საუბარი ლევან წულაძესთან „3D“-სა და დაბადების დღის თანხლებით

ირინა ღოღობერიძე                                

 

საუბარი ლევან წულაძესთან

„3D“- სა და დაბადების დღის თანხლებით

 

3D, ანუ სამი განზომილება, პრაქტიკულად, მისი სამი თეატრი და სამი სცენაა: სარდაფი რუსთაველზე, ვაკის სარდაფი და მარჯანიშვილის თეატრი, სხვათა შორის, ასევე სამი სცენით. რაც შეეხაბა თანხლებას,  ეს ინტერვიუ ლევან წულაძის დაბადების დღისთის უნდა დაბეჭდილიყო, მაგრამ ჯერ მას არ ეცალა, მერე მე გავქრი, მერე ისევ მან ვერ მოიცალა, მერე წავიდა, ჩამოვიდა, ისევ წავიდა... და ინტერვიუ მაინც შედგა. მართალია, თანხლების მელოდია მოგვიძველდა, მაგრამ განწყობას ვერ შეველიე და ჩვენი საუბარი აშკარად მაჟორულ ტონალობაში ჩაიწერა.

 

 

ი. ღ. -  პირველი კითხვა ჩემს ცნობისმოყვარეობას დააბრალეთ. არასდროს არავისთვის მიკითხია, არა და სულ მაინტერესებდა.  ჭოლას რატომ გეძახიან?

ლ. წ. - მამაჩემის სახელია, მამაჩემსაც ზედმეტსახელად ჰქონდა, უფრო ზუსტად ძველი გურული სახელია, სკოლაშიც ბიჭები მამის სახელით ვეძახდით ერთმანეთს. მოდაში იყო. მე შემრჩა იმიტომ, რომ მომწონდა და შემრჩა და შემრჩა. ეხლა მამაჩემი აღარ არის და უკვე მიხარია, რომ მის სახელს მეძახიან, რომ რაღაცნაირად ვაგრძელებ მის სახელს.

ი. ღ. - დიდი მადლობა, ესე იგი,  უხერხულობის გარეშე.  მეც ასე მოგმართავთ.

და პირველი კითხვა, უამრავი ინტერვიუ გქონდათ. ყველაფერზე გკითხეს, ალბათ, ყველაფერი, რაც გინდოდათ, თქვით, მაგრამ მაინც ანათვალიდან დავიწყებ. ჩააბარეთ სამსახიობოზე, პრაქტიკულად, იყავით მსახიობი და თავი დაანებეთ. რატომ?

ლ. წ. - სამსახიობოზე ჩავაბარე იმიტომ, რომ იმ წელიწადს სარეჟისორო არ იყო. წინა წელს იყო მიღება და სამი წელი უნდა მეცადა. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ბედისწერის, რადგან ჩავაბარე სამსახიობო ფაკულტეტზე და მოვხვდი ბატონ გიზო ჟორდანიასთან ძალიან კარგ ჯგუფში, ძალიან კარგ ხალხთან, ძალიან კარგ პედაგოგთან. ბატონმა გიზომ იცოდა, რომ გადასვლას ვაპირებდი და რაღაც სხვანაირად მექცეოდა.  ჩემს თავსაც, ასე ვთქვათ, სხვანაირად „ვზრდიდი“. უკვე მერე, სარეჟისოროზე რომ აღმოვჩნდი, მივხვდი, რომ ჩემს ნაფიქრალს რეჟისორობასთან საერთოდ კავშირი არა ჰქონდა...ი.ღ. - და მერე უკვე თუმანიშვილის სახელოსნო. ისე, იმ წლებმა მსახიობებთან ურთიერთობა ხომ  მაინც გასწავლათ?

ლ. წ. - და ძალიან მადლიერი ვარ ამის გამო,  ის პერიოდი პლიუსებში მაქვს გაწერილი.

ი. ღ. - ესე იგი, მოგწონდათ  მსახიობობა?  და მსახიობიც გიყვართ?

ლ. წ. - მომწონდა, ძალიან იმიტომ, რომ ჩემი მეორე მე არის მსახიობი. მიყვარს მსახიობი, დიახ! ამიტომ  ბევრ რამეს ვითმენ, ამიტომაც დიდი პრეტენზიები არა მაქვს მსახიობთან. ზუსტად ისეთი და იმდენი  მაქვს, რაც მსახიობს მსახიობთან აქვს ხოლმე.  რეჟისორული ფაშიზმი ნამდვილად არ მახასიათებს.

ი. ღ. - მსახიობების თვალთვალი თუ გიყვართ? სწორედ თვალთვალი,  ეს რაღაც სხვაა...

ლ.წ. - კი, როგორ არა! აი, როგორც დეგა უყურებდა ბალერინებს და ბალერინების მთელი სამყარო შექმნა. ყველა რეჟისორი, ალბათ, უთვალთვალებს კულისებს და მსახიობების სცენისგარეთა ურთიერთობებს და ეს ძალიან საინტერესოა. ბევრ რამეს ხვდები, მსახიობისას, მსახიობებზე. თეატრიც  უფრო გიყვარდება, როცა კულისებს ხედავ.

ი. ღ.- დალევა მსახიობებთან?..

ლ. წ. - როგორ არა, გადასარევი ამბავია, როცა ჯანი მოგდევს...

ი. ღ. - მე მგონი, ჯანზე ადრეა, მაგრამ რეჟისორებს დალევის პროცესი ხანდახან მუშაობის გაგრძელების პროცესში გადააქვთ ხოლმე...

ლ. წ. - ამაში რაღაც განსაკუთრებულს ვერ ვხედავ, ხშირ შემთხვევაში საჭიროც არის. გააჩნია ეხლა, თუ ამას ალკოჰოლისტური საფუძველი არ უდევს. თუ სხვა  საფუძველზე დგას, სხვა მიზეზით ხდება - კარგია! კარგია, მაგალითად, რეპეტიციის მერე,  პატარა რეზიუმეს გაკეთება. რეპეტიციის  მერე არ მიყვარს მსახიობის არც შექება და არც ძაგება. მსახიობი თვითონ გრძნობს გამოსდის თუ არა, ამიტომ მერე პატარა რელაქსაციის თვალსაზრისით ეს ძალიან კარგი... იყო! ეხლა უკვე ამდენს ვეღარ ვძლებ, მაგრამ მაინც. რამდენადაც ვიცი, ამ ამბავს მარჯანიშვილიც ძალიან აქტიურად კულტივირებდა, ახმეტელიც, დოდო ალექსიძეც, ბატონი რობერტიც არ ამბობდა უარს.  ეს, პრაქტიკულად, ტრადიციის გაგრძელებაც არის... არ ანგრევ ქართული თეატრის ტრადიციას და მიდიხარ ასე...

ი.ღ.- ქართულის და, პრინციპში ევროპულისაც, თუმცა იქ, ალბათ, სხვა ემოციურ მუხტში მიდის, მაგრამ..

