„თუ ძალიან ბევრს იშრომებ, თუ ძალიან ბევრს მოითმენ აუცილებლად მიიღებ მისაღებს. წარმატებას, დაფასებას და სიყვარულს...“
„თუ ძალიან ბევრს იშრომებ, თუ ძალიან ბევრს მოითმენ აუცილებლად მიიღებ მისაღებს. წარმატებას, დაფასებას და სიყვარულს...“
მსახიობ ქეთი სვანიძეს ესაუბრა მიხეილ რამიშვილი
ქეთი სვანიძე დაიბადა 1988 წელს გაგრაში. ათ წელზე მეტი ცეკვავდა საქართველოს აკადემიურ ანსამბლში ,,ერისიონი’’.
2007 წელს დაამთავრა თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის მეორე ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ვოკალური განყოფილება იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ბავშვთა გუნდის წევრი. მონაწილეობა აქვს მიღებული საოპერო სპექტაკლებში: პუჩინი ,,ტოსკა’’ (რეჟისორი – გ. მელივა), მასკანი ,,სოფლის პატიოსნება’’ (რეჟისორი – დ. საყვარელიძე)
ბიზე ,,კარმენი’’ (რეჟისორი – რ. სტურუა), პეტრე ჩაიკოვსკი ,,პიკის ქალი’’ (რეჟისორი – გ. მელივა)
2009 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი და ამავე წლიდან
არის შოთა რუსთაველის რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი.
2013 წლის 27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონკურსზე ,,2012 წლის საუკეთესო თეატრალური ქმნილება“ დაჯილდოვდა პრემიით “საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალი“ (ოდეტას როლის შესრულებისათვის ჟან დელისა და ჟერალდ სიბლეირასის პიესაში “გაუმარჯოს ბუშონს“)
-
2007 წელს თქვენ დაამთავრეთ ევგენი მიქელაძის სამუსიკო სასწავლებლის ვოკალური განყოფილება, რატომ აღარ გაყევით ამ პროფესიას?
-
ძალიან მინდოდა ამ პროფესიას გავყოლოდი, ბავშვობაში ოპერის ბავშვთა გუნდშიც ვმღეროდი. მანამდე შვიდწლედიც დავამთავრე ფორტეპიანოს განხრით. მეუბნებოდნენ რომ საკმაოდ სერიოზული მომავალი მექნებოდა ამ პროფესიაში. სხვათაშორის ვაპირებდი მაგრამ 16 წლის ვიყავი როდესაც სკოლა დავამთავრე, ცოტა ადრე შევედი სკოლაში. 18-19 წლის ასაკში ხმა მუტაციას განიცდის და მაგ პერიოდში ჩემმა პედაგოგმა მირჩია, რომ ერთი-ორი წელი შემესვენა. მე მაშინ უკვე ძალიან მინდოდა მსახიობობა. არ დაგიმალავ, ვიფიქრე ორი წელი რატომ უნდა დამეკარგა და ამიტომ გადავწყვიტე მეცადა ბედი თეატრალურში. ხოდა მოხდა ეს სასწაულიც და მოვხვდი თეატრალურში. მაგრამ ეხლა ცოტა ვნანობ რომ არ გავყევი ვოკლას. სპექტაკლ ,,მარია კალასი. გაკვეთილი“ სადაც ჩემი ხმით ვმღერი, მქონდა ცოტა გართულებები ხმასთან დაკავშირებით, რადგან იქ ძალიან რთულ არიას ვასრულებ და სპექტაკლის წინა მოსამზადებელი პერიოდი ძალიან რთულია. საერთოდ მომღერლობა ძალიან რთულია. თუმცა არაფერი გვიან არ არის, ძალიან ბევრი მსახიობი მღერის და შეიძლება მეც მოვსინჯო. (იცინის)
-
15 წლის განმავლობაში ცეკვავდით ,,ერისიონში“, მაგრამ მაინც მსახიობობა არჩიეთ ვოკალსაც და ცეკვასაც, ალბათ ამ ორი ნიჭის ერთიანობა მსახიობობაში დაინახეთ? როდის გადაგძლიათ მსახიობობის სურვილმა?
