ძველი და ახალი ლაურენსია

თამარ ცაგარელი


ძველი და ახალი ლაურენსია


პირველად „ლაურენსიას“ დადგმა, 1939 წლის 22 მარტს ლენინგრადის კიროვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის (დღეს სანკტ-პეტერბურგის მარიას თეატრი) სცენაზე ვახტანგ ჭაბუკიანმა დიდი წარმატებით განახორციელა. კომპოზიტორ ალექსანდრ კრეინის მუსიკაზე, სამმოქმედებიანი ბალეტის ლიბრეტო, ესპანელი დრამატურგის ლოპე დე ვეგას „ფუენტე ოვეხუნას“ (ცხვრის წყაროს) მიხედვით, ევგენი მანდელბერგს ეკუთვნოდა. სპექტაკლი სოლომონ ვირსალაძემ გააფორმა. ფრონდოსოს მთავარი პარტია თავად ვახტანგ ჭაბუკიანმა იცეკვა, რომელსაც პარტნიორობას ნატალია დუდინსკაია უწევდა. 1948 წლიდან „ლაურენსია“ წარმატებით იდგმებოდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე. ხოლო, ჭაბუკიანის შემდეგ, თეატრში მისი დადგმა წელს მესამედ განხორციელდა (1995 წელს თეატრში აღადგინეს მეორე მოქმედება, 2007 წელს - ნუკრი მაღალაშვილმა სრულად დადგა ბალეტი) და ბოლო ქორეოგრაფიული რედაქცია ნინო ანანიაშვილს ეკუთვნის. ბალეტის ახალი ქორეოგრაფიული ვერსიის დადგმამდე თბილისში, ნინო ანანიაშვილმა „ლაურენსია“ პირველად 2014 წელს, ქალაქ მინსკში წარმოადგინა. პრემიერის წინ მან, ჭაბუკიანის ეპოქის მოცეკვავეებთან ერთად, შეისწავლა ბალეტის თავდაპირველი, ქორეოგრაფიული ვერსია და მაქსიმალურად შეეცადა ახალი სპექტაკლი ორიგინალთან მიახლოებული ყოფილიყო. 2017 წლის 21 ივნისს, ბალეტის მოყვარულებს, დიდი სიურპრიზი გველოდა. ამ დღეს, ახალდაფუძნებული თბილისის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი „ლაურენსიას“ პრემიერით გაიხსნა. ნინო ანანიაშვილმა მაქსიმალური სიზუსტით წარმოგვიდგინა ჭაბუკიანის ქორეოგრაფიის ერთ-ერთი შედევრი, შეეცადა ისეთი სახით აღედგინა ცეკვები, როგორც ეს ბალეტმაისტერმა თავის პირველ დადგმებში განახორციელა. ასე დაუბრუნდა „ლირიული ესპანური“ და „ბოშური“ თავდაპირველ სახეს, უფრო გამოიკვეთა ხასინტას როლი და მისი ცეკვები ორიგინალური ვერსიის შესაბამისი გახდა. სოლისტების შესრულებამ, სახასიათო ცეკვებმა, მასობრივმა სცენებმა, მუსიკის, ქორეოგრაფიისა და სცენოგრაფიის ერთობლიობამ (ლაურენსია – ლალი კანდელაკი, ფრონდოსო – ლაშა ხოზაშვილი,  სცენორაფი - დავით მონავარდისაშვილი, კოსტიუმების მხატვარი – ალექსანდრ ვასილიევი) მაყურებელი ემოციურად დამუხტა, სანახაობას დღესასწა ულებრივი ხასიათი და ფერადოვნება მიანიჭა. ლაურენსიას როლში, რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ, მაყურებელმა კვლავ იხილა ლალი კანდელაკი (2007 წელს დადგმული სპექტაკლის ყველა წარმოდგენის უცვლელი ლაურენსია სწორედ ის იყო). მისი სცენაზე გა მოსვლისთანავე ხვდები, რომ ის დიდი მაესტროს – ჭაბუკიანის მოსწავლეა. სხეულის ბუნებრივი კოორდინაცია, მუსიკის აბსოლუტური აღქმა მის შესრულებას გამორ - ჩეულს და განსაკუთ - რებულს ხდის. მას არ აბრკოლებს ტექნიკური სირთულეები და თავისი გმირის თავგანწირულ, გმირულ, მებრძოლ ხასიათს ქმნის. ფრონდოსოს პარტიის შესასრულებლად, პირველ საპრემიერო სპექტაკლზე, თბილი სელი მაყურებლის