
ყველგან გვისმენენ, ყველგან ყურებია...
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

ლაშა ჩხარტიშვილი
ყველგან გვისმენენ, ყველგან ყურებია...
ფოთის თეატრმა მორიგი პრემიერა „პატარა ცახესი, ცინობერად წოდებული“ შესთავაზა მაყურებელს, რომელიც თეატრის ხელმძღვანელმა, რეჟისორმა საბა ასლამაზიშვილმა ერნესტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანის მოთხრობის მიხედვით დადგა. თუ არ ვცდები, ეს დადგმა პირველი მცდელობაა ცნობილი გერმანელი ავტორის ამ კონკრეტული მოთხრობის ქართულ სცენაზე ადაპტირების. ზღაპარი დიდებისთვის ფანტასტიკური სატირაა, რომელიც გერმანული რომანტიზმის მნიშვნელოვან ქმნილებას წარმოადგენს. სატირული ელემენტები რეჟისორმა კიდე უფრო გაამძაფრა და სპექტაკლი გროტესკის ჟანრში დადგა.
ნაწარმოები მოგვითხრობს უცნაური ფიზიკური გარეგნობის მქონე, უგუნური და მახინჯი ბიჭის — ცახესის ისტორიას, რომელსაც ჯადოქარმა ფერიამ ჯადოსნური ძალა მიანიჭა: ყველაფერი კარგი, რაც მის გარშემო ხდება, სხვებს ჰგონიათ, თითქოს თავად ცახესის დამსახურებაა. ის კოსმიური სიჩქარით მიიწევს წარმატებისკენ (ისე რომ ამ მოვლენის გაცნობიერება პოსტფაქტუმ ხდება), იკავებს მაღალ თანამდებობებს, ხოლო ჭკვიანი და ღირსეული ადამიანები ჩრდილში რჩებიან. საბა ასლამაზიშვილი კი თავის დადგმაში ყურადღებას ამახვილებს საზოგადოებაზე, თუ როგორ იქცევა ის შექმნილ და მოცემულ სიტუაციაში. დადგმის ავტორისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ავანტიურისტის კარიერული აღმაფრენა, არამედ მის გარშემო მყოფი ადამიანები. სპექტაკლში ერთმანეთს ილუზიები და რეალობა უპირისპირდება, მძაფრდება კონფლიქტი სიყალბესა და სინამდვილეს შორის, რაც საბოლოოდ ილუზიების გაქრობით და მთავარი გმირის ცახესის (გუჯა ქარაია) ნიღბის (სპექტაკლში ნიღბებს პარიკები ანაცვლებს) ჩამოხდით სრულდება.
საბა ასლამაზიშვილი გვიამბობს ამბავს კაცზე - პატარა ცახესზე ცინობერად წოდებულზე (გუჯა ქარაია), რომელსაც გაუმართლა და მაღალ საზოგადოებაში ამოყო თავი. თუმცა, სოფლიდან ქალაქში ჩამოსულს ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა უწევს, იწყება ჯერ შეგუების, მერე გაცნობიერების, შემდეგ კი იერიშის მიტანის, „გამარჯვების“ და გარდაუვალი დაცემის ეტაპები. გუჯა ქარაია ქმნის განზოგადებულ სახეს ზნედაცემული, დაკომპლექსებული, ბოროტი ადამიანის. ამავდროულად, რეჟისორი გვიჩვენებს ქალაქის საზოგადოების, ელიტის, სნობური „ბაბლის“ ზნედაცემულობას, მერკანტილიზმს, უპრინციპობასაც.
სპექტაკლის მხატვარია გიორგი უსტიაშვილი, რომელიც ქმნის პირობით, მოქნილ, დინამიკურ და კრეატიულ სცენოგრაფიას, მარტივს და სახიერს. იყენებს პროექციასაც, რომელიც პერსონაჟთა წარმოსახვისა და ფიქრის განსახიერებაა. ამ სპექტაკლში განსაკუთრებული მნიშვნელობა კოსტიუმებსაც ენიჭება, რომელთა უმრავლესობა სტილიზებულია და მკვეთრად მულტიპლიკაციური, რომელიც პერსონაჟთა ხასიათის, სოციალური სტატუსის და შინაგანი სამყაროს გამოვლენას უწყობს ხელს. სპექტაკლისთვის მუსიკა კონსტანტინე ეჯიბაშვილმა შექმნა, თუმცა წარმოდგენაში სხვა ავტორ-შემსრულებელთა მუსიკაც ჟღერს. სპექტაკლში მნიშვნელოვანი როლი აკისრია ქორეოგრაფიასაც (ირინა კუპრავა), ვინაიდან პერსონაჟები სხარტად და ბევრს მოძრაობენ, სპექტაკლში ცეკვავენ კიდეც, თუმცა მომეჩვენა, რომ ეს ცეკვა ზედმეტია, ან საკმაოდ გრძელი, ვინაიდან ის სიუჟეტის განვითარებას აფერხებს და ამავდროულად ცალკე აღებულ ნომერს ჰგავს, თუნდაც სანახაობრივად დახვეწილს, მაგრამ მაინც ზედმეტს, ჩადგმულს, ჩაკერებულს.
