top of page

რატი კობეშავიძის „კრეპის უკანასკნელი ფირი“

3.jpg

რატი კობეშავიძის “კრეპის უკანასკნელი ფირი”

მარიკა მამაცაშვილი 

სემუელ ბეკეტის პიესა “კრეპის უკანასკნელი ფირი” მეტად ავტობიოგრაფიული მგონია, ავტობიოგრაფიული არა იმდენად ფაქტების დამთხვევით, არამედ იმ ტკივილის, თანაგრძნობის სიმძიმისა და ყოფიერების აუტანლობის მძაფრი შეგრძნებით, რომელიც ბეკეტს სულ დაჰყვებოდა. რაც სწორედ ამ სამგვერდიან პიესაშია ჩატეული.
წელს, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს, შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ საოცრად საინტერესო და მნიშვნელოვანი გაზაფხული დაუდგა. ჯერ გეგა გაგნიძემ გააოცა მაყურებელი საკუთარი სპექტაკლით “ბალიშის კაცუნა” და შემდგომ კიდევ ერთი გამარჯვება _ მესამე კურსის დრამის რეჟისურის სპეციალობის სტუდენტის – რატი კობეშავიძის (ჯგუფის ხელმძღვანელი _ გია კიტია; ასისტენტი _ გიორგი აფხაზავა) სპექტაკლი “კრეპის უკანასკნელი ფირი”! ნამდვილად ვერ წარმოიდგენთ რომ ეს სტუდენტების ნამუშევარებია. ორივე სპექტაკლი ნებისმიერი, კამერული თეატრის რეპერტუარს დაამშვენებდა. ამჯერად, ბეკეტის ინსცენირებაზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას.
ბეკეტმა რამდენიმე ფურცელზე დაატია მოდერნისტული ეპოქის ადამიანის სევდა და სასოწარკვეთა. `კრეპის უკანასკნელი ფირი~ _ ძალიან ღრმა პიესაა. კრეპი ხომ მხოლოდ მარტოხელა მოხუცი არ არის; ისაა ადამიანი, რომელმაც სხივი ნახა, მას შეეხო და საკუთარ გულში გაატარა. სწორედ ამ სხივის კვალს ეძებს პიესის მთავარი და ერთადერთი პიერსონაჟი; ეძებს, და პოულობს კიდეც, ოღონდ მხოლოდ _ ჩანაწერებში, წლების განმავლობაში შეგროვებული ფირების ჩანაწერებში, საკუთარ თავში კი, ვერა. 
მის გულში ოდესღაც მზემ დაისადგურა, ოღონდ ძალიან ცოტა ხნით. მერე კი ჩაქრა და დაიფერფლა. აი, სწორედ ეს პროცესი აქცევს კრეპს საინტერესო პერსონაჟად, სხვადასხვა თაობის რეჟისორებისთვის
2012 წლის გაზაფხულზე ჯერ კიდევ სტუდენტმა, ნიკა ლუარსაბიშვილმა დადგა ბეკეტის მონო პიესა, მსახიობი მარლენ ეგუტია გახლდათ. მოსკოვის თეატრ “ეტ სეტერაში” კი რობერტ სტურუამ განახორციელა დადგმა, ალექსანდრე კალიაგინი – კრეპი, მხატვრობა _ გოგი მესხიშვილი, მუსიკა _ გია ყანჩელს ეკუთვნოდა. მანამდე კიდევ ერთი დიდი მსახიობის _არმენ ჯიგარხანიანის შესრულებითაც შეგიძლიათ ნახოთ ჩანაწერი. აღარაფერს ვამბობ 1969 წლის 5 ოქტომბერს თვით ბეკეტის მიერ განხორციელებულ ყველაზე წარმატებულ დადგმაზე, რომელშიც კრეპს მარტინ ჰელდი თამაშობდა.