-
ჩემს ნიჭზე არ მიყვარს საუბარი, მირჩევნია მაყურებელმა შემაფასოს და თქვას ჩემზე რამე ვიდრე მე ჩემს საკუთარ თავზე ვილაპარაკო. ცეკვაც ძალიან მინდოდა, სიმღერაც ძალიან მინდოდა, მაგრამ ჩემი მთავარი ოცნება და სიყვარული მაინც არტისტობა იყო. ამ პროფესიას ეს ყველაფერი სჭირდება, ფაქტიურად მე ვიშრომე იმისთვის რომ დღეს ამ ყველაფერს ძალიან დადებითად, ძალიან კარგად ვიყენებ. მადლობა ღმერთს რომ მომეცა საშუალება თეატრში რომ ჩემი ვოკალური შესაძლებლობები წარმომეჩინა. თუ თეატრში ისეთ როლში არ დაგაკავეს ესე ვერ გამოხვალ და არიებს ვერ იმღერებ. ეს ყველაფერი ბატონი რობიკოს დამსახურებაა და ამ სპექტაკლზე (მარია კალასი. გაკვეთილი) ასევე ბატონი გია ყანჩელი მუშაობდა და ამ ორი ადამიანის გადაწყვეტილება იყო რომ მე ასეთი რთული არია შემესრულებინა სპექტაკლში. ჩვენ ამას პროფესიიდან გამომდინარე შევხედეთ და არა როგორც მომღერალი რა თქმა უნდა მე ამას როგორ მომღერალი ვერ გავბედავდი იმიტომ რომ საკმაოდ ძალიან რთული შესასრულებელია, საპასუხისმგებლო და მოკლედ სიფრთხილით უნდა მოეკიდო ამ ამბავს. მე მადლობის მეტი არაფერი მეთქმის იმიტომ რომ ამხელა არიის სიმღერა მანდეს და პასუხისმგებლობაა ძალიან დიდი. განსაკუთრებით ვღელავ ხოლმე მარია კალასის წინ რადგან გარდა იმისა რომ კარგად უნდა ვითამაშო, კარგად უნდა ვიმღერო კიდეც.
-
რა არის თქვენთვის მსახიობობა?
-
ძალიან რთულია. პირველ რიგში ძალიან დიდი ბედნიერებაა, ძალიან დიდი ტკივილიც, დიდი სირთულეებიც მაგრამ იცი რა სცენაზე გამოსვლა და თამაში იმდენად სასიამოვნოა და იმდენად გავსებს... ნუ ყოველთვის არა იმიტომ რომ ზოგჯერ ბოლომდე ფიზიკურად მზად არ ხარ ან ბოლომდე არ გაქვს ნაპოვნი შენი თავი იმ როლში, აი დღემდე მერამდენე წელია უკვე რაც კალასს ვთამაშობთ და დღემდე მაქვს შენიშვნები ჩემს თავთან არამარტო კალასში, ყველა სპექტაკლში ალბათ ეს კარგია, იმიტომ რომ შენ თუ ჩათვალე რომ შენი თავით კმაყოფილი ხარ, შემდეგ ნაბიჯს ვერ გადადგამ, შეიძლება რაღაც პატარა კმაყოფილება შეგეპაროს მაგრამ ეს შენში უნდა დატოვო და ყოველთვის უნდა გქონდეს შენს თავთან ასე რომ ვთქვათ ჭიდილი რომ უკეთესი და უკეთესი გააკეთო, განვითარება არ შეწყვიტო.
-
როგორია როლზე მუშაობის პროცესი და თქვენი შესრულებული როლებიდან რომელს გამოარჩევდით?
-
ჩემთვის ყველა როლი რაც ამ თეატრში მითამაშია, ყველა საყვარელია და საპასუხისმგებლო. რაც შეეხება მუშაობას მადლობა ბატონ რობერტ სტურუას რომ ასე ერთი სპექტაკლი არ მაქვს გამოსაყოფად. ყველაზე საინტერესოდ როლი რასაც ქვია მარია კალასში მაქვს სამუშაო მეტი, ამ სპექტაკლს გამოვარჩევდი იმიტომ რომ რაღაცნარი სავსე, ბედნიერი სპექტაკლია და მინდა კიდევ დავამატო რომ დაკანონებულ უკანონობაზე მუშაობის დროს ისეთი ბედნიერი დღეები გავიარეთ... ამ ორ სპექტაკლზე ბატონ გია ყანჩელთან მოგვიწია მუშაობა და ეს იყო ჩემთვის შოკი, რაღაცნაირი შინაგანი ბედნიერება რასაც ალბათ წლები რომ გავა მერე და მერე უფრო დავაფასებ. დაკანონებულში თითქოსდა არ არის ბევრი სამუშაო მაგრამ პირიქით ძალიან ბევრი სახე მაქვს იქ გასაკეთებელი, აქ მე მომეცა საშუალება რომ ამ როლზე დამოუკიდებლად რაღაცეები მეკეთებინა, თავისუფლება მომცა ბატონმა რობერტმა და დღემდე კიდევ რაღაცეების ვამატებ, ცუდად არა ოღონდ, იმ ხაზზს არ ვარღვევ და იმ მითითებებს არ გადავდივარ როგორც არის დადგმული, უბრალოდ ჩემს როლში პატარ-პატარა ცვლილებები შემაქვს.
