კვლევის ობიექტი - ადამიანი

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

258854907_4249024428560636_4927096981906541894_n.jpeg

თამარ ცაგარელი

კვლევის ობიექტი - ადამიანი

 

ჰენრიკ იბსენის დრამატურგია ყოველთვის საინტერესო იყო ქართველი რეჟისორებისთვის. ქართული თეატრის ისტორიიდან ცნობილია, რომ ჯერ კიდევ 1898 წელს ქუთაისის თეატრში  ლადო მესხიშვილმა დადგა „თოჯინების სახლი“, სადაც ნორას როლს ნუცა ჩხეიძე ასრულებდა. მოგვიანებით 1903 წელს „ხალხის მტერი“  აკაკი წერეთლისა და კოტე მესხის რეჟისორობით ჩაიწერა ისტორიაში. 1976 წელს კი, ვერიკო ანჯაფარიძემ ითამაშა ფრუ ალვინგის როლი თემურ ჩხეიძის სპექტაკლში „მოჩვენებანი“, რომელიც კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე განხორციელდა. თავისუფალი თეატრის სცენაზე რეჟისორმა იოანე ხუციშვილმა 2011 წელს „თოჯინების სახლი“ გააცოცხლა, ასევე საინტერესოა   რეჟისორ მიხეილ ჩარკვიანის  „მოჩვენებანი“ (2013წ) ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის  სახელმწიფო თეატრში.  ამავე თეატრში მაყურებელმა „ჰედა გაბლერი“ (2015წ) რეჟისორ თამარ გომართელის ინტერპრეტაციით იხილა. ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ  სახელმწიფო თეატრში კი, „ხალხის მტერი“(2015წ) დავით მღებრიშვილის რეჟისორობით გათამაშდა და, ბოლოს, დღევანდელი ქართული თეატრი და ახალგაზრდა რეჟისორები, საქართველოში და, არა მხოლოდ, გამძაფრებული პანდემიის ფონზე მაყურებელს ისევ იბსენისკენ „აბრუნებენ“ და ნორვეგიელი დრამატურგის მიერ შემოთავაზებულ იმ ამბავსა და პერსონაჟებს გვიცოცხლებენ, რომლებიც  „სამყაროზე გამეფებული გიჟური აუცილებლობის საპირისპიროდ“ მკვეთრად მოქმედებენ და „თავისთავს გარემოსთან კონფლიქტში მოიაზრებენ - გარემოსთან, რომელიც უმრავლესობის მიერაა შექმნილი და ცდილობენ იმ გარეგან ძალადობას გაუმკლავდნენ, რომელიც ყოველ საათში  ძლიერდება“- წერდა ბორის ზინგერმანი იბსენის გმირებზე.

მიზეზი იმისა, თუ რატომ აირჩია თავად იბსენმა კვლევის ობიექტად ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტების შექმნა, მაშინდელი ევროპელი საზოგადოების საშინელი შინაგანი კრიზისი გახლდათ, თუმცა, ბუნებრივია, ეს პრობლემა ყოველ დროსა და ეპოქაში აქტუალური იყო და იქნება. კერძოდ, ვგულისხმობ ადამიანის ფსიქოლოგიური სახეცვლილების პროცესს, ეს შეიძლება იყოს ეგრეთ წოდებული „გადაგვარება“ როცა ხდება მისი სულიერი დაკნინება, ეცემა მორალი, რის შედეგადაც, ცხადია, ადამიანი კარგავს პიროვნულობას ან უკეთესობისკენ გარდაქმნა, როცა ხდება „მისი“ ფსიქოლოგიურად გაზრდა, რაც გულისხმობს ერთგვარად, კომპლექსებზე „გამარჯვებას“ და ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებას.

