კულტურის გაურკვევლი ვადით დაპაუზება - პოტენციური კვდომის დასაწყისია

 ანი ცხვედაძე

კულტურის  გაურკვეველი ვადით  დაპაუზება - პოტენციური კვდომის დასაწყისია

 

ნახევარ წელს ითვლის პერიოდი, როცა მსოფლიო პანდემიასთან ადაპტირების გზების ძიებას შეუდგა.  იგულისხმება: ეკონომიკური, სამომხმარებლო ინდუსტრიისა თუ კულტურული ცხოვრების გაგრძელება covid-19-თან თანაარსებობის ფორმებით...


ჩვენი ქვეყნის, (სოციალური ტერმინოლოგიით) - ე.წ. კონსუმერული ტრადიციული პრაქტიკა და წინა თვეების ეკონომიკური პასიურობა ამჟამად ინტენსიურად ამოქმედებულია... ზაფხულის განმავლობაში არ შეწყვეტილა შიდა ტურიზმის აქტიური ტალღა. 


კულტურა, როგორც ასეთი, რაშიც მოიაზრება მთელი რიგი კულტურული დაწესებულებები და ამ დაწესებულებებად მიკუთვნებულ შენობებში მიმდინარე ცოცხალი, შემოქმედებითი პროცესები, თუნდაც დაკვირვებული თვალისთვის-ტრადიციული ნელი ტემპებითა და ნახევრად ფლეგმატიზმით - კვლავ არ გაცოცხლებულა.


ვფიქრობ, რომ ცალკე საკითხია, თვითონ „კულტურის“ არსობრივ-ეტიმოლოგიური სახელდების განსაზღვრება და მისი ფუნქციონალურობის ხარისხის შემოწმება-გაკონტროლების ასპექტები კონკრეტული ქვეყნის, ანუ ჩვენი ქვეყნის მაგალითზე... მაგრამ ამ ტექსტის მიზანს ეს არ წარმოადგენს და არც ამ საკითხის გაშლას დავუთმობ დროს...


სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ცალკეული თეატრალური კომპანიებისა თუ ორგანიზაციების მხრიდან ღია პროტესტი დაფიქსირდა სამთავრობო სექტორის მიერ გაცხადებულ გადაწყვეტილებაზე, ამჯერად კიდევ აბსტრაქტულად გადასროლილ თარიღთან დაკავშირებით - კულტურული პროცესების ამუშავებას, კვლავ-წარმოების დაწყებას რომ გვპირდება, თეატრებსა და კინოთეატრებში შესვლის შესაძლებლობას.

ზემოთ ხსენებულმა დამოუკიდებელმა-(ხაზგასმით დამოუკიდებელმა და არა სახელმწიფო თეატრებმა) თეატრალურმა ორგანიზაციებმა: Lizard-მა, Open-Space-ღია სივრცემ, ახლად შექმნილმა სახელოვნებო პლატფორმამ „ლიტერატურა სოლიდარობისთვის“, მათ შორის სამეფო უბნის თეატრმაც და 2019 წელს დაფუძნებულმა თეატრალურმა კომპანიამ -ჰარაკი.Haraki, როგორც იქნა განგაშის მსგავსი ‘ბიძგი’ შექმნეს.

თუმცაღა, ‘ბიძგი’, კვლავინდებურად, არ გაგიკვირდებათ და უმნიშვნელოა, არამეინსტრიმული,  ‘სინგულარული’ და არა საყოველთაო. რადგან არ წარმოადგენს ხალხის სულისკვეთების ნაწილს, საზოგადოების მხრიდან არაა ნასაზრდოები და არც რაიმე მნიშვნელობის მქონე მწვავედ მჟღერი „სენტენციაა“ ხელისუფლების მისამართით გასროლილი. ეს იმ ხალხის პროტესტია, უმეტესწილად, ვინც ფაქტობრივად და პრაქტიკულადაც დარჩნენ აბსოლუტურ თამაშგარე მდგომარეობაში, სადაც დღის წესრიგში თავის გატანის საკითხი დგას...!

ერთგვარად, შემსუბუქებულმა „პოსტ“-პანდემიურმა პერიოდმაც კარგად დაგვანახა, რომ
ხალხს მასიურად არ აკლია „კულტურა“, ხალხი არ განიცდის „კულტურის შიმშილს“.  მრავალი წელიც, რომ გავიდეს ხალხი არ მოითხოვს, თუნდაც ანარქისტული გზებით კულტურის, სახელოვნებო სივრცეების ხმამაღალ ფუნქციონალურობას, ვინაიდან პანდემიამდეც ჩვენი საზოგადოება „აქ“ ხარისხს არასდროს ითხოვდა ხელოვნებაში და უპრეტენზიოდ იღებდა იმ ‘ლუკმას’, რასაც ყოველ ჯერზე აწვდიდნენ... ეს არის მრავალგზის დამტკიცებული პოსტულატი და ამ სიმართლეს ილუზორულად ვერავინ გაექცევა!..


პოლიტიკური ფილოსოფიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, ინგლისელი განმანათლებლის, ჯონ ლოკის აზრების მიხედვით: -ყველანაირი ხელისუფლება ხალხის წიაღში წარმოიშობა და სამუდამოდ ხალხს უნდა დარჩეს!-Every government originates in the bosom of the people and must remain for the people forever-: დღევანდელი სახელოვნებო-კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროები, ზუსტად ისევე, როგორც ხელისუფლება ხალხს არ ეკუთვნის და შესაბამისად, ქვეყნისთვის, ხელისუფლებას მონურად, ნებაყოფლობით, გნებავთ უნებლიედ დამორჩილებულ, გაურკვეველ ნაწილაკებს წარმოადგენს!

