კოქტეილი სახელად „მიზანთროპი“
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს
ვალერი ოთხოზორია
კოქტეილი სახელად „მიზანთროპი“
ქეთევან სამხარაძემ შეძლო ის, რაც ბევრმა ვერ შეძლო: დაგვაგემოვნებინა კოქტეილი სახელად „მიზანთროპი“, რომელსაც მსუბუქი, ახალგაზრდული გემო აქვს, გაზაფხულის გემო, ძირითადად მეწამული ხილის არომატებით, პერმანენტული მომწარო ელემენტით, პიკანტურობის ზღვარზე; გემო, რომელშიც ზაფხულის ხვატის მუქარა იგრძნობა.
მან ერთმანეთში აურია მოლიერის მოვარდისფრო ფხვნილი, ახალგაზრდული ენერგია, განგაშის აურის ჩრდილი და იმედგაცრუება სასოწარკვეთის ზღვარზე, რაც ახალგაზრდულ სულს ძალიან ხშირად სტუმრობს ხოლმე; რაც მთავარია, კოქტეილი შორსაა სიმჟავისაგან და მისი გემო პირში ცქრიალა ღვინოზე მეტად თამაშობს.
ესაა კოქტეილი, რომელიც თავბრუდამხვევ ეფემერაში გადაგისვრის სიხარულის დამაგვირგვინებელი აკორდით.
დაახლოებით ერთი თვის წინ ამ სპექტაკლის ნახვამდე, მქონდა ბედნიერება „კომედი ფრანსეზში“ მეცქირა მოლიერის „ძუნწისთვის“, ლილო ბაურის მიზანსცენა, რომელიც 2022 წელს მოლიერის დაბადებიდან 400 წლის აღსანიშნავად დაიდგა მოწვეული რეჟისორის მიერ, ბრწყინვალე სამსახიობო ანსამბლით (მთავარ როლებში: ლორან სტოკერი, ედიტ პრუსტი, კლემან ბრესონი, ჟან შევალიე, პოლინ კლემანი, ფრანსუა ჟილარი, ანა ჩერვინკა). ეს იყო ორსაათიანი თეატრალური ზეიმი, რასაც ბრწყინვალე მიზანსცენისა და მსახიობების საშური შესრულების გარდა, უზრუნველყოფდა ბრუნო დე ლავენერის შთამბეჭდავი სცენოგრაფია, აგნეს ფალკის კოსტუმები, ნატალი პერიეს განათება და მიშ ოშოვიაკის მუსიკა.
სპექტაკლს თვალმოუხუჭავად უცქერდა საოცარი მარინა დარასელია, მიუხედავად იმისა, რომ ფრანგული არ ესმოდა. საშინლად მაღლა იჯდა და სცენის ორ მესამედს ხედავდა. ვაგლახ! რომ მიეტოვებინა თავისი საფრანგეთში გაცნობილი დაქალი, ჩვენ მას გაცილებით უკეთეს ადგილას დავსვამდით. მაგრამ ბედისწერა მუხანათია.
სპექტაკლის დასასრულს, გასასვლელში რომ შევხვდით, აღფრთოვანებული მარინა დარასელია იმეორებდა: ეს რა სპექტაკლი ვნახე! ეს რა შესრულება იყო! და ა.შ.
მართლაც აღვფთოვანდით ამ სპექტაკლით, ჩვენამდე რომ უამრავი აღაფრთოვანა და პრესტიჟული ჯილდოებიც დაიმსახურა. მაგრამ მთავარი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მომეწონა სცენოგრაფია (კოსტუმებიც შესაფერისი) და მუსიკალური გაფორმება, შოკი განვიცადე იმ სიმსუბუქესთან შეხვედრით, რომლითაც გაჯერებული იყო მთელი წარმოდგენა, რომელსაც აფრქვევდა ყველა მსახიობი, განსაკუთრებით ზემოჩამოთვლილნი, პრაქტიკულად ფინალურ სცენამდე. სპექტაკლის ფინალი დაახლოებით ისეთი იყო, აქაც რომ ბევრი გვინახავს, სასაცილო, მაგრამ „შემაჯამებელი“ და არც ისე მსუბუქი.
