბის, ცოლი საკუთარ ყრმას, მოსამსახურეს შეაჩეჩებს ხელში, და ბურჟუაზიულ ვნებებში გართულს მისი არსებობა ავიწყდება. თავადები იწყებენ ნადირობას გუბერნატორის მემკვიდრეზე. სამართლიანობადაკარგულ გუბერნიაში კი, მოსახლეობა მოსამართლედ ჯურღმულში მცხოვრებ, დაძონძილ ტანისამოსში გამოწყობილ მწერალს, აზდაკს ნიშნავს.
ნიშანდობლივია ბრეხტისთვის დამახასიათებელი იგავურებისა, ამბავში ამბის შემოტანის ხაზი. ხშირად იყენებს ბრეხტი ამ მეთოდს მის სხვა ტექსტებშიც, როცა კონკრეტული ამბავია დასამტკიცებელი, ხალხი, ან ერთი სუბიექტი იშველიებს უძველეს იგავს, რომლის ძალითაც კონკრეტული აზრი მტკიცდება.
პერსონაჟის ზონგური აღწერისას, მკითხველი იგებს, რომ იგი მწერალია. ბრეხტისთვის მწერალი წარმოადგენს სამართლიანობასთან თანამშრომლობაში მყოფ სუბიექტს, ერთგვარ მკურნალს, რომელსაც ევალება საზოგადოების დასნეულებული მდგომარეობიდან გამოყვანა - ამ შემთხვევაში სამართლიანობის აღსრულება. ავტორისთვის მკურნალისა და მოსამართლის ხატი, გვხდება მის მოთხრობაში ,,მწერალი“, რომლის იდეური კონსტრუქციაც განსხეულებულია სწორედ აზდაკში. ,,ვინმე, რომ გამოვაჯანმრთელოთ, უპირველესად მნიშვნელოვანია სწორი დიაგნოზი. და სწორი დიაგნოზის დასადგენად, საჭიროა არა მხოლოდ საფუძვლიანი სამედიცინო ცოდნა, არამედ დაავადებისაგან მკურნალობის ჭეშმარიტი ინტერესი. ექიმობა საკმარისი როდია, ექიმს დახმარების გაწევაც უნდა შეეძლოს“ - წერს ბრეხტი. სწორედ ბნელ და საშინელ დროში, როცა გუბერნიაში ნიჰილიზმია გამეფებული, თუმცა მეორეს მხრივ დიდი სურვილია ცვლილებების უკეთესობისკენ, საზოგადოება მოსამართლედ ირჩევს მას, ვინც უბედურებისას ქმნა სიკეთე, შეიფარა ,,დაუცველი”, ესე იგი, აქვს ჭეშმარიტი ინტერესი სიკეთისა. ხოლო, როცა პიესაში კვლავ შემოდის დევნილობაში მყოფი ჩვილის საკითხი, ბრეხტს შემოაქვს ბიბლიური ინტერპრეტაცია, იგავი სოლომონზე და ორ დედაზე, რითაც იკვრება ,,ცარცის წრე“.
სტურუა ტექსტის ადაპტირებისას, პიესას უდგება სრულიად თავისუფლად. „რეჟისორის იდეური საყრდენი ხდება სამართლის საკითხი, და მთელ ამბავს მიშიკო აბაშვილის გარშემო კრავს. ერთის მხრივ ქმნის გრუშეს, როგორც მარტოხელა, უმანკო, სამართლიანი, სიკეთის იდეით სავსე ახალგაზრდა ქალის, მეორეს მხრივ კი, უტოპიური მოსამართლის, აზდაკის ხატს. შესაბამისად, ათავისუფლებს ტექსტს ზედმეტი დანამატებისგან, ამცირებს თხრობით ტექსტებსა და ზონგებს, პიესიდან ამოაქვს ის სცენები, რომელიც მისი არჩეული ხაზის ვერბალიზაციას შეუშლის ხელს, ცვლის სცენებს ერთმანეთში, არღვევს დრამის ქრონოლოგიას, ახდენს უშუალო ჩარევას კონკრეტულ ტექსტებზე, განსაკუთრებით, აზდაკის ცნობილ მონოლოგზე, და მას უფრო ნაცნობს ხდის ქართველი მაყურებლისთვის. ერთი სიტყვით, სტურუას მოქმედება ემსახურება, მოვლენათა ერთი იდეის გარშემო თავმოყრას, იგი იაზრებს, რომ რეჟისორის მოვალეობა არ არის პიესის სცენური ანალოგის შექმნა“, არამედ, თავად თეატრალური ტექსტის სცენაზე გაცოცხლებით, მისი ახალი სიცოცხლის (ინტერპრეტაციისა და კონტექსტის) შექმნაა. ამით, ის აგრძელებს მეოცე საუკუნის თეატრალურ ტრადიციას, რომელსაც საფუძველი პისკატორმა ჩაუყარა - რეჟისორი თავისუფლდება სათეატრო ტექსტის დიქტატისგან.
საგულისხმოა, რომ სტურუა უარს ამბობს ტექსტის პირველ თავზე, ანუ არ ათამაშებს სპექტაკლს სპექტაკლში, უმალ პირიქით. თუმცა, ბრეხტის პიესაში მოცემულ პრაქტიკას, ის გამოიყენებს, უკვე შემდეგ, შექსპირის ,,რიჩარდ მესამეზე“ მუშაობისას, სარეპეტიციო სამუშაოებისას - რეჟისორის მიერ მსახიობებისთვის მიცემული დავალება იყო, რომ სპექტაკლი გაეთამაშებინათ სპექტაკლში, თითქოს ისინი აღორძინების ხანის მოხეტიალე დასის მსახიობები იყვნენ და მართავდნენ წარმოდგენას რომელიღაც სოფლის ბოსელში.
გარდა ამისა, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ კოლმეურნეობის სხდომის სცენა, სპექტაკლს მისდაუნებურად წაიყვანდა სულ სხვა მიმართულებით, დაამსგავსებდა ძველი ხანის საბჭოთა პროპაგანდისტულ სახელოვნებო ნაწარმს. თანაც, ბრეხტმა პიესის ასეთი დასაწყისი, საბჭოთა ხელისუფლებისგან ნდობის მისაღებად დაწერა.
პიესის პირველი დადგმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში შედგა, ბრეხტმა იცოდა, რომ ისედაც ეჭვის თვალით მოცქირალი იდეოლოგიური ცენზურა, კოლმეურნეობის სხდომას ვერ მიიღებდა, და ამით საკუთარ ნაწარმოების გავრცელებას შეუშლიდა ხელს, სწორედ ამიტომ, პიესის ბედი თავშივე გადაწყდა - პირველი დადგმა პროლოგის გარეშე წარიმართა, ისევე, როგორც რუსთაველის თეატრში.