-
თეატრალურში ჩააბარეთ და მოხვდით ბატონ შალვა გაწერიელიას ჯგუფში, რა ისწავლეთ მისგან ყველაზე მნიშვნელოვანი და როგორი იყო ბატონი შალვას სტუდენტობა?
-
ძალიან იღბლიანი ვარ. (იცინის) ჯერ პირველ რიგში ამისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობა ღმერთს რომ ასეთი პედაგოგი შემხვდა. იმიტომ რომ რასაც ქვია მსახიობის პროფესია მე თავიდან ბოლომდე მასწავლა და შემაგრძნობინა ბატონმა შალვამ. შემდეგ პერიოდში უკვე ბატონ რობერტთან მომიწია მუშაობა, ხმამაღლა შემიძლია ვთქვა რომ ორ გენიოსთან მიმუშავია, ამისთვის ღირდა ამ პროფესიის არჩვევა, რომ მე ასე გამიმართლა და ამ ორ ადამიანთან შემახვედრა ცხოვრებამ. ბატონ შალვასთან სწავლა მარტივი არ იყო, პირველ რიგში გვასწავლიდა იმას რომ თვითშეფასება გვქონდა მასთან ნულის დონეზე, რომ ჩვენ არაფერი არ შეგევძლო, მაგრამ ამით ყველას განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. მაგალითად მე რომ თეატრში მოვხვდი ყველა იძახდა, რომ თეატრი რთულია. მაგრამ ბატონი შალვას გზა რომ გვქონდა გავლილი ბატონ შალვასთან ყოველთვის იყო რთული და მძიმე რეპეტიციები ოღონდ როგორ გითხრა გაშტერებამდე მივდიოდით ისეთ ხრიკებს მიმართავდა, სიტყვიერად ვერ ავხსნი როგორ გვასწავლიდა ამ პროფესიას. აი ეხლაც ზოჯერ რეპეტიციებზე როცა ვარ და ბატონი რობიკო რაღაცას გვეტყვის უცებ ბატონი შალვას სიტყვები მახსენდება და გონებაში ჩამესმის რა როგორ უნდა იყოს და ა.შ. ასე რომ ვთქვათ თავიდან ბოლომდე ,,დაგვღეჭა“ და ,,გაგვაშალაშინა“ იმტომ რომ ყველას ჩვენი მინუსები და პლიუსები ხომ გვაქვს და ამ ყველაფერზე მაგრად გვამუშავა. ჩემთვის მთავარი იცი რა არის როცა სტუდენტი ხარ სწავლის დროს თვითშეფასება არ უნდა გქონდეს მაღალი, ეს ყველაფერი უნდა იყოს შენთვის, იმიტომ რომ როდესაც შენ სტუდენტი ხარ და თვლი რომ ძალიან მაგარი ხარ, თეატრში ძალიან გაგიჭირდება, მითუმეტეს თეატრშიც არ უნდა გქონდეს ამისი ამბიცია იმიტომ რომ თავიდან რომ დავიწყოთ ამ თეატრში ისეთი არტისტები იდგენენ რომ ჩვენ რაღა უნდა გავაკეთოთ ისეთი რომ ვიღაც, რაღაცით გავაკვირვოთ. ყოველთვის გაგიჭირდება რომ ჩათვლი ძალიან მაგარი ხარ და მერე რაღაცას ვეღარ შეძლებ. აი ბატონ შალვას ჰქონდა ასეთი თვისება შეიძლება იყავი ძალიან კარგი მაგრამ მაინც არ გაძლევდა ისეთ შეფასებას. ეს შეიძლება ძალიან ცუდი მაგალითია მაგრამ მე სულ მტიცებაში ვიყავი საკუთარ თავთან, რომ მე ეხლა ამაში არ გამომდის და უნდა გავაკეთო, უნდა გამომივიდეს. რა თქმა უნდა გვაძლევდა პატარა დადებით რეპლიკებსაც, მაგრამ თუ გინდა რომ რამეს მიაღწიო ასეთი უნდა იყო.