ლ. წ. - ჰო, იქაც იგივეა... სადაც არ ვყოფილვარ, ყველგანაა... თანაც იქ, მემგონი, უფრო ხშირად არის, მაგრამ ქართულ სუფრას არა ჰგავს. თუმცა ქართული სუფრა არც ჩვენთან იმართება... პოსტრეპეტიციურ ასპექტში კი მაინც ერთნაირია...

ი. ღ. - ასეა, ალბათ... და როგორ მუშაობთ მსახიობთან? სამაგიდო რეპეტიციები თუ გაქვთ?

ლ. წ. - მაგიდასთან შედარებით ნაკლებ დროს ვატარებ...

ი. ღ -  ბოლო დროს თუ თავიდანვე?

ლ. წ. - თავიდანვე. მაგიდასთან რეპეტიციების დროს, ტექსტსაც ვაზუსტებთ, ვასწორებთ, ეს ქართველი რეჟისორების ხვედრია. მაპატიონ მთარგმნელებმა და განსაკუთრებით ძველმა მთარგმნელებმა.  ტექსტის, მით უფრო თარგმნილის,  გაადამიანურებას დრო სჭირდება...

ი. ღ. - გაადამიანურებას თუ გასცენიურებას?

ლ. წ. - ერთიც და მეორეც. და შეიქმნა ტრადიცია, იმ კონტექსტში, რომ თითქოს ტექსტს ასწორებ, სინამდვილეში ამოწმებ შენს ჩანაფიქრს, მსახიობებთან ერთად თხზავ. იმ კონსტრუქციებს, რაც ტვინში მოფიქრებული გაქვს, აპარებ მათ და სინჯავ რამდენად მოეწონებათ, რამდენად გაიგეს. ადგომის დროს მსახიობს უკვე აქვს თამაშის წესის შეგრძნება და უკვე იცის ვითომ და ტექსტის გასწორების საფარქვეშ, რა იმალება. პრინციპში სამაგიდო რეპეტიციებზე მსახიობს სპექტაკლის ტონალობას, კამერტონს უკვე აძლევ და ასმენინებ.

ი. ღ. -  დრამატული ტექსტი უპირველეს ყოვლისა სალაპარაკო ტექსტია. ესე იგი, მაგიდასთან  ტექსტის ენაზე „მორგების“ პროცესსაც რთავთ?

ლ. წ. - ნამდვილად. ხშირად ენის სილამაზე მსახიობს ხელს უშლის. აი, შექსპირს მაგალითად, რამდენიმე პიესა აქვს ისეთი,  შინაარსი რომ გაიგო, ბევრჯერ უნდა წაიკითხო, და ეს  ძალიან რთულია.

ი. ღ. - სიღრმეს, ორაზროვნებას, დროის მიღმა მყოფობას გულისხმობთ?

ლ. წ. - შინაარსიც კი, რადგან ენის ჩუქურთქმებს მიღმა, მთავარი გეკარგება ხოლმე.

ი. ღ. - შინაარსს რადგან შევეხეთ, ეხლავე გეტყვით, რომ დღევანდელ თეატრში, ცოცხალ სპექტაკლებში ქართული სცენა, მეჩვენება, ხშირად კარგავს ამბავს, მაპატიონ რეჟისორებმა, ეს ყველას არ ეხება, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან ბევრი ამბის მოყოლას ვერ ახერხებს. პერფორმანსი იქნება ეს, პლასტიკური, თუ სხვა ნებისმიერი ჟანრის სპექტაკლი,  მაყურებელს რაღაც ამბავი სჭირდება. ამიტომ, აბსოლურუტად გეთანხმებით, რომ უნდა იყოს ამბავი, ამბის გადმოცემა, გინდ შექსპირი იყო თავისი ფანტასტიკური ამბებით, გინდ...

ლ. წ. - შექსპირი ამბის გარეშე არ არსებობს და არც ცოცხლდება სცენაზე.

ი. ღ. - გინდ აბსურდი, რომელსაც, ვითომ, არ სჭირდება

ლ. წ. - იქ ორჯერ უფრო სჭირდება და ორჯერ უფრო რთულია, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ქართული თეატრის ტენდენცია. თანამედროვე თეატრში, სადაც თითქოს არა, მაგრამ პრინციპში ამბავზე, თხრობაზე უარს ამბობენ და უფრო შეგრძნებებზე აგებენ ყველაფერს. აი, როგორც იმპრესიონისტებიდან გადავიდა უცებ მხატვრობა ექსპრესიონიზმზე, კონსტრუქტივიზმზე, კონცეპტუალიზმზე, როდესაც მხატვარმა თავისი ნაწარმოების თხრობით ნაწილზე უარი სთქვა... რთული ამბავია, მაგრამ ეს არის ტენდენცია, რომელიც  თანამედროვე თეატრში იკვეთება: ადამიანი ძალიან განვითარდა და ძალიან ადვილად იღებს შემოთავაზებულ ამბავს, მაგრამ მხოლოდ მშრალი ამბავი მისთვის საინტერესო აღარ არის. ყველაფერი წინასწარ იცის, იმდენი კლიშეებია, იმდენი სტანდარტული რამ ხდება, სიტუაციებია მის გარშემო, რომ ერთი ნიშანი მისთვის საკმარისია, რომ გაიგოს ფინალი; ერთმა კომპოზიციამ ან ერთმა მეტაფორამ შეიძლება უკვე მიახვედროს რაშია საქმე, რა გვინდა, ამიტომ თანამედროვე თეატრში, ამბის მაქსიმალურად გართულებაც საჭიროა. ამასთანავე, ისე არ უნდა გართულდეს, რომ დაგვეკარგოს. არიან ძალიან კარგი რეჟისორები, რომლებსაც ამბავი თითქოს  შიგნით ან სხვაგან გადააქვთ და სხვა რამეს გვიყვებიან ან კარგავენ ამბავს. კი, ბატონო,  დღეს „ოტელო“ უბრალოდ ისე რომ დადგა, თითქოს ზანგმა კაცმა იეჭვიანა და ამიტომ დაახრჩო ქალი, ეს საკმარისი აღარ არის. უნდა მოვყვე ბევრი რამ, ვინ იყო იაგო, რა უნდოდა ბიანკას, როგორ მოხდა ყველაფერი, რთული სიმფონია არის შესაქმნელი, რთული ხაზებია მოსანიშნი, „უბრალოდ“ ამბის მოყოლა აღარ გამოდის

ი.ღ - დამეთანხმეთ, რომ  შექსპირთან, რაც ჩამოთვალეთ და უფრო მეტიც უკვე არის, ამოკითხვა უნდა, თორემ შექსპირი სწორესდ „ამბის“ გენიოსია.

ლ.წ. - რა თქმა უნდა, შექსპირის შემთხვევაში ეს ყველაფერი იმუშავებს, რადგან ეს შექსპირთან უკვე არის, მაგრამ არის ისეთი პიესებიც, სადაც...

ი.ღ. - მაშინ ერთი შეკითხვა მაქვს ისევ შექსპირის თაობაზე. თქვენი „ზაფხულის ღამის სიზმარში“ ამოღებული გქონდათ „პირამოსი და თისბე“

ლ.წ. - სამწუხაროდ!

ი.ღ. - ფაქტიურად უკვე მიპასუხეთ! ამბავთან დაკავშირებით არ დაგჭირდათ , თუ?