საიდან მოდის ეს სიმსუბუქე?! რას ნიშნავს ის?! - ასე ვეკითხებოდი საკუთარ თავს სახლში მისვლამდე. მაგრამ გვიანი ღამე იყო და პასუხები მით უფრო არ ჩანდა. (იმ ღამით კოკისპირულად წვიმდა.)
გამიგია ასეთი ლეგენდაც: გვიან საბჭოთა პერიოდში, შესაძლოა ბრეჟნევის ხანა იყო, ფრანგულ დელეგაციას ქართული წარმოების მოლიერი წარუდგინეს. აღარ მახსოვს რომელი პიესა იყო. ერთ-ერთმა ფრანგთაგანმა სპექტაკლის ნახვის შემდეგ გულწრფელი უტიფრობით შემდეგი მოსაზრება გამოთქვა: რაღატომ ეწვალებით მოლიერს, მოლიერი ფრანგების საქმეა, თქვენ თქვენი დადგითო.
პასუხი ამ ფრანგის მოსაზრებაზე და იმ „ძუნწის“ გამოცანაზეც მხოლოდ მეორე დღეს, შუადღეს, მესტუმრა. როგორც ჩანს, ეს სიმსუბუქე, ბაურის „ძუნწს“ რომ ასე ბუნებრივად ჰქონდა, ასე ექსტრავაგანტულად აკლდა ქართულ მოლიერს. რადგან ბევრ ქართულ კომედიას, რომლებიც მინახავს, ასევე აკლდა სიმსუბუქე. შეიძლება ძალით გაგაცინონ, მაგრამ კომედია ეს მხოლოდ სიცილის წასკდომა არაა, როგორც კაცი რომ უცაბედად ეცემა და ჩაბჟირდები. კომედია ესაა, უპირველეს ყოვლისა, მოუშორებელი ღიმილი ბაგეზე, და უფრო მეტად ღიმილი შიგნით, ღიმილის განწყობა, სიმსუბუქე, ანუ „დღეების ქაფი“, როგორც ბორი ვიანი იტყოდა; რადგან კომედიას და დრამას შორის, ჩემი აზრით, ერთი ფუნდამენტური განსხვავებაა: დრამა ძირითადად მაყურებლის გულ-გონებაში ხდება, მაყურებლის აღქმა ადრამატულებს დრამას, როგორც სერიალის მაყურებელი უყურებს ტრაგედიას წმინდა საპნის ოპერის ბაზაზე. კომედია კი ვერაფერს ვერ იმატებს მაყურებლისგან, მაყურებელი რატომღაც, ასეთი კანონია, უზომოდ კრიტიკული თვალისაა კომედიის მიმართ. კომედია ისაა, რაც მხოლოდ სცენაზე ხდება, არც მეტი არც ნაკლები, და ამიტომ მაყურებელი უცებ გრძნობს სიყალბეს, დანაკლისს, სიმძიმეს...
