top of page

„ლამანჩელი“ საპატიმროში

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

WhatsApp Image 2025-08-09 at 15.27.31 (1).jpeg

ლაშა ჩხარტიშვილი

„ლამანჩელი“ საპატიმროში

 

2025 წლის ივლისის მიწურულს, მე-16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებმა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე სპექტაკლი „ლამანჩელი“ წარმოადგინეს. მაყურებლით გადაჭედილ დარბაზში წარმოდგენის დაწყებისთანავე განსაკუთრებული ატმოსფერო შეიქმნა, ღელავდა მაყურებელი და სცენაზე მყოფი მსახიობები, რომელთა უმრავლესობა არა გამოცდილი და შემდგარი, არამედ მოყვარულები იყვნენ. ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ ზღვარი სპექტაკლში მონაწილე პროფესიონალებსა და არაპროფესიონალებს შორის ფაქტობრივად არ არსებობდა. წარმოგიდგენიათ რა შრომა გასწიეს რეჟისორმა და ენთუზიასტმა „მსახიობებმა“, რომ ეს ზღვარი წაშლილიყო? „ლამანჩელის“ პრემიერაზე დარბაზში გარდა მსჯავრდებულთა ახლობლებისა, ოჯახის წევრებისა თუ გულშემატკივრებისა, ასევე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებისა, მრავლად შენიშნავდით თეატრის პროფესიონალებსაც, ცნობილ მსახიობებს, კრიტიკოსებს, რეჟისორებს. დარბაზში ისეთი ატმოსფერო სუფევდა, როგორც მნიშვნელოვანი პრემიერის დროს, მთელი ქართული თეატრის ელიტა რომ იყრის თავს და თითქოს კეთილგანწყობილი, მაგრამ მაინც ჩასაფრებული რომ ადევნებს თვალს კოლეგის მორიგ ნამუშევარს... აქაც ასე ფართოდ იყო წარმოდგენილი სათეატრო (და არა მხოლოდ) საზოგადოება, რომელიც ინტერესისთვის მოვიდა მარჯანიშვილის თეატრში.

 

ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა, ვინაიდან მსჯავრდებულები მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ, მათი ტექსტი გარკვევით და მკაფიოდ ისმოდა სცენიდან, ისინი მღეროდნენ ემოციურად და მომნუსხველად და ცეკვავდნენ, როგორც პროფესიონალები, ქმნიდნენ ხასიათებს სცენაზე, მართავდნენ დიალოგებს, აჩვენებდნენ სცენური პარტნიორობის კარგ მაგალითს და ქმნიდნენ ანსამბლს სცენაზე. მოგეხსენებათ, პროფესიონალები ამ ყველაფერს ოთხი წლის მანძილზე სწავლობენ და ამ სწავლას აგრძელებენ ათეული წლები (გამოცდილების მიღების შედეგად) და აქ ჩვენ ვნახეთ მოყვარულები, რომელთაც ისეთი შედეგი აჩვენეს, როგორც პროფესიონალებმა.

 

ცხადია, ამაში განსაკუთრებული წვლილი რეჟისორს გოჩა ხვიჩიას მიუძღვის (სპექტაკლის მხატვარი ანი განჯელაშვილი, რომელმაც შესაბამისი ატმოსფერო და გრემო შექმნა სცენაზე), რომელსაც აქამდეც ჰქონდა გამოცდილება არაპროფესიონალებთან მუშაობის. რეჟისორ გოჩა ხვიჩიას კარგად იცნობს თეატრის მოყვარული მაყურებელი, რომელმაც სპექტაკლით „მარინა რევია“ დაამახსოვრა თავი თეატრალურ საზოგადოებას. აღნიშნულ სპექტაკლს დიდი წარმატება ხვდა წილად, დაიწერა არაერთი დადებითი რეცენზია და ის წლის საუკეთესო სპექტაკლად დასახელდა. გარდა ამისა, სწორედ ამ სპექტაკლით გაიხსნა ყოფილი მე-12 დაწესებულება, როგორც ახალი კულტურული სივრცე და სწორედ ამ დადგმამ მოიპოვა გრან-პრი სიღნაღის პირველ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე.