მოკლედ ამ პიესის დადგმის ისტორია ძალიან გრძელია და ამიტომაც დიდი პასუხისმგბლობაა, როგორც რეჟისორისთვის, ასევე მსახიობისათვის. რთული ამოცანის წინაშეა შემოქმედებითი ჯგუფი... ჯერ ხელი მოკიდო და შემდეგ თავიც გაართვა ასეთ შედევრს. 
პირველი, რაც კობეშავიძის ვერსიაში თვალში გვხვდება, ეს არის არა მოხუცი კრეპი, არამედ ახალგაზრდა მსახიობი, რომელიც თამაშობს მოხუცს; უფრო ზუსტად კი ის ორივეს თამაშობს – საკუთარ ახალგაზრდობას და უძლურებასაც. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია. თამაშობს და მერე როგორ! პირველი არავერბალური 10 წუთი ისე გითრევს სპექტაკლის მსვლელობაში, რომ ვერც ამოისუნთქავ. ამაში მსახიობს, რა თქმა უნდა, რეჟისორი ეხმარება: სცენოგრაფიით, შესანიშნავი მუსიკით და მიზანსცენებით. საოცრადაა გათამაშებული ცნობილი `ბანანის სცენა”! დემეტრე ნაყოფიას კრეპი თავიდან ფრთხილად გადახსნის ბანანს, ჩაკბეჩს _ აშკარად ნასიამოვნებია. სიტკბოება გაუთბობს გულს და მოგონებებს აღუძრავს, შეჩერდება, და შემდეგ _ როგორც ნამდვილ ესთეტიკოსს შეჰფერის, ვეღარ უძლებს ცდუნებას _ ბოლომდე სანსლავს. Eეს შემთხვევითი არ არის. ისევე როგორც პიესაში, სპექტაკლშიც ნაყოფია-კრეპს ყოველთვის აკლდა სითბო და კეთილდღეობა (გავიხსენოთ ფირის პირველი მონოლოგი: `დღეს მე ოცდაცხრამეტი წელი შემისრულდა... ეს შავბნელი დღე ისევ ისე აღვნიშნე, როგორც ყოველთვის... ვიჯექი ჩემთვის... უკაცრიელ დუქანში”). ბანანის ჭამა კი კრეპს იმ კარგ, თავგადასავლებით სავსე ცხოვრების ილუზიასთან აკავშირებს. 
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი: სპექტაკლი, როგორც ბეკეტის თითქმის ყველა პიესა, სანთლის შუქის შემოსვლით იწყება, მაგრამ ეს შუქი გრძელდება კრეპის მწვანე მცენარესთან მიახლოებამდე?. ის იღებს წყლის ბოთლს, ცოტას უსხამს, შემდეგ თვითონ აგრძელებს ხარბად სმას და კვლავ მცენარეს “აპურებს”. სპექტაკლის ფინალშიც, როცა კრეპი ყველაფერს მოისვრის სუფლიორის ცეცხლწაკიდებულ ორმოში, მხოლოდ ხეს გაიტანს სიღრმეში და მას გადაარჩენს. 
რატი კობეშავიძის და დემეტრე ნაყოფიას კრეპი იმედს არ კარგავს, ამიტომაც არ არის განწირული. 
ეს კრეპი არც ის ძუნწი კრეპია, რომელიც ჯიბით გასაღების აცმას ატარებს და საჭიროების შემთხვევაში “აძრობს”, არც ისეთი წითელცხვირა და გაბღენძილი ლოთია; 
ეს კრეპი დაკარგული სხივის მაძიებელია.