აქტუალურ პრობლემებზე საუბრისას, რეჟისორი ყურადღებას ამახვილებს თეატრისა და სახელმწიფოს ურთიერთობაზეც. თეატრს, როგორც ინსტიტუციას ფატიმა აბრახამია კომიკური ელემენტებით განასახიერებს, „როცა გაგიჭირდებათ, თეატრი გახსენდებათ. თეატრი ყველას გჭირდებათ, თეატრი ყველას კურნავს“ ამბობს და მის ამ ფრაზას დარბაზში სიცილი მოჰყვება. მეამბოხე არტისტს კი სახელმწიფო მოხელეები დილეგში ჩასვამენ, საიდანაც ყრუდ, მაგრამ მაინც ისმის თეატრის პროტესტის ხმა. სპექტაკლი ხაზს უსვამს პრობლემის მარადიულობას, პატარა ცახესის მუდმივობას, ცივილიზაციათა შეკრულ და გაურღვეველ წრეზე მუდმივ ბრუნვას და მაინც, როგორც ყველა ზღაპარში სიკეთის უპირატესობას და კეთილის ბოროტზე გამარჯვების იდეას.
არ შეგეშინდეთ, სპექტაკლში ვიყენებთ სასიგნალო იარაღს - რამდენჯერმე გაისმის ფოთის თეატრის დარბაზში სპექტაკლის დაწყებამდე. სინათლე ქრება და ჰოფმანის პერსონაჟი მაყურებელთა დარბაზში იჭრება. მსახიობი თამუნა ჭუბაბრია ქმნის ისეთ ატმოსფეროს, თითქოს ჩვენ ძველი დროის თოჯინების თეატრში ვართ, სადაც ბავშვებს ენისმოჩლექით ესაუბრებიან პერსონაჟები. ამ სტილში გრძელდება რამდენიმე სცენა, სადაც იქმნება განწყობა, რომ ჩვენ, მაყურებელი გასული საუკუნის საბჭოთა თოჯინების თეატრში ვართ, სადაც ყველაფერი ცენზურას ექვემდებარებოდა და სადაც ბავშვებს პათეტიკურობითა და უტრირებული ინტონაციებით ესაუბრებოდნენ აუდიტორიას. ამ სტილისტიკაში სპექტაკლი არ გრძელდება. მას ენაცვლება პირობითობა და გროტესკულობა, თუმცა ეს სტილისტიკა ვრცელდება ყველა პერსონაჟზე და ყველაფერზე სპექტაკლში. პერსონაჟები, როგორც ზღაპრებში, მულტიპლიკაციურები არიან, რაშიც მსახიობებს ხელს უწყობს გრიმი და ვარცხნილობა. ჯანო იზორია (ალპანუსი), ნინო პაჭკორია (ჯადოქარი), ზურა დონდოლაძე (სბიოკა), ნიარა ჭიჭინაძე (ალპანუსის თანაშემწე) ისე არიან შეფუთულ-გამოწყობილები, რომ კარგა ხანს მათი გამოცნობა თითქმის წარმოუდგენელია. ამ სპექტაკლში მონაწილე მსახიობები სულ სხვა ამპლუაში აღმოჩნდნენ, გარდა იმისა, რომ მათ უწევთ ჟანრულ-სტილისტური თვალსაზრისით, სულ სხვა ტიპის როლების შესრულება, გრიმის საშუალებით ისინი სულ სხვაგვარად გამოიყურებიან. მათი შესრულების მანერა, გამომსახველობითი საშუალებები და ინტონაციები სრულ ჰარმონიაშია ერთმანეთთან. ამ ამოცანას ყველა როდის ართმევს თავს ბოლომდე. ზოგიერთი მსახიობის მიერ უსუსურად და არაპროფესიულად შესრულებული ეპიზოდური როლი სპექტაკლის საერთო მხატვრულ ხარისხს საფრთხესაც უქმნის. ზოგიერთი მათგანი ვერ ქმნის ტიპაჟს, მეტადრე წარმოდგენის საერთო სტილისტიკა მსახიობს ათავისუფლებს შტამპებისგან