არა, არასდროს მინანია, რომ გავხვდი თეატრმცოდნე

არა, არასდროს მინანია, რომ გავხდი თეატრმცოდნე - ინტერვიუ ლაშა ჩხარტიშვილთან

ინგა გოგიბერიძე

მოგესალმებით ბატონო ლაშა და პირველ შეკითხვას ცოტა უცნაურს დაგისვამთ-რატომ აირჩიეთ პროფესია, რომელსაც ძალიან მწირი შემოსავალი ახლავს და მოსალოდნელი ბევრი ლანძღვა- გინება მსახიობებისაგან და რეჟისორებისაგან?
- სხვათაშორის, ჩემი პროფესიის არჩევა, რომლითაც უფრო მიცნობს ფართო საზოგადოება სრულიად დაუგეგმავად მოხდა. ბავშვობიდან მიყვარდა თეატრი და მთელი ბავშვობა „თეატრობანას“ ვთამაშობდი სადარბაზოდან დაწყებული სკოლით დამთავრებული. საშუალო სკოლა რომ დავამთავრე, მშობლებს არ სურდათ ჩემი მომავალი საქმიანობა თეატრს დაკავშირებოდა, სწორედ იმიტომ, რომ ამ პროფესიაში ანაზღაურება ყოველთვის მცირეა. ამიტომ ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩავაბარე. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, საბუთები მისაღებ გამოცდებზე ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტში შევიტანე. საკონსულტაციო შეხვედრებმა გადამაწყვეტინა, რომ ჩემგან არტისტი არ დადგებოდა და ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე გადავწყვიტე სწავლა. მახსოვს ყველა გამოცდაში უმაღლესი შეფასება მივიღე და ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემი გამომცდელები შუშანა ფუტკარაძე, გივი ბოლოთაშვილი, ვასილ კიკნაძე და გიზო ჟორდანია იყვნენ. ორი წელი ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობაზე ვსწავლობდი. ამ დროს ინსტიტუტში გაიხსნა კიდევ ერთი ახალი სპეციალობა თეატრმცოდნეობა, რომელსაც ხელმძღვანელლობდა ქართული თეატრმცოდნეობის პატრიარქი ვასილ კიკნაძე და ამ შანს ხელიდან როგორ გავუშვებდი? გადავწყვიტე თავიდან დამეწყო სწავლა და ამ არჩევანმა საბოლოოდ გადაწყვიტა ჩემი მომავალი, რითაც ახლაც ძალიან ბედნიერი ვარ. ბუნებრივია, მაშინ კარგად ვერ ვაცნობიერებდი, რომ რთული, უმადური და ნაკლებ შემოსავლიანი პროფესია ავირჩიე. თუმცა არჩევანით კმაყოფილი ვარ დღესაც. აგრესია თავად თეატრის მოღვაწეებისგან მაშინ, არის თუ აქტიური ხარ და კრიტიკული, მაგრამ უკვე იმუნიტეტი გამოვიმუშავე. ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო აგრესიას ჩემს მიმართ და მაქსიმალურად შევძლო დავიწყება, გავთავისუფლდე ნეგატივისგან.


- ინგა გოგიბერიძე
ლაშა ,როდის მიხვდით რომ თეატრი თქვენი ცხოვრების მთავარი შემადგენელი ნაწილი იყო?
- ბათუმში, ოპერის თეატრის პირველი დადგმები რომ ვნახე სწორედ მაშინ. მანამდე დრამატული თეატრის სხვა სპექტაკლებიც მქონდა ნანახი, მაგრამ მათ ჩემზე გასანაკუთრებული შთაბეჭდილება არ მოუხდენია, როგორც ჯუზეპე ვერდის „აიდას“ ბათუმურმა დადგმამ. სწორედ, ამის შემდეგ დავიწყე გაცნობიერებულად თეატრით ცხოვრება და ჩემი მოავალიც თეატრს დავუკავშირე.
-
- ინგა გოგიბერიძე
უცებ მეც გამახსენდა ის ემოცია, რომელიც ანტალიაში განვიცადე, როცა ღია ცის ქვეს მერამდენედ ვუყურებდი ამსპექტაკლს..ეს ისე...
