top of page

მორალისტების „მანიფესტი“...

70496448_2352792518101140_34074486568847
70229990_2353812171354605_42188179467487
71112095_1349138188575509_75655092274651

მორალისტების „მანიფესტი“

თეატრალიზებულ კითხვასა და სპექტაკლს შორის

 

ავტორი: ლაშა ჩხარტიშვილი

ფოტო: ვალერი ფესტვენიძე

 

ახალი დრამის ფესტივალის 2019 წლის პროგრამაში უკვე მეორედ ვხვდებით ლაშა ბუღაძეს, გამოცდილ დრამატურგს, რომელმაც სოციალური სატირის ახალი ენა დაამკვიდრა ქართულ დრამატურგიაში. მისი დრამატურგიული თხზულებები ერთი შეხედვით ზედაპირული, პლაკატური, ჟურნალისტურია, თუმცა ეს მხოლოდ სატყუარაა, რომელიც აქტუალურ პრობლემებთან ერთად, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან, მწვავე პრობლემებს სატირისა და სარკაზმის ხერხებით წამოჭრის. ლაშა ბუღაძე თავის პიესებში არასდროს კარგავს ბალანსს პროგრესულ და რეგრესულ იდეებს შორის, ამიტომაც მის ტექსტს, რომელსაც პერსონაჟები აჟღერებენ, ენდობი.

ახალი დრამის ფესტივალის პროგრამაში, რომელიც, ძირითადად ალტერნატიულ სათეატრო ენას სთავაზობს მაყურებელს, ლაშა ბუღაძე თავისი ტექსტით, დრამატურგიის კლასიკოსად, როგორც „უხუცესი თაობის“ წარმომამადგენელი, ისე მოსჩანს, თუმცა აკადემიური სცენების რეპერტუართან შედარებისას, მისი პიესა „მორალი“, ალტერნატიული თეატრის ტექსტად აღიქმება. „აკადემიური“ თეატრებში დადგმული სპექტაკლები, კვალავაც შორს დგას უახლესი სათეატრო ენისგან, სათქმელისგან. ლაშა ბუღაძის ტექსტი, რომელსაც დრამატურგმა „მორალი“ უწოდა, წესით რამდენიმე თეატრის რეპერტუარში უნდა ვიხილოთ, მაგრამ კომფორმიზმში ჩაძირულ ქართულ თეატრებს, ზედმეტი პრობლემა და თავის ტკივილი არ სჭირდება. ზოგჯერ ვფიქრობ, რატომ არ აქვს რეაქცია ქართული თეატრების უმრავლესობას იმაზე, რაც ჩვენს გარშემო ხდება?! ალბათ, ზემოხსენებული მიზეზით.  

ლაშა ბუღაძის „მორალის“ თეატრალიზებულად წასაკითხად დრამატურგმა შემოქმედებითი გუნდი შეკრიბა. მსახიობებთან: ანი იმნაძესთან, ირაკლი გოგოლაძესთან, მარიამ ცქიფურიშვილთან და კახა გოგიძესთან ერთად ტექსტზე და მსახიობებთან რეჟისორმა და დრამატურგმა პაატა ციკოლიამ იმუშავა, რომელმაც მაყურებელს, ფაქტობრივად მზა სპექტაკლი შესთავაზა, თუმცა ამ დადგმაში დომინანტი მაინც ტექსტი იყო, რომელიც ბუნებრივობითა და უშუალობით გააცოცხლა მსახიობებმა. ლაშა ბუღაძის ტექსტი პაატა ციკოლიამ სათეატრო სიბრტყეზე გააცოცხლა და ჩვენს წინ ორმაგი სპექტაკლი გაათამაშა.

ლაშა ბუღაძე „მორალში“ ჩვენი საზოგადოების უახლესი წარსულის და თანამედროვეობის ყველაზე მწვავე და გადაუჭრელ პრობლემებს ეხმიანება. პიესა სტრუქტურულად და ფორმის თვალსაზრით კლასიკური დრამატურგიის კანონებს ემყარება, ამიტომაც, დადგმაც თავისი ფორმით დრამატურგიულ ფორმას მიჰყვება, ყოველგვარი „რეჟისორული ფოკუსების“ გარეშე, თუმცა მთავარი რაც პაატა ციკოლიას რეჟისურაში ამ დადგმაში გამოიკვეთა მოვლენათა და პერსონაჟთა ქცევისა და მოქმედების თანმიმდევრული, ლოგიკური წყებაა, ზუსტი და ადეკვატური შეფასებებით, რომელიც მსახიობთა „თამაშში“ გამოვლინდა. ამ დადგმაში მსახიობები არ გვეთამაშებიან, ისინი ხატავენ რეალურ გმირებს ბუნებრივი რეაქციებითა და ზომიერი ემოციურობით.

