
Love is...

05.11.2026
თამთა ქაჯაია
Love is...
ახალ ხელმძღვანელობას ყოველთვის მოლოდინი ახლავს, უკეთესის, ცვლილებებისა და განახლების მოლოდინი. ბათუმის თოჯინებისა და მოზარდა მაყურებელთა თეატრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - სალომე ჯიჯავაძე. მანამდე სალომეს ბათუმის დრამატულ თეატრში დადგმული აქვს „სამი ასული“, „კედელი“, „ზღვარზე“ და „თამაში ჭვავის ყანაში“ (ნუკრი ქანთარიასთან ერთად), ახლა კი სრულიად ახალი ჟანრით (მიუზიკლი) წარსდგა მაყურებლის წინაშე.
როგორც გამოჩნდა, სალომე ჯიჯავაძის სამოქმედო გეგმის ნაწილსა და უმთავრეს მიზანს მოზარდი და ახალგაზრდა მაყურებლის თეატრში დაბრუნება წარმოადგენს. ამას მოწმობს მისი პირველი ნამუშევარი, რომლის რეჟისორი თავად გახლავთ. 28 ოქტომბერს ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში მეოთხე ჩვენაბას „LOVE IS…“ ვესტუმრე, სპექტაკლზე მაყურებლის ნაკადი არ წყდებოდა, ხოლო ადგილების განაწილებასთან დაკავშირებული ვნებათაღელვა წარმოდგენის დაწყებამდე არ განელებულა. ვფიქრობ, ეს უკვე ერთი პატარა წინ გადადგმული ნაბიჯია იმ გეგმის, რომელიც სალომეს გააჩნია. დღეს თეატრში მისვლას, პირველ შთაბეჭდილებასა და ვიზუალურ ეფექტს, ხანდახან გემოვნებიანი პოსტერი და თიზერი განაპირობებს, რომელსაც ნახულობ ქუჩებსა თუ სოციალურ ქსელებში. აღნიშნული სპექტაკლის ორივე ნაწილი (აფიშა, თიზერი) ვიზუალური თვალსაზრისით დამაინტრიგებელი და მიმზიდველი აღმოჩნდა მაყურებლისთვისაც. სპექტაკლმა - ვიზუალური ეფექტი, ჭრელი კოსტიუმებით, გადმოქართულებული სიმღერებითა და ახალგაზრდული სულით უკვე მოახერხა და პატარა ქალაქი - ბათუმი აახმაურა.
რეჟისორმა ვესტსაიდის ისტორიის მიხედვით შექმნილი მიუზიკლი წარმოგვიდგინა. აღნიშნული წარმოდგენა შექსპირის „რომეო და ჯულიეტას“ თანამედროვე ინტერპრეტაციაა, რომლის მოქმედება ნიუ-ორკის დასავლეთ ნაწილში ვითარდება. ორი ახალგაზრდული დაჯგუფება ერთმანეთს უპირისპირდება და ამბის მთავარ ტრაგედიას წარმოადგენს ის, რომ სიყვარული ყოველთვის ვერ აჩერებს ძალადობას.
სპექტაკლის მოქმედება პარტერში ყველა მიმართულებიდან ვითარდება, (დამდგმელი მხატვარი - დავით ტაკიძე) სცენის შუაგულში მოწყობილი პოდიუმი - მოვლენებს მაყურებელთან მაქსიმალურად აახლოებს და უშუალოდ პროცესის თანამონაწილედ აქცევს. ეს ერთი მხრივ კარგია რადგან ძალიან ახლოს ხედავ მსახიობებს, მათ შეფასებებს, მოძრაობას, თუმცა, ამავე დროს საფრთხილოა, რადგან ასეთი მცირე დისტანციით შეგიძლია ყველა ნაკლი და ნიუანსი დაინახო/შეამჩნიო. ვფიქრობ, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები უცნაური და საინტერესო გამოწვევის წინაშე აღმოჩდნენ, რადგან მათ სრულიად სხვა პროფილით მოუწიათ მუშაობა. მოგეხსენებათ, საკმაოდ დიდ ძალისხმევასა და ფიზიკურ მზად ყოფნას მოითხოვს მიუზიკლში მონაწილეობა, რადგან ერთდროულად მსახიობს უწევს სიმღერა, ცეკვა და ასევე სამსახიობო უნარების წარმოჩენა.
გამოჩნდა პრობლემებიც, რომლებიც ზოგადად, თანამედროვე მსახიობთა უმეტესი ნაწილისთვის დამახასიათებელია. არტისტები ფიზიკურად არ არიან მზად მსგავსი შოუებისთვის მხოლოდ სპექტაკლის წინ ვარჯიში კი საკმარისი არაა. ასევე, გამოჩნდა ფონოგრამასთან მუშაობის სირთულე - მსახიობები ხშირად ვერ ახერხებენ ტექსტის ფონოგრამასთან სრულ სინქრონში აყოლას. ფინალურ ეპიზოდში მთავარი გმირი მარია (სალომე დოლიძე) ცოცხლად ასრულებს, რაც ეპიზოდს განსაკუთრებულ ემოციურ მუხტს სძენს. ცოცხალი შესრულება პერსონაჟის განცდებს უფრო უშუალოსა და დამაჯერებლს ხდის. ტონის შესრულებაში (გიორგი ბაბილოძე) ზედმეტი პათეტიკა იგრძნობოდა განსაკუთრებით ბოლო სცენაში, გმირის ემოციურ მდგომარეობას გარეგნული გამომსახველობითა და ჟესტიკულაციით გადმოსცემს, ასეთი თამაშის ფორმა შინაგან განცდას ფარავს და პერსოჟის ბუნებრიობა არ ჩანს.
სპექტაკლის ერთ-ერთ მთავარს ღირსებას მისი დინამიკურობა, ვიზუალური მრავალფეროვნება და მაყურებელთან უშუალო კომუნიკაცია წარმოადგენს. რეჟისორი თამამად მიმართავს მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ ფორმას და ცდილობს, კლასიკური სიყვარულის ისტორია თანამედროვე მოზარდისთვის ახლობელ და აქტუალურ თეატრალურ მოვლენად აქციოს. ფერადი კოსტიუმები, მუსიკა, სცენური სივრცის არასტანდარტული ორგანიზება და მსახიობთა ენერგია წარმოდგენას ახალგაზრდულ ხასიათს სძენს. განსაკუთრებით დასაფასებელია თეატრის მცდელობა, გასცდეს ტრადიციულ ფორმებს, გაბედოს ახალი ჟანრული ძიება და მოზარდ მაყურებელს ისეთი თეატრალური გამოცდილება შესთავაზოს, რომელიც არა მხოლოდ გაართობს, არამედ დააფიქრებს კიდეც.
საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ LOVE IS… ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი მცდელობაა, ახალი აუდიტორიის მოზიდვისა და თეატრის თანამედროვე ესთეტიკით განახლების თვალსაზრისით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თეატრი მოზარდებს ესაუბროს მათთვის აქტუალურ თემებზე - ძალადობაზე, დაპირისპირებასა და სიყვარულის ძალაზე. მიუხედავად არსებული ხარვეზებისა, ეს დადგმა შეიძლება ჩაითვალოს მნიშვნელოვან საწყისად იმ პროცესისა, რომელიც თეატრს მოზარდ მაყურებელთან დააახლოებს. ახლა მთავარია, ეს პირველი ნაბიჯი თანმიმდევრულ განვითარებად, შემოქმედებით ძიებად და ხარისხობრივ განახლებად იქცეს.