top of page

კლიტემნესტრას ვინ დაამარცხებს?!

WhatsApp Image 2026-11-18 at 23.51.06.jpeg

18.11.2026

ზუკა ნემსაძე

კლიტემნესტრას ვინ დაამარცხებს?!

 

მესხეთის დრამატული თეატრი, როგორც რეგიონული თეატრალური სივრცის მნიშვნელოვანი კულტურული კერაა. თეატრის ცხოვრების ბოლო პერიოდს თუ გადავალებთ თვალს, ერთგვარად შენელებული და მიჩუმებული იყო,  თუმცა, მისი ხელმძღვანელის, ლია სულუაშვილის გადაწყვტილებით, ამ სეზონზე მესხეთის თეატრი გააქტიურებას იწყებს, რაც უკვე მნიშვნელოვანი დაპირებაა. ხელმძღვანელის განცხადებით, მიმდინარე სეზონზე განსხვავებული შემოქმედებითი ხედვის მქონე რეჟისორებს ვიხილავთ ახალციხეში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს.

 

ამ სარეპერტუარო პოლიტიკის დასაწყისის, ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია რეჟისორი გიორგი კაშიას მესხეთის თეატრში დადგმული „აგამემნონის სიურპრიზი“. ამით რეჟისორმა ტრილოგია დაასრულა. მანამდე იყო ოზურგეთის დრამატულ თეატრში განხორციელებული ევრიპიდეს „იფიგენია ავლისში“, შემდეგ კი ზუგდიდის თეატრში საავტორო სპექტაკლი „კლიტემნესტრას სეანსი“.  „აგამემნონის სიურპრიზი“ ამ სამ ეტაპიანი თეატრალური კვლევის დამასრულებელი ნაწილია, რომელიც მაყურებელს ანტიკური ტრაგედიის სამყაროში კიდევ ერთხელ აბრუნებს.

 

გიორგი კაშია, აღნიშნულ სპექტაკლში კვლავ ინარჩუნებს მისთვის დამახასიათებელ სარეჟისორო ხელწერას, რომელიც სცენური სივრცის არასტანდარტული გააზრებით, გამომსახველობითი საშუალებების ზუსტი შერჩევითა და ფორმისადმი განსაკუთრებული ყურადღებით გამოირჩევა. „აგამემნონის სიურპრიზშიც“ რეჟისორი საინტერესო მხატვრულ გადაწყვეტას გვთავაზობს: დეკორაციული სიჭარბის (მხატვრობა თავად რეჟისორს ეკუთვნის) ნაცვლად, მინიმალისტურ სივრცეს ირჩევს, რომელშიც თითოეული დეტალი კონკრეტულ ფუნქციასა და დატვირთვას იძენს. შემოსასვლელი კარიდან დაწყებული, პარტერის გავლით, უშუალოდ სცენით დასრულებული, მთელი სივრცე სპექტაკლის მხატვრული კონცეფციის ნაწილია. აქ არაფერია შემთხვევითი ან მხოლოდ ვიზუალური ეფექტისთვის შექმნილი - სივრცის ყოველი მონაკვეთი რეჟისორის ჩანაფიქრის სამსახურშია.

 

მისი  აზროვნება, სცენური მეტყველება და მხატვრული ფორმის ძიების თანმიმდევრულობა სპექტაკლს მკაფიო ინდივიდუალურ სახეს ანიჭებს. „აგამემნონის სიურპრიზი“ მხოლოდ ტექსტის სცენური ინტერპრეტაცია როდია, ეს არის რეჟისორის მიერ გააზრებული და საკუთარი მხატვრული ხედვით შექმნილი განსხვავებული სამყარო.