პიესა, ერთ-ერთი მთავარი გმირის, ანდროს გრძელი მონოლოგით იწყება, რომელსაც მსახიობი კახა გოგიძე კითხულობდა ერთ ტონალობაში და მონოტონურად... ამ ვრცელმა, ერთფეროვნებაში გაჟღერებულმა მონოლოგმა გაართულა კიდეც მაყურებლის ჩართვა წარმოდგენის მსვლელობაში, მაგრამ როგორც კი ინტრიგა გაჩნდა, მაშინვე მაყურებელი წარმოდგენის დასრულებამდე იმ ამბავის უშუალო მონაწილე გახდა, რომელიც წარმოდგენის გმირებს გადახდა თავს. სპორტული დარბაზის სახელდახელო პირობით სცენაზე საშინელი, ამაზრზენი „ტრაგედია“ დატრიალდა და მაყურებელი გვარიანად ხარხარებდა. ეს კი მხოლოდ ლაშა ბუღაძეს შეუძლია, გაცინოს მწარე და ამაზრზენ რეალობაზე, მორალურ და ფსიქოლოგიურ ტერორში მყოფ ადამიანებზე და არ გაგიჩინოს თანაგრძნობა, რადგან ისინიც ფარისევლები არიან და დამსახურებულად იღებენ იმას, რაც ცხოვრების მანძილზე დათესეს. ტექსტის ეს თავისებურება შემოქმედებითმა ჯგუფმა ზედმიწევნით ავთენტურად მოიტანა მაყურებლამდე.

 

ლაშა ბუღაძის ახალი პიესა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით შანტაჟის თემას ეხება და ფსკერზე დაშვებულ, დამპალ, დაჭაობებულ საზოგადოებაში აჩვენებს იმ „გმირებს“, ვინც ეს საზოგადოება ასეთად შექმნა და ისინი აუცილებლად ებმებიან მათსავე აგებულ ხაფანგში. ეს საზოგადოება უთავმოყვარო საზოგადოებად იქცა, რომელიც უდიდეს გამოცდას გადის, მაგრამ ვერ აბარებს. აქ სახელმწიფო, რომელიც უზნეობის შემოქმედია, თავად იქცა მორალისტად და არა მსხვერპლი. აქვეა წარმოდგენილი ინა (მარიამ ცქიფურიშვილ) ვითომ ეთიკის დამცველი ჟურნალისტების სახით, რომლებიც მოჩვენებითად იცავენ ეთიკურ კანონებს, სინამდვილეში კი ყველაფერს დაფქვავენ. თუმცა ამ საზოგადოებაში მხოლოდ ჟურნალისტები არ იქცევიან ამორალურად, ამ რეალობაში ყველა ნაძირალაა, „ინტელიგენციაც“ (ინტელექტუალური საზოგადოებაც) და პოლიტიკოსებიც, ისინი გაბოროტებული, დაბოღმილი, ეგოისტი, კომპლექსებით სავსე საზოგადოების წევრები არიან. თითოეული პერსონაჟი, რომელიც ჩვენი საზოგადოების გამორჩეული წევრები არიან, წინააღმდეგობაში მოდიან იმასთან, რასაც საჯაროდ აცხადებენ, დაკარგული აქვთ გულწრფელობა და კლასიკურ ფარისევლებად არიან ჩამოყალიბებულები.

აი, ასეთ გარემოში ვცხოვრობთ ჩვენ. აი, ასეთი საზოგადოება ვართ ჩვენ! ახალი დრამის ფესტივალის ფარგლებში ერთჯერადად წარმოდგენილმა „მორალმა“ მორალი წაგვიკითხა, მთავარია, ეს „შეგონება“ მგლის თავზე სახარების წაკითხვად არ დარჩეს.

bottom of page