კრეპის ყოფის გამოუვალობას დეკორაციაც ამძაფრებს: მიმოყრილი ნივთები, მაგიდა შავი სუფრით, სარწეველა სავარძელი ჭუჭყიანი გადასაფარებლით, მაგნიტოფონი, სიბინძურე, კოჭებიდან ამობურდული ფირი. ეს გარემო ისე  ამძიმებს ჰაერს, რომ სპექტაკლის მსვლელობისას სული გეხუთება და სცენიდან აპოკალიფტურობის სუნიც კი მოგდის... თუმცა დასაწყისიდანვე რეფრენად ჟღერს დამამშვიდებელი, “ჩილაუთ” მუსიკა: თამბოურ - თჰე Nუდე ანდ თჰე Qუეტ, რომელიც ცოტა არ იყოს და ტრანსში გაგდებს, თითქოს მედიტაციას ეძლევი... ამ დროს კი ნაყოფია-კრეპის ახალგაზრდული ხმა გაბრუნებს რეალობაში, მერე ისევ მუსიკა, მერე ჩანაწერი და ისე გადის ეს საათი და 20 წუთი, რომ მოწყენილობა, სპექტაკლის უპირველესი მტერი, ერთი წამითაც არ გეუფლება.
სიჩუმეს  ყვირილი შეუძლია!...
ნაყოფია-კრეპი ძველი სკივრიდან უხმოდ ამოიღებს სურათის ჩარჩოს და შავ ხავერდზე სარჭებით დამაგრებული ფოტოებიდან აირჩევს ერთ-ერთს, რუდუნებით ჩადებს ჩარჩოში, დადგამს შავსუფრაგადაფარებულ მაგიდაზე და მოწიწებით, მონატრებით, სიყვარულით სავსე თვალებით შესცქერის; ეს ფოტო მისი ხატია, რომელზეც ის ლოცულობს კიდეც, ეფერება კიდეც, სიყვარულსაც უხსნის და მის გულში იმედის სხივსაც აჩენს. ფოტო ხმამაღალი ნათქვამია, სინამდვილეში _ ცარიელი ფურცელია... მართლაც, რა საჭიროა იმის დაკონკრეტება, თუ როგორი გარეგნობა აქვს კრეპი-ნაყოფიას სიყვარულს. მისი ბეატრისი ხომ მშვენიერებაა, და ყველა მშვენიერი, სიკეთით სავსე ქალის კრებითი სახეა... “Твое лицо в его простой оправе/ Своей рукой убрал я состола” - აქ ალექსანდრე ბლოკის ლექსის ფინალი გამახსენდა, რადგან სწორედ ასეთი ხარისხის მეტაფორა გაათამაშეს მსახიობმა და რეჟისორმა ამ კონკრეტულ სცენაში.
და მაინც, რატომ იწვევს სპექტაკლი ასეთ მძაფრ ემოციებს? 
ვფიქრობ, იმიტომ, რომ ის თანამედროვე თეატრალური წარმოდგენის ყველა მოთხოვნას პასუხობს:
სპექტაკლში რეჟისორი უხილავია _ მსახიობს უჩინარი ხელით ატარებს სცენაზე; 
დრამატურგიული ხაზი მთლიანია _ არსებობს ამბის დასაწყისი, კულმინაცია და ფინალი;
დეკორაციაში არც ერთი ნივთი არ არის შემთხვევითი _ თითოეული მათგანი ამართლებს მოყოლილ ამბავს;
მუსიკა მთლიანად გძირავს კრეპის არსებობის აბსურდულობასა და მონოტურობაში.
სპექტაკლი საერთო, გლობალურ თეატრალურ კონტექსტშიც გამართლებულია და თავისუფლად შეიძლება მისი რეპერტუარში შეტანა. XX საუკუნიდან მოყოლებული, მიუხედავად დიდი ტექნიკური პროგრესისა და ამოუწურავი შესაძლებლობებისა, ადამიანი მაინც დაკარგულია, ისევ მარტოა, საყრდენი გამოცლილი აქვს, დიდი ხანია დაკარგა ღმერთი და სულ მის ძიებაშია.  
ჩვენ ისევ პოსტმოდერნულ ხანაში ვცხოვრობთ, სადაც ადამიანი არავის ახსოვს და საკუთარი ვნებების, ცოდვებისა და ოცნებების ანაბარაა მიტოვებული. აი, ამის შესახებაა ახალგაზრდა რეჟისორის _ რატი კობეშავიძის საკურსო ნამუშევარი.
 

bottom of page