top of page

კრიტიკოსში კეთილმოსურნე შეიცანით...

elene da gubazi.jpg

გუბაზ მეგრელიძე

 

კრიტიკოსში კეთილმოსურნე შეიცანით...

არ მეგონა, თუ ჩემს რეცენზიას თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლზე „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ ამდენი „შემფასებელი“ გამოუჩნდებოდა  და 43 კომენტარს, 30 მოწონებასა და 3 გაზიარებას დაიმსახურებდა. ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კრიტიკის მიღების კულტურა ზოგიერთ რეჟისორსა და მსახიობში ძალიან დაბალია. მავანთა დაუმსახურებელ ქება-დიდებას შეჩვეულნი, რეალობას ვეღარ აცნობიერებენ და ილუზიურ ე.წ. „ვარსკვლავურ“ სამყაროში დაფრინავენ. თავიდანვე ვიტყვი, რომ კამათში ცნობილ მსახიობებს ჩარევა არ უკადრებიათ - მასში  მხოლოდ  ე.წ. მსახიობები და ჩემთვის უცნობი პირები ჩაებნენ. ელენე მაცხონაშვილისადმი მსახიობების ლტოლვა გასაგებია, ამ „მხარდაჭერით“ სამომავლოდ  როლების მიღებასა და თავიანთი ე.წ „შემოქმედების“ გამდიდრებას გეგმავენ. მაამებლობა ხომ ჩვენი ცხოვრების ძირითადი საქმიანობაა. ამ გამოხმაურების შედეგად  ერთფეროვანი სიტყვები, რეჟისორისადმი ყალბი სიყვარულის მტკიცება და კრიტიკოსისადმი დაუმსახურებელი აგრესია მივიღეთ. სამაგიეროდ, მსგავს „ხელოვანებს“ საზოგადოებაში თავის უარყოფითად გამოჩენის, ინტრიგის ჩახლართვის შანსი მიეცათ, რათა საკუთარი არსებობა რაღაცნაირად გაემართლებინათ... ახლა როგორ ვირწმუნო მათ მიერ განსახიერებული დადებითი გმირი?! როგორ დავრწმუნდე მათ გულწრფელობაში? რეალურად  გაყალბებული შემოქმედნი და, რაც ყველაზე საშიშია, უიღბლო, აგრესიული ადამიანები დავინახე.

ვინაიდან ელენე მაცხონაშვილმა ჩემთან კამათით ვერაფერი გააწყო და შეურაცხყოფით შეეცადა თავის მართლებას,  უკაცრავად, მავანნი დარაზმა და ამით სცადა „რევანშის“ აღება. ქალბატონო ელენე, ვინ არიან ეს ადამიანები ან რას გარგებთ ეს შეკვეთილი კომენტარები?! მგონია, ამ გზით კაცთაგანი ვერ ცხონდება,  მაცხონაშვილიც კი...

ახლა თანმიმდევრულად მივყვეთ მათ ოპუსებს, თუმცა სერიოზულად განხილვას არ ვაპირებ და შევეცდები იუმორით შევხედო მათ ნაცოდვილარს.  კურიოზია, რომ  უმრავლესობას სპექტაკლი ნანახი არა აქვს, მაგრამ ბრმად უხსნის სიყვარულს რეჟისორს და იცავს ჩემგან იმიტომ,  რომ კრიტიკა მტრობა ჰგონია. არადა, ეს ხომ პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაა და სხვა კრიტიკოსების გაფრთხილება - კიდევ თუ ვინმემ გაბედა კრიტიკული შენიშვნები, ჩვენ თავდასხმისთვის მზად ვართო... კი, ბატონო, საბრძოლო პოზიციები დაიკავეთ და გამაგრდით, მაგრამ, არა მგონია, ამით რაიმე გეშველოთ...

განსაკუთრებული აგრესიით ზუგდიდის თეატრის მსახიობი ანდრო შამუგია გამოირჩევა, რომელიც მხოლოდ პიროვნული შეურაცხყოფით შემოიფარგლა - ცნობილი თეატრმცოდნე არ ხარო, მხოლოდ ბოღმა დავინახეო და, რაც მთავარია, აშკარად დამემუქრა,  „ჩვენ მეტნი ვართ.. ასე რომ უფრთხილდი მსახიობებს, თუნდაც არ შემდგარი იყოს ასე საზოგადოდ კი არ უნდა გადმოანთხიოთ რეჟისორის და მსახიობებისადმი თქვენი დამოკიდებულება.“ როგორ გავიგო, ბატონო ანდრო, თქვენი  გამოსვლა - ჯგუფურად ფიზიკურადაც მემუქრებით? თუ კრიტიკოსმა საჯაროდ არ გამოხატა თავისი დამოკიდებულება, მაშ როგორ მოიქცეს? გესმით კი კრიტიკოსის პროფესიის მნიშვნელობა? ან ეს როგორ გავიგო: „იმის ნაცვლად რომ მოეფეროთ, პირდაპირ გინებაზე გადახვედით.“ სიმართლის თქმას გინებად აღიქვამთ? ,,მოფერება ნამდვილად არ დაგიმსახურებიათ.