XXI საუკუნის საზოგადოებაშიც, განსაკუთრებით ორწლიანი პანდემიის ფონზე, ისევ და ისევ იკვეთება კვლევის ობიექტი - ადამიანი და მისი ფსიქოლოგიური შტრიხები და ფსიქო „კარდიოგრამა“. ამიტომაც, მაყურებელთა ინტერესი უფრო და უფრო დიდია, როცა აფიშაზე ანონსდება იბსენის დრამატურგიაზე დაფუძნებული სპექტაკლი. 2021 წელს, თავისუფალი თეატრი 21 სეზონის პირველი დიდი პრემიერით, საბა ასლამაზიშვილის წარმატებული და საინტერესოდ ინტერპრირებული სპექტაკლით, იბსენის ფსიქოლოგიური დრამით - „მოჩვენებანი“ - წარსდგა მაყურებლის წინაშე, ხოლო რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე რეჟისორმა  თამარ (თათა) პოპიაშვილმა, 17 ნოემბერს მაყურებელს  ჰენრიკ იბსენის „ჰედა გაბლერი“ გაუცოცხლა.

ჩემი რეცენზიის „მთავარი მოქმედი გმირი“ კი, რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე განხორციელებული სპექტაკლი „ჰედა გაბლერი“ და ამ წარმოდგენის შემოქმედებითი ჯგუფია. რეჟისორ თამარ (თათა) პოპიაშვილს კარგად იცნობს თეატრის მოყვარული. მან უკვე დაიმკვიდრა მისივე ინდივიდუალური, საინტერესო სარეჟისორო ხელწერით საკუთარი ადგილი ქართულ თანამედროვე თეატრალურ სამყაროში: ნილ საიმონოს „მგზნებარე შეყვარებულებითა“ თუ ამელი ნოტომის პიესის - „საწვავის“ - მიხედვით განხორციელებული სპექტაკლებით; მკითხველს კარგად ახსოვს, თემურ ჩხეიძის სახელოსნოში, 2015-2016 წლებში ახალგაზრდა რეჟისორებმა გურამ ღონღაძემ, ვანო ხუციშვილმა, გიორგი ქათამაძემ, ნინი ჩაკვეტაძემ და სოფო ქელბაქიანმა მაყურებელს თავისი ნამუშევრები წარუდგინეს. მათ შორის იყო რეჟისორი თათა პოპიაშვილი, რომელმაც ალექს ჩიღვინაძის ირონიულ-მოდეტექტივო პიესა  „ოლიმპიური თამაშები“ გააცოცხლა (მხატვრები - ნუცა ჭყონია და ავთო მოდებაძე) და ამ სპექტაკლმა კრიტიკოსების, რეცენზენტებისა და მაყურებლის დადებითი შეფასება დაიმსახურა.

დღეს კი, თათა პოპიაშვილმა იბსენის ამბივალენტური დრამა „ჰედა გაბლერი“ წარმოგვიდგინა, რომელიც, მსოფლიო თეატრალურ სივრცეში, დრამატურგის შემოქმედებიდან, ყველაზე ბევრჯერ დაიდგა სცენაზე, ხოლო, თავად ჰედა გაბლერის სცენური გმირი კი, ყველაზე დიდ ენიგმატურ როლად მიიჩნევა. ამ ნაწარმოებით არც მსოფლიო კინო დარჩენილა გულგრილი და, საშინლად მომხიბლავ ავბედით ჰედას კინოს ისეთი ვარსკვლავები ასრულებდნენ, როგორებიც არიან ინგრიდ ბერგმანი, ანეტ ბენინგი, ქეით ბლანშეტი, ანჯელინა ჯოლი და სხვები.