ლ.წ. - არა, სამწუხაროდ, ძალიან დიდი გამოდიოდა, გავაკეთე ისე, თითქოს უკვე ითამაშეს და კმაყოფილები იყვნენ. ამას არ აღვიქვავ ჩემს გამარჯვებად, პირიქით სისუსტედ ჩამითვალეთ.

ი.ღ. - გმადლობთ! შევცვალოთ  თემა... იყავით კინომსახიობთა თეატრში, მერე  რუსთაველის თეატრში,  რა დაგრჩათ ამ თეატრებიდან და თუ დაგრჩათ , რამე?

ლ.წ.  - კინოსმსახიობთა თეატრში პირდაპირ დამთავრებისთანავე აღმოვჩნდი და მხოლოდ ერთი სპექტაკლი დავდგი. ეს იყო კარელ ჩაპეკის „დედა“. ჩემი ბედი რაღაც უცნაურად და კარგად დატრიალდა. მოვხვდი ბატონ მიშასთან, მომცა პიესა, დავდგი და... ამასობაში  ბატონმა რობერტ სტურუამ რუსთაველში  მისვლა შემომთავაზა. ვუთხარი ბატონ მიშას, მან კი,  პირიქით, კარგიაო, არაჩვეულებირივი თეატრიაო და ა.შ. ვყოყმანობდი, მაგრამ შინაგანად რუსთაველის თეატრში აღმოვჩნდი, უკვე იქ ვიყავი... ამ თეატრს აქვს არაჩვეულებრივი ხიბლი,  რომლიდანაც თავის დაღწევა ძალიან რთულია,  ორ ცეცხლს შუა აღმოვჩნდი, მაგრამ ბოლოს ისე გამოვიდა, რომ თუმანიშვილის თეატრიდან წამოვედი. ჩემი მეგობრებიც იქ იყვნენ, რუსთაველში.

ი.ღ. -  და რუსთაველიდან? იქ არ დადგით ლორკას „სისხლიანი ქორწილი“, „ზამთრის ზღაპარი“, ბიუხნერის „ვოიცეკი“?

ლ.წ. - დიახ, იქ დავდგი.  მაგრამ ამ დროს დავიწყეთ „სარდაფზე“ ფიქრი. წამოსვლა კი დიდ გაუგებრობასთან იყო დაკავშირებული. ახლობლებს, ჩვენივე ტოლებს, არავის არ ესმოდა, ამას რატომ ვაკეთებდით, სად მივდივართ, რატომ.

ი.ღ. -  და მარტივად გამოგიშვათ მაესტრომ?

ლ.წ. - პირიქით, ძალიან „გვბალელშჩიკობდა“, ყოველ შემთხვევაში, დასაწყისში ასე იყო. ჩვენც არ გვქონდა კარგად გააზრებული, ყველა, ირგვლივ  იმდენად გაგიჟებული იყო, რა სარდაფში მიძვრებითო და სხვა, რომ ჯინაზე გავაკეთეთ, ჰო, უფრო ჯინაზე. იმდენი წინააღმდეგობა შეგვხვდა, რომ გადავწყვიტეთ აუცილებლად ჩვენი გაგვეკეთებინა.

ი.ღ. -  რუსთაველში მუშაობამ, რაღაც მაინც ხომ შეგძინათ.

ლ.წ. - რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამ! მერე ნელ-ნელა, როცა „სარდაფში“ აღმოვჩნდით, დავიწყეთ იმის გააზრება თუ რატომ აღმოვჩნდით, რა უნდა გაგვეკეთებინა, როგორ...

ი.ღ. -   ცუდი წლები იყო... უშუქობა, სიცივე, უსახსრობა...

ლ.წ. - ჩვენთვის ყველაზე ბედნიერი წლები იყო...

ი.ღ. -   გასაგებია.  რა იყო იმ დროს თქვენი მთავარი სათქმელი?

ლ.წ - პირველი ორი-სამი სპექტაკლით ყველასთვის უნდა დაგვემტკიცებინა, რომ ჩვენ შევძლებდით, ამიტომ ნებისმიერი ხერხით უნდა გაგვეგრძელებინა სუნთქვა, არ უნდა დავღუპულიყავით, იმიტომ, რომ გარდა შემოქმედებითი პრობლემებისა იყო სხვა ეგზისტენციალური პრობლემების საკითხი იდგა, ფიზიკურად არსებობის საკითხი იდგა. ჩვენ პატრონი არა გვყავდა,  არცა ჩანდა და, ალბათ არც უნდა გამოჩენილიყო და ეს კარგიც იყო. უბრალოდ, ჩვენი არსებობის ფაქტი უნდა დაგვემტკიცებინა. შემდეგ,  მახსოვს, რომ ჩემთვის და ჩვენთვის ერთი ფუნქცია გამოიკვეთა. ჩვენ ექიმის, მკურნალის ფუნქცია ვიტვირთეთ და ვცდილობდით დადაგვეტანა ის გარემო, რაც იმდროინდელი გარემო იყო, ძალიან დაუნდობელი და ძალიან ავი...

ი.ღ. - თქვენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ გააკეთეთ იმ „ავ წლებში“ - თეატრში ახალგაზრდა მაყურებელი მიიყვანეთ და მათ, ვინც იმ დროს 16-17 წლის იყო, თეატრის აღქმა და შეგრძნება შესძინეთ. იქ იყო „სამგროშიანი ოპერა“, „მეტამორფოზა,“ „ფაუსტი“... ბევრ სპექტაკლებზე მუშაობდით და ბევრსაც უშვებდით.  სწორი სტილი იყო, კარგი მუშაობის სტილი...

ლ.წ. - სხვა  გზა არც იყო... ეს იყო გადარჩენის ერთადერთი გზა. და ეს იყო, მართლაც, არაჩვეეულებრივი დრო.

ი.ღ. - მაინც რომელი სპექტაკლი დაგრჩათ იმ პერიოდიდან?

ლ.წ. - მე ყველაზე მეტად „მეტამორფოზა“ მიყვარდა, „სამგროშიანი“ იყო საინტერესო. კარგი დრო იყო!

ი.ღ. - გახსოვთ, პირველი ვიყავი, ვინც ბილეთი იყიდა! მოყიდვა არ გინდდოდათ, უხერხულიაო. არა და  „სიფთაზე“ მოსული დაპატიჟებას როგორ დაგანებებდით...

ლ.წ. - მახსოვს, როგორ არ მახსოვს...

ი.ღ.- და მალევე, „ვაკის სარდაფის“ გახსნა.  რამ განაპირობა მეორე სცენა, რუსთაველზე წარმატებამ, სიახლის ძიებამ, „სვეტსკი“ უბანში გადასვლის სურვილმა, თუ სხვა სივრცე გინდოდათ...