და ჩარჩოებისგან. ბევრი მათგანი ამ სივრცეში თავს ლაღად და უსაფრთოდ გრძნობს, თუმცა არიან გამონაკლისები, რომლებიც შებოჭილები არიან და გრჩება განცდა, თითქოს არ იციან რა უნდა გააკეთონ, როგორ იმოქმედონ, როგორ თქვან თავიანთი ტექსტი და შექმნან მხატვრული სახე. ფოთის თეატრის ერთგულმა მაყურებელმა კარგად იცის თითოეული მსახიობის შესაძლებლობები, ამპლუა, ალბათ, არავის გაჰკვირვებია ნინო პაჭკორიას ოსტატუირად და შარმით ნამღერი არიები, მაგრამ სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. ბოლო პერიოდის ფოთის თეატრის ახალ დადგმებში გამოიკვეთა შოთა სასანია (ფაბიანი), როგორც საინტერესო მსახიობი, მანამდე მას ეპიზოდურ როლებში უფრო ვხედავდით, ისე როგორც აფიშაზე და სპექტაკლებში გამოჩნდნენ გუკა დვალიშვილი და ნიკა კვარაცხელია. დასამახსოვრებელთან ერთად საინტერესო და სასიამოვნო საცქერელი იყო ნოდარ ბჟალავას მიერ ოსტატობითა და პროფესიონალიზმით შექმნილი მოხუცი პროფესორისა და მამის მხატვრული სახე, რომელიც პიქსარის ანიმაციის „მაღლა“ პერსონაჟს კარლ ფრედლიქსერს მოგაგონებთ, ისე როგორც რასელს ანა ანდღულაძე (კანდიდა), რომელიც ერთი მომენტი გაბრიყვდება კიდეც, რადგან სიხარბე ძლევს. მათი კოსტიუმებიც ზედმიწევნით ზუსტია, რომელიც მათი ტიპაჟების ხასიათის გამოკვეთასაც უწყობს ხელს. მოულოდნელი იყო ზურა დონდოლაძის (სბიოკა) განსხვავებულ ამპლუაში ხილვაც. საინტერესო პერსონაჟებს ქმნიან გუჯა ქარაია, ალიკა ცეკვაშვილი, თემო გოგინავა, მარიკა ბუკია, ნიკა კვარაცხელია, სანდრო გუჯაბიძე, მარტინ ღამბარაშვილი, ჩიტო პატარიძე, ლილი ბოდაველი, ფატიმა აბრახამია.
საზოგადოებაში, რომელსაც რეჟისორი გვიხატავს, ცხოვრება სახიფათოა, რადგან ყველაფერი ზედმიწევნით კონტროლდება და მუდმივად ცვალებად წესებს ექვემდებარება.საბა ასლამაზიშვილი გვიჩვენებს სატირულ დამოკიდებულებას ბიუროკრატიისა და საზოგადოებრივი წესრიგის მიმართ, საზოგადოების მიდრეკილებას ზედაპირული და ფარსული ღირებულებებისკენ. ამავდროულად გვიჩვენებს იშვიათ გამონაკლისებს, ჭკვიან და ჭეშმარიტ ადამიანებს, რომელთაც შეუძლიათ სიყალბის ამოცნობა და დამარცხება კიდეც. ასეთები კი ყოველთვის უმცირესობას წარმოადგენს.
„პატარა ცახესი, ცინობერად წოდებული“ იშვიათად იდგმება მსოფლიო თეატრში, ძირითადად მისი სცენური ინტერპრეტაცია პანტომიმისა და მუსიკალური თეატრების რეპერტუარში გვხდება. ზოგჯერ ის ადაპტირდება როგორც ბავშვებისთვის განკუთვნილი ზღაპრული. საბა ასლამაზიშვილის დადგმა კი ცალსახად უფროსი აუდიტორიისთვისაა გამიზნული, რომელშიც ღრმა ირონია და პოლიტიკური ქვეტექსტები შეუიარაღებელი თვალითაც იკითხება.