 

ყველაფერი კი ასე დაიწყო: ახმეტელის თეატრის მსახიობი ნელი ბადალაშვილი უკვე წლებია მუშაობს კულტურულ პროექტებზე იუსტიციის სამინისტროსთან ერთად. ამ მხრივ, მან დიდი გამოცდილება დააგროვა. ამჯერადაც, მისი ინიციატივითა და იუსტიციის სამინისტროს ხელშეწყობით, სპეციალური პროგრამის ფარგლებში განახორციელა პროექტი მე-16 პენიტენციურ დაწესებულებაში. ვინც არ იცის, გეტყვით, რომ აღნიშნული დაწესებულება მართლაც გამორჩეული სასჯელაღსრულების დაწესებულებაა, რომელიც ქმნის განსაკუთრებულ გარემოს და მაქსიმალურად უწყობს ხელს მსჯავრდებულს ახალი უნარების განვითარებაში, საკუთარი თავის ხელახალ აღმოჩენაში, დაწესებულება აღჭურვილია სპორტული მოედნებით, ბიბლიოთეკით, სახელოსნოებით, ხორციელდება რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამა, სადაც ისინი ახალ ცოდნასა და ხელობა/პროფესიას იძენენ. ეს ყველაფერი მე-16 დაწესებულების ხელმძღვანელის ზაზა ჯამატაშვილის დამსახურებაა, რომელიც ქმნის განსაკუთრებულ გარემოს და ატმოსფეროს მსჯავრდებულთათვის, რაც იმაშიც გამოიხატება, რომ მუდმივად მხარს უჭერს სხვადასხვა ორიგინალურ ინიციატივას და ეხმარება მათ მის განხორციელებაში...

 

ნელი ბადალაშვილმა მიამბო: „როგორც ყველას, მეც მაინტერესებდა, რა ხდებოდა იმ სივრცეში, სადაც ადამიანები გამოკეტილები არიან. მოვახერხე და 4 წლის წინ შევედი ქალთა N5 პენიტენციურ სივრცეში. შევიტანე სპექტაკლი ბარბარობის დღესასწაულზე და გავიცანი არაჩვეულებრივი ქალბატონები. ვინატრე, ნეტავ მათთან მამუშავა თქო... იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი, შევიტანე პროექტი, მოვიპოვე გრანტი და დავიწყე ქალებთან მუშაობა. 7 თვის განმავლობაში ვაკეთებდით საინტერესო საღამოებსა და სპექტაკლებს. სპექტაკლი „ციხის თავზე ანგელოზები დაფრინავენ" გამოვიტანე ღია სივრცეში - ვითამაშეთ ახმეტელისა და მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე. ქალბატონები მეკითხებოდნენ, გარეთ რომ გამოვალთ კიდევ ხომ გვათამაშებთო, რამაც იდეა დაბადა, შემეტანა მერიაში პროექტი „ყოფილი მსჯავრდებულები სცენაზე“. ავიყვანე დრამატურგი, ნინია სადღობელაშვილი, რომელმაც დაწერა პიესა „საქმე N“. სპექტაკლი დადგა რეჟისორმა რუსუდან კობიაშვილმა, რომელმაც პროფესიონალ მსახიობებთან ერთად, ათამაშა ყოფილი მსჯავრდებულები. როცა კვლავ გამოცხადდა იუსტიციის სამინისტროს კონკურსი, ისევ შევიტანე პროექტი და შევედი მამაკაცთა N16 პენიტენციურ სივრცეში. ჩავატარეთ გაზაფხულისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი არაჩვეულებრივი ღონისძიება, იქ დაიბადა იდეა დაგვედგა „ლამანჩელი“, რაშიც მხარი დაგვიჭირა დაწესებულების ხელმძღვანელობამ. პროექტში ჩაერთო ნანა ხურითი, ნათია რობიტაშვილი და მე, როგორც მსახიობები. აღსანიშნავია, რომ აღნიშული სპექტაკლი უკვე წარმოვადგინეთ ქალთა N5 პენიტენციურ სივრცეში.“