- ჩემი ინტერვიუების გმირებად ვირჩევ ისეთ ადამიანებს ვისაც განსაკუთრებულად უყვარს მისი საქმე და პროფესია, მიმაჩნია რომ თქვენ ასეთი ხართ. საიდან სააზრდოობთ ენერგიას ,რომ თქვენი კალამი სწვდება არა მარტო საქართველოს თეატრებს ,არამედ მსოფლიო თეატრალურ ხელოვნებას?
- დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის, ვცდილობ მაქსიმალურად მივუახლოვდე სტანდარტს. არადა თანამედროვე თეატრმცოდნეობითი სტანდარტი ძალიან რთულად მისაღწევია. უამრავი კრიტერიუმია, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე თეატრმცოდნე ამ ეპოქაში. ვცდილობ, მეც მივუახლოვდე ამ სტანდარტს და არ ვიყო ჩაკეტილი, რადგან თანამედროვეობაში მასშტაბები ძალიან დიდია. თითოეული ნანახი სპექტაკლი სწორედ საერთაშორისო კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ის, რომ მე წლის განმავლობაში რამდენიმე საერთაშორისო ფორუმებზე, სიმპოზიუმებზე და ფესტივალებზე მიწვევენ სხვადასხვა ქვეყანაში, მეხმარება ჩემს პროფესიულ სრულყოფაში. ბუნებრივია, ენის ცოდნის გარეშე ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობა უბრალოდ შეუძლებელია, მე კი ჩათვალეთ არც ერთი ენა ხეირიანად არ ვიცი, მაგრამ ვცდილობ ჩემი გამოსვლებით და შეფასებებით დასამახსოვრებელი ვიყო და კვლავ გაუჩნდეთ სურვილი ჩემი მიწვევის ახლა უკვე სხვებს. ის, რომ გაეცნო მსოფლიო თეატრს ამაში თბილისში არსებული ორი ფესტივალიც გვეხმარება, რომელსაც მე ინტენსიურად ვაშუქებ და ასე ფართოვდება თვალსაწიერი და იხვეწება ჩვენი სათეატრო გემოვნება, იცვლება შეფასების კრიტერიუმები.
- ინგა გოგიბერიძე
ჩვენი განყოფილების წიგნად ფონდში მხოლოდ თქვენი ორი წიგნი ინახება: „იუსუფ კობალაძე“ და „რეჟისორი ეთერ თავართქილაძე“ ... დანარჩენზე გვიამბეთ და ისიც გვითხარით რაზე მუშაობთ ახლა...
- ამაზე ძალიან გული მწყდება, რომ ჩემი წიგნების უმრავლესობა თქვენს ფონდში რომ არ ინახება. ამ ვაკუუმს აუცილებლად შევავსებ უახლოეს მომავალში. გპირდებით! რაც შეეხება ჩემს წიგნებს პირველი პერიოდის წიგნები „ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრის ისტორია“, „ბათუმის ტიკინების თეატრი“, „ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის ისტორიის საკითხები“ (ნერონ აბულაძესთან ერთად) აჭარის თეატრალურ ცხოვრებას ეძღვნება... ვფიქრობ მნიშვნელოვანი გამოცემებია ორტომეული „თანამედროვე ქართული თეატრი გარდამავალი ეკონომიკის პირობებში (ანალიტიკა, პრაგმატიკა, სტატისტიკა)“, რომელიც მთელი ქართული თეატრის ბოლო 5 წელიწადს და ყველა მნიშველოვან მოვლენას ქართულ თეატრში ეძღვნება და ასევე ვფიქრობ, საინტერესო გამოცემაა „საუბრები თანამედროვე ხელოვნებაზე“ (დავით ბუხრიკიძესთან ერთად), რომელიც მსოფლიო ხელოვნების დღევანდელობას და მიმდინარე პროცესების ანალიზს მოიცავს. ვფიქრობ, ამ წიგნმა ოდნავ მაინც შეავსო ის ინტერესი, თუნდაც სტუდენტებისთვის, რომელიც თანამედროვე ხელოვნების და მასში მიმდინარე პროცესების მიმართ არსებობს. ამ წელში გამოიცემა ჩემი სადოქტორო ნაშრომიც „მეფე ლირის სცენური ინტერპრეტაციები მსოფლიო და ქართულ თეატრში“...
