top of page

ქუთაისის დრამატული თეატრი

 ქუთაისის დრამატული თეატრი 160 წლისაა.

1861 წლის 3 მარტს, ქუთაისში, საზოგადო საკრებულოს შენობაში, სცენისმოყვარეების მონაწილეობით,  დაიდგა პირველი ქართული თეატრალური წარმოდგენა (გ. ერისთავის კომედია ,,გაყრა"), რითაც აღინიშნა ახალი მოძრაობის დასაწყისი ქართული თეატრის ისტორიაში. ეს თარიღი ითვლება ქუთაისის თეატრის დაბადების დღედ.

1885 წელს ქუთაისში დაფუძნდა პროფესიული თეატრი კოტე მესხის ხელმძღვანელობით. ქუთაისის თვითმმართველობამ, ქალაქის ცენტრში,  თეატრს იჯარით სარგებლობის უფლებით, გადასცა შენობა, სადაც თეატრი ფუნქციონირებდა თითქმის 70 წელი.

1894-1905 წლებში ქუთაისის თეატრს სათავეში ედგა დიდი ქართველი მსახიობი, რეჟისორი და საზოგადო მოღვაწე ვლადიმერ (ლადო) ალექსი-მესხიშვილი.

1928 წელს, კოტე მარჯანიშვილის თაოსნობით, ქუთაისში დაარსდა მეორე სახელმწიფო თეატრი (ქუთაის-ბათუმის თეატრი).

1939 წელს დაიწყო თეატრის ახალი შენობის მშენებლობა, რომელიც 16 წელი გაგრძელდა.

1940 წელს ქუთაისის თეატრს ლადო მესხიშვილის სახელი მიენიჭა.

1955 წლის 5 ნოემბერს, საზეიმოდ გაიხსნა ქუთაისის თეატრის ახალი შენობა.

2009 წელს ქუთაისის თეატრის შენობას არქიტექტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

2008 წელს თეატრის შენობაში გაიხსნა 100 ადგილიანი მცირე სცენა. მცირე სცენის მომიჯნავე დარბაზებში განთავსდა  თეატრის ისტორიის ამსახველი მუზეუმი.

2008 წელს, თეატრის მეორე სართულზე ბელეტაჟის მთავარი ფოიეში გაიხსნა ლიტერატურული სალონი,

2011 წელს თეატრის სამსახიობო დასს შემოემატა თბილისის თეატრალური უნივერსიტეტის ,,ქუთაისის მიზნობრივი ჯგუფის" კურსდამთავრებული 16 ახალგაზრდა მსახიობი. ქუთაისის თეატრში სპექტაკლებს დგამენ როგორც ადგილობრივი, ასევე მოწვეული ქართველი და უცხოელი რეჟისორები.

2009-2019 წლებში, თეატრის წინ გაიხსნა ხუთი ღვაწლმოსილი მსახიობის ვარსკვლავი.  თეატრის რეპერტუარშია ქართველი, რუსი და ევროპელი დრამატურგების როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე ნაწარმოებები.

2020 წელს ქუთაისის მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრების საერთაშორისო კონვენციის წევრი გახდა. ის აქტიურად და წარმატებით მონაწილეობს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებში, ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, გაცვლით საერთაშორისო პროგრამებში, გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები სხვადსხვა ქვეყნების დრამატულ თეატრებთან, აწყობს საგასტროლო ტურნეებს, მასპინძლობს დამეგობრებულ და ევროპული კონვენციის წევრ თეატრებს.  

2020 წელს თეატრს შეემატა ახალი ღია სივრცე ,,მწვანე თეატრი".

bottom of page