გენერლის ულამაზესი ქალიშვილი მიჩვეულია ჰქონდეს ყველაფერი, რაც სურს. თაყვანისმცემლებით გარშემორტყმული ცდილობს თავი დააღწიოს ბანალურობას და გათავისუფლდეს იმ ქსელისგან, რომელიც თავადვე გააბა. ჰედა ცინიკურია, ცხოვრებისგან დაღლილი და ყინულივით ცივი, მაგრამ დაუცველი და მეამბოხე. ის ეს-ესაა დაბრუნდა თაფლობის თვის ნახევარწლიანი მოგზაურობიდან, როდესაც ქალაქში მისი ძველი სიყვარულიც ჩამოდის - ესაა იბსენისეული ამბის ძირითადი სიუჟეტი, რომელიც რეჟისორმა თათა პოპიაშვილმა ერთმოქმედებიან დრამად (თარგმანი გურამ ღონღაძის; მხატვარი - ბარბარა ასლამაზი; მუსიკალური გაფორმება - თათა პოპიაშვილის. მონაწილეობენ: ლელა ახალაია, ია სუხიტაშვილი, მალხაზ ქვრივიშვილი, ბაჩო ჩაჩიბაია, დარეჯან ხარშილაძე, ლაშა ჯუხარაშვილი.) გააცოცხლა და მაყურებელს უჩვენა ცხოვრების არსისა და ადამიანური ურთიერთობების შავი, ნაწილობრივ იუმორისტული აღწერა. ბევრი ჰედას მსხვერპლად მიიჩნევს, ხოლო, მსახიობმა ია სუხიტაშვილმა კი, შექმნა ქედმაღალი, ეგოისტი და გარყვნილი გენერლის ასულის აქტიური ხასიათის ნიღაბი, რომელსაც ცხოვრება სასაცილოდ, უღირსად და ყალბად ეჩვენება. რეჟისორმა და არტისტმა ცხოვრებისგან დაღლილი ნიჰილისტი წარმოადგინეს, რომელსაც უფრო მეტი და უფრო მშვენიერი უნდა. ასეთ მდგომარეობაში იგი თამაშობს საბრალო, გულუბრყვილო ადამიანებით, რათა არ მოიწყინოს. ამ შემთხვევაში კი პროვოკაცია პროტესტი კი არა, თავის გახალისების მცდელობა უფროა, თუმცა, ეს მცდელობა დამანგრეველი აღმოჩნდება გარემოცვისთვისაც და საკუთარი თავისთვისაც. ია სუხიტაშვილი ჰედა გაბლერის ნიღბით პროტაგონისტი აღმოჩნდა. ის სულ სცენაზეა და, შესაბამისად, ის „მასპინძლობს“ ყველა პერსონაჟს, რომლებიც მის ირგვლივ, მის გამო მოქმედებენ. ჰედა არ უშვებს საკუთარ თავზე სხვის ზემოქმედებას, საპირისპიროდ, თვითონ ცდილობს ყველა - ტესმანი, ლევბორგი, თეა - დაიმორჩილოს. მხოლოდ ასესორ ბრაკთან აგებს ბრძოლას, რაც საბედისწერო ხდება მისთვის.

 

მისი მთავარი ამოცანაა შეურაცხყოს და  გაანადგუროს, მისთვის უპირველესი მტერი  თეა, რადგანაც მას ლევბორგი უყვარს, ჰედას რეალური სიყვარული. მსახიობ ლელა ახალაიას პერსონაჟი - თეა -  მას ვერ უწევს წინააღმდეგობას. იგი სუსტია და სასოწარკვეთილი. ლევბორგში შეყვარებული, მხოლოდ მისით და მისი მომავალი წიგნით სულდგმულობს. ამიტომაც ადვილად ეგება მახეში. ჰედამ ბოლომდე მოიპოვა მასზე ზეგავლენა და მხოლოდ მაშინ, ბოლოსკენ, როცა ჰედა  ყველასგან მიტოვებული, სიცოცხლეს ასრულებს, თეა თავისუფლდება  და ახერხებს მისი გავლენისგან თავის დაღწევას.

