ქუთაისის დრამატული თეატრი
ქუთაისის მესხიშვილის თეატრის შენობის პროექტის ავტორია არქტიექტორი აკადემიკოსი მიხეილ შავიშვილი.
შენობის მშენებლობა 1939 წელს დაიწყო და 16 წელი გაგრძელდა.
შენობა საზეიმოდ გაიხსნა 1955 წლის 5 ნოემბერს.
ქუთაისის თეატრის უნიკალურ ნაგებობას 2009 წელს არქიტექტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
იდეურად თეატრის შენობის არქიტექტონიკა ასახავს მზის მეფის აიეტისა და კოლხი მედეას მისტერიების ქალაქის სულიერ კავშირს ელინურ კულტურასთან და იმდროინდელ თეატრთან. შენობა აგებულია კლასიკური ელინური ეპოქისათვის დამახასიათებელი ტრადიციითა და სტილის დაცვით. ძველბერძნული ეპოქის არქიტექტურის ძირითად სამშვენისს წარმოადგენდა ფრონტონები, კაპიტელები, კარნიზები და კოლონადები, რომლებიც ქმნიან ნაგებობის სიდიადის, ზეიმურობის, იშვიათი სისადავის და მომხიბვლელობის განცდას.
თეატრი ნახევრადწრიული ფორმისაა და აგებულია ეკლარის ქვით. წრეზე შემოვლებულია განუწყვეტლად ნაბამი თაღოვენი სისტემა იონური და კორინთული სვეტების კოლონადებით. ფასადის დეკორში გამოყენებულია ქართული საეკლესიო არქიტექტურის მახასიათებელი ნიშნები, როგორ ქართული და ანტიკური ცივილიზაციების სიმბოლური კავშირის განზოგადება.
შენობის ფასადი მოპირკეთებულია ეკლარის ქვით და მასზენაკვეთი ჩუქურთმებით. კარ-ფანჯარა უნიკალური წითელი ხისაა; შენობის ინტერიერი გამშვენიერებულია ხელოვნური მარმარილოს სვეტებით, იატაკი დამუშავებულია მხატვრული მოზაიკით, რომლის მონახაზში გამოყენებულია ოქროს საწმისის გამოსახულების დეტალები. ფაქიზი და ჰარმონიულია ინტერიერის ფერთა გამა, რომლის საერთო ტონალობას ფასადის ქვის, მალაქიტის და ბორდოს თბილი ფერები განაპირობებენ . მაყურებელთა დარბაზი 1100 მაყურებელს იტევს. თუმცა, დღესდღეობით მისი რაოდენობა 900-მდეა შემცირებული. დარბაზის ჭერის და თაღების მხატვრობა ქართული სტილითაა შესრულებული. შენობის ქართული ჩუქურთმებით და ორნამენტებით შემკობა- გალამაზებაზე იმდროინდელი ცნობილი ქართველი ქვის ოსტატები მუშაობდნენ; ქვაზე ნაკვეთი ქართული ჩუქურთმების დიდი ნაწილი ცნობილი ქართველი მოქანდაკის ვალერიან მიზანდარის ხელითაა შესრულებული.
2007 წლიდან მესხიშვილის თეატრის შენობის ფუნქციური არეალი გაფართოვდა, მოხდა ცვლილებები: შენობის მეხუთე სართულზე გაიხსნა 100 ადგილიანი მცირე სცენა, რომელიც დღეს საინტერესო რეპერტუარითაა დატვირთული. მცირე სცენის მომიჯნავე დარბაზებში განთავსდა თეატრის ისტორიის ამსახველი მუზეუმის მუდმივმოქმედი ექსპოზიცია.
2008 წელს, თეატრის მეორე სართულზე, ბელეტაჟის მთავარი ფოიეში, ამოქმედდა ლიტერატურული სალონი. თეატრის დამხმარე ნაგებობაში განთავსდა ,,არტ-კაფე". 2020 წელს თეატრის ბაღში გაიხსნა ახალი სივრცე, 150 მაყურებელზე გათვლილი ,,მწვანე თეატრი".