top of page

გერმანიაში მოღვაწე ქართველი მწერალი და რეჟისორი

ნინო ხარატიშვილი

xaratishvili.jpg

ნინო ხარატიშვილი - გერმანიაში მოღვაწე ქართველი მწერალი, დრამატურგი და რეჟისორი


ლაშა ჩხარტიშვილი

გერმანიაში მოღვაწე ქართველი მწერალი, დრამატურგი და რეჟისორი ნინო ხარატიშვილი ფართო საზოგადოებამ სამეფო უბნის თეატრში დადგმული სპექტაკლით „ლივ შტაინი“ გაიცნო, სადაც პიესის ავტორად და დამდგმელადაც თავად მოგვევლინა. ქართველი მკითხველი უკვე იცნობს მის რომანს „ჟუჟა“, რომელიც ქართულ ენაზე გამოიცა. ნინო ხარატიშვილი არის როლფ-მარესისა და  ჰაიდელბერგის თეატრალური ფესტივალის მთავარი საავტორო პრიზიორი, ადალბერტ ფონ შამისოს სახელობის 2010 წლის პრემიისა და  გერმანიის დამოუკიდებელ გამომცემლობათა ასოციაციის  პრემიის   ლაურეატი. განვლილი შემოქმედებითი გზის, მიღებული გამოციდლებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ნინო თავად გვესაუბრება.

-       ქართველი მაყურებელი და მკითხველი თქვენ უფრო მწერალს და დრამატურგს გიცნობთ, როგორ მოხვდით კინორეჟისურიდან მწერლობაში? კინო დოკუმენტალისტიკიდან რატომ გადაწყვიტეთ დრამის რეჟისურის ფაკულტეტზე სწავლა?
-       უფრო პირიქით მოხდა. ადრეული ასაკიდან ვწერდი, მერე მე-6 გიმნაზიაში სასკოლო თეატრალური დასი ჩამოვაყალიბეთ და როგორც გერმანიაში ამბობენ ხოლმე, იქ შემიპყრო თეატრის სენმა. მივხვდი, რომ ძალიან მომწონს ამ ორი საქმის ერთმანეთთან შეთავსების შესაძლებლობა, ანუ შემიძლია წერა და რეჟისურა ერთამენთს დავაკავშირო და მაგალითად, საკუთარი პიესები დავდგა, რასაც რამოდენიმე წელი ამ დასთან ერთად ვაკეთებდი კიდეც. სკოლის დამთავრებისას უკვე ვიცოდი, რომ სარეჟისოროზე მინდოდა ჩაბარება, იმ წელს არ იყო თეატრალურში მიღება დრამის რეჟისურაზე და რადგანაც კინოც ძალიან მიყვარს და ყოველთვის მაინტერესებდა, გადავწივიტე კინოში მეცადა ბედი. მესამე კურსზე კი უცებ მივხვდი, რომ თეატრი მენატრება, რომ მინდა ამ საქმის საფუძვლიანად შესწავლა, რომ ევროპაში მინდა განათლების და გამოცდილების მიღება და ძალიან სპონტანურად გადავწყვიტე გერმანიის სხვადასხვა თეატრალურ ინსტიტუტსა და აკადემაში საბუთების გაგზავნა. ასე მოვხვდი ჰამბურგის თეატრის აკადემიაში.
-         ძალიან ცოტა მწერალი იცლის თეატრისთვის, ბევრი არ მუშაობს დრამატურგიის ჟანრში, რა იყო მოტივაცია, რომ დაგეწერათ პიესა?  რა პროცესია როცა საკუთარ პიესას თავად დგამთ?
-         დრამატურგია სულ სხვა სპეციფიკაა, ვიდრე პროზა ან სცენარი კინოსთვის. თეატრის ენა უნდა გესმოდეს, გაინტერესებდეს, მოკლედ, რომ ვთქვა, ძალიან უნდა გიყვარდეს თეატრი. თუ ეს გრძნობა არ გაქვს, მაშინ ალბათ არ გაგიჩნდება სურვილი, თეატრისთვის წერო. ყოველთვის მომწონდა და მომწონს, რომ პიესას, ტექსტის გაცოცხლების მოტივაციით წერ, პირდაპირ სცენაზე ხედავ, პერსონაჟებს მსახიობებს უკავშირებ, ძალიან ცოცხალი პროცესია. კიდევ ერთი დიდი პლიუსი ის არის, რომ პიესა ცოცხალი მასალაა, ის ინტერაქტიულია, ინტერპრეტირებადია, ის მსახიობებს, მათ სხეულს, მათ საუბრის მანერას უნდა მოერგოს და ყოველ ჯერზე, გააჩნია ვინ ითამაშებს და ვინ დადგავს, სხვანაირია. ანუ ის ცვალებადია. საკუთარი პიესის დადგმა ჩემთვის დიდად არ განსხვავდება ნებისმიერი სხვა ავტორის პიესის დადგმისაგან. წერასა და დადგმას შორის ყოველთვის რაღაც ხაზს ვავლებ, დისტანცია აუცილებელია. პიესა ინტერპრეტაციას უნდა ექვემდებარებოდეს და მე, როგორც რეჟისორს არ მაინტერესებს ჩემი, როგორც ავტორის სიტყვა სიტყვით სცენაზე გადმოტანა, არამედ, როგორც ნებისმიერი სხვა ტექტსის შემთხვევაში, მჭირდება ხედვა, კონცეფცია და ფორმა.