- ინგა გოგიბერიძე
მადლობა წინასწარ რომ ამ წიგნებს მოგვაწვდით ბიბლიოთეკისათვის..... საქართველოში თითზე ჩამოსათვლელი თეატრმცოდნეები იყვნენ და არიან. ძნელია შეინარჩუნო ღირსებაც და პროფესიონალიზმიც... მე ვიცი თქვენი ტაქტის შესახებ... შენიშვნებსაც ლამაზად და კორექტულად იძლევით- როგორია თეატრის შიგა სამზარეულო და ხომ არ გინანიათ არჩევანი?
- არა, არასდროს მინანია, რომ გავხდი თეატრმცოდნე. ობიექტურობის შენარჩუნება, მით უფრო, ღირსების ძალიან ძნელია. ვფიქრობ, რომ საზოგადოებაში ჩემს პერსონასთან დაკავშირებით სულაც არ არის ერთი აზრი ცალსახად. ზოგს მოვწონვარ და ზოგს არა, ეს ჩვეულებრივი ამბავია, ისე როგორც მე მომწონს, ან არ მომწონს სპექტაკლები. ვცდილობ, ყოველთვის ვთქვა სიმართლე და თქმის ფორმებს სულ ვეძებ, რომ ადრესატმა, ობიექტმა ჩემი შენიშვნა გაანალიზოს, დაფიქრდეს და არ მივაყენო შეურაცხყოფა. არ შევულახო პროფესიული ღირსება და თავმოყვარეობა, თუმცა არაპროფესიონალები უფრო ამბიციურები და საკუთარ თავში უფრო დარწმუნებულები არიან, ვიდრე ნამდვილი ხელოვანები. ისინი კრიტიკასაც ისე იღებენ, როგორც ის არის გამოთქმული.
- ინგა გოგიბერიძე

ლაშა ტრაფარეტულ შეკითხვებს ვერ გავექცევით ..ვიცი რომ თბილი მამა და კარგი მეუღლე ხართ.. ძნელია სიყვარულის შენარჩუნება შორ მანძილზე .. როგორ ახარხებთ ამას და ცოტაც ბედნიერებაზე?
- არ ვიცი რამდენად კარგი მამა ან მეუღლე ვარ, მგონია, რომ უბრალოდ ძალიან გამიმართლა ასეთი ოჯახი რომ მყავს. პირველ რიგში მედეა ჩარკვიანი ჩემი უახლოესი, ყველაზე ერთგული მეგობარი და მესაიდუმეა და მერე მეუღლე. მე ალბათ არ ვიქნებოდი ამ პროფესიაში, რომ არა მედეას მხარდაჭერა და ხელშწყობა. მას, როგორც ქალს, ალბათ ძალიან უჭირს ანგარიში გაუწიოს ჩემს მძიმე და რთულ ხასიათს, ცხოვრების წესს თუ რიტმს, მაგრამ ის ამ მსხვერპლს იღებს, რის გამოც უზომოდ მადლიერი ვარ და ორმაგად ვაფასებ მის ამ დამოკიდებულებას. რაც შეეხება თეკლას, დანამდვილებით ვიცი, რომ თუ რამე საუკეთესო შემიქმნია ოდესმე, ეს თეკლაა. არ მიყვარს ხოლმე, როცა მშობლები მის შვილებს ჰიპერბოლიზირებულ პრეზენტაციებს უკეთებენ, მაგრამ თეკლა მართლაც უცნაური, გამორჩეული ბავშვია, დედას გავს, ლამაზია, სევდიანი და ღრმად მოაზროვნე. მგონი ორივეს გვაჯობებს. ჩემს მშობლებს ერთგვარი კომპლექსი ჰქონდათ, რაც თავად ვერ მოახერხეს, უნდოდათ ჩემში რეალიზება, იგივე მინდა მეც. თეკლა გაცილებით წარმატებული იყოს, ვიდრე მისი მშობლები არიან.
- ინგა გოგიბერიძე
თეკლა ბედნიერება, მე ასე გავიგე.........