პანდემიურ ვირუსთან ერთად „ცხოვრებას უნდა მივეჩვიოთო“---ბოლო თვეებია გვესმის სხვადასხვა სახელისუფლებო რგოლების მხრიდან, მაგრამ არაფერს აჟღერებენ თუ რა „ბედი ელის“ დამოუკიდებელი სახელოვნებო მცირე ინდუსტრიების ნაწილს, იმ ნაწილს, სახელდობრ, რომელთა თვიური შემოსავალი პირდაპირ დაკავშირებულია სამუშაო პროცესის უწყვეტობასთან და არ ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან. რა ელით მათ, თუნდაც მომავალი თვეების პერსპექტივით - ეს უცნობია და არავის აინტერესებს.


თვეების განმავლობაში შექმნილ კრიზისულ სიტუაციაში, როცა სახელმწიფო თეატრები მშვიდად და კონვენციური ტემპით „უნისონში“ აგრძელებენ ცხოვრებას, განსაკუთრებით ნიშანდობლივი და აღსანიშნავია ის მცირე წინააღმდეგობის გამომხატველი მაგალითები - დამოუკიდებელი სახელოვნებო კომპანიების მხრიდან.

ამ ტექსტის მიზანია, როგორც თეატრმცოდნემ, ჩემი მხრივ, პროტესტი გამოვხატო ხელისუფლების მხრიდან რეგულირებული არავალიდური სიმკაცრის ზომებისადმი სახელოვნებო სფეროების მისამართით... და მხარი დავუჭირო კულტურული პროცესის დროულად განახლებას! მიმაჩნია, რომ თეატრალური პროცესის უწყვეტობის „აპოლოგია“ შექმნილ კრიზისში თეატრმცოდნის პროფესიული, უმნიშვნელოვანესი ბერკეტია, როგორც ამ დარგის უფლებადამცველის კონოტაციით...


მაშინ, როდესაც ქვეყანაში ფუნქციონირებს(და ფუნქციონირებდა!), ხელის შეშლის გარეშე, სრული დატვირთვით, სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური თუ ტურისტული დაწესებულებები, სახელოვნებო სივრცეები, როგორიცაა კინოთეატრები და თეატრები უთანასწოროდ ისჯება რამდენიმე თვის განმავლობაში, როცა მათ გარდა, ყველას ეძლევა რეგულაციების გათვალისწინებით კანონის დონეზე მუშაობის უფლება. 

გარდა, ცალკეული სუბიექტურ-პერსონალური კრიზისებისა, რაც დამოუკიდებელი ხელოვანების თავის გატანის საკითხს გულისხმობს(და რასაკვირველია, ეს არაა მეორეხარისხოვანი საკითხი!), ყურადღება უნდა გამახვილდეს, კულტურული პროცესების წყვეტის შედეგად სამომავლოდ, გარდაუვალ  ჩიხურ მდგომარეობაზე. პირველ რიგში, შესაბამის სახელისუფლებო ინსტიტუციაში მოღვაწე - თანამდებობით აღჭურვილ პირებს უნდა ესმოდეთ, თუ რამხელა ეროვნულ-კულტურული მასშტაბის, ძნელად გამოსწორებადი პრობლემა შეიძლება დადგეს სამომავლოდ დღის წესრიგში(თუ უკვე არ დგას!)... ამ საკითხის მრავალმხრივ, სხვადასხვა რაკურსით დროული გაანალიზებაა საჭირო!


კონკრეტულად და ხაზგასმით თეატრალური ხელოვნების ხანგრძლივი, გაურკვეველი ვადით დაპაუზება გამოიწვევს იმაზე მეტ სტაგნაციურ რეზულტატს, ვიდრე აქამდე გვქონდა. ფაქტობრივად, სრული დეზორიენტაციისა და სტატიკურობის გაცოცხლება-ამოქმედების საკითხი ურთულეს პრობლემათა გამოუსწორებელ ჯაჭვსა და სრულ დესტრუქციას წარმოქმნის!


ამასთანავე, როგორც სახელისუფლებო, ისე სამოქალაქო საზოგადოების ყველა დანამატს მკაფიოდ უნდა ესმოდეს, რომ სახელმწიფოს, ცალმხრივი ეკონომიკური განვითარება, კულტურის არარსებობის გარეშე არის მთელი ქვეყნისადმი, უთანასწორო ‘კანონიკურობასთან’ ერთად, ეთიკურ-მორალური კატეგორიის დანაშაულის ტოლფასი.

...და ბოლოს, ბრეჰტის პასაჟირებით: “კრიტიკული განწყობა” - დიდი შემოქმედებითი წინააღმდეგობაა, რომლის დროსაც  გრძნობები გვიბიძგებენ გონებრივი დაძაბვისაკენ... (ხაზი ჩემია: ) - მისივე მოსაზრებების თანახმად, საზოგადოებრივი კრიტიკა და მით უფრო შექმნილ სიტუაციაში, პირადად მე მიმაჩნია, რომ  კრიტიკოსების ფუნქცია - ‘რევოლუციის ტოლფასი აქტია’, როგორც „სახელოვნებო“, იმდენად „პოლიტიკური“ პროცესებისთვის...

ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ კულტურის უვადო დაპაუზების არამართებულობა, კულტურის პოტენციური კვდომის დასაწყისზე გადის.

*William Morris-Tree of Life / უილიამ მორის-სიცოცხლის ხე