ფავორიტი, ბოსტონ ბალეტის სოლისტი ლაშა ხოზაშვილი მოიწვიეს. მან ცეკვის პროფესიული, დახვეწილი შესრულების მანერით სპექტაკლი ზეიმად აქცია. „ლაურენსიას“ თითოეული მთავარი გმირის თუ ცალკეული პერსონაჟის შესრულება, მისი ქორეოგრაფიული ტექსტიდან გამომდინარე, მოცეკვავისთვის რთულია. მაგრამ უფრო რთული მისი პერსონაჟების მებრძოლი სულის, ცეცხლოვანი ესპანური ტემპერა  მენტის გადმოცემაა. ამ რთული ამოცანის წინაშე იდგა მომდევნო სპექტაკლებზე ლაურენსიასა და ფრონდოსოს პარტიების შემსრულებელი ორი არაჩვეულებრივი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ახალ - გაზრდა წყვილი – ნუცა ჩეკურაშვილი და იონენ ტაკანო, ნინო სამადაშვილი და ფრენკ ვან ტონგერენი. ნუცა ჩეკურაშვილი საინტერესო ბალერი  ნაა. ქორეოგრაფიული სასწავლებლის დამთავ  რების დღიდან ვადევნებ თვალს მის შემოქმედებით ზრდას. ყოველი შესრულებული ახალი პარტიიდან მორიგ სპექტაკლამდე ის იზრდება, იხვეწება, ემოციურად იხსნება. შეიძლება ითქვას, რომ ლაურენსია მისი შემოქმედების კულმინაციად იქცა. მან დაძლია ტექნიკური სირთულეები და სპექტაკლის ფინალში საოცარი სამსახიობო ოსტატობა გამოავლინა. მისი პარტნიორი იონენ ტაკანო, ვირტუოზულ ტექნიკას და სხეულის პლასტიკას ფლობს. მან თავისი მაღალი ნახტო - მებით და ოსტატურად შესრულებული პირუ - ეტებით მონუსხა მაყურე - ბელი. ნინო სამადაშვილის და ფრენკ ვან ტონგერენის წყვილმა სცენაზე გამოსვლისთანავე დაიპყრო მაყურებლის გული. მათი შესრულების მანერა სრულიად განსხვავებუ ლი იყო, გმირების მტკიცე ხასიათს უფრო თავდაჯერებული, ლაღად გაშლილი, ბრწყინვალე პლასტიკური მოძრაობებით გადმოგვცემდნენ.
ორი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებუ ლი ხასიათისაა ბალეტში პასკუალასა და ხასინ - ტას გმირები. სევდიანი ხასინტა – ეკატერინე სურმავა, განსაკუთრებუ ლი მსახიობური ნიჭით დაჯილდოებული მსუბუქი, ლამაზი, კლასიკური ბალერინას ეტალონი გახლავთ. პასკუალას ორმა შემსრულებელმა – მარი ელოშვილმა და მაჩი მუტომ ტექნიკური სიზუსტით და არტისტიზმით შეასრულეს პარტია. მხიარული და ვაჟკაცური იყო მენგო – დავით ანანიაშვილი. ,,ლაურენსიაში“ დიდი მნიშვნელობა აქვს სახა სიათო ცეკვებს. ესპანური მოტივები მუსიკასა და ქორეოგრაფიაში ქმნიან სწორედ იმ მრავალფეროვნებას, საზეიმო განწყობას, რომლითაც გამოირჩევა ქართველი მაყურებლისთვის ეს საყვარელი სპექტაკლი. ცეცხლოვანი ბოშური სოლო შორენა ხაინდრავამ და ესპანურის, ე.წ. „კასტანიეტების“ ცეკვის კი – ვიქტორია კიკაბიძემ იცეკვეს. ორივე შემს  რულებელი საოცრად მუსიკალური, ბრწყინვალედ წარმოაჩენდნენ ხასიათის მანერას, რომე ლიც ლამაზ პოზებში და, რაც მთავარია, დინამიურ მოძრაობებში გამოიხატებოდა.
ნინო ანანიაშვილისეულმა „ლაურენსიამ“ უფროსი თაობის მაყურებელი, რომელსაც ნანახი აქვს და ახსოვს ჭაბუკიანისეული ბალეტი, წარსულის მოგონებებში გადაიყვანა. ხოლო, ამ ბალეტის პირველად მნახველთათვის, პრიმა-ბალერინამ შეძლო კლასიკური საბალეტო მემკვიდრეობის ეს მნიშვნელოვანი სპექტაკლი, ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი გაეხადა.