ლ.წ. - უბანი რა, რუსთაველი გვქონდა. დიდი სივრცე გვინდოდა. იქ უფრო დიდი სივრცე იყო და კარგი სცენაც გაკეთდა, პროპორცია იყო კარგი. მახსოვს, ერთი ინგლისელი პროდიუსერი  ჩამოვიდა და ნახა,  მერე ინგლისში შევხვდი და  პრეს-კონფერენციის დროს ეს ამბავი თვითონ მოყვა, როგორც უცნაურობა. აი, როგორი ხალხი ცხოვრობს საქართველოშიო, ჩავედი, მაჩვენეს არაჩვეულებრივი სივრცე, არც ძალიან დიდი, მაგრამ სცენა იყო კარგი, მერე მოვტრიალდი და დარბაზი სად არის, არ იყო დარბაზი,  არაფერი არ იყო. მათთვის, მით უფრო პროდიუსერისთვის, ეს გაუგებარია, ასე როგორ შეიძლება, თეატრი მომგებიანი არ იყოს, მით უფრო რომ ჩვენი თეატრი კერძო იყო. მაგრამ ჩვენთვის სწორედ ის სივრცე იყო  ძალიან მნიშვნელოვანი.  ყოველ შემთხვევაში, მე მომწონდა და ძალიან მიყვარდა. მოკლედ, როდესაც ვნახეთ მე, ოთარ ეგაძემ და შოთიკო გლუჯიძემ,  იქ ფიზკულტურის დარბაზი ჰქონდათ, მერე ახალი  ინსტიტუტს გაუკეთეს, მაგრამ მაშინ  კარატისტები ვარჯიშობდნენ, რაღაც სექცია იყო და იმათაც ნაქირავები ჰქონდათ. მოკლედ, მაშინ ვერ გავწვდით, მაგრამ იმ ვიზიტის მერე  ეს ოცნება სულ გვქონდა და როცა ცოტა მოვძლიერდით და მივხვდით, რომ რუსთაველის სარდაფს ასე თუ ისე არსებობა შეუძლია, ისევ მივაკითხეთ და აქეთ წამოვედით. სცენა იყო ჩვენთვის მთავარი,  სცენა კი, მართლაც, კარგი გამოვიდა და სარდაფი აქაც ავამუშავეთ. ..

ი.ღ. - ...და მუშაობდა კიდეც... ვაკის სარდაფიც აივსო მაყურებლით. იქ „ხანუმა“  დადგით და თქვენი პირველი შექსპირიც?

ლ.წ. - დიახ, „ვენეციელი ვაჭარი“...

ი.ღ. - ამ პიესის პათოსი ისეთია, რომ ნებისმიერ ეპოქას მიესადაგება, მაგრამ „ვენეციელის“ არჩევანი იმ პერიოდში მაინც რამ განაპირობა? შესაძლოა, მერაბ ნინიძის ინსპირაციაც იყო

ლ.წ. - ნინიძემაც, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ სპექტაკლში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო მაშინ და ეხლაც არის. იმ დროს ვფიქრობდი, რომ ეს იყო ორი პოზიციის დაპირისპირება, ორი პოზიციის ბრძოლა და აი, რატომ: მაშინ ახალგაზრდა მენეჯერებისაგან ისეთი თავქარიანი რამ  მოდიოდა, რაც საქართველოში ჯერაც არ იყო დაბადებული, მაგრამ თვალწინ იბადებოდა. გამოჩნდა  თაობა უდარდელი ადამიანებისა, ვისთანაც ფული ძალიან ადვილად მოდიოდა და იყო თაობა ძველი კომერსანტებისა, ვინც ფულს წლობით აგროვებდა. მათ დაგროვებას სხვა გემო ჰქონდა, სხვა დამოკიდებულება. ესენი კი ფულს უცებ შოულობდნენ და უცებ ფლანგავდნენ. მათ შორის არც ერთი არ იყო მართალი ან მტყუანი, მაგრამ ხედვა იყო  სხვადასხვგვარი. აი,  ამ ხედვის, ძველის და ახლის, დაჯახება იყო საინტერესო. ეჯახებოდა საბჭოთა ტიპის ძველი, იქაც ხომ იყო „ღონიერი“ ხალხი, და ახალი ტიპის. სპექტაკლში ამიტომაც მოვაქციე  ორივე ერთად, დამარცხებული. თუმცა, ერთმანეთის გარეშე და ამ დაჯახების გარეშე,  ამ ორ პოზიციას ურთიერთობა არ გამოუვიდოდა. ეს სწორედ იმ დროს გამოჩნდა.

ი.ღ. - საინტერესო ინტერპრეტაციაა, მით უფრო, რომ ეს ყველაფერი ამჯერად ჩვენს თვალწინ მოხდა.  „ხანუმას“ პოპულარობის მიზეზი რომ ვიკითხო, სასაცილო იქნება. მე თუ მკითხავთ „ხანუმას“ დონის და ჟანრის სპექტრაკლი მაყურებელზე მიმართულ თეატრს თეატრებს, რეპერტუარში სულ მუდამ უნდა ჰქონდეთ. არ გინდათ ხელახლა დადგათ?

ლ.წ. - ...?!

ი.ღ. - ორი სცენური სივრცის გახსენებით ერთი შეკითხვა გამიჩნდა. მარჯანიშვილის „ახალი სცენა“ გარკვეული ნოსტალგია ხომ არ არის წინამორბედი ორი სარდაფის.

ლ.წ. - არის ალბათ. მაინცადამაინც დაბალი ჭერის სურვილი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ კამერული დარბაზის, მაყურებელთან მსახიობის ახლოს ყოფნის სურვილი უდავოდ იყო. იცით, ერთხელ კარგად სად ვიყავი? ბაქოში, თუ არ ვცდები, ნაციონალურ თეატრში, უზარმაზარ და არაჩვეულებრივ თეატრში, სულ მარმარილოში, დიდი შესაძლებლობებით, დოლარები, ნავთობი, მანათები, შესანიშნავი ტექნიკა, სცენაზე ტექნოსაოცრებანი ჩანს... დამსვეს ალიევის ლოჟაში, იმ თეატრში რაღაც უნდა მენახა, რადგან სასტუმროც იქვე ჰქონდათ  და იქვე ვცხოვრობდით. მოკლედ დამსვეს: არაჩვეულებრივი კომფორტი, ყველაფერი, მაგრამ უცებ მივხვდი, რომ ძალიან შორს არის ის, რაც სცენაზე ხდება. სადღაც ვიღაც ვიღაცას ეჩხუბება, მაგრამ ჩემთან ამას არანაირი  კავშირი არ ჰქონდა. კი ვიჯექი ლოჟაში ბედნიერად, მაგრამ ყვალაფერი შორს იყო. რა თქმა უნდა, ასეთი შორიდან სანახავი თეატრი არ მომკვდარა, ის სულ მუდამ იარსებებს.  მაგრამ ასეთი თეატრი ძალიან სანახაობრივი და ძალიან სხვანაირი უნდა იყოს, რომ ლოჟიდან, რომელსაც უკან ჯაკუზი და ტკბილეულობითა და არაჩვეულებრივი რაღაცეებით სავსე კიდევ ორი ოთახი აქვს. ძალიან უნდა შეეცადონ, რომ სცენის პირისპირ დავრჩე. იქ ის თეატრი უნდა იყოს, როგორიც იქ უნდა იყოს. უფრო მეტად ზეაწეული, იმ ლოჟიდან ყურება ხომ უნდა მომინდეს!