 

„ტროა დაეცა” - ქალაქი, რომელსაც აგამემნონმა საკუთარი შვილის სიცოცხლე შესწირა. თუმცა გიორგი კაშია გამარჯვებული მხედართმთავრის გამოჩენას სრულიად მოულოდნელად გვთავაზობს. სცენა ჩაბნელებულია, ისმის მხოლოდ ჯუნა თუმანიშვილის კლიტემნესტრას ხმაური, პარტერია განათებულია, სადაც ნიკოლოზ გოგიძის აგამემნონი ჰალსტუხის შეკვრას ცდილობს. იკრავს, იკრავს და ვერ იკრავს. ეს ერთი შეხედვით ყოფითი, თითქმის კომიკური მოქმედება თავიდანვე მიანიშნებს, რომ ტროას დამმარცხებელ მთავარსარდალს საკუთარი, გაცილებით რთული ბრძოლა ელის და ამ ბრძოლის მთავარი მოწინააღმდეგე სწორედ ჯუნა თუმანიშვილის, კლიტემნესტრა უნდა იყოს, რომელსაც ხელში ავის მომასწავლებლად, წალდი უჭირავს.

 

ნიკოლოზ გოგიძის აგამემნონს ჯუნა თუმანიშვილის კლიტემნესტრას ეშინია და ეს შიში სპექტაკლის არაერთ სცენაში იკითხება. მითოსური მოცემულობით, აგამემნონმა უნდა იცოდეს, რომ ღმერთების განაჩენის თანახმად, ომიდან დაბრუნებულს სიკვდილი ელის. თუმცა გიორგი კაშია ამ მოლოდინს თავდაყირა აყენებს, ცვლის პერსონაჟთა ურთიერთმიმართებას და მაყურებელს აგამემნონის სრულიად განსხვავებულ, საკუთარი რეჟისორული ხედვით შექმნილ ვერსიას სთავაზობს. სწორედ აქ იწყება კაშიასეული „აგამემნონის სიურპრიზი“ - ნაცნობი მითის ახლებური წაკითხვა, რომელიც არაერთ მნიშვნელოვან კითხვას აჩენს.

 

ნიკოლოზ გოგიძის აგამემნონი სიმპათიური, ოდნავ მშიშარა, მექალთანე, უცნაური, თუმცა დახვეწილი მანერების მქონე კაცია. პოლიტიკურად მოქნილი და ანგარიშგასაწევი, ვითარების სწორად შემფასებელი, მაგრამ ჯუნა თუმანიშვილის, კლიტემნესტრას წინაშე მაინც დაუცველი და გარკვეულწილად დამორჩილებული. გიორგი კაშია რეჟისორული გადაწყვეტით ცდილობს, აგამემნონი დაუმარცხებულ კაცად წარმოაჩინოს, თუმცა ამ ინტერპრეტაციაში ერთი მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა იჩენს თავს: მითოსური მოცემულობით, აგამემნონი კლიტემნესტრას მსხვერპლია. რეჟისორი კი თითქოს შეგნებულად უპირისპირდება ამ ტრადიციულ აღქმას და საკუთარ საავტორო სპექტაკლში აგამემნონის სიძლიერისა და დაუმარცხებლობის დამტკიცებას ცდილობს. ამ წინააღმდეგობრივ მხატვრულ ამოცანას ნიკოლოზ გოგიძე ოსტატურად ართმევს თავს. მისი ირონიული გამომეტყველება, თვალების „ცმაცუნი” და პერსონაჟის ქცევაში ჩადებული მსუბუქი კომიკურობა აგამემნონს ერთდროულად სახასიათო, უცნაურ და საკმაოდ საინტერესო სცენურ სახეს სძენს. მსახიობი ზუსტად მიჰყვება რეჟისორის მიერ შეთავაზებულ კონცეფციას და პერსონაჟის შინაგან წინააღმდეგობებს დამაჯერებელი სამსახიობო ხერხებით წარმოაჩენს.

