top of page

„ყვარყვარე“ - შემთხვევითი/არჩეული გმირი

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

387342226_781417520417254_948643617827638151_n.jpg

თამთა ქაჯაია

„ყვარყვარე“ - შემთხვევითი/არჩეული გმირი

 

ფოთის თეატრში ახალი სეზონი ორი პრემიერით პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე“ და უილიამ შექსპირის „ქარიშხლით“ გაიხსნა, რომლის რეჟისორი თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი საბა ასლამაზიშვილი გახლავთ. ეს უკანასკნელი პიესა ინგლისელი დრამატურის გვიანდელი რენესანსის ეპოქის კრიზისს ასახავს მიიჩნევა და არც თუ ისე პოპულარობით სარგებლობს, როგორც მისი სხვა ნაწარმოებები. ხოლო, „ყვარყვარე თუთაბერი“ - სატირა, რომელიც ადამიანის დამპყრობლურ/მედროვეობის ბუნებას ასახავს.

მიხეილ ბახტინის პერიფრაზი: „ნებისიმიერი ხელოვნება მოცემული რეალობის გადამუშავებას წარმოადგენს“ სრულიად მიესადაგება რეჟისორის უკანასკნელ ნამუშევრებს. ორივე სპექტაკლის თარგმანსა და ტექსტზე  შექსპირის ერთ-ერთმა საუკეთესო მთარგმნელმა მანანა ანთაძემ იმუშავა. „ყვარყვარეს“ ტექსტი სრულიად ადაპტირებული, შემცირებული და მორგებულია თანამედროვეობას. პოლიკარპე კაკაბაძესთან პერსონაჟები მეწისქვილე, გულთამზე, კაკუტა, ქუჩარა, სევასტი ოფიცრები და.აშ არიან. მანანა ანთაძის ტექსტში კი გამქრალია ყველა პერსონაჟი/კითხვები - მხოლოდ ყვარყვარეს პასუხებზეა აგებული პიესის ფაბულა. „სჯობს ნეიტრალიტეტი და ფესვების გამაგრება“, „თათარი თათარს ხომ არ მოკლავს, ვითომ მუნჯი ვარ“.. სწორედ ასეთ მესიჯებზეა აგებული და სახეცვლილი მანანა ანთაძის „ყვარყვარე“.

დღეს, როდესაც ასეა აჩქარებული დრო, რთულია მოახერხო და სრულიად მარტომ შეძლო მაყურებელი ბოლომდე ჩართო  მთელ სპექტაკლში. ორმოცდაათი წუთის განმავლობაში სცენაზე ვხედავთ ერთ პერსონაჟს, ყვარყვარეს (ჯანო იზორია), რომელიც ქმნის საინტერესო მონოსპექტაკლს. წარმოდგენის დასაწყისიდან დასასრულამდე ჯანო იზორია, ახერხებს ერთი ამოსუნთქვით გვაჩვენოს უჩვეულო ყვარყვარეს სახეხატები/ყვარყვარეები. მსახიობის პაუზები ქმნის სიჩუმეში ჟღერად პოლიფონიას რომელიც სპექტაკლს საოცარ ატმოსფეროს სძენს. თანამედროვე ეპოქაში კინოშიც და თეატრშიც დიდი მნიშვნელობა ენიჭება მზერას, მზერას რომელიც გაგრძნობინებს პერსონაჟის სათქმელს და ხშირს შემთხვევაში სიტყვებზე მაღლა დგას. მზერა, რომელიც აკვირდება საზოგადოებაში განვითარებულ მოვლენებს და სათავისოდ ირგებს: „მოვა დრო, გვერდზე რომ ჩაგივლი და ზედაც არ შემოგხედავ“.