-
როგორ მოხვდით ბატონ რობერტ სტურუასთან რუსთაველის თეატრში?
-
ბატონ რობიკოსთან სასწაულებრივად მოვხდი. არის ჩემი ძალიან კარგი მეგობარი, ჩემი ჯგუფელი იყო, სარეჟოსოროზე სწავლობდა რევაზ შატაკიშვილი, რომელიც მაშინ ბატონი რობიკოს ჯგუფში იყო სარეჟოსორო ყავდა მაშინ აყვანილი მაგისტრატურის და ბატონმა რობიკომ თავის სტუდენტებს ასეთი ბედნიერება მიანიჭა და თეატრში დაადგმევინა სპექტაკლები, რეზომ ჩემდა საბედნიეროდ დამიძახა სპექტაკლში ზღაპარი იყო ,,უფლისწული და მათხოვარი“. ვითამაშე და იქ მნახა ბატონმა რობიკომ და ასე მოხდა რომ დამირეკეს შემდეგ და აღმოვჩნდი რუსთაველის თეატრში.
-
რომ გაიხსენოთ ბატონ რობერტთან პირველი შეხება როგორც არტისტის და რეჟისორის? ეს იყო მაქს ფრიშის ,,ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი“, რა შეგრძნებები გქონდათ როდესაც პირველად რუსთაველის თეატრის სცენაზე დადექით?
-
სცენაზე როცა დავდექი და პარტერი დავინახე ქვევით, ჯერ ეს იყო შოკი იმიტომ რომ მე ყოველთვის ქვემოდან ვიყურებოდი ზევით. პირველივე რეპეტიციაზე მოვხდი ბატონ ზაზა პაპუაშვილთან ერთად, ქალბატონ ნინო კასრაძესთან და ზღვა ნიჭიერ ადამიანებთან ერთად, არავინ მინდა გამომრჩეს. ერთი კვირა ჩვენ უბრალოდ ვუყურებდით და მერე გვითხრეს ახალა თქვენ გაიარეთ რეპეტიციაო აგვიყვანეს სცენაზე და ის პერიოდი იყო ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი ხომ იცი ეიფორიაში რომ იქნები და ყველზე დიდი ოცნება რომ აგიხდება, უცებ იმ ადამიანებთან ერთად მოხვდები სცენაზე ვის გვერდითაც ოცნებობდი სცენაზე ყოფნას. ამის მერე დავიჯერე რომ ცხოვრებაში შეიძლება ყველაფერი მოხდეს და ყველაფერს შეიძლება მიაღწიოს ადამიანმა თუ სწორი მიზანი და ოცნება აქვს. მაგრამ მანამდეც მქონდა ბატონ რობერტთან შეხება 8 წლის ვიყავი როდესაც ,,კარმენს“ დგავდა ოპერაში, მე მაშინ ბავშვთა გუნდში ვმღეროდი და როცა გავიგე რომ ბატონი რობერტი დგავდა ოპერაში სპექტაკლს, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ესეც რაღაცნაირად ისტორიულად მოხდა ისეთი ბედნიერი რეპეტიციები იყო. ჩემთვის ეს იყო საოცარი პერიოდი, მე მერე მომცა პატარა როლი, მაღლა უნდა ვმჯდარიყავი და ვითომ მეძინა, ეს იყო ჩემთვის ბედნიერება, რომ მე ასე გამოყოფილად ცალკე პატარა როლი მქონდა და ამ ფაქტით მაშინ ძალიან ბედნიერი ვიყავი.
-
როგორი უნდა იყოს თქვენთვის სცენაზე იდიალური პარტნიორი?
-
ძალიან რთულია როდესაც მარტო საკუთარ თავზე რომ ფიქრობს ისეთთან ერთად სცენაზე დგომა, იმიტომ რომ შეიძლება ჰქონდეს პრეტენზიები რეპლიკა რატომ დაუგვიანე და ა.შ. უნდა იყოს ამას მსახიობები უფრო მიხვდებიან, როცა მაგალითად სპექტაკლს ტემპი ჭირდება და სწორ დროს მოგაწვდის რეპლიკას ან თუ დაუგვიანე არ გექნება იმის განცდა რომ დავუგვიანე და რა მეშველება. საკუთარ თავზე არ უნდა ფიქრობდეს ერთი სიტყვით, პარტნიორიც უნდა გაითვალისწინოს. მე საკმაოდ კარგი და ნიჭიერი ,,ვარსკვლავი“ პარტნიორები მყავს სცენაზე.