ი.ღ. - რუსთაველის თეატრის დიდი სცენაც ხომ ფუნჯის ბარაქიანად მოსმას მოითხოვს?

ლ.წ. - რუსთაველის სცენას  სხვა რამე  აქვს, საბედისწერო თუ კარგი  არ ვიცი, მაგრამ  არის იქ ერთი მომენტი. რაც არ უნდა შორს იჯდე, რაც არ უნდა შორს იდგე, მსახიობი სცენაზე დგას თუ ავანსცენაზე, მაყურებელს არასდროს ეკარგება. ისეთი ოქროს კვეთაა დარბაზსა და სცენის პროპორციებში, რომ მსახიობი არასდროს იკარგება. და არის იმ თეატრში  რაღაც, რაც თავისით გკარნახობს და გეხმარება.

ი.ღ. - ერთი რამ შევამჩნიე სცენიურ სივრცესთან დაკავშირებით. კრიტიკად ნუ მიიღებთ, ჩვენ თავისუფლად ვმსჯელობთ და გულახდილად ვსაუბრობთ. არაჩვეულებრივი „ქალი ძაღლით“ გქონდათ მარჯანიშვნილის სხვენზე, არანაკლებ საინტერესო და ძალიან დროული თემატიკით კოკო მიტანის „ჟოლო“ დიდი დარბაზის სცენაზე, სპექტაკლში „როგორც გენებოთ“ ფიცარნაგი გაკეთდა, გასაგებია საიდან წამოვიდა, ამიტომ თავისი დატვირთვა ჰქონდა, თანაც „გლობუსის“ ავთენტურობას ინარჩუნებდით, „ზაფხულის ღამის სიზმარშიც“ ფიცარნაგი იყო, ზეაწეული და, რაღაც შეგნებულად დაპატარავებული... შესაძლოა, აზრს არასწორად, ვაყალიბებ, მაგრამ ცოტა ხომ არა გაქვთ ხოლმე სცენის შემცირების სურვილი? იქნებ, სივრცის ასეთი მიზანმიმართული  შემცირება მიზანსცენის გამოკვეთის ხერხია .

ლ.წ. - ყოველთვის სხადასხვანაირად ხდება. შეიძლება იმიტომ, რომ ახლომხედველი ვარ და მიყვარს, როცა სცენა წინ არის. შორს როცა ვარ, მგონია, ვერა ვხედავ. არა, არ დავკვირვებივარ, ალბათ მართალი ხართ...

ი.ღ. – „შეშლილის წერილებშიც“ იგივეა. ძალიან კარგი სპექტაკლია. თანამედროვე ესთეტიკით, განათებით, მსახიობების ძალიან საინტერესო პლასტიურ-ინტონაციური ქარგით, მაგრამ იქ  მოქმედებაც ლოკალიზიბული,  სივრცვის სიმწირე  ორგანულია და არ გაწუხებს.

ლ.წ. - შესაძლოა ეს იმიტომ ხება, რომ არ მიყვარს პომპეზური თეატრი, შეიძლება არასწორ სიტყვას ვხმარობ, ამ შემთხვევაში  მე არ ვგულისხმობ გადაპრანჭულს, მაგრამ მონუმენტალური თეატრი არ მიყვარს. მაგ. „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“ ისე იყო გაკეთებული, რომ იქ სივრცე მჭირდებოდა. აი დოსტოევსკის „ეშმანი“ რამდენჯერმე  მცირე  სივრცეზე წამოვიწყე და მივხვდი, რომ არ გამოვა  იმიტომ, რომ ვერ ეტევა, თავისი მასშტაბით და იხრჩობა პიესა. გოგოლი კი მცირე სივრცისთვის არის, თითქოს ჭუჭრუტანიდან უყურებ სხვის ცხოვრებას ჩემთვის ალბათ უფრო ახლოა „ცხოვრების ჭუჭრუტრანიდან ყურება“...

ი.ღ. - ბატონი მიშა გამახსენდა...

ლ.წ. - ჰო, ბატონი მიშას გამოთქმაა.  სხვასთან არც შემხვედრია. ბატონი მიშას თეატრი შინაგანად ძალიან  ახლობელია ჩემთვის, უფრო ჩემია.  მიუხედავად იმისა, რომ ძალიან  დიდი გამოცდილება, დიდი სკოლა მივიღე ბატონი რობერტისდაგან.

ი.ღ. - სიტყვაზე გიჭერთ. ბატონი მიშა გასაგებია, მაგრამ დასაწყისში დასმულ კითხვას გიბრუნებთ, რა დაგიტოვათ ბატონ რობერტთან ურთიერთობამ, რუსთაველის თეატრში ყოფნამ?

ლ.წ. - უპირველეს ყოვლისა თავისუფლების შეგრძნება და რეჟისორის ავტორობის განცდა. იმის შეგნება, რომ რეჟისორი არის შემქმნელი  მთელი ამ სამყაროსი. ის არის არა მხოლოდ ინტერპრეტატორი ან მსახიობის მეშვეობით მთარგმნელი დრამატურგის სიტყვისა, ასეთი თეატრებიც არსებობს, არამედ სამყაროს შემქმნელია, მაგრამ... რეჟისორის ნამდვილი ბედნიერება არის ეპიკურ თეატრთან, თუ ეპიკურ თეატრს დავარქმევთ იმას, რასაც ბატონი რობერტი აკეთებს. ასეთი აღორძინების პერიოდი, როდესაც ადამიანი აღფრთოვანდება საკუთარი ძალის უსასრულობით, მე არსად განმიცდია. სწორედ ამას ვერ ვუღალატებ. არ ვამბობ, რომ ვფლობ ამ ძალას, მაგრამ ეს ის გემოა, რომელიც პირველად განცდის მომენტიდან გემახსოვრება და არ დაგავიწყდება, ეს ის ნარკოტიკია, რომელსაც  ვერ შეელევი. ამის დავიწყება არ შემიძლია.

ი.ღ. - ხელშეუხებელი „სპიჩია“... სხვაზე გადავიდეთ. მარჯანიშვილის თეატრის სცენა. თქვენს მოსვლამდე რამდენიმე რეჟისორმა, ასე რომ ვთქვათ, „გადაკვეთეს“ და ვერ შერჩენ. მაგ. დათო დოიაშვილისთვის, მეჩვენება, „მისი“ არ აღმოჩნდა, დათო ანდღულაძემ, დათო საყვარელიძემაც დადგეს  სპექტაკლები... ყველა თეატრს თავისი სპეციფიკა აქვს, მით უფრო ტრადიციის მქონე თეატრს და, რა თქმა უნდა, მარჯანიშვილსაც. მაყურებელიც თავისი ჰყავს და ბევრი სხვა რამ. თქვენ კი რაღაც კარგად და თავიდანვე მოერგეთ, თუ იყო სირთულეები? როგორ დაგვხდათ მარჯანიშვილის თეატრი?