არ გადაგტვირთვათ, მაგრამ მტკივნეული და ჩემთვის მთავარი სათქმელი ბოლოსთვის შემოვინახე... მე მიყვარს ჩემი ბათუმის თეატრი.იქ გავიზარდე. ყოველ საღამოს მამასთან და დასთან ერთად ვესწრებოდი შესანიშნავ სპექტაკლებს... ხომ არ თვლით, რომ ბათუმის თეტრს მაყურებელი ისე არა ჰყავს, როგორც ძველად..და თუ ეს ასეა, რას თვლით ამის მიზეზად..არა მე მაქვს ჩემი პასუხი, მაგრამ მკითხველს ალბათ თეატრმცოდნის პროფესიული აზრი უფრო აინტერესებს. რატომღაც მგონია ქართულ თეატრს და სამკითხველო დაბაზს დაახლოებით ერთგვარი პრობლემა აქვს... რას არ ვაკეთებთ მკითხველების მოსაზიდად ......რა კეთდება ამ მხრივ თეატრალურ სივრცეში?
- ეს პრობლემური საკითხია და სისტემური საკითხია, რომელიც ყოველთვის იდგა დღის წესრიგში როგორც პრობლემა და დღესაც აქტუალური თემაა, რაზეც ცალსახა პასუხი არ არსებობს. მე სულაც არ ვთვლი, რომ დღეს თეატრს მაყურებელი აკლია, გადაჭედილია დარბაზები თბილისის თეატრებში, თუმცა არის სპექტაკლები, რომელიც მაყურებლის დაუინტერესებლობის გამო მალევე იხსნება რეპერტუარიდან... პრობლემა მაინც მხატვრულ ხარისხშია და თანამედროვეობაში. თუ სპექტაკლი არ აღელვებს რეჟისორის გარდა არავის, ის მარცხისთვის არის განწირული, სულაც არ არის საჭირო ეფექტები და იაფფასიანი ტრიუკები, ამისგან შორს არის თემურ ჩხეიძის სპექტაკლები, მაგრამ მაყურებელი ყოველთვის ჰყავს. რეჟისორები უნდა გრძნობდნენ ეპოქას და მაყურებელს. რეგიონებში კი სულ სხვა პრობლემაა, არა სტაბილურად მუშაობენ. რეგიონებში შედარებით მცირერიცხოვანია მაყურებელი, ამიტომ მათ სულ ახალი სპექტაკლი სჭირდებათ, ერთი სპექტაკლი რამდენჯერ უნდა ნახონ, ნახავენ შედევრები რომ იდგმებოდეს, მაგრამ იდგმება? არ იდგმება, სამწუხაროდ, შედევრები.
- ინგა გოგიბერიძე

მე მიყვარს თეატრის შენობა,ფარდა და სამი ზარი... მაგრამ ექსპერიმენტებზე არ ვამბობ უარს. ბათუმში გვყავს ერთი ახლაგაზრდა რეჟისორი, რომლის ყველა სპექტაკლზე მივალ-ეს გიორგი ჩხაიძეა, რას ფიქრობთ მის თეატრზე და საერთოდ ექსპერიმენტული თეატრების განვითარებაზე რა აზრის ხართ?