-
რა არის თქვენი ინსპირაცია?
-
იცი რა, ალბათ მაყურებლის სიყვარული. იცი რატომ? სცენაზე ყოფნის დროს ყოველთვის ვგრძნობ. შეიძლება იმ ადამიანებთან დიდი შეხება არ მაქვს, მაგრამ იმდენად ვგრძნობ ამ სითბოს, სიყვარულს, დადებით ემოციას, რომ ეს არის ჩემთვის მოტივატორი.
-
რომელი პერსონაჟის განსახიერებაა თქვენი ოცნება?
-
ასე საოცნებო როლი არ მაქვს. იცი რატო? თეატრში რომ მოვხდი იმდენი როლი აღმოჩნდა ჩემთვის საყვარელი რომ ესე კონკრეტული როლი, აი ამის თამაში მინდა ასე არ მაქვს. ყველას აქვს რომელიმე ცნობილი პიესიდან ყველამ რომ ვიცით ისეთი პერსონაჟის განსახირების სურვილი, მაგრამ შეიძლება აღმოჩნდეს რომ რომელიმე სპექტაკლში საერთოდ არ გქონდეს მთავარი როლი, ერთი პატარა შემოსვლა გქონდეს და ის აღმოჩნდეს საოცნებო, საყვარელი და წარმატების მომტანი. ამიტომ მე ასე კონკრეტული ოცნება არ მაქვს. ოცნებად მაქვს, რომ კარგი როლი მივიღო სადაც მაქსიმუმს გავაკეთებ. თუმცა ბევრი კარგი როლი უკვე მიმიღია ამ თეატრში.
-
თეატრში განსახიერებული როლებიდან რომელია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?
-
კალასი.
-
რომ შეგეძლოთ უკან დაბრუნება იგივე გზას აირევდით თუ არა?
-
კი. იგივე გზას ავირჩევდი ალბათ, იმიტომ რომ ეს იყო ჩემი ოცნება, იცი რამე სხვას თუ დავაპირებ მაინც ამ პროფესიის წინსვლისთვის გავაკეთებ, ხანდახან არის რომ გინდა ბევრად მასშტაბური გახადო შენი პროფესია, შეიძლება შენი პროფესიით ვერ გახადო და სხვა გზით ცადო. აი შენ რომ სიმღერა ახსენე, ხომ შეიძლება გამოვიდეს ისე რომ სიმღერაში რაღაც გავაკეთო და მერე იქიდან განივთარდეს მოვლენები უფრო, აი ჩემი ოცნებაა კინოში ვცადო, კი მაქვს პატარ-პატარა შეხება მაგრამ მაინც, სერიალებშიც რატომაც არა იქ უფრო ფართო მასით გიყურებს საზოგადოება. უფრო კინო არის ჩემი ოცნება და იმედია ეგ ოცნებაც ამიხედება. ფარ-ხმალს არ ვყრი ყოველ შემთხვევაში.
-
რომელ რეჟისორთან იმუშავებდით?
-
იცი რა, ესე ვერ გამოვყობ, იმდენად კარგი რეჟისორები გვყავს. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია საინტერესო სამუშაო იყოს. ისეთი სადაც შეიძლება მაგალითად რადიკალური ცვლილებება. მთავრია საინტერესო იყოს მუშაობის პროცესი. ყველა რეჟიოსრთან ძალიან საინტერსოა მუშაობა და ყველასთან ვიმუშავებდი.
-
თქვენთვის მისაბაძი მსახიობი რომელია?