-     რა პრობლემებია ზოგადად დრამატურგიის და კონკრეტულად ქართული დრამატურგიის წინაშე, რას ვერ მიაღწია ან რა აკლია თანამედროვე ქართულ დრამატურგიას?
-         არ ვიცი, ვერ ვიტყვი, რომ კარგად ვეცნობი ქართულ დრამატურგიას, თუმცა შეძლებისდაგვარად ვადევნებ თვალს. ალბათ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მაინც ლოკალური, ცოტა ზედმეტად ქართული ანუ ნაკლებად განზოგადოების შესაძლებლობის მქონე თემატიკა და “გასართობი” ტენდენციებია პრობლემატური.
-         რა ძირითადი განსხვავებაა ჰამბურგის თეატრში მოღვაწეობასა და ქართულ თეატრში მოღვაწეობას შორის, თუ არის რაიმე მეთოდოლოგიური განსხვავება თუნდაც სარეპეტიციო პროცესს შორის?
-         გერმანული თეატრის სისტემა და მუშაობა თითქმის ყველაფრით განსხვავდება ქართულისგან. თუმცა ჩემი, როგორც რეჟისორის, მუშაობა სამეფო უბნის თეატრში ერთი დადგმით შემოიფარგლება, დამოუკიდებელი დასი ვიყავით და საკმაოდ გერმანულად ვმუშაობდით.  აქ, გერმანიაში სხვა სისტემაა, ბევრად უფრო მობილიზებული, საქმეზე და არა “მუზებზე” აწყობილი, ყველანაირ “არტისტულ ოფოფებს” პრაგმატიზმით უდგებიან.  თუ საქმეს არ გააკეთებ და არ იქნები პროფესიონალი, “ნიჭი” ვერ გადაგარჩენს, გაგანთავისუფლებენ და მორჩა. აქაურ თეატრებში დიდი სტრუქტურაა შექმნილი, რომელიც როგორც ხელოვანს გიწყობს ხელს, რომ იმაზე გააკეთო კონცენტრირება, რაც შენ გევალება და სხვა ასობით საქმის პარალელურად მოგვარება არ დაგჭირდეს. ასევე დროშიც შეზღუდული ხარ. მაქსიმუმ 7-8 კვირა მიდის რეპეტიციები. ამიტომ მაქსიმალურად მომზადებული უნდა იყო.
-        თუ გეგმავთ კვლავ ქართულ თეატრთან თანამშრომლობას?
-         დიდი სურვილი და ბევრი იდეაც მაქვს. მაგრამ ქართული მხარე დიდად არ იჩენს ინიციატივას და ძალიან რთულია ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე მე აქედან დავგეგმო და ორგანიზაცია გავუწიო ყველაფერს. ბევრი ქართველი მსახიობი ძალიან მომწონს, მიყვარს, დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი მათთან. ერთი სიტყვით: გეგმები მაქვს და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
-         როგორ მუშაობთ რეჟისორებთან, როცა თქვენს პიესას დგამენ, როგორი დამოკიდებულება გაქვთ მათ ინტერპრეტაციებთან?
-         ალბათ საკმაოდ ობიექტური. იმ წუთიდან, როცა პიესას გამომცემლობას ვაბარებ და ის ქვეყნდება, თანახმა ვარ, რომ ის, სხვამ საკუთარი ხედვით, თავისებურად დაინახოს, წაიკითხოს, დადგას. რა თქმა უნდა არის იმედგაცრუებებიც, არის რაღაცა, რაც არ მოგწონს, არის ასევე სიურპრიზებიც, რაღაცის აღმოჩენა, რაც შენ არ ამოგიკითხავს აქამდე პიესაში და უცებ აღმოაჩენ სხვა რეჟისორის გააზრებულში. თეატრი ინტერპრეტაციაა, ამის გარეშე უინტერესო იქნებოდა თეატრი. ასე, რომ რახან მე პიესას ვაქვეყნებ, ვთანხმდები იმაზე, რომ მას სხვადასხვა ადამიანი სრულიად სხვადასხვანაირად წაიკითხავს და დადგამს; ჩემთვისაც, ხიბლიც სწორეს ამაშია, დამოუკიდებლად ჩემი გემოვნებისა, ვისი ხედვა უფრო მომწონს და ვისი ნაკლებად.
-         ახლა რაზე მუშაობთ?
-       ახალი რომანის გამოსვლის და მასთან დაკავშირებული ტურის გამო ეს ბოლო პერიოდია ცოტა მოწყვეტილი ვიყავი თეატრს. ძალიან მომენატრა რეპეტიციები და დასთან მუშაობა. ამჟამად, ახალ დადგებთან დაკავშირებით გერმანიის სამ, სხვადასხვა თეატრთან ვაწარმოებ მოლაპარაკებებს და შემოდგომიდან დავიწყებ რეპეტიციებს.

bottom of page