top of page

სიმღერებში ასახული მეფე ლირის ტრაგედია

file (1).jpg

მაკა ვასაძე

სიმღერებში ასახული მეფე ლირის ტრაგედია

 

თბილისელ მაყურებელს შექსპირის „მეფე ლირის“ მრავალი, სხვადასხვა ფორმით გადმოცემული ინტერპრეტაცია უნახავს, მაგრამ ვროცლავის თეატრის „თხის რქის“ მიერ მოწოდებული სულს აგიფორიაქებს, მწარედ აგატირებს, ემოციებისგან დაგცლის, ნამდვილ კათარზის განგაცდევინებს.

რეჟისორ გჟეგორ ბრალის  „მეფე ლირის“ ამგვარად გადაწყვეტას, ლონდონში ნანახმა, კანდინსკის ნახატების გამოფენამ უბიძგა. კანდინსკის ერთი და იგივე პეიზაჟი სხვადასხვა სტილში ჰქონდა შესრულებეული: იმპრესიონიზმი, დადაიზმი, სიურეალიზმი და ა.შ. მის სპექტაკლში „პეიზაჟის“ საფუძველი შექსპირის „მეფე ლირია“, დახატული მუსიკალური ბგერებითა და ადამიანის ხმებით, სიმღერებით. წარმოდგენის მსვლელობისას ხვდები, თუ რა საოცარი ძალა აქვს ადამიანის ხმას, რეამდენი რამის გამოხატვა შეუძლია, რა ემოციურ გავლენას ახდენს  შენზე.

გაშიშვლებულ სცენაზე შავი, ე. წ. „ტონეტის“ სკამები ფორმით ნახევარწრეს ქმნიან. სცენის მარცხენა კუთხეში მუსიკალური ინსტრუმენტები აწყვია: ჰარმონიკა, ინდური ქორა და გუდასტვირი. სპექტაკლს რეჟისორი იწყებს, მაყურებელს უყვება მისი შექმნის ისტორიას. იგი ამ სპექტაკლის დირიჟორი, წამყვანი, თვალყურის მადავნებელია. სიმღერიდან სიმღერაზე, ეპიზოდიდან ეპიზოდზე გადასვლისას, სწორედ ის გვაუწყებს  გათამაშბული, ადამიანის ხმებით შესრულებული მოვლენების სათაურებს, აკეთებს კომენტარებს. წარმოდგენა 14 სცენად, 13 სიმღერად არის დაყოფილი: „სანამ მსახიობები სცენაზე შემოვლენ“, მსახიობების შემოსვლა - „ხმების შეწყობა“, პირველი სიმღერა - „სამოთხეში“,  „მითქმა-მოთქმა“ - მეფე ქაიშვილებს უთმობს მმართველობას, „მასხარას სიმღერა“ - ლირის ცნობილი შეკითხვა ქალიშვილებისადმი, კოპტური სიმღერა -  „კორდილიას გაფრთხილება მეფეს“, ლირი კორდილიას სამეფოდან გააძევებს -  „კორდილიას გოდება“, მეფე ლირის „მოსიყვარულე“ ქალიშვილები გამოაგდებენ -  „რაინდები მეფის გარეშე“, ყველა სამოთხეს აქვს დასასრული - „დანაწევრებული სიმღერა“, მეორე კოპტური სიმღერა - „ომი“, მეფე უდაბურ ადგილებში იწყებს ხეტიალს -  „ანგელოზების მეხუთე ხმა“, ლირი მასხარასთან და გლოსტერთან ერთად - „მასხარას მეორე სიმღერა“, კორდილიას დაბრუნება საფრანგეთიდან - „დედოფლის დაბრუნება“, „ნუთუ ჩემი გული ასე ფართოა თქვენთვის“? - გოდება მეფისა და სამეფოს გარდაცვალების გამო.

რეჟისორმა და შემოქმედებითმა ჯგუფმა შექსპირის პოეტური, ფილოსოფიური სიტყვა მუსიკაში, რიტმში, ხმებში გამოძერწეს. ლირის ტრაგედიის სული ასე უშუალოდ, გულწრფელად, ემოციურად ვგონებ ჯერ არავის გამოუხატავს.  სპექტაკლში, რომელიც ძირითადად მუსიკაზე, სიმღერებსა და მოძრაობაზეა აგებული, შიგადაშიგ ჩართულია ტექსტი - რეჩიტატივების მსგავასდ.  „თხის რქის“ თეატრალურ თხრობაში სრული სიცხადით არის გადმოცემული „მეფე ლირის“ ტრაგედიის ბუენბა.  რეჟისორის ნამუშევრის გარდა, გასაოცარია მსახიობების შესრულების ემოციურობა, მუხტი. ისინი მთლიანად გარდასახულნი არიან „მეფე ლირის“ პერსონაჟებად. მათ აბსოლუტურად გაცნობიერებული აქვთ რას თამაშობენ და რისი მიტანა სურთ მაყურებლამდე. ამას, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს კომპოზიტორების: ჟან-კლოდ აკვავიას და ზბიგნევ ვორჟინსკის მიერ შექმნილი მუსიკა. ეს გახლავთ ჰარმონიულად შერწყმული სხვადასხვა ქვეყნის მუსიკალური სტილები: კოპტური, კორსიკული, საეკლესიო ქორალები და სხვა. მუსიკა ქმნის სპექტაკლის განწყობასა და ფერებს. მსახიობთა პლასტიკა, მოძრაობა სწორედ მუსიკალური ბგერებიდან გამომდინარეობს, მათი სხეულები სიმღერებს პლასტიკაში გამოხატავენ. განსაკუთრებით შემძვრელი იყო „კორდელიას გოდება“, „ომი“ და ფინალური ეპიზოდი-სიმღერა „ნუთუ ჩემი გული ასე ფართოა თქვენთვის“. ამ დროს ჟრუანტელი გივლის მთელს სხეულში და ყელს მოწოლილი ცრემლები გახრჩობს. ერთსაათიანი წარმოდგენის დასრულების შემდეგ აღრფთოვანებული მაყურებელი სცენიდან არ უშვებდა მსახიობებსა და რეჟისორს, ფოიეში გამოსულები კი ფესტივალის დირექტორს და საორგანიზაციო ჯგუფს დიდ მადლობას უხდიდნენ, ასეთი საოცარი, ამაღელვებელი სპექტაკლის ჩამოტანის გამო.

bottom of page