top of page

 „სასჯელი უცვლელი რჩება!“ - ქეთვან ნადარეიშვილი

517248155_31321288427470710_1072163195355362308_n.jpg

ნინო გაბედავა

 „სასჯელი უცვლელი რჩება!“

ეს ამბავი ერთი შეხედვით დაუჯერებელი, შემაძრწუნებელი და ტრაგედიით აღსავსეა, რომელიც ქართველ პრიმა-ბალერინა ქეთევან ნადარეიშვილს ეხება. 2025 წლის 19 აგვისტოს მისი 110 წლის იუბილეა, ის ქართველი მოცეკვავის, ქორეოგრაფის, საბალეტო ხელოვნების რეფორმატორის, ვახტანგ ჭაბუკიანის პარტნიორი იყო, ძველ არისტოკრატულ ოჯახში აღზრდილი, თუმცა საკმაოდ მორცხვი, დახვეწილი გემოვნების, ამავე დროს კი ძალიან უბრალო ადამიანი. 15 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საბალეტო დასის წევრი იყო და 1946 წლამდე წამყვან პარტიებს ასრულებდა: სვანილდა - დელიბის „კოპელია“, ჩელიტა - მინკუსის „დონ-კიხოტი“, მარია - ასაფიევის „ბახჩისარაის შადრევანი“, სილფიდა - ფოკინის „შოპენიანა“, ლიზა - ჰერტელის „ამაო სიფრთხილე“, ოდეტა-ოდილია - ჩაიკოვსკის „გედის ტბა“, ნათელა - ანდრია ბალანჩივაძის „მთების გული“, მირტა - ადოლფ ადანის „ჟიზელი“. მისი პიროვნული ხასიათი, ნიჭი, ენერგია, ნებისყოფა, სამსახიობო ოსტატობა, დიდი სცენების დასაპყრობად იყო მიმართული, მაგრამ საბჭოთა ბორკილებმა არ დააცადა. სიყვარულის გამო სამშობლოს ღალატის მუხლით გაასამართლეს. ქეთევანს ბრიტანელი გენერლის გორდონ რედვერს (ჯიმი) უეის (ხელმძღვანელობდა ბრიტანეთის სამხედრო მისიას სსრკ-ში. დიდ ბრიტანეთში ეს მისია ცნობილი იყო „უეის მისიის“ სახელით) სიყვარული არ აპატიეს.

ყველაფერი კი 1941 წლიდან დაიწყო, როდესაც ერთმანეთს პირველად შეხვდნენ, მაშინ ქეთევანი სპექტაკლ „ტრავიატას“ მესამე მოქმედებაში ესპანურ ცეკვას ასრულებდა, გორდონ უეიმ კი წითელი ვარდები მიართვა. მომდევნო წელს დაქორწინდნენ და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ქორწინებაზე ნებართვა თავად სტალინს გაუცია და ასევე თავად სტალინმა გადაწყვიტა ქეთევანის ტრაგიკული ბედიც. ქეთევანის ძმის შვილი ნელი ნადარეიშვილი წერს: „1942 წელს ბრიტანეთის მისია დაიხურა და გორდონ უეი გაემგზავრა ერაყში, სადაც ის პოლონეთის სამხედრო ძალების წვრთნას ხელმძღვანელობდა. ამავე დროს, ქეთევანმა დაწერა განცხადება და უარი თქვა სსრკ-ს მოქალაქეობაზე, რათა თავის მეუღლესთან წასვლის შესაძლებლობა მისცემოდა (სხვათა შორის, 1942წ. ბრიტანეთის საელჩო ქეთევანს უგზავნის ფულად დახმარებას, როგორც სამხედრო პირის ცოლს). თავის მხრივ გორდონ უეიც იბრძვის სიყვარულისთვის. მას მიმოწერა აქვს მოსკოვში ელჩთან, რათა საბჭოთა მთავრობამ მოუხსნას ქეთევანს სსრკ-ს მოქალაქეობა... მაგრამ...“.

იდეალებისადმი ერთგული, მტკიცე და მოუდრეკელი ხასიათის მქონე, პრინციპული, თავისუფლების მოყვარე ქალი - სწორედ ამ თვისებებმა განსაზღვა ქეთევანის მომავალი. ეს ის დრო იყო, როდესაც ადამიანი საკუთარ პირად ცხოვრებასაც კი ვერ განაგებდა - რეჟიმი ყველაფერს აკონტროლებდა.