ლ.წ. - არა, არა, განსაკუთრებული სირთულე არ ყოფილა.   დამხვდა ნარემონტალი, და სახეშეცვლილი, სცენა  სიღრმეში იყო გაზრდილი, ბევრი ჰქონდა მიმატებული, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თუმცა, დარბაზს ძალიან ცუდი აკუსტიკა ჰქონდა. , რაც ცუდი იყო, მაგრამ თავიდანვე ვერ ვგრძნობდი, უბრალოდ მსახიობები მეუბნებოდნენ, მე კი ვპასუხობდი, რომ  ცუდად მეტყველებდნენ.   რემონტიც ქმნიდა იმ განწყობას, რომ რაღაც ახალი უნდა დაწყებულიყო,  აქ ბევრი მგობარი მყავდა და ეხლაც მყავს.  დღესაც ასე მეჩვენება, ამან  განაპირობა ის რომ დიდი სირთულეები არ გვქონია.

ი.ღ. - სარდაფში მაინც თქვენი მსახიობები იყვნენ, ერთად მუშაობდით, ისინიც შემოგიერთდნენ, მაგრამ აკადემიურ თეატრში დაგხვდათ და შეგხვდათ, ასე ვთქვათ სტაბილურად კონკრეტული ჯგუფი და ისიც მახოვს, რომ რაღაც პრობლემები, ძველი, ახალი მსახიობები, ერთად?

ლ.წ. - მაინცა და მაინც რთული არ იყო, უფრო მეტ სირთულეებს ველოდებოდი. იყო, როგორც ყოველთვის თეატრში, მაგრამ მძიმე ფორმა არ მიუღია.

ი.ღ. - ძალიან ცუდ, მაგრამ ყველა თეატრს, მეტნაკლებად მაინც რომ ეხება, ისეთ კითხვას დაგისვამთ.  სრულიად ქართული თეატრი, ალბათ,  უკმაყოფილო დამრჩება, მაგრამ მაინც გკითხავთ.  დღევანდელ პირობებში დასისთვის არასაჭირო მსახიობების შენახვა თეატრს  შეუძლია? 

ლ.წ. - ო, ეს ძალიან მძიმე თემაა და ეს არის ის საკითხი, რომელსაც მე და ვერც სხვა ვინმე რეჟისორი ვერ გადაწყვეტს. ყველას გვესმის, ნებისმიერ რესჟისორს, მით უფრო ხელმძღვანელ რეჟისორს ესმის, რომ დასი არ შეიძლება იყოს სამოცდაათკაციანი. ამის შეგრძნება მწვავდა, და მერე კარგად რომ დავუკვირდი ერთიც დავინახე და მეორეც. ჩვენ რაც გვაქვს არის კარგიც და არის ცუდიც. ამასთანავე, მე არ ვიცნობ ადამიანს, რომელიც აიღებს და დასს გაუშვებს ქუჩაში.  ამას თუ გააკეთებს, ვერც გავამართლებ  იმიტომ, რომ პროფესიის გარდა არსებობს კიდევ რაღაც, არსებობს საქართველო, შენი ადამიანობა, მესმის, რომ თეატრმა შეიძლება საოცარი ნახტომი გააკეთოს ახალი ურთიერთობების შემთხვევაში... თუ შეიქმნება ახალი თეატრალური კომპანიები რაღაც გაცოცხლდება, ამოძრავდება და ეს იქნება ერთი ნახტომი წინ. მაგრამ ეს იქნება სისხლიანი ნახტორმი. მე ასეთ ნახტომს ვერ გავაკეთებ და ვერც გავამართლებ, რადგან ეს უნდა გააკეთოს მვინმე კამიკაძემ, რომელიც სისხლს დაღვრის და გაიღებს.

 

 ქართული თეატრი დასს უჭირავს. ჩვენ მაინც სარეპერტუარო თეატრი გვაქვს და გვაქვს ამის ჩვევა. დავდგი სპექტაკლი ინგლისში, გახარებულებმა დამირეკეს, აი ჩვენო ოცდარვაჯერ ვითამაშეთ და რა კარგიაო ასეთი რამ არ მომხდარაო. თამაშობენ რემდენჯერმე ამ სპექტაკლს და მერე - აღარ. საბერძნეთში, მაგალითად, შარშან დავდგი „ტრამვაი სახელად „სურვილი“. უკვე  ერთი წელია თამაშობენ ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ, კარგი სპექტაკლი გამოვიდა. მე ვერ დავესწარი პრემიერას, დედაჩემი ცუდად იყო, პრაქტიკულად მოვუსწარი... მომიწია ერთი წლის მერე ჩასვლა, სპექტაკლი რომ მენახა. ბედნიერი ვიყავი, რომ არაჩვეულებრივად შეინახეს. არადა როგორია ერთი და იგივეს თამაში? მსახიობები ბედნიერები იყვნენ, პროდიუსერი ძალიან კმაყოფილი, მაგრამ ჩემთვის გაუგებარი იყო ამდენჯერ თამაში, კვირაში ხუთჯერ თამაშობდნენ, ცხრა თვე, წარმოდგენილი გაქვთ?!..

ი. ღ. - მუშაობს სპექტაკლი და იმიტომ... კომერციული ამბავიც ირთვება, მე კი მსახიობებზე გკითხეთ...

ლ. წ. -  კი ასეა, მაგრამ ჩვენთან მსახიობს შეუძლია განვითარდეს, დღეს თამაშობს ამას, მერე სხვას... რომელი ჯობია არავინ იცის და განსაზღვრაც რთულია.

ი. ღ. - შევცვალოთ თემა... რეჟისორის პროფესიაზე გაკვრით უკვე  ილაპარაკეთ, მაგრამ მაინც,  რა არის თქვენთვის პროფესიონალიზმი, როგორ ფიქრობთ, რა თვისებები უნდა ჰქონდეს რეჟისორს? დავანებოთ თავი ნიჭს, ვთქვათ, აქვს, განათლება ასევე აქვს, მსახიობებიც ჰყავს, სცენაც აქვს, ამის გარდა, რას უნდა ფლობდეს?

ლ. წ. - რეჟისორი ვერ იქნება რეჟისორი და არც მსახიობი ეყოლება, თუ არ იქნება „გადამდები“. თუ ვერ შეძლებს თავისი იდეა გადადოს მსახიობს, სხვას... ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეჩვენება. მრავალი ტიპის რეჟისორი არსებობს. არესბობენ რეჟისორები - პედაგოგები, არსებობენ რეჟისორები - ღმერთები, არსებობენ, აგრეთვე, როგორც სკოლის მასწავლებლები. მარჩელო მასტროიანიმ თქვა ეს ერთ ინტერვიუში და ძალიან მომეწონა. ჰკითხეს, ბევრ რეჟისორთან გიმუშავიათ და ვინ როგორიაო. მარჩელომ უპასუხა: აი, მაგალითად, როსელინი რომ მოვიდოდა, ხელები უკან მიმქონდა, სკოლის მოსწავლესავით ვუსმენდი და, რაც არ უნდა ეთქვა ყველაფერს ვუსრულებდი. კრიტიკა აზრადაც არ მომდიოდა, რადგან ეს იყო სიბრძნე, რომელიც ისე უნდა აგეღო, როგორც პოსტულატი. ფელინი, მაგალითად, თანაკლასელივით იყო, რომელიც მერხის ქვეშ გაჩვენებს რაღაც გამოგონებულს და მიგანიშნებს, იქნებ შენ უფრო კარგად მოიფიქრებო.  შენ კი უცებ დაგარტყავს, რომ რაც გაჩვენა მთელი სამყაროა, ვიღაც მტერია, ვიღაც ქურუმია. ადამიანზეა მხოლოდ  დამოკიდებული. მთავარია რეჟისორს ჰქონდეს გადამდებობა და მეორე  მას უნდა შეეძლოს პასუხისმგებლობის აღება. ნებისმიერ შამთხვევაში!