 

„ლამანჩელი“, რომელიც მე-16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებმა წარმოადგინეს სერვანტესის „დონ კიხოტის“ მიხედვით დაიდგა. ეს არ გახლდათ ნეილ ვასერმანისა და ჯო დერიონის „ლამანჩელის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი, რომელიც წარმატებით მიდიოდა ჯერ ვასო აბაშიძის მუსიკალურ, ხოლო შემდეგ რუსთვისა და ახმეტელის თეატრებში, არამედ ეს იყო სრულიად ახალი ვერსია, სულ სხვა მუსიკალური ნომრებითა და ქორეოგრაფიული პარტიტურით. სპექტაკლში მონაწილეებმა: მირზა ლიპარტელიანმა (დონ კიხოტი), მიხეილ კალანდიამ (სანჩო), თამაზ ჟორდანიამ (მეთაური, მედუქნე), ირაკლი აბულაძემ (პიედრო), ივან კომახიძემ (სასამართლოდ მდივანი), გიორგი ნადარეიშვილმა (კარსკო), გიორგი ჯიმშიაშვილმა (მღვდელი), არჩილ გელისაშვილმა (ბრალმდებელი), ირაკლი გერაძემ (დალაქი), ავთანდილ თურმანიძემ (მეეტლე), ამიკო ქადაგიშვილმა (მეეტლე) და ლევან ინჯგიამ (მეეტლე) შექმნეს სახასიათო პერსონაჟები, ტიპაჟები, დახატეს სამყარო თავისი მრავალფეროვნებითა და განსხვავებული ადამიანებით.

 

მოქმედება ვითარდება ესპანეთის ინკვიზიციის დროის ციხეში, სადაც მწერალი მიგელ დე სერვანტესი და მისი მსახური სხვა პატიმრებთან ერთად პატარა „სასცენო თამაშს“ წამოიწყებენ. ამ თამაშში სერვანტესი თავისივე პერსონაჟად — დონ კიხოტად გარდაისახება, ხოლო პატიმრები სხვა როლებს ირგებენ. მსახიობ-მსჯავრდებულებმა გვიჩვენეს ოცნების ძალა და იდეალიზმი მორალური სირთულეების ფონზე, ღირსების, სიკეთისა და რწმენის დაცვა, ადამიანის უნარი, საკუთარი შეხედულებით გარდაქმნას რეალობა. ამ ყველაფრის წარმოჩენასა და ჩანაფიქრის რეალობაში მოსაყვანად, თანაც ასე ფართო მასშტაბში განსაკუთრებული წვლილი მე-16 დაწესებულების ხელმძღვანელს ზაზა ჯამატაშვილს მიუძღვის, რომელიც ისეთივე ენთუზიასტი აღმოჩნდა, როგორც სპექტაკლის მონაწილეები.

 

სპექტაკლის დასრულების შემდეგ, ე.წ. თავის დაკვრა, მეორე სპექტაკლი იყო, გაორმაგებული ემოციით და სანახაობრივად შთამბეჭდავი, როცა მსახიობებმა რეჟისორ გოჩა ხვიჩიასთან ერთად „Liberté“ შეასრულეს. მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ნომერი მაყურებლის უწყვეტი მქუხარე აპლოდისმენტების თანხლებით შესრულდა. ეს იყო ერთგვარი ჰიმნი თავისუფლებაზე, რწმენაზე, ცხოვრების ხელახალი დაწყების სურვილსა და სინანულზე. მადლიერმა და დადებითი და სენტიმენტალური ემოციებით დატვირთულმა მაყურებელმა „ბიჭებს“ ერთგვარი დერეფანი გაუკეთეს და ტაშით გააცილა.

bottom of page