1946 წლის 13 მარტს უშიშროების მინისტრმა ავქსენტი რაფავამ ჯერ სულ რაღაც ნახევარი საათით ქეთევანი კაბინეტში დაიბარა და უთხრა: „რაღა მაინცადამაინც ინგლისელს გაჰყევით ცოლად, რა, ქართველები არ მოგწონდათ?“. რაფავამ მეუღლესთან გამგზავრება შესთავაზა, თანამშრომლობისა და სსრკ-ს არაოფიციალური ჯაშუშობის ნაცვლად, რაზეც მტკიცე უარი მიიღო. ამის შემდეგ ფურცელი და კალამი დაუდო და მოსთხოვა გორდონ უეისთვის დაეწერა წერილი, სადაც დაწერდა, რომ მას აღარ უყვარდა და მათი ქორწინება ტყუილი იყო. უშიშროების მინისტრმა ქეთევანი 4 საათით კაბინეტში დატოვა, მობრუნებულზე ფურცელი რომ ცარიელი დახვდა გაბრაზდა და ქეთევანი მიწისქვეშა საკანში გადაიყვანეს:

„დაკითხვა ღამით იწყებოდა. იმდენი წვალება და უბედურება, რაც მე იმ მიწისქვეშა საკანში გადავიტანე, მტერს არ ვუსურვებ. სველ საბანში მახვევდნენ მის გაშრობამდე. ელექტრო სავარძელზე ვიჯექი, ეს იცით, რა არის? საშინელებაა... ცხვირიდან, პირიდან, ყურებიდან, თვალებიდან სისხლი მდიოდა...“- წერს ქეთევანი თავის დღიურში. დაახლოებით ექვს თვეში კი ორთაჭალის ციხეში გადაიყვანეს - „ორთაჭალის ციხეში საერთო საკანში ვიყავი, საწოლები არ იყო. ცემენტის იატაკს სპეციალურად ასველებდნენ, ალბათ იმიტომ, რომ დავხოცილიყავით. პირობები ჯოჯოხეთური იყო. პალტო მქონდა დაგებული და იმაზე ვწვებოდი... ასე აწამებდნენ ხალხს.“ 1947 წლის 8 თებერვალს კი საგანგებო საბჭოს დადგენილებით 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს სამშობლოს ღალატის მუხლით.

თურმე კოლონიის უფროსებს ძალიან ეცოდებოდათ ქეთევანი. ერთ-ერთმა გაბედა და უშუამდგომლა კიდეც, სტალინისთვის მიუწერია, გთხოვთ ნადარეიშვილი ვადაზე ადრე გაანთავისუფლოთ კარგი ყოფაქცევისთვისო, თუმცა გავიდა ორი თვე და სანამ გატანჯულმა ქალმა თავისი თვალით არ წაიკითხა განაჩენი, შეიძლება არც კი დაეჯერებინა - ფურცელზე სტალინი წითელი ფანქრით რუსულად ხელს აწერდა: „სასჯელი უცვლელი რჩება!“.

ორთაჭალიდან როსტოვში, იქიდან კი ციმბირში გაამგზავრეს, სადაც 16 კაციანი დასი შექმნა, როგორც თავად წერს „მხოლოდ ამან გამაძლებინა და გადამატანინა აღუწერელი ტანჯვა“-ო.

1951 წელს გაანთავისუფლეს, თუმცა წინ კიდევ დიდი სირთულეები ელოდა - მშობლიურ მიწაზე ცხოვრების უფლება არ მისცეს. აღსანიშნავია, რომ მის ცხოვრებაში არსებობდნენ პიროვნებები, რომლებიც დიდი ძალისხმევით ცდილობდნენ დახმარებასა და დაბრუნებას თეატრში, როგორებიც იყვნენ ვახტანგ ჭაბუკიანი და დავით ჯავრიშვილი, თუმცა ოპერის დირექტორი დამუქრებია, თეატრს არც კი მოუახლოვდეო თორემ სამუდამო პატიმრობაში აღმოჩნდებიო. ასეთი დრო და რეალობა იყო, თუმცა ქეთევანს ამის არ სწამდა - ადამიანი, თუ ის სულით უღირსი და ამორალურია, ნებისმიერ დროს გამოაჩენს თავის არაადამიანურ სახეს.

ქეთევანი თავის დღიურში იხსენებს: ,,ჩემთან მოვიდნენ მილიციიდან და მითხრეს, რომ მე არ მქონდა დიდ ქალაქებში ცხოვრების უფლება. ძალიან გავბრაზდი და დეპეშა გავუგზავნე მაშინდელი უშიშროების მინისტრს, ნიკოლოზ რუხაძეს. არასოდეს დამავიწყდება, ჩემი ამდენი წვალების და შეურაცხყოფის შემდეგ მისი ადამიანური მოპყრობა და გულკეთილობა. მან კაბინეტში მიმიღო და მკითხა რა მაწუხებდა. როდესაც ავუხსენი მან ხუთ წუთში მოაგვარა ჩემი პრობლემა. ძალიან მალე რუხაძის სავარძელი კოჭლავაშვილმა დაიკავა და პირველ რიგში ჩემი თბილისიდან გასახლება დაიწყო. ავიღე და ისევ დეპეშა გავგზავნე. ახლა უკვე მის სახელზე და სად მიმიღო? საზიზღარ ნახევარსარდაფში. უარი მითხრა დახმარებაზე“.