ი. ღ. - პასუხისმგებლობა იმაზე, რასაც აკეთებს?

ლ. წ. - დიახ, მან უნდა იცოდეს, რომ ის არის ყველაფერში დამნაშავე, კარგის თვალსაზრისითაც და ცუდიც. თუ მსახიობი ვერ თამაშობს, ეს არ არის მსახიობის ბრალი, ეს არის მისი ბრალი, იმიტომ, რომ მსახიობი მან აირჩია და მან წაიყვანა

ი. ღ. - და თეატრს? თეატრს რა ძარღვი უნდა ჰქონდეს? გარდა რეჟისორისა, მსახიობის... შემოქმედების გარდა. თეატრს რა ამუშავებს?

ლ. წ. -ილუზია, ტყუილი!

ი. ღ. - კარგია...

ლ.წ. - თავის მოტყუების არანორმალური სურვილი და ჩვევა. თეატრს ყოველთვის აქვს ილუზია, რომ ის შეცვლის სამყაროს, რამეს გამოცვლის ამ სამყაროში. გადასარევად იცის, რომ პრინციპში, ვერაფერს გამოცვლის, მაგრამ ყოველი სპექტაკლის წინ რეჟისორიც და მსახიობიც თვლის, რომ დადგამ თუ არა ამას, ან ითამაშებს თუ არა იმას რაღაც მოხდება... და ერთად მოძოვს მგელი და კრავი, აღმოსავლეთის ქალები მოიხსნიან ჩადრს ტერორისტი დადებს იარაღს და ასე შემდეგ და ყველაფერი გამოსწორდება, ეს ილუზია, სწორედ ასე არსებობს! ძალიან პატარაა ალბათობა, რომ თეატრმა რამე შეცვალოს. რა თქმა უნდა, ცვლის სადღაც რაღაცას, მაგრამ უკვე ჩვენგან დამოუკიდებლად. თუმცა  ყველა ერთად ვცვლით, ალბათ. ერთი სპექტაკლი ვერაფერს გააკეთებს, მაგრამ ეს ილუზია, ეს ტყუილი გაქვს ყოველთვის.

ი. ღ. - ესე იგი, თეატრი იქნება მუდამ...

ლ. წ. - ალბათ. იმიტომ, რომ ილუზია თუ ტყუილი ყოველთვის აამოძრავებს და აამოქმედებს ადამიანს.

ი. ღ. - ალბათ, ამით უნდა დაგვესრულებია, მაგრამ... ერთი-ორი რამ კიდევ მაინტერესებს. შევცვალოთ თემა. კრიტიკა გიყვართ? ნებისმიერი ვიგულისხმე.

ლ. წ. - ვერ გეტყვით. არა, ალბათ და - არა იმიტომ, რომ მე თვითონ ძაან კრიტიკული ვარ, არ მიყვარს, როცა მიყვებიან, მეუბნებიან, ისედაც ვგრძნობ. საერთოდ მგონია, რომ რეჟისორის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია კრიტიკაა. როცა რეჟისორი  რეპეტიციაზე ზის, კრიტიკული უნდა იყოს. უბრალოდ ის, კრიტიკოსისგან განსხვავებით,  უამრავ კომპრომისზე მიდის და ეს ბუნებრივიცაა,  სხვანაირად, უბრალოდ, არ გამოვა. მუშაობას იწყებ ისე, თითქოს კრიტიკოსი ზის შენში, შიგნით. თითქოს  მეორე თავთან, მეორე ადამიანთან შეთანხმებით იწყებ, მერე  ნელ-ნელა შორდები ამ კრიტიკოსს იმიტომ, რომ ესეც კომპრომისის ნაწილია. სიზმარსა და რეალობას შორის უზარმაზარი განსხვავებაა. არ გამოდის არასდროს ის, რაც ზუსტად გინდა...

ი. ღ. - გყავს ისეთი ადამიანები ვისი აზრიც მნიშვნელოვანია.

ლ. წ. - როგორ არა! უამრავი, თითქმის, ყველასი.  ოღონდ მინდა ის ადამიანიც  ისეთი იყოს ჩემდამი, როგორიც მე ვარ.  ცუდს არასდროს არაფერს ვამბობ, მაგალითად, სტუდენტებთან  ვგრძნობ, რომ  ამ დროს შეგიძლია ფრთები მოვტეხო და ის ,შეიძლება, ვერც გაიმართოს. თუ აგრძნობინებ, რომ არ ვარგა, იგრძნობს და აუცილებლად გაიგებს,   თუ ნორმალური ადამიანია.

ი. ღ. - ესე იგი, პროფესიულ კრიტიკას იღებთ?

ლ. წ. - პროფესიული ძალიან კარგია. არსებობს, მაგალითად, ვატო კახიძე, რომელიც არ არის თეატრის კრიტიკოსი, მაგრამ არაჩვეულებრივად ერკვევა თეატრში, ხშირად ვთხოვ, თუ სცალია, ჩვენების წინ მოვიდეს, იმ საბაბით, რომ მუსიკალურად რაღაცეების შესწორება მჭირდება. გენიალური მაყურებელია, რადგან ის სპექტაკლს კი არ უყურებს, უსმენს. ხშირად ხშირად, არც იცის, რა ხდება სპექტაკლში. ჩემთვის იდეალური კამერტონია. უსმენს მუსიკას და  თუ სადმე არის მუსიკალური დარღვევა, ან ჩავარდნა იწყებს მთქნარებას, ტელეფონზე  რეკვას. იქ, სცენაზე რასაც ლაპარაკობენ, არ უნდა, რა! შეიძლება მერე თქვას ეს გრძელია ის ასეთია,  მაგრამ ზუსტი კამერტონია. მუსიკალურ ნახაზს ხედავს. კონტექსტში, ფსიქოლოგიურ სიღრმეში არ შედის, არ აინტერესებს. ის აღიქვავს და აღიქვავს გახსნილად, მუსიკით.  და ეს უტყუარია. ასეთი რამ გაცილებით მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვიდრე ის ადამიანი, ვისაც სხვანაირად უნდოდა დადგმა იმიტომ, რომ სხვანაირად დადგამდა.

ი. ღ. - საინტერესოა და მახლობელი რამ მითხარით. ჩემი არშემდგარი მუსიკალური განათლება, თავის დროზე კონსერვატორიაზე უარი ვთქვი, სპექტაკლის აღქმაში ხშირად მეხმარება. რაღაც მელოდია მოდის ხოლმე რაიმე საინტერესოდ აწყობილს, გააზრებულ ან სხვას რომ ვუყურებ..  