მეორე  მოპასუხე ოზურგეთის თეატრის მსახიობი ვახო ჩხარტიშვილი აღმოჩნდა (ჩემთან კამათის ნაცვლად ვურჩევ, მეტყველებაში ივარჯიშოს), რომელიც იცავს რეჟისორის შემოქმედებას, თუმცა მე მხოლოდ ერთი სპექტაკლი განვიხილე, რომელიც მას ნანახიც კი არა აქვს და ბრმად ერთვება პოლემიკაში. გაუგებარია რა უნდა ეკა ნინიძეს, რომელსაც თეატრთან საერთო არაფერი აქვს. იგი არც თეატრმცოდნეა და არც ჟურნალისტი. იგი წერს - სპექტაკლი არ მინახავს, მაგრამ ვიცი  მომეწონებაო... რა გითხრათ, ძვირფასო ქალბატონო, წინასწარ განწყობის შექმნა უნახავ დადგმაზე არაპროფესიული დამოკიდებულებაა, თუმცა პროფესიონალიზმზე ნუ ვილაპარაკებთ. ალბათ, ჯერ საკუთარი ფუნქცია გაქვთ გასარკვევი თეატრში... ოზურგეთის თეატრის ქორეოგრაფი მარიკა ქვეითაია და მისი ქალიშვილი ნინო ჯიჯეიშვილი ქალური სენტიმენტალობით სიყვარულს უხსნიან ელენე მაცხონაშვილს... თანაც მარიკა ამხნევებს - კრიტიკა, ნიჭიერების აღიარებაა, ჩემო ელენეო, თუმცა მთლად გარკვეული არ არის კრიტიკის დანიშნულებაში... რეჟისორის ნიჭიერების მეხოტბე სენაკის თეატრის მსახიობი ლალი გაბელაიაც გამომეხმაურა. მას არ ჩამორჩა  ფოთის თეატრის ტექნიკური რეჟისორი მაია მებონია, რომელმაც რაიონების თეატრების სპექტაკლების ნახვა მირჩია. გმადლობთ, ძვირფასო მაია! რა თქმა უნდა, თქვენი შენიშვნა გასათვალისწინებელია და, შეძლებისდაგვარად, დავდივარ კიდეც, მხოლოდ ფოთის თეატრში არ მარგუნა ბედმა ჩასვლა. იმედია, შევძლებ...

კურიოზული აღმოჩნდა მოზარდ მაყურებელთა თეატრის  მსახიობისა და რეჟისორის ბიცოლას ხათუნა ბერძენიშვილის გამოსვლა, რომელსაც საკუთარი ძმისშვილის სპექტაკლი ერთი წლის განმავლობაში არ უნახავს... თუმცა ისეთი სრულყოფილი აზრი გამოთქვა, ვერ შეედავები. ვციტირებ:  „ავტორს გვასწავლით, მისი შემოქმედების კვლევით განათლებით, ან მან რა ათქმევინა ამა თუ იმ პერსონაჟს, ან თუნდაც ის თქვენ რას და როგორ თვლით ან ის, თუ როგორ გგონიათ?!“ უკაცრავად, მსგავს ნონსენსს ძნელად მოისმენ. ქართული ენის  ცოდნასა და მსჯელობის აზრობრივ გამართულობაზე აღარაფერს ვამბობ! იქნებ დაფიქრდეს მსახიობი მამიდა, თუ რატომ არ აკავებს ძმისშვილი რეჟისორი თავის სპექტაკლებში მთავარ როლზე? ალბათ, სათანადო პოტენციალს ვერ ხედავს...

ერთადერთი საღად მოაზროვნე თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თათია პაქსაშვილი აღმოჩნდა, რომელმაც იცის კრიტიკის დანიშნულება და აუცილებლობა და სურვილი გამოთქვა თეატრმცოდნეებმა სხვა საბავშვო სპექტაკლიც შეაფასონ.

ეს ორი საათი იმიტომ დავხარჯე, რომ მსგავს მსახიობებსა და ამპარტავან რეჟისორებს კრიტიკის მნიშვნელობა გავაგებინო, შევაგნებინო, რომ თეატრმცოდნე მათი მტერი კი არა,  კეთილისმსურველია, რომელსაც სიმართლის თქმის უფლება აქვს. არ უნდა ისაუბროთ უნახავ სპექტაკლზე, არ უნდა შეურაცხყოთ კრიტიკოსი ობიექტური აზრის  გამო და შენიშვნების მიზეზი ყოველთვის საკუთარ თავში უნდა ეძებოთ...

bottom of page