1956 წელს რეაბილიტაცია მიიღო და დააბრუნეს კიდეც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე, როგორც მეორეხარისხოვანი მოცეკვავე, თუმცა უკვე ჯანმრთელობაშერყეული, შემდეგ სცენაზე მოღვაწეობის 20 წლის იუბილეც გადაუხადეს და კულმინაცია - 1961 წელს სახალხო არტისტის წოდება მიანიჭეს - ესეც საბჭოთა ცინიზმი. საკმარისი არ აღმოჩნდა ტანჯვით გადაღლილი ქალის გზა და 70-იან წლებში ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც კი გაამწესეს, იმ მიზეზით, რომ ბურჟუაზიული მტრული ბანაკის მოტრფიალედ მიიჩნიეს მდიდრული ქურქის გამო, რომელიც ბიძაშვილს უჩუქებია:

„რეპრესიებმა თავისი დაღი დამასვა. ჯანმრთელობა შემერყა, დავბერდი კიდეც, მაგრამ მაინც ვცხოვრობდი ერთი იმედით, რომ მას შევხვდებოდი. ის იყო და რჩებოდა ჩემს ქმრად, ერთადერთ ადამიანად, რომელიც მიყვარდა და მიყვარს. მათ წამართვეს ყველაფერი: ახალგაზრდობა, ჯანმრთელობა, თავისუფლება. მათ დააჩქარეს დედაჩემის სიკვდილი, შემდეგ კი ჩემი ძმების, რომლებიც ერთი მეორის მიყოლებით დავკარგე. მათ წამართვეს ქმარი, გაანადგურეს მთელი მისი ფოტოსურათები, მისი წერილები, ყველაფერი, რაც მე მის თავს მახსენებდა. მათ შეურაცხყვეს ჩემი სიამაყე, მაგრამ ვერ შეძლეს და ვერასდროს შეძლებენ გაანადგურონ ჩემში მთავარი, რაც მაერთიანებს ჩემს ქმართან - უსაზღვრო სიყვარული და ერთგულება. ამის მოსპობა შეუძლებელია. თვით სიკვდილიც ვერ შეძლებს მაიძულოს წავიდე იმ ქვეყნად მისი სიყვარულის გარეშე. ისეთი რამ რაც მე შემემთხვა, არ უნდა განმეორდეს. მინდა ვუთხრა ყველას, აგრეთვე ბრიტანეთის მთელ მოსახლეობას, რომ მე ვამაყობ ჩემი ქმრით და მადლობელი ვარ ბედისა, რომელმაც მაჩუქა ასეთი ადამიანი. ყველა საუკეთესო თვისება ინგლისელი ხალხისა მასშია თავმოყრილი. მინდა დამეხმაროთ, რომ მისმა დამ, ჯოანმა გაიგოს, რომ მე არასოდეს მიღალატია მისთვის, როგორ ძლიერ მიყვარდა იგი, ბოლომდე მისი ერთგული ვიყავი, მაგრამ ასე გამწირა და არ დამინდო ბედმა.“ - წერს ქეთევანი თავის დღიურში.

დიდი ხნის გარდაცვლილი მეუღლის გორდონის ამბავი მხოლოდ 1994 წელს შეატყობინეს ახლობლებმა, რის შემდეგ ერთი წელი იცოცხლა. 1995 წლის შემოდგომას კი მისი ცხოვრება დასრულდა, ქეთევან ნადარეიშვილი გარდაიცვალა, თუმცა მისი ეს უკვდავი ისტორია საბჭოთა რეპრესიების ერთ-ერთ მკაფიო მაგალითად შემორჩა.

სხეულით დატყვევებული, მაგრამ სულით თავისუფალი - აი, ასეთი იყო პრიმა-ბალერინა ქეთევან ნადარეიშვილის სახე, რომელსაც წაართვეს ყველაფერი, თუმცა ვერ გატეხეს, ღირსეულად იბრძოდა თავისი სიყვარულისთვის, ხელოვნებისთვის, ბალეტისთვის... ფიზიკა და ფსიქიკა დაუმახინჯეს, მაგრამ სული ვერ, ვერ წაართვეს ის ყველაზე მნიშვნელოვანი და უმთავრესი თვისება, რასაც პიროვნული ღირსება ჰქვია. წლების შემდეგ ისევ პრინციპული და ღირსეული დაუბრუნდა თავის საქმიანობას, ოღონდ ნაადრევად დაბერებული, დანაოჭებული, რაც მისი განვლილი ცხოვრების მძიმე კვალი იყო.

 

 

გამოყენებული მასალა:

  1. ქეთევან ნადარეიშვილის „დღიური“

  2. ნელი ნადარეიშვილის პირადი ჩანაწერები

  3. ფოტო მასალები გამოყენებულია ოჯახის პირადი არქივიდან

bottom of page