„კუგელმას“ ანუ თანამედროვე ადამიანის უსახური ცხოვრება

მაკა ვასაძე

„კუგელმას“ ანუ თანამედროვე ადამიანის უსახური ცხოვრება

 

თუმანიშვილის თეატრში კოკო როინიშვილმა ცნობილი ამერიკელი კინორეჟისორის, მსახიობის, სცენარისტის, მწერლის ვუდი ალენის მოთხრობის - „კუგელმასის ეპიზოდური როლი“ - მიხედვით დადგა სპექტაკლი „კუგელმას!“. ახალგაზრდა რეჟისორის ინსცენირებაში შენარჩუნებულია ავტორისეული პიკანტური იუმორი, რომელიც ზოგ შემთხვევაში გროტესკში გადაიზრდება ხოლმე. რაც მთავარია, რეჟისორმა და მთელმა შემოქმედებითმა ჯგუფმა ის სიმსუბუქე შეინარჩუნეს, რაც, ჩემი აზრით, ვუდი ალენის ფილმებს ახასიათებს. ამერიკელი შემოქმედი თავის ნაწარმოებებში პრობლემებს სიმძიმის გარეშე, ისეთი იუმორით წარმოაჩენს ხოლმე, რომ მაყურებელი თუ მკითხველი დაფიქრებასა და გააზრებასთან ერთად, ყოველთვის რაღაცნაირად ყოველთვის კარგ ხასიათზე დგება.

მოთხრობის ინსცენირებისას რეჟისორმა ზოგი რამ ჩაამატა, ზოგიც გადააკეთა მოვლენათა რიგი თანმიმდევრული, ქმედითი გახადა. შუახნის მამაკაცის კრიზისი, რომელსაც ყელში აქვს ამოსული რუტინული ცხოვრება და რომანტიკულ სიყვარულზე ოცნებობს მოთხრობის და კოკო როინიშვილი სპექტაკლის ამბავია, რომელიც რეალობისა და ირეალობის ზღვარზე ვითარდება. გია როინიშვილი სამსახიობო ოსტატობით, მაღალი პროფესიონალიზმით ძერწავს კუგელმასის პერსონაჟს. პლასტიკით, ჟესტიკულაციით, მიმიკით მსახიობი ქმნის ერთფეროვანი ცხოვრებისგან დაღლილ, სიყვარულზე მეოცნებე ადამიანის სახეს, რომელსაც სურს რეალობას გაექცეს და ზღაპრულ სამყაროში ჰპოვოს შვება. გია როინიშვილის კუგელმასი ოდნავ წელში მოხრილი, გამხდარი, გამოფიტულია. მისი მოძრაობა, პლასტიკა რაღაცნაირად ფრთხილი და მოზომილია. მსახიობმა არა მარტო გამომსახველობითი ხერხებით შექმნა პერსონაჟის სახე, არამედ  სკრუპულოზურად დაამუშავა და ასახა თავისი გმირის განცდათა ბუნება. საათნახევრის განმავლობაში მსახიობი მაყურებელს მოდუნების საშუალებას არ აძლევს და მთლიანად ითრევს საკუთარი ცხოვრების პერიპეტიებში. პირველივე სცენაში, კუგელმასი ფსიქოთერაპევტთან ვიზიტის დროს, ტახტზე წამოწოლილი ყვება თავისი უღიმღამო, ერთფეროვანი ცხოვრების შესახებ. არის პროფესორი, ჰყავს ცოლი, რომელიც ფერიიდან ნამდვილ ფურიად იქცა, შვილები, მაგრამ ყველაფერი ეს მობეზრებული აქვს და ახალ ემოციებს, ახალ სიყვარულს ეძებს.  აქვე ისიც ირკვევა, რომ დაფნას მატერიალური მდგომარეობა, ცოლად შერთვისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. ზოგადად რეჟისორის და მსახიობის ჩანაფიქრით, მეოცნებე, რომანტიკოსს კუგელმასს სიძუნწეც ახასიათებს, ეს მომენტი სპექტაკლის მსვლელობისას რამდენჯერმე არის ხაზგასმული. მაგალითად, როდესაც ჯადოქრისთვის მომსახურების ანაზღაურება არ სურს, ანდა მისი სათაყვანებელი, საოცნებო ქალის სასტუმროს გადასახადზე წუწუნებს, ანდა როდესაც ბოვარის შენახვის ხარჯებზე საუბრობს.