 

მსახიობის განსახიერებულ ყვარყვარეში პერსონაჟის გრძნობებსა და ნააზრევზეა  აქცენტი გაკეთებული. იგი გაფართოებულ, ინტროსპექტულ ემოციურ დიალოგს მართავს საკუთარ თავთან და წარმოსახვით აუდიტორიასთან. ჯანო იზორია ამ მზერას ჩვენკენ მომართავს და მოგვმართავს იმ საზოგადოებას რომლებიც, ყვარყვარეს ბრბოდ განვიხილებით მაგრამ ამას არავინ ვაღიარებთ. მიუხედავად იმისა, რომ ვხედავთ და არ მოგვწონს, მაინც ყოველ ჯერზე  ტაშს ვუკრავთ - განვადიდებთ/ვასაზრდოებთ ეპოქიდან ეპოქამდე.

კაცობრიობის გაჩენიდან დღემდე, ყველა ეტაპზე არსებობდა ბრბო. ბრბო რომელიც ინდივიდებისგან და ცალკეული პიროვნებებისგან ქმნის კრებით სახეს, და როგორც ყვარყვარე ამბობს: „[....] მაგრამ ათი ათასი კაცის ჭკუას თუ შევაერთებთ. ეს იქნება ვირის ჭკუაზე ნაკლები. ამიტომაც ასე ხდება - უცებ ჩნდება ყვარყვარე თუთაბერი და თავისი საუკეთესო ერთი ჭკუით მთელ ბრბოს იმორჩილებს“...

ყვარყვარეს კოსტიუმი სადა თეთრი პერანგი და შავი შარვალია, რომელიც ფეხშიშველი დაიარება სცენაზე. ფეხშიშველი როგორც ღმერთი, ზეკაცი „[...] ჩუუუუუ.. ჩუმად ....ნუ მაწყვეტინებ......... მივხვდი ..........ახლა უნდა მოვკვდე. მოვიდა დრო...მზად ვარ...არც ჭკუანაკლული ვარ, არც გიჟი, არც სულელი, მითუმეტეს არც უბრალო ნაცარქექია...  ქრისტე ვარ, ქრისტე მეორედ მოსული.. გმირი ვარ... გამაკარით რა ჯვარზე!!!!!“. ამ ტექსტის წარმოთქმის დროს მსახიობს თუ მარცხენა კუთხიდან შეხედავთ, მის გასწვრივ/დიაგონალზე, სცენის სიღრმეში დაინახავთ ზურგშექცეულ ანგელოზს, რომელიც ძალზედ ეფექტურს ხდის ამ სცენას და რაც რიტორიკულ მიზანსცენად შეგვიძლია მივიჩნიოთ. მუსიკალური გაფორმება, (კომპოზიტორი - კოსნტანტინე ეჯიბაშვილი) საოცარი ჰარმონიულობით კრავს სპექტაკლს.

და ბოლოს, კრიტიკოსებში (და არა მხოლოდ) სპექტაკლის დასასრულს ყოველთვის, ყველას გვიჩნდება ერთი კითხვა, თუ რატომ დადგა/აირჩია რეჟისორმა ესა თუ ის სპექტაკლი. რა სათქმელი და სატკივარი აწუხებდა და რისი თქმა უნდოდა ამით ჩვენთვის. ხშირ შემთხვევაში ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს, ან იმას უფრო მივმხვდარვართ რისი თქმა უნდოდა და არ გამოუვიდა რეჟისორს. „ყვარყვარეს“  შემთხვევაში  კი დასმულ კითხვებს ცხადზე ცხადი პასუხები აქვს. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ სწორხაზოვნად და ცალსახად, არამედ მრავალი ინტერპრეტაციის საშუალებას გვაძლევს სპექტაკლი. საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლი „ყვარყვარე“ მაგალითია, თუ რას ნიშნავს რეჟისორის „ხელობა“ მსახიობთან მიმართებაში. სწორად დასმული ამოცანები მსახიობისთვის და მსახიობის თავისუფლება სცენაზე, რომელიც აბსოლუტური გულწრფელობით მიდის მაყურებლამდე.

 

 

ფოტო: ბექა ცირეკიძე

bottom of page