top of page

ქრისტინე

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

493d48ca-e8fe-4d14-b3b5-bbfde96b715b.jpeg

19.05.2026

ნუცა კობაიძე

ქრისტინე

 

 

ავტორი: ეგნატე ნინოშვილი

რეჟისორი: მარიამ სიხარულიძე

კომპოზიტორი: ნინო სიხარულიძე

მხატვარი: თეო კუხიანიძე

 

მთავარ როლებში: გიორგი დოლიძე - წამყვანი; მარიამ გუჯაბიძე - ქრისტინე; ვახტანგ ჩხარტიშვილი - მეპატრონე.

როლებში: შორენა გვეტაძე - სონა; თამარ მდინარაძე, ბელა კიკვაძე - მარჩიელი; თეა შარვაშიძე - მარიკა; დავით კვერღელიძე - დათიე; თეა კეჭაყმაძე - ნატალია; ლუკა მეგრელაძე - იასონი; გენადი ნიკოლაშვილი - ბეჟან უქმაძე; ანა ზასლავსკა - ლიზა.

ბენდი: გიორგი ჩავლეშვილი, ჯაბა მორჩილაძე, გენადი ნიკოლაშვილი, ლუკა ჯულაყიძე, ნინი მუშტაშვილი, ნინი მეგრელიძე, ქრისტინე დოლიძე, ცისია ყაზაიშვილი

 

მარიამ სიხარულიძე ეგნატე ნინოშვილის „ქრისტინეს“ ტექსტს შლის და თანამედროვე, სიმბოლურ ინტერპრეტაციად გარდაქმნის. სპექტაკლი იწყება არა პროლოგით, არამედ - გაქცევით. „Passenger Kristine“ - ქალი დაკარგულია როგორც ინდივიდი. აეროპორტის  სცენით რეჟისორი ემიგრაციის არა მხოლოდ სოციალურ, არამედ ეგზისტენციალურ ტრავმას უსვამს ხაზს. ქრისტინეს ამბავი პირდაპირ ტრაგედიით იწყება და არა იმ „ლამაზი სიყვარულით“, რომელმაც ეს ტრაგედია გამოიწვია. სიყვარულის ადგილს იკავებს ნგრევა. თითქოს ნაკლებია ემპათია, რადგან პერსონაჟის ტკივილი უკვე მოცემულობაა და ვერ ვხედავთ იქამდე მიმავალ გზას.

აეროპორტი სწრაფად გარდაიქმნება თეატრად/საროსკიპოდ, სადაც მოქმედებას მართავს მეპატრონე - რეჟისორი/სუტენიორი. საინტერესო მეტაფორაა სპექტაკლში: სცენა, როგორც ბაზარი; წარმოდგენა, როგორც ექსპლუატაცია; ქალი, როგორც პროდუქტი. და ჩვენ ვხედავთ ქრისტინეს შიშველი ფეხებით აგზნებული კაცს, მზის სათვალის წმენდით სექსუალური სურვილების დაკმაყოფილების იმიტაციას რომ ქმნის.

ვერძი, მედეა, ბიბლიური ტექსტები, მითოლოგია - ერთ სივრცეში იყრის თავს და თითქოს ერთმანეთის მნიშვნელობებს ფარავს. ვერძი ერთდროულად არის მსხვერპლიც, აგრესიაც, ვნებაც და მითოლოგიური ალუზიაც და ამ მრავალმნიშვნელოვნებაში კონკრეტული აზრი ნაწილობრივ იკარგება. ამ სიმბოლურ ქსელში საინტერესოა ნინოშვილის ტექსტის ერთ-ერთი დეტალის გააზრებაც: ქრისტინესა და იასონის შეხვედრისას „წიფლის ძირში პატარა ჭრელი გველი გასრიალდა“. ტექსტში ეს თითქოს უმნიშვნელო ეპიზოდია, თუმცა ცდუნების, ცოდვისა და დაცემის კლასიკური მეტაფორაა. სპექტაკლში გველი აღარ არის კონკრეტული ფიგურა, ის გარდაიქმნება გარემოდ. იასონი ხდება ცდუნება, ხოლო მეპატრონე - ბოროტება. ქრისტინეს დაცემა არის პროცესი, რომელიც იწყება ნდობით და სრულდება განდევნით.

ამავე კონტექსტში განსაკუთრებით საინტერესო, თუმცა სადავოა რეჟისორული ჩანაფიქრი -  ქრისტინეს კოლხ მედეასთან პარალელი. ერთი მხრივ, თითქოს აშკარაა კავშირი: იასონი, ოქროს საწმისი. ამ მითოლოგიური თანხვედრის მიღმა ჩნდება დისონანსი, რომელიც სპექტაკლის ერთ-ერთ მთავარ კითხვად იქცევა. მედეას გმირი არის აქტიური, აგრესიული ფიგურა, რომელიც ღალატს შურისძიებით პასუხობს და საკუთარ ტკივილს ძალადობრივ აქტად გარდაქმნის. ქრისტინე კი სრულიად საპირისპიროა - „ქრისტინეს ფიქრადაც არ მოსვლია იასონის შურისძიება“ - წერს ეგნატე ნინოშვილი. ის არ ეძებს შურისძიებას, არ უპირისპირდება სისტემას, პირიქით, მთლიანად შთანთქა მან. გმირის ტრაგედია პასიურობაში, დუმილში და საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვაშია. რატომ არ იქცა ქრისტინე მედეად? მედეას პოტენციალი ქრისტინეში ვერ რეალიზდა. რა მოხდებოდა, ქრისტინეს რომ მედეას მსგავსად ემოქმედა? მარიამ სიხარულიძე ქრისტინეს და მედეას შედარებით მათ შორის მკაფიო, პრინციპულ სხვაობას გვაჩვენებს. მედეა მითის პერსონაჟია ტრაგიკული მასშტაბით, მოქმედების ძალით, პასუხის გაცემის უნარით. ქრისტინე კი სოციალური რეალობის გმირია. ამიტომ ეს პარალელი არა მათი გაიგივებისთვის, არამედ კონტრასტისთვის არის საჭირო. რეჟისორი ამ ინტერპრეტაციით გვაჩვენებს, როგორ იშლება მითოლოგიური სიდიადე რეალური ქალის ცხოვრებაში. საბოლოოდ ვიღებთ არა მედეას მასშტაბის შურისმაძიებელ ქალს, არამედ ქალს, რომლის ბედიც დუმილით და გაქრობით სრულდება.

სპექტაკლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ავანსცენის ორმოში მდგარი ქოროა. თითქოს ქრისტინეს ისტორიას კოლექტიური ქვეცნობიერიდან უყურებენ. ცხოველების ნიღბებს ამოფარებულ ფიგურებს, სცენური სივრცე ქვესკნელის/ჰადესის მსგავს განზომილებაში გადაყავს. ისინი არ ეკუთვნიან კონკრეტულ დროს და ადგილს - არსებობენ ზღვარზე, მიწის ზედაპირსა და მის ქვემოთ არსებულ ბნელ სივრცეს შორის. მათ კოლექტიურ არსებობას - ამოძახილს, სიმღერას, რიტმულ მოძრაობას - სპექტაკლი რიტუალურ განზომილებაში გადაჰყავს. ამ ხმოვან სისტემას ორგანულად ერწყმის მუხრან მაჭავარიანის ლექსი „დუმილი რეკავს“, რომელიც ქოროს მეშვეობით გარდაიქმნება ექოდ. დუმილი აღარ არის პასიური მდგომარეობა, ის მოძრაობს და მთლიანად ფარავს პერსონაჟს.

მარიამ გუჯაბიძის გმირი (ქრისტინე) გადის მკვეთრ ფიზიკურ ტრანსფორმაციას. მისი შესრულება გამოირჩევა ემოციების კონტროლით. მსახიობი ახერხებს, რომ რთულ კონცეფციაში ქრისტინე არ დაიკარგოს. ის არ ცდილობს მაყურებელზე ზედმეტი ეფექტის მოხდენას, დამაჯერებლად და დახვეწილად ასრულებს როლს.

ვახტანგ ჩხარტიშვილის მეპატრონე მნიშვნელოვნად განსხვავდება ეგნატე ნინოშვილის ტექსტში არსებული ბინის მეპატრონე ქალისგან. რეჟისორი ამ პერსონაჟს კაცად გარდაქმნის და ამით თითქოს შეგნებულად ცვლის ძალადობის ვექტორს. ქალი აღარ არის ის, ვინც ქალს წირავს. ამ ინტერპრეტაციით იკვეთება ერთგვარი ქალური სოლიდარობა. მსახიობი ერთ პლანში თამაშობს ცინიკურ პერსონაჟს, რომლისთვისაც მორალი და ემპათია არ არსებობს.

ლუკა მეგრელაძის პერსონაჟი (იასონი) შეგნებულად გამარტივებული და უფუნქციოა. ეს რეჟისორული პოზიციაა. მარიამ სიხარულიძე მამაკაცი პერსონაჟების მნიშვნელობას  მიზანმიმართულად ამცირებს და ყურადღებას მთლიანად ქალებზე ამახვილებს. მიუხედავად იმისა, რომ ქალები ძალადობის მსხვერპლები არიან და მათი მძიმე ისტორიები სწორედ კაცებისგან იწყება, ბევრად ძლიერ პერსონაჟებად გვევლინებიან. რაც არ უნდა პარადოქსული იყოს (რადგან უკვე ვისაუბრეთ მედეას და ქრისტინეს პარალელზე), ქრისტინეს სიჩუმეში გაქრობა იმაზე ხმაურიანია, ვიდრე რომელიმე კაცის არსებობა.

შორენა გვეტაძის გმირი (სონა) ერთდროულად ეკუთვნის ორ სამყაროს. ის თამაშობს ქალს, რომელიც თავადაც ოდესღაც მსხვერპლი იყო, თუმცა ახლა უკვე ამავე სისტემის ნაწილია. სონაში ერთდროულად იკითხება თანაგრძნობა და სიცივე, რაც პერსონაჟს რეალისტურ და ფუნქციურად მნიშვნელოვან ფიგურად აქცევს. მის შესრულებაში იგრძნობა სამსახიობო გამოცდილება.

ფინალში ქრისტინე, პატარა ხის კრავით ხელში, ცდილობს შვილთან დაბრუნებას, მაგრამ მცდელობა უკვე დაგვიანებულია. ეს პერსონაჟის დასასრულია. პატარა ხის კრავი მხოლოდ დეკორატიული დეტალი არ არის, ის ქრისტინეს მდგომარეობის სიმბოლოდ იქცა. კრავი ასოცირდება ერთი მხრივ მის შვილთან, უმწეო, დაუცველ არსებასთან, რომელიც მან დატოვა; მეორე მხრივ, კი თავად ქრისტინესთან - მსხვერპლთან, რომელიც მთელი სპექტაკლის განმავლობაში ნელ-ნელა ქრება.

“[…] ხმა თუა ნეტავ,

ხმა თუა ნეტავ,

ამ უხმო ხმაზე

რომაა მეტი!”

bottom of page