ლ. წ. - იგივე ხდება სცენაზეც,  კომპოზიციას, რაღაც  ალგებრულად, ააწყობ და მოგდევს.   ამიტომაცაა ვატო დაუნდობელი, მისთვის მუსიკალური ფრაზა თუ ცუდად ისმის ან...

ი. ღ. -  ყალბი თუ არის ...

ლ. წ. - ჰო, ყალბი თუა, არ მოსწონს და ვერაფრით ვერ აუხსნი რატომ არის ეს ასე და  სინამდვილეში ასეთი მნიშვნელოვანი. თუ ყალბია, არ მოწონს და დამთავრდა.

ი. ღ. - და თეატრალური კრიტიკა? არ წერონ წერილები თქვენს სპექტაკლებზე?

ლ. წ. - არა, როგორ გეკადრებათ, მე სხვას  ვამბობ. არ მიყვარს კრიტიკა რეპეტიციების დროს,  არ მიყვარს, როცა მსახიობები ერთმანეთს შემჩნევებს აძლევენ. ამას ძალიან განვიცდი  იმიტომ, რომ ვხედავ როგორ კვდება ის მეორე. მაქსიმალურად ვცდილობ ავუხსნა მსახიობს, რომ ასე არ შეიძლება.  თეატრალურ კრიტიკას არ ვგულისხმობ.  მე ვიგულისხმე პროცესის დროს რომ ხელს გიშლის კრიტიკაა თუ შემჩნევა.

ი. ღ. - მესმის, რა თქმა უნდა. ისევ თეატრი და ყოველდღიური პროცესი.   ფანტასტიური და  ორგანული სიმბიოზია თქვენთან. თეატრის დირექტორსა და სამხატვრო ხელმძღვანელს შორის. ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს და  ამას ვგრძნობთ. ეკასა და თქვენი ტენდემი, ალბათ, ჯერ კიდევ რუსთაველის სარდაფში შედგა. ასეთი  შეხმატკბილება როგორ მოხდა? ადვილია დღესაც?

ლ. წ. - კი როგორ არა! კი, როგორც მე მეჩვენება, თუმცა ხდება ხოლმე რაღაცეები. ამდენად ახლობელი რომ არის, შეიძლება ცუდად მოქმედებს, ხშირად ვყვირი. ახლობლობით! ვიცი არ ეწყინება და ამიტომ. მაგრამ იმდენად კარგად იცის  ყველა პრობლება, რომ ადვილია მასთან. ეკას აქვს არაჩვეულებრივი თვისება, რომელიც იშვიათია არა მხოლოდ დირექტორებში. ბევრ დირექტორს არ ვიცნობ, მაგრამ ეკას  იგივე თვისება აქვს თავის პროფესიაში, რაც რეჟისორს. ის ყველაფერს  თავის თავს აბრალებს. ნებისმიერ ხარვეზს იღებს, როგორც პირად შეცდომას. მერე იწყებს, ეს ჩემი ბრალია... მოკლედ ეს ძალიან მომწონს და ვთვლი, რომ ადამიანური თვისებებიდან ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

ი. ღ. - დაბოლოს, ერთ-ორი ტრადიციული კითხვა.  რის დადგმას აპირებთ? ან რა პიესას კითხულობთ სამომავლო ინტერესით?

ლ. წ. - ეხლა და წუთს ვდგამ „უსახელო ვარსკვლავს“. ეს იქნება მიძღვნა ჩემი სიმამრისადმი, მიშა კოზაკოვს ვუძღვნი. მან იგივე სახელწოდების ფილმი გადაიღო, მე კი ცოტა სხვანაირად ვდგამ. ალბათ, მალე გამოვუშვებ.  ვემზადები და წამოვიწყე კიდეც „მევიოლინე სახურავზე“. არა მიუზიკლის  და არც გორინის პიესის მიხედვით,  უფრო შაგალის მოტივებზე. ასე დავარქვი და ვნახოთ! ბატონი გურამ ბათიაშვილი მეხმარება. მარტო იმ ცნობილ სიუჟეტს არ გამოვიყენებ, იქნება ბევრი სხვა ამბებიც, რომელიც ბატონმა გურამმა დაწერა. ეხლა ცოტა შევჩერდით, მაგრამ ოქტომბერში ისევ დავიწყებთ. დიდი და მძიმე სამუშაოა. დავუბრუნდები დოსტოევსკის, რომელიც ცხრაჯერ დავიწყე და იმედი მაქვს ბოლომდე მივიყვან.

ი. ღ. - საყვარელი სპექტაკლი თუ გაქვთ?

ლ. წ. - არა მაქვს საყვარელი სპექტაკლი. მაქვს საყვარელი პერიოდი რეპეტიციების, რომელიც ძალიან მიყვარდა. მიყვარდა სარდაფის რეპეტიციების პერიოდი. უკვე  ვთქვი, რომ კაფკას „მეტამორფოზა“ მიყვარდა იმიტომ, რომ ძალიან ადვილად ითხზვებოდა ამ ურთულესი ნაწარმოების სცენები. უცებ ყველამ ერთად გავიგეთ რა გვინდოდა და ძალიან მსიამოვნებდა მუშაობა. ძალიან სწრაფად დავდგით, ზუსტად არ მახსოვს, რა დრო მოვანდომეთ, მაგრამ... იცით, შეგრძნებები უფრო მახსოვს, მართალი გითხრათ, ვიდრე სპექტაკლები. სპექტაკლების ყურება და გახსენება არ მიყვარს. ალბათ, ყველა მიყვარს და იმიტომ... თუმცა არის მაინც. მაგალითად, სოხუმის თეატრში ვდგამდი ნაბოკოვის „მაშენკას“ და ძალიან მიყვარდა ის პერიოდი. მიყვარს ისეთი სპექტაკლებიც, რომელიც არ გამომივიდა, მაგ. „ვოიცეკი“, რუსთაველში. მერე კი მივხვდი, რამდენი რამ არ გამოვიდა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. „ვოიცეკს“ რომ ვდამდი, თეატრში ყინავდა, ბოთლი არაყი გვედგა სცენაზე გოგოებისთვის, ცოლიც მაშინ მოვიყვანე.   რაღაც მნიშვნელოვანი გადავწყვიტე იმ დროს ცხოვრებაში და ამიტომ მიყვარს. მოკლედ, ყველა სპექტაკლი მიყვარს

ი.ღ. - და თეატრი?

ლ. წ. - თეატრი? მიყვარს!  ყოველთვის!

 

P.S. ჭოლასი არ ვიცი, მაგრამ პირადად მე, მასთან საუბარი, ძალიან მესიამოვნა. მეჩვენება, რომ გახსნილად და თავისუფლად ვილაპარაკეთ. თვითონაც ისე ლაღად და გააზრებულად საუბრობდა, რომ მის თავისუფალ თხრობას. მცირეოდენი კორექტურაც კი არ დასჭირვებია.

 

                                                                                                             9 ივლისი, 2015 წელი