საფრანგეთი მთელი თავისი არსით ფლირტია, დაწყებული ეროტიკიდან პოლიტიკის ჩათვლით. ფლირტია მათი ენა, ორი უცნობიც კი შეყვარებულის ხმაზე საუბრობს, თითქოს ჩიტები ჟღურტულებენ. ჩვენ მიერ ნანახი „ძუნწის“ პირველი სცენა, ელიზისა და ვალერის ალერსი, დაახლოებით ათ წუთს გაგრძელდა, და ეს იყო ორსეის მუზეუმის ორი ახალგაზრდა ქანდაკების გაცოცხლება ხასხასა მინდორზე. არანაირად მომაბეზრებელი, არანაირად უხამსი, ხელოვნური, როგორიც ხელოვნებას უხდება, და ბუნებრივი, რაც ხელოვნებას აცოცხლებს, ერთად. და ამ სცენას სკოლის მოსწავლეებიც უცქერდნენ (როგორც ჩვენთან, იქაც დაჰყავთ სკოლიდან კლასები თეატრში). მიკვირდა: რატომ აყურებინებენ „კოცნაობას“ ასე ლაღად სკოლის მოსწავლეებს (მეშვიდედან მეცხრე კლასამდე ბავშვები იქნებოდნენ). ამაზე პასუხს, სხვათა შორის, იქვე მივხვდი, სპექტაკლის დასრულებამდე: იმიტომ, რომ ესაა ცხოვრების იდეალი, სქესობრივი ურთიერთობის ეტალონი, კომუნიკაციის იდეალური ფორმა, რომელსაც ბავშვებს აჩვევენ. აჩვენებენ, რას მიბაძონ, როგორ უნდა ჰქონდეს საინტერესო ურთიერთობა ერთმანეთთან, მოლიერის ენაზე აგებული კომუნიკაციის სტრუქტურა. ვერაფერი მსგავსი ვერ წარმოვიდგინე ქართულად არა თუ ათი, ხუთი წუთის ხანგრძლივობისა. რადგან რაც ქართული მენახა მსგავსი, ეს იყო მძიმე, დრამატული, ტრავმული, ნაძალადევი, ხელოვნური, გარედან შექმნილი, მოვალეობის გამო ნათამაშები... მაგრამ ის, ვინც დასკვნის გაკეთებისას ჩქარობს, ცოდვას სჩადის! ჩემში არსებული სტერეოტიპი ქეთევან სამხარაძის ქართულმა „მიზანთროპმა“ დაამსხვრია.
ესაა ნამდვილად იმგვარად მსუბუქი, როგორიც მოლიერს შეშვენის, და იმგვარად მწარე, როგორიც ასევე მოლიერისეულია. მოლიერი - ეს ვერცხლისწყალია, ძალიან მოძრავი და საშიში საწამლავი. თუ მას პირში ჩაიდებ მოგკლავს, ხოლო თუ იღლიაში ამოიდებ, სიცხეს გაგიზომავს. ქეთევან სამხარაძემ სწორედ მოლიერის თერმომეტრი შემოგვთავაზა სიცხის გასაზომად, ილიაუნის თეატრის სცენაზე.
„მიზანთროპი“ მოლიერის „სერიოზულ“ პიესად ითვლება, „მელანქოლიკი“ მთავარი გმირით, რომელმაც ადამიანებზე გული აიცრუა და გადაწყვიტა მათი ფარისევლობის მხილება, და მისგან გამიჯვნა. მელანქოლია ქეთევან სამხარაძის სპექტაკლში დიდად არ იგრძნობა, თუმცა მოყირჭებული ამაოების ნადუღი ნამდვილად დუღს. მით უფრო, რომ მოქმედების ადგილად „კლუბია“ შერჩეული. კლუბური მოციმციმე ბურთის ფონზე, და იქვე პატარა სცენა, ერთი დივანი, ერთიც პატარა მაგიდა და ცხადია, სასმელი რამდენიმე პატარა ჭიქითურთ (სცენოგრაფი - თამარ სამხარაძე). ერთი სიტყვით „ფრანგული“ ატმოსფერო.
ექსტრავაგანტული მაღალფარდოვნება, რომლის ნიღაბიც უნიჭო ხელოვნებამ, უფრო ზუსტად „ხელოვანებმა“ უნდა მოირგონ და სახე შეიქმნან ხელოვნურობით, ძალიან ახალგაზრდა ადამიანებმა (მოლიერის პიესის ასაკობრივი ეპიცენტრი ოცი წელია) შეიქმნან „ბაბლი“ მთელი თავისი იერარქიით, ამ სასტიკ სოციალურ იდეოლოგიას ეწინააღმდეგება მთავარი პერსონაჟი ალსესტი (თორნიკე ნუკრაძე). მაგრამ მისი წინააღმდეგობა არც ისე დამაჯერებელია. რაღაც დააკლდა აქ სპექტაკლს, რაღაც აკლია ამ პერსონაჟს, მაგრამ არაუშავს. ზედმეტად გულწრფელი და მოწყვლადი ალსესტი მაინც უყვარდება მაყურებელს, მით უმეტეს, რომ ის სიმპათიურია, და როგორც ვოლტერი იტყოდა, ხალხი მუდამ სიმპათიურის მხარეზეა.