-
ჩვენთან თეატრში ძალიან ბევრი არტისიტია მისაბაძი, განსაკუთრებით ძველ თაობაში. იმიტომ რომ მათ სხვანაირი დამოკიდებულება აქვთ საერთოდ, სხვა პერიოდი აქვთ გავლილი და ვერ ჩამოვთვლი არ მინდა გული დაწყდეს ვინმეს. არ დამავიწყდება ის მომენტი როცა პატარა ბავშვივით კულისებში ეს ბუმბერაზი არტისტები როგორ ელოდებოდნენ თავიანთ გასვლას. საათობით იჯდნენ კულისებში და ელოდნენ როდის დაუძახებდა ბატონი რობიკო. მასენდება ბატონი ჯემალ ღაღანიძე მაშინ საახლწლო სპექტაკლზე მუშაობდა ბატონი რობერტი და იქ ჩვენს მამას თამშობდა, ჩვენ ხომ ძალიან ბედნიერები ვიყავით, ქალბატონი მანანა გამცემლიძე და ბატონი ჯემალი ელოდებოდნენ თავიანთ შესვლას კულისებში, ბატონ რობერტს ჩვევია რომ ერთ სცენაზე ძალიან დიდიხანს მიდის მუშაობა შეიძლება დილით მისულს საღამოს მოგიწიოს შესვლა. მე მაინც ბედნიერი ვარ იმით რომ ბოლოსკენ, მაგრამ მიანც მოვესწარი იმ დიდი თაობის წარმომადგენლებს თეატრში და მომეცა საშუალება ვმდგარიყავი მათ გვერდით. ბევრი რამე ვისწალე მათგან.
-
რა თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს არტისტი?
-
ძალიან შრომის მოყვარე უნდა იყოს. უნდა შეეძლოს სირთულეებს გადატანა იმიტომ რომ ეს პროფესია მხოლოდ სირთულეა, ეს გარედან ჩანს რომ მარტივია მაგრამ არ არის ასე და საკუთარ თავზე ბევრი მუშაობა, ბევრი რამის დათმობა უნდა შეეძლოს. თუ ამ პროფესიაში ეშვები ბოლომდე უნდა ჩაეშავა და არ უნდა იწუწუნო, კი ყველა ადამიანს აქვს მომენტი რომ შეიძლება დაიღალა და ისე ვერ არის, მაგრამ მაინც სხვა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს. დაცემებიც არის, წარმატებებიც არის მოკლედ ყველაფრისთვის უნდა იყო მზად.
-
რომ გაიხსენოთ რამე ისეთი მოგონება თეატრიდან, რომელიც კარგად გახსენდებათ?
-
ბევრია რაც კარგად მახსენდება. აი მაგალითად დაკანონებული უკანონობის რეპეტიციებზე, ბატონი გია ყანჩელი მოდიოდა ახალ ახალი მელოდიებით და სიმღერებით და ერთი დღე არასდროს დამავიწყდება, ბატონმა გიამ იმღერა, ეს იშვიათად ხდებოდა. თავისით აგვიხსნა ყველაფერი ტემპი, მელოდია. ესეთი რაღაცეები იშვიათად ხდება და მერე ბატონმა რობიკომ თქვა რომ ეხლა მე ვიმღერებო და ეს იყო სასწაული მომენტი, ჩვენს ბედნიერებას და სიხარულის საზღვარი არ ქონდა. ისეთ სიტუაციებში მოვხვედრილვარ რომ საკუთარი თავი შემიმოწმებია ხომ ნამდვილად მევართქო ამ ხალხთან ერთად. (იცინის) ერთხელ მარია კალასის რეპეტიციის შემდეგ ბატონი გია მობრუნდა თეატრში და დაგვირიგა სტიქისის მოსაწვევები, ახლა რომ ახალი თეატრია მანდ იყო მუსიკალური ცენტრი და იქ იმართებოდა, ისე მოხდა რომ პარტერში ცენტრალურ ადგილას ვიჯექი გვერდით ცარიელი ადგილი იყო და არავინ ჩანდა, უცებ 5 წუთის დაწყებული იყო რომ გვერდით მომიჯდა ბატონი გია, ნუ ეს იყო ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი და დასამახსოვრებელი დღე. იქ აღარ მახსოვს რა მოვისმინე იმიტომ რომ ამ ადამიანის გვერდით ვიჯექი მთელი საღამო. მეტირა, მეცინა თუ რა მეთქვა აღარ ვიცოდი... (იცინის)
-
და ბოლოს რას ნიშნავს როდესაც მაყურებელი ტაშს გიკრავთ?
-
ეს არის მთელი შენი შრომის და ჯაფის, თითოეული გათენებული ღამის და წვალების დაფასება. ამისთვის ვწავლობთ ჩვენ არტისტები და ყოველთვის შევდივარ ყველა არტისტის მდგომარეობაში. მისთვის ტაში და შეფასება ყოველთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ვცხოვორბთ ამისთვის.