პიესაც და შესაბამიად, სპექტაკლიც აგებულია პერსონაჟთა  სამკუთხედებზე: ტესმანი-ჰედა-ლევბორგი, ტესმანი-ჰედა-ბრაკი, ჰედა-ლევბორგი-თეა. თუმცა, წარმოდგენის დასასრულს, სადაც იკვეთება ასესორი ბრაკის  მოპოვებული უპირატესობა და გავლენა ჰედაზე,  ტესმანისა და თეას მცდელობები ხელნაწერის აღდგენისთვის, აშკარად ირღვევა სამკუთხედის პრინციპი. ხდება ახალი გადაწყვილება:  თეა - ტესმანი, ჰედა-ბრაკი. და, სწორედ, აქ, დამარცხებული ჰედა თვითმკვლელობის აქტს განახორციელებს. რაც მაყურებლის თვალწინ არ თამაშდება, თუმცა, რეჟისორის ჩანაფიქრი, რომ ყოველივე ეს, ვიზუალურადაც, პროექტორით (რომელზედაც არა ერთხელ იკვეთება ამბის განვითარების დროს მნიშვნელოვანი მოვლენები, რამაც, არა მხოლოდ ეფექტური გახადა სპექტაკლი, არამედ მაყურებლის გრძნობაზეც ითამაშა) იყოს ხილული, რომელსაც თან ახლავს მსახიობის - ჰედა გაბლერის  ემოციური ვერბალური აქტი,  დარბაზში მსხდომ მაყურებელს უფრო უმწვავებს ემოციას.

იორეგენ ტესმანი (მსახ.: ბაჩოჩაჩიბაია) ასესორ ბრაკი (მსახ.: მალხაზ ქვრივიშვილი) თუ აილერტ ლევბორგი (მსახ.: ლაშა ჯუხარაშვილი) სცენაზე „ტორეადორებს“ მოგვაგონებენ, რომლებსაც, წითელ, გრძელ კაბაში გამოწყობილი ჰედა გაბლერი მუდამ თვალწინ უტრიალებთ.  სამივე საკუთარი ბრძოლის სტრატეგიას ქმნის და ირჩევს, ამ  ქალის გულის დასაპყრობად.     

გარემო, სადაც ამბავი ვითარდება და ვითარდება 24 საათში, რეჟისორ თათა პოპიაშვილისა და ბარბარე ასლამაზის (მხატვარი) ერთობლივი შემოთავაზებით, საინტერესო აღმოჩნდა. მაყურებლის თვალწინ იქმნება სივრცე, სადაც კონცენტრირებულია კონსტრუქტივიზმისთვის დამახასიათებელი სტილური ფორმები, სცენურ მოქმედებას თან ახლავს სცენოგრაფიის ცალკეული ელემენტების მოქმედებაში ჩართვა. როგორც ჩანს, რეჟისორისა და მხატვრის მთავარი ამოცანაა ქმედითი საშუალებებით გაფორმება დაუმორჩილონ სპექტაკლის დრამატურგიული კვანძის გახსნას.

ამიტომაც, შექმნეს ნეიტრალური „გარემო“, რომელშიც მხატვარმა განალაგა საგნები მათი ფუნქციონალური საჭიროების მიხედვით. თითოეული ასეთი მოქმედება მხატვრის მხრიდან სცენაზე ახალი ემოციის „დაბადების“ ტოლფასია. ფიცარნაგზე შექმნილი კონსტრუქციები სპექტაკლის სათამაშო სტიქიაში ერთვება და მოძრაობის, მსახიობის მოქმედების, დეკორაციის პლასტიკური ელემენტების მეშვეობით თავად მოდის მოქმედებაში, რაც ხელს უწყობს მსახიობის ემოციურ-ფსიქოლოგიური აპარატის გააქტიურებას. რასაც, აგრეთვე, ფონად სდევს თემატურად და ზუსტად შერჩეული მუსიკალური გაფორმება, რომელიც თავად რეჟისორმა შეარჩია: ნილს ფრამის, ქასიმ ნაქვისა და ნინა სიმონიას მიერ განხორციელებული მელოდიები, რომელთა ხასიათი ადეკვატურია სცენაზე განვითარებული  მოვლენებისა. ფაქტია, რომ რეჟისორ  თათა პოპიაშვილის  სპექტაკლი -„ჰედა გაბლერი“ - მსახიობთა ოსტატური შესრულებით საინტერესოა თავის ფორმით, ინტერმედიური ჩანართებით, ზონგებითა თუ მუსიკალური გადახვევებით,.