არაფრით გამორჩეული კუგელმასის ცხოვრებაში სასწაული ხდება, იგი ჯადოქარ პერსკის გადაეყრება, რომელიც საოცნებო ქალს შეახვედრებს. რეალურიდან ირეალურ სამყაროში გადასვლა რეჟისორმა მინიმალისტური პირობითი ხერხებით განახორციელა. ცოტნე მეტონიძის პერსკი აწკეპილი ულვაშებით, ბრიოლინით გადაგლესილი თმებით, ჭრელი „ჯადოქრის“ ხალათ-მოსასხმით გროტესკული პერსონაჟია. ცოტნეს ჯადოქარი გარკვეული თვალსაზრისით თვალთმაქციცაა. დეტალებით, ნიუანსებით, პლასტიკით, მოძრაობით, ჟესტიკულაციით, მიმიკით მსახიობი ქმნის ერთდროულად სასაცილო და მომხიბლავ ტიპაჟს. ცოტნე მეტონიძის პერსკის თითქოს თავადაც უკვირს, როდესაც კუგელმასს მადამ ბოვარის სამყაროში გადაისვრის. გია როინიშვილის და ცოტნე მეტონიძის პერსონაჟთა ურთიერთობა ქცევის მანერით, სიტუაციების სწორი, ზუსტი შეფასებით იუმორითაა აღსავსე და მაყურებლის სიცილსაც იწვევს.   

რეჟისორმა კუგელმასის და მისი მეუღლის, ნატა ბერეჟიანის დაფნას თანაცხოვრება გროტესკულად გამოხატა. ცოლ-ქმარი რომელიც ვერ იტანს ერთმანეთს, მაგრამ მატერიალური მოსაზრებების გამო ერთად ცხოვრობს. კოკო როინიშვილმა ცოლ-ქმარს შორის „საომარი“ მოქმედებები მათ საერთო თეთრ სარეცელზე განახორციელა. სახლში დაბრუნებული კუგელმასი ჩუმად შეძვრება ხოლმე საწოლში, რომ ფურია-ცოლი არ გააღვიძოს. ნატა ბერეჟიანის დაფნა ერთგვარი მონსტრია, რომელმაც  მეუღლეს ყველანაირი სასიცოცხლო ძალები გამოსწოვა და ახლა მისი „გადაგდება“ სურს. მსახიობი მოუხეშავი პლასტიკით, საუბრის მანერით, ქცევებით, ქმედებებით ერთგვარი „ვამპირი“ ქალის ტიპაჟს ქმნის. გია როინიშვილის კუგელმასი ამ სცენებში თითქოს კიდევ უფრო პატარავდება, ჩიავდება.

ანა მატუაშვილის მადამ ბოვარი მთელი თავისი არსით ქალია. მსახიობი ქმნის მადამ ბოვარის ტიპაჟს რეალურ და ირეალურ სამყაროში. ირეალურში იგი ლამაზი, ნაზი, მიმზიდველი ბანოვანია, რეალურში ამ ყველაფერთან ერთად მას სურს ყველა ცხოვრებისეული „სიამე“ განიცადოს. რეჟისორის ჩანაფიქრით ანა მატუაშვილმა სახის შექმნისას მსახიობის პერსონაჟისადმი ირონიული დამოკიდებულებაც გამოიყენა. ანა მატუაშვილი სამსახიობო ოსტატობით ძერწავს თავის გმირს. კუგელმასისა და ბოვარის ურთიერთობები რომანტიკული გრძნობებით იწყება, მაგრამ რეალობაში გადმოსულები ცხოვრებისეულ რუტინის პირისპირ აღმოჩნდებიან, რაც მათ ამაღლებულ სიყვარულს, თუ შეიძლება ასე ითქვას, მიწაზე დაანარცხებს.