ჯუნა თუმანიშვილის კლიტემნესტრა სცენაზე ვულკანური ამოფრქვევასავითაა. მსახიობი, თითოეულ წამს, ჟესტს, ემოციურ ნიუანსსა და ტრაგედიის დეტალს გააზრებულად მართავს. მისი შესრულება გამოირჩევა განსაკუთრებული ინტელექტით, ზუსტი შეფასებებითა და სცენური ამოცანებისადმი მკაფიო დამოკიდებულებით. ჯუნა თუმანიშვილი პერსონაჟს მხოლოდ ემოციური მუხტით არ ქმნის - ის კლიტემნესტრას ფსიქოლოგიურ ბუნებას იკვლევს, მის ქცევებსა და გადაწყვეტილებებს შინაგან ლოგიკას უძებნის და ბოლო წუთამდე ძლიერი ქალის სიმბოლოს ხატავს.

​

სწორედ ამ სიმბოლოს დამსხვრევას ცდილობს გიორგი კაშია, როდესაც რეჟისორული ჩარევით კლიტემნესტრას კლავს. თუმცა, ჩემთვის ამ სცენურ დაპირისპირებაში გამარჯვებული მაინც კლიტემნესტრაა. მართალია, პერსონაჟი საკუთარი ფეხით წვება ყუთში, რომელიც ერთგვარი კუბოს ასოციაციას აღძრავს, მაგრამ ეს ჟესტი მის დამარცხებად ვერ აღვიქვი. კლიტემნესტრამ თითქოს წინასწარ იცის საკუთარი აღსასრულის გარდაუვალობა, მაგრამ ამავე დროს დარწმუნებულია, რომ აგამემნონს მაინც დაამარცხებს.

ჯუნა თუმანიშვილის კლიტემნესტრა ბრუტალური, სექსუალურად გამომწვევი და დაუმორჩილებელი ქალია. მისი წითელი კაბა კი მხოლოდ ვიზუალური აქცენტი არ არის - სისხლი, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით, ამ პერსონაჟის ყოველ ნაბიჯს თან სდევს. ჩემთვის კლიტემნესტრა აქ მხოლოდ ერთი მითოლოგიური ქალის სახე აღარ არის. ის ძალაუფლების წინააღმდეგ ამბოხებული ქალის სიმბოლოა, რომელიც დროსა და ეპოქებს უძლებს. აგამემნონები იცვლებიან, კლიტემნესტრა კი კვლავ იარსებებს, რათა მისნაირი კაცები დაამარცხოს და მათი ძალაუფლების მითს ბოლო მოუღოს.

​

სპექტაკლის მნიშვნელოვანი და ორგანული ნაწილია სამი ახალგაზრდა: იოანე მაზმიშვილის მსახური ბიჭი, ნუკი აღოშაშვილის იფიგენია და სესილი აღოშაშვილის ელექტრა. მიუხედავად ასაკისა, მათი მონაწილეობა მხოლოდ ეპიზოდური დატვირთვით არ შემოიფარგლება - არაერთი სცენა და მიზანსცენა სწორედ მათზეა დამოკიდებული. ნუკი აღოშაშვილის იფიგენია სპექტაკლს მოჩვენებასავით გადაუფრენს, იოანე მაზმიშვილი კი მსახური ბიჭის როლში გამორჩეული სცენური პლასტიკით იქცევს ყურადღებას. სესილი აღოშაშვილის ელექტრა მნიშვნელოვან მიზანსცენებში ჩნდება და სპექტაკლის საერთო კომპოზიციაში საკუთარ ადგილს იკავებს.

 