შთამბეჭდავია ორონტი (ნიკა ჯაფარიძე) თავისი გესლითა და „პოეზიით“. ესაა ერთგვარი იაგოს მოზარდობა, როგორი იქნებოდა ყმაწვილი იაგო „ფრანგულ“ გარემოში. ის ზედმეტად თავდაჯერებულია, ზედმეტად თამამი, თავხედი, ოღონდ „კულტურულად“, თითქმის ეგზიბიციონისტი, ზედაპირული, მაგრამ „გრძნობით“ სავსე, მეტიჩარა, მაგრამ „მელანქოლიკი“. ნამდვილად მელანქოლიურის შთაბეჭდილებას ამ სპექტაკლში ორონტი ტოვებს, ამიტომ მაყურებლის თანაგრძობას ის იწვევს, ნეგატიური გმირი, თუმცა დადებითი თავის ბოლომდე ხარჯვაში. არაჩვეულებრივები არიან მარკიზები: კლიტანდრი - გოდვინ თუდები, და აკასტი - ალექსანდრე კაკულია. ნამდვილად ფრანგული ელფერი სპექტაკლში მათ შემოაქვთ: გოდვინი პარიზიდან ჩამოსულს წააგავს, კაკულია კი ისეთი ტიპია, ლირიკულ-ჰიფსტერული ინდივიდები რომ დაძრწიან პარიზის ქუჩებში. ერთმანეთთან მათი სინერგია იმ საბაგირო გზას ქმნის, რომელზეც მაყურებელი ემოციურად მაღლდება და მაღლდება სპექტაკლის განმავლობაში. ფილინტი მეოცე საუკუნის ათიანი წლების ქართველ თავადიშვილს წააგავს, საფრანგეთში რომ ისწავლა და პორტრეტი ყურზე მიდებული ტელეფონის ყურმილით დაახატვინა მონმარტრის მხატვარს. მერე საქართველოში რომ ჩამოვიდა, ვაზისა და ფესვების სიღრმეს ეზიარა და ფრანგ ალსესტთან ძმაკაცობა უფრო განამტკიცა. ელიანტი (ანა ლევენეცი) უზომოდ სასაცილოა, სინამდვილეში ჭკვიანი, რომელმაც სულელის როლი იმდენად მოირგო, რომ რეალურად წაისულელებს. ამ მოცემულობას მსახიობი შესანიშნავად ართმევს თავს და მაყურებელს გულიანად აცინებს. სელიმენი (ელენე ქურთიშვილი) „თავშეკავებული“ მადმუაზელია, მთავარი ყვავილი ამ ბაღისა, მან იცის, რომ ყველა ფუტკარს იზიდავს და ამიტომ თავისი ბუტკოს გაშლით ყველაფერს ამბობს. ისაა ძალაუფლების ცენტრი სპექტაკლისა და მიზიდულობის წერტილი. ნინა ყიფშიძის არსინოა პერიოდულად ცეცხლს ანთებს სცენაზე. მისი ქარიზმა, ენერგეტიკა და სიზუსტე მოშვებულ მაქმანებს მკაცრი სერთუკით კრავს.
მოლიერმა „მიზანთროპი“ ლექსად დაწერა, ესაა პიესა ლექსად, და პიესა ლექსზე. მაგრამ რადგან ლექსის ეპოქა წარსულს ჩაბარდა და ჯენზი უკვე გარითმულ პოეზიას ზიზღით უყურებს, მაქსიმუმ ვერლიბრი აიტანოს, ისიც პირობითად, ქეთევან სამხარაძემ სწორად შეამსუბუქა აქცენტი პოეზიაზე და იგი სწორად გადაიტანა სანახევროდ ვიზუალურ მოცემულობაში: სპექტაკლში ლექსთან ერთად წარმოდგენილია პლაკატი, ვიზუალური ელემენტი, რომელიც თითქოს ორონტის ლექსის სივრცული განშლაა, რაც ნიშანდობლივი ჟესტია რეჟისორის მხრიდან. ყოველ შემთვევაში, ჩემთვის სახალისო იყო, და საინტერესოც.
„მიზანთროპს“ ქეთევან სამხარეძემ ფემინისტური ელფერი შესძინა, რითაც სათქმელი გაატანა მაყურებელს.