- მე ბავშობიდან ვიცნობ გიორგი ჩხაიძეს, მაშინ როცა ის ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო. მაშინ ლიტერატურული ნაწილის გამგედ ვმუშაობდი ბათუმში, ის მოვიდა ჩემთან და თანამშრომლობა შემომთავაზა, ვებ გვერდი გააკეთა თეატრის, ყველაზე აქტიური მაყურებელი და თეატრის გულშემატკივარი იყო, მაქსიმალურად გვეხმარებოდა თეატრის პიარში, რა თქმა უნდა, როგორც მოხალისე. მას აქვს ერთი უმნიშვნელოვანესი გრძნობა- განსაკუთრებული სიყვარული თეატრისადმი, რაც ყოველთვის დაეხმარება წარმატების მიღწევაში. თეატრში არავის აქვს ფინანსური ინტერესი (თუმცა გამონაკლისები არსებობენ), მხოლოდ სიყვარული გაკეთებინებს ამ საქმეს. გიორგიმ პროფესიული განათლება თბილისში მიიღო, არაჩეულებრივი პედაგოგი ჰყავდა ავთო ვარსიმაშვილი და დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში და რა მოხდა? თეატრში არ შეუშვეს! მისი მიტანილი ფულით სპექტაკლი არ დაადგმევინეს, სარეპეტიციო ოთახი არ დაუთმეს, გამოაძევეს! მათ სინდისზე იყოს! ბედნიერი ვარ, რომ გია თავამაიშვილი და ირინა სურმანიძე ამ პერსპექტულ რეჟისორს ეხმარება და მალე ბათუმში ახალი, ესპერიმენტული სივრცე გაიხსნება მათი მხარდაჭერით. ეს მნიშვნელოვანი და ისტორიული მოვლენაა თეატრალურ ცხოვრებაში აჭარაში და მას საზოგადოების მხარდაჭერაც სჭირდება მომავალში განვითარებისთვის, მაყურებელი უნდა მივიდეს ორგანიზებულად და ნახოს ახალგაზრდების ნამუშევარი. ამ ეტაპზე მხატვრული ხარისხი ნაკლებად მნიშვნელოვანია, მთავარია სამუშაო პირობები შეიქმნას. პროვინციალიზმის როგორც საშიში და დღემდე დაუმარცხებელი სენის ნიშანია ის, რომ რაკი ბათუმელია ნაკლებ დასაფასებელია, ასე ვფიქობთ და საშინლად ვცდებით. მჯერა, რომ გიორგი აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას, ამის გარანტს მისი მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა მაძლევს.
ინგა გოგიბერიძე
ვინ არის თქვენთვის მეტრი და საყვარელი პედაგოგი ვინც შეიტანა წვლის თქვენს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში?
-ვფიქრობ, რომ ის თვისებები, რომელიც პროფესიაში გამომყვა და მეხმარება მშობლებისგან მემკვიდრეობით მერგო. დედაჩემისგან - პასუხისმგებლობა, მამაჩემისგან კი - ცნობისმოყვარეობა. გამიმართლა, რომ ჩემი პედაგოგი, სახელოსნოს ხელმძღვანელი ვასილ კიკნაძე იყო, მამასავით მეპატრონა და თბილისში სასწავლებლად მან გადამიყვანა. სწავლის ფულს ვერ ვიხდიდი და თეატრალურ უნივერსიტეტში სცენის მუშად გამაფორმა, ამას დღეს ვინმე გაგიკეთებს? დედასავით მივლიდა თბილისში მანანა კორძაია, ჩემი პედაგოგი, რომელმაც ჯერ ბინა დამითმო, შემისახლა და მერე მთელი სტუდენტობა ჩემზე ზრუნავდა. ჩემი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში უზარმაზარი წვლილი სწორედ მანანა კორძაიას მიუძღვის, რომელმაც მთლიანად შემცვალა და სულ სხვა გზაზე დამაყენა. მისგან ბევრი რამ ვისწავლე. ასევე ლელა ოჩიაური და აწ გარდაცვლილი ლალა თაბუკაშვილი, რომლებიც უშუალოდ ჩემი პედაგოგები არ იყვნენ მაგრამ სტუდენტობის დროს მათთან ურთიერთობამ ბევრი ღირსეული პროფესიული თვისება შემძინა. საერთოდ, მსახიობმა თამილა მეიშვილმა „აღმომაჩინა“, მან მიბიძგა ჩამებარებინა ხელოვნების ინსტიტუტში და მას ამ სიკეთეს ვერ დავუვიწყებ ვერასდროს. არ მინდა უმადური ვიყო, ლევან ხეთაგურმაც ბევრი რამ მასწავლა, თუ კი რამე ვიცი მსოფლიო თანამედროვე თეატრზე ეს მისი დამსახურებაა, მისგან ვისწავლე გზები საერთაშორისო ასპარესზე გასვლის. პედაგოგების მხრივ, ნამდვილად გამიმართლა, მათგან მხოლოდ დარგი არ შემისწავლია, ცხოვრების წესი და ჩიხში აღმოჩენის შემთხვევაში თავის დაღწევაც მათგან ვისწავლე. ჩემი ახალგაზრდული სითამემე კი მაძლევდა იმის საშუალებას, რომ მომავალში გავიზიარო მათი გამოცდილება.
დიდი მადლობა ასეთი საინტერსო ინტერვიუსათვის...წარმატებებს გისურვებთ