მამუკა ხმალაძის მსახური საინტერესო სახეა, რომელშიც მსახიობი პერსონაჟის თავისებურ ხასიათს გამოკვეთს. მისი სცენური ყოფნა სპექტაკლის საერთო მხატვრულ სურათს თავისებურ ელფერს სძენს და წარმოდგენის ერთ-ერთ საინტერესო შემადგენელ ნაწილად გვევლინება. თეა ალფაიძე კასანდრას საინტერესო მხატვრულ სახეს ქმნის. მისი პერსონაჟი ერთგვარი შემაცდენელი ქალის სიმბოლოა, აგამემნონისთვის კი -  ალტერნატიული, ერთგვარი „ბ” გეგმა. კასანდრასგან შვილს ელოდება, შვილს, რომელიც სიცოცხლის გაგრძელებისა და ახალი დასაწყისის შესაძლებლობას განასახიერებს. პერსონაჟი დადებითი ენერგეტიკით გამოირჩევა და ჯუნა თუმანიშვილის კლიტემნესტრას ერთგვარ ანტიპოდად გვევლინება - როგორც ვიზუალურად, ისე ემოციური ბუნებით. თუმცა კასანდრას სინაზის მიღმა გარკვეული სითამამე და შინაგანი სიმტკიცეც იმალება. ის საკმაოდ გონიერი ქალია, რომელსაც კარგად ესმის, რომ მკვლელი მამისგან ყველაფერი მოსალოდნელია და საკუთარი მომავლისა და შვილის  მიმართ ილუზიები არ უნდა ჰქონდეს.

 

რეჟისორის გადაწყვეტით, კლიტემნესტრა დაეცა, თუმცა, ჩემი აზრით, მისი დამარცხება აგამემნონისთვის გაცილებით დიდი პრობლემების დასაწყისი შეიძლება აღმოჩნდეს. ჯუნა თუმანიშვილის ბრუტალური კლიტემნესტრა ამ ამბავს სიკვდილის შემდეგაც არ დატოვებს უპასუხოდ. ის გააგრძელებს არსებობას ნიკოლოზ გოგიძის აგამემნონის  - შიშში, მის მეხსიერებასა და მუდმივ მოლოდინში. გავნმეორდები, რომ კლიტემნესტრა მხოლოდ ერთი ქალის ისტორია არ არის - ის ძლიერი ქალის სახეა, რომლის დამარცხებაც შესაძლებელია, მაგრამ განადგურება - არა. და მაინც, როდის ყოფილა კლიტემნესტრა საბოლოოდ დამარცხებული?

 

გიორგი კაშიას „აგამემნონის სიურპრიზთან“ არაერთი არსებითი შეუთანხმებლობა მაქვს, თუმცა ეს არ გამორიცხავს ფაქტს, რომ რეჟისორის მიერ შემოთავაზებული თითოეული გადაწყვეტა ლოგიკურად არის გააზრებული და კონკრეტული შინაარსობრივი დატვირთვა გააჩნია. უბრალოდ, ამბავი, რომელსაც გიორგი კაშია გვთავაზობს, არაერთ კითხვას აჩენს და ჩემი აზრით, ამ კითხვებზე კამათი სრულიად ლეგიტიმური და აუცილებელიც კია.

 

საბოლოოდ, „აგამემნონის სიურპრიზი“  ის სპექტაკლია, რომელიც მაყურებელს გულგრილს ნამდვილად არ ტოვებს. გიორგი კაშია ანტიკურ ტრაგედიას საავტორო ხედვით უპირისპირდება, არღვევს დამკვიდრებულ აღქმებს და პერსონაჟებს ახალი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას აძლევს. სპექტაკლში არის საინტერესო მხატვრული სახეები, გააზრებული ვიზუალური გადაწყვეტა და მსახიობთა ინდივიდუალური ნამუშევრები. შეიძლება არ დავეთანხმოთ რეჟისორის ყველა მხატვრულ გადაწყვეტას, შეიძლება მისი შემოთავაზებული ლოგიკა საკამათოც იყოს, მაგრამ სწორედ ამაშია წარმოდგენის მთავარი ღირსება - ის არ სრულდება ფარდის დაშვებით, არამედ მაყურებელთან ერთად აგრძელებს არსებობას, კითხვებისა და აზრთა სხვადასხვაობის სახით. მჯერა, რომ მესხეთის თეატრის სცენაზე განხორციელებული ეს ნამუშევარი მნიშვნელოვანი შენაძენია როგორც თავად თეატრისთვის, ისე იმ თანამედროვე თეატრალური პროცესისთვის, სადაც განსხვავებული აზრი და  რეჟისორული  თამამი ძიება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანიაა.

bottom of page