გია როინიშვილის კუგელმასი სპექტაკლის ცენტრალური ფიგურაა და სწორედ მის გარშემო ვითარდება მოვლენები. ადამიანი, რომელსაც რეალობიდან გაქცევა სურს, აღმოჩნდება ზღაპრულ სამყაროში, მაგრამ მას არ ჰყოფნის ძალა ბოლომდე განახორციელოს რომანტიკული ოცნებები და ისევ რეალურ, ერთფეროვან სამყაროს უბრუნდება. ამ რეალურ სამყაროში კი ყველაფერი ერთ წრეზე ბრუნავს. ფსიქოთერაპევტი, სამსახური, სახლი, ისევ ფსიქოთერაპევტი, სამსახური, სახლი და ასე დაუსრულებლად. კოკო როინიშვილმა კუგელმასის ეს გაუსაძლისი მდგომარეობა, რომელიც თითქმის ყველა თანამედროვე ადამიანის ხვედრია, რამდენჯერმე გამეორებული ერთი და იგივე სცენით გამოსახა. აქ რეჟისორი  კონოხერხს იყენებს. აჩქარებული კადრების მსგავსად, გია   როინიშვილის კუგელმასი ერთსა და იმავე ქმედებას რამდენჯერმე იმეორებს, ბოლოს კი ისტერიკამდე მიდის.

ბარბარა ასლამაზის მინიმალისტური სცენოგრაფია რეჟისორის კონცეფციის გამომხატველია. სცენაზე სულ რამდენიმე რეკვიზიტი დგას: ჯადოსნური კარადა, აივანი-ფანჯარა, კარი რომლებიც გადაშლილი წიგნის ასოციაცის ქმნიან და ზედ ტექსტიც გამოისახება. ზურა გაგლოშვილის მუსიკალური გაფორმება ხელს უწყობს სპეტაქკლს ემოციური განწყობის შექმნაში. თინათინ წულაძის ქორეოგრაფიული ნახაზი მსახიობებს ეხმარება პერსონაჟთა პლასტიკურ გამოხატვაში.

კოკო როინიშვილმა „კუგელმასში“ სულ რამდენიმე სცენური ეფექტი გამოიყენა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის სამსახიობო სპექტაკლი და რეჟისორის კონცეფციას ძირითადად სამსახიობო ანსამბლი გადმოსცემს. ჯერ კიდევ მარჯანიშვილის თეატრში დადგმულ გოგოლის „შინელში“ ახალგაზრა რეჟისორმა მსახიობთან მუშაობის ოსტატობა გამოავლინა. ამ სპექტაკლში თითოეული მსახიობი ქმნის ძალიან საინტერესო, დასამახსოვრებელ, გამორჩეულ პერსონაჟს. გია როინიშვილმა კი არტისტობის უმაღლესი დონე აჩვენა და შექმნა ყველა ადრინდელი სახისგან განსხვავებული სახე.

როგორი უფერული, უსახურია თანამედროვე ადამიანის ცხოვრება, მართალია მას ოცნების უნარი კიდევ შერჩენია, მაგრამ არ ძალუძს მათი განხორციელება. კოკო როინიშვილმა დადგა სპექტაკლი, რომელიც დაგაფიქრებს, მაგრამ არ დაგამძიმებს. პირიქით, შემოქმედებითი ჯგუფის მიერ იუმორითა და გროტესკით გადმოცემული ამბავი მაყურებელს ერთგვარი სიმსუბუქისა და სილაღის